…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
31.07.2026. პარასკევი. მარხვა
ღირსმოწამისა კოზმან ხუცესმონაზონისა, მწიგნობართუხუცესისა (1630); მოწამისა ემელიანესი (363); მოწამისა იაკინთე ამასტრიდელისა (IV ); ღირსისა პამბო მეუდაბნოისა, ნიტრიელისა (IV); მოწამისა ათანასე კულიზმელისა (305-311); ბეთლემის გზასა რაქელის საფლავსა ზედა ხსენება მისი.
დღის ლოცვები
მოწამე ემილიანეს კონდაკი:
საღმრთოთა შურითა აღტყინებული ცეცხლის მსახურთა არა შეუშინდი, არამედ აღხედ უშიშითა გონებითა მას ზედა და იქმენ ყოვლადდასაწველად, და ვითარცა მსხვერპლი მეუფისა შეიწირე, მოწამეო დიდებულო ემილიანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 კორ. 14: 26-40 (დას. 157). მთ. 21: 12 – 14.17-20 (დას. 83).
1 კორ. 14: 26-40
26. მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, – ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს. 27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს. 28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს. 29. წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ. 30. ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს. 31. რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს. 32. წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ. 33. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში. 34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც. 35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი. 36. განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია? 37. ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა. 38. ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის. 39. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ. 40. მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.
მთ. 21: 12 – 14, 17-20
12. შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. 13. და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. 14. მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.
17. მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე. 18. ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა; 19. დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე. 20. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე?
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა დიდმოწამე ათანასე (III-IV)
წმიდა დიდმოწამე ათანასე (III-IV სს.) წმიდა მოწამეების, სერგისა და ბაქოსის (ხს. 7 ოქტომბერს) მეგობარი იყო. ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმიანეს (284-305; 307-310) დროს იგი ეპარქის თანამდებობაზე დანიშნეს და ეგვიპტეში გაამწესეს, სადაც მალე ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებისათვის სამსჯავროს გადასცეს. იმ იმედით, რომ წმიდა ათანასე „გონს მოვიდოდა“, მმართველმა კლისმაში (წითელ ზღვაზე) გაგზავნა იგი და ქრისტიანული ტაძრების დახურვა უბრძანა. დანიშნულების ადგილზე ჩასულმა უფლის რჩეულმა კი ტაძარში დიდი ზეიმით აღნიშნა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. როცა მომხდარი მმართველმა გაიგო, ბრძანა თავი მოეკვეთათ წმინდანისათვის. წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება – ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი.მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად.
წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. მალე წარმართებმა შეიტყვეს, რომ საკერპო დარბეული იყო და, გაავებულებმა, ამ დროს შორიახლოს შემთხვევით მიმავალ გლეხს დაუწყეს ცემა. წმიდა ემილიანეს შეებრალა უდანაშაულო გლეხი და საჯაროდ განაცხადა, კერპები მე დავამსხვრიეო. უღმრთოებმა იგი შეიპყრეს და მსაჯულ კაპიტოლინს მიჰგვარეს. კარისკაცის ბრძანებით ნეტარი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი დაწვა მიუსაჯეს. კოცონზე შეგდებული ემილიანე უვნებელი დარჩა. ირგვლივ სასეიროდ შეკრებილი ბევრი წარმართი კი ცეცხლის ალმა შემუსრა. ბოლოს, როდესაც შეშა ჩაიწვა, მარტვილმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+363). მოგვიანებით კონსტანტინოპოლში წმიდა ემილიანეს სახელობის ტაძარი ააგეს, სადაც გადაასვენეს კიდეც მისი უხრწნელი ნაწილები.
ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო – სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია: როცა ამსოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა – „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, – ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა.წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. მთელი დღეების მანძილზე იგი ხელსაქმით იყო დაკავებული – ჭილობებსა და კალათებს წნავდა. მუშაობის დროს მისი გონება განუწყვეტლივ ლოცვითა და ღვთის განგებულებაზე ფიქრით იყო დაკავებული და სულ უფრო და უფრო ნათდებოდა ღვთაებრივი სიბრძნით. ღირსი მამა თბილად ხვდებოდა მისგან რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და ცდილობდა, გულმოწყალება და მოყვასის სიყვარული ჩაენერგა მათთვის. თავმდაბალი მოსაგრე არ ენდობოდა საკუთარ გონებას. ხშირი იყო შემთხვევები, როცა იგი მოსულებს ეუბნებოდა: „მე ჯერაც არ ვუწყი პასუხი თქვენს შეკითხვაზე“, ლოცვისთვის განმარტოვდებოდა და ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგ აკმაყოფილებდა მომსვლელთა სურვილებს.
ერთხელ პამვას მახლობელ ქალაქში მოუხდა ყოფნა. აქ ნეტარს ერთი მდიდრულად ჩაცმული ცოდვილი ქალი გადაეყარა. წმიდანი მის დანახვაზე ატირდა. „რა გატირებთ, მამაო?!“ – ჰკითხეს ბერებმა. მოსაგრემ მიუგო: „ორი რამ: ერთი – ამ ქალის წარწყმედა და მეორე – საკუთარი თავი. მე ისე არ ვზრუნავ საკუთარი სულის შემკობაზე, როგორც ეს ქალი თავისი სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე. მე ნაკლებს ვაკეთებ უფლისთვის სათნოსაყოფად, ვიდრე იგი – ადამიანთათვის თავის მოსაწონებლად“.
ღირს პამვას მის აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე ესტუმრა ერთი მდიდარი და ღვთისმოყვარე რომაელი