30.12.2025. 30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

30.12.2025. 30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

30.12.2025. მარხვა

წინასწარმეტყველისა დანიელისა და სამთა ყრმათა: ანანიასი, აზარიასი და მისაილისა (600წ. ქრ. შ-მდე); ღირსისა დანიელ აღმსარებელისა (X).

დღის ლოცვები

წინასწარმეტყველი დანიელისა და სამთა ყრმათა: ანანიასი, აზარიასი და მისაილის

ტროპარი: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდანი სამნი ყრმანი იხარებდეს, და წინასწარმეტყუელი დანიელ ლომთა მწყსად, ვითარცა ცხოვართა, გამოსჩნდა, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ხელთა მიერ დაწერილსა ხატსა არა მსახურეთ, არამედ გამოუსახველითა მით არსებითა შეიჭურენით, სამ-გზის სანატრელნო, ბრძმედსა მას შინა ცეცხლისასა იდიდენით, და შორის სახმილსა ალისა აღგზებულისასა ხადოდით ღმერთსა: ისწრაფე, მოწყალე, და მსწრაფლ გვეწიე შეწევნად ჩუენდა, სახიერ, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, რაოდენიცა გენებოს.

კონდაკი: განწმედილი სულისა მიერ ნათელ ცისკროვანი გული შენი წინაისწარმეტყუელებისა იქმნა ყოვლადბრწყინვალე საუნჯე, რომელი იტყვი აწ მყოფთა, ვითარცა შორიელთა ლომთა აღუკრენ შუანი შთაგდებულმან ჯურღმულსა შინა; ამისთვისცა პატივს გცემთ შენ, წინაისწარმეტყუელო, ნეტარო დანიელ დიდებულო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: ებრ. 9: 8-10, 15-23 (დას. 321). მკ. 10: 2-12 (დას. 43).
წინასწარმეტყ.: ებრ. 11: 33 – 12: 2 (დას. 330). ლკ. 11: 47 – 12: 1 (დას. 62).

ლიტ.: ებრ. 9: 8-10, 15-23 

8. ამით სული წმიდა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმიდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი. 9. ესაა ნიმუში აწმყო დროისა, როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს, რასაც არ ძალუძს სრულყოს შემწირველის სინიდისი. 10. რადგანაც ესაა მხოლოდ სასმელ-საჭმელი, სხვადასხვაგვარი განბანა და ხორციელ წესთა აღსრულება, გამოსწორების დრომდე დადგენილი.

15. ამიტომაც არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა სიკვდილით, რომლითაც აღესრულა, გამოესყიდა პირველი აღთქმისას ჩადენილი დანაშაულნი და, ამრიგად, საუკუნო მემკვიდრეობისთვის ხმობილთ მიეღოთ აღთქმული. 16. ვინაიდან სადაც არის ანდერძი, იქ აუცილებელია მეანდერძის სიკვდილი. 17. რადგანაც ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, და არა მანამ, სანამ ცოცხალია მეანდერძე. 18. ამიტომ არც პირველი აღთქმა დამტკიცებულა სისხლის გარეშე. 19. რადგანაც მოსემ, ყველა მცნება რჯულისამებრ რომ წარმოსთქვა ხალხის წინაშე, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი, წყალთან, მეწამულ მატყლსა და უსუპთან ერთად, და ასხურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხსაც, 20. და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, ღმერთმა რომ გამცნოთ თქვენ“. 21. თვით კარავსა და საღვთისმსახურო ჭურჭელსაც ასხურა სისხლი. 22. ასე რომ, რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება. 23. ამრიგად, ზეციერთა ხატებანი ამით უნდა იწმიდებოდნენ, ხოლო თვით ზეციერნი – ამაზე უკეთესი მსხვერპლით.

ლიტ.: მკ. 10: 2-12 

2. მიადგნენ ფარისევლები და საცდუნებლად ჰკითხეს: აქვს თუ არა ქმარს ცოლის გაშვების ნება? 3. ხოლო მან პასუხად თქვა: რა გამცნოთ მოსემ? 4. მათ მიუგეს: მოსემ ჩვენ დაგვრთო გაყრის წერილის დაწერისა და გაშვების ნება. 5. იესომ პასუხად უთხრა მათ: თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ეს მცნება. 6. შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა. 7. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, 8. და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. 9. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი. 10. სახლში მისმა მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს იგივე. 11. და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს. 12. ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს.

წინასწარმეტყ.: ებრ. 11: 33 – 12: 2 

33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი. 

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

წინასწარმეტყ.: ლკ. 11: 47 – 12: 1 

47. ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი. 48. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ. 49. ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან. 50. რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, 51. აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას. 52. ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა. 53. ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა, 54. რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის. 

1. ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი (600 წ. ქრისტეს შობამდე)
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა. ამის შემდეგ მან დატყვევებულთაგან „ხილვით შუენიერი“ და გულისხმიერი ჭაბუკები გამოარჩია, განსაკუთრებული მზრუნველები მიუჩინა და მათი ქალდეურ მწიგნობრობაში განსწავლა და მეფის კარზე ფუფუნებაში აღზრდა ბრძანა. ტყვეებს შორის იყვნენ წარჩინებული ყმაწვილები – დანიელი, ანანია, აზარია და მისაელი, რომელთაც საჭურისთმთავარმა ბალთაზარი, სედრაქი, მისაქი და აბედნაქო დაარქვა. ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ განშორებოდნენ, ყრმებმა მკაცრად შემოიზღუდეს თავი საცთურთაგან: მხოლოდ მწვანილეულობასა და წყალს ღებულობდნენ, ფარულად ლოცულობდნენ და მოსეს სჯულს ერთგულებდნენ. ამისთვის ჭაბუკებს ზეგარდამო სიბრძნე მიემადლათ. ერთხელ ნაბუქოდონოსორმა შემაძრწუნებელი სიზმარი იხილა, მაგრამ გაღვიძებისთანავე გადაავიწყდა. ბაბილონელი ბრძნები უძლურნი აღმოჩნდნენ, შეეტყოთ, რა დაესიზმრა მეფეს. წმიდა წინასწარმეტყველმა დანიელმა ყველას წინაშე ადიდა ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, რომელმაც არა მარტო სიზმრის შინაარსი, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობაც გაუცხადა. მეფემ დანიელი უხვად დააჯილდოვა და ბაბილონის მმართველად დანიშნა. მალე მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, დეირის ველზე დაადგმევინა და ქვეშევრდომებს მისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ამ განკარგულების შეუსრულებლობისათვის სამი ყრმა – ანანია, აზარია და მისაელი გახურებულ ღუმელში შეყარეს. ღუმელზე ორმოცდაცხრა წყრთით აღმატებულ ცეცხლში წმიდა ჭაბუკები მშვიდად დადიოდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს. ზეციდან გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა სახმილი განაგრილა, ყრმები კი უვნებელნი დარჩნენ. ამის დანახვაზე მეფემ მათ უბრძანა, გამოსულიყვნენ ღუმელიდან და თვითონაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფე ბალთაზარის ზეობისას წმიდა დანიელმა განმარტა უცნაური წარწერა („მანე, თეკელ, ფარეს“), რომელიც სასახლეში გამართული დიდი წარმართული ნადიმის დროს გაჩნდა კედელზე და ბაბილონის სამეფოს დაცემას მოასწავებდა. სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობისას მოშურნეებისაგან დასმენილი დანიელი ლომების ბუნაგში გამოამწყვდიეს, მაგრამ მხეცები არც გაკარებიან უფლის რჩეულს. დარიოსი გაახარა წმიდანის გადარჩენამ და ბრძანა, მთელს სამეფოში ძრწოლითა და შიშით ეცათ თაყვანი დანიელის ღმერთისათვის, „რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე“.
ნეტარ დანიელს უფალმა ისრაელი ერისა და მთელი სამყაროს მომავალი განუცხადა. მან ზედმიწევნითი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ქრისტეს განკაცების ჟამიც – სამოცდაათგზის შვიდი, ე.ი. 490 წელი იმ დროიდან, როცა იუდეველები იერუსალიმის გალავნის აღდგენის ნებას მიიღებდნენ. წმიდა დანიელმა თავის ერს უშუამდგომლა დარიოსის მემკვიდრესთან, მეფე კიროსთან, რომელიც დიდად აფასებდა ნეტარს და ტყვექმნილი იუდეველები გაათავისუფლა, თავად წინასწარმეტყველი კი ტყვეობაში გარდაიცვალა. წმიდა ელენე დედოფალმა მისი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენა.
ერთი ცნობით, ანანიამ, აზარიამ და მისაელმა დანიელის მსგავსად დაასრულეს სიცოცხლე, კირილე ალექსანდრიელის (ხს. 9 ივნისს) მოწმობით კი მათ სპარსეთის მეფის, კამბიზის ბრძანებით თავები მოჰკვეთეს. სინას მთის ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს ცნობა იმის შესახებ, რომ ვარამის სპარსთა მეფის ზეობისას მომხდარა ანანიას, აზარიას და მისაელის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება: ბაბილონში მცხოვრები ერთი ებრაელი, რომელმაც გადმოცემით იცოდა, თუ სად იყო დაფლული ეს სიწმიდეები, მათი ძალით უამრავ კურნებას აღასრულებდა. ღვთის განგებით, ქრისტიანებმა იუდეველისაგან წამოიღეს უხრწნელი ნაწილები და მართლმორწმუნეთა თაყვანსაცემად პატივით გადააბრძანეს სამარტვილეში.
ღირსი დანიელ აღმსარებელი (სქიმაში – სტეფანე), ესპანელი დიდებული, კუნძულ ნიბერტის მმართველი იყო. ქრისტეს სიყვარულისთვის მან დატოვა ამსოფლიური დიდება და რომში ბერად აღიკვეცა. წმიდანმა ჯერ კონსტანტინოპოლი მოილოცა, შემდეგ კი – იერუსალიმი.
ნეტარი დანიელი ეგვიპტეში სარკინოზებმა შეიპყრეს და ისლამის მიღება მოსთხოვეს. როცა პასუხად უარი მიიღეს, უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული (X).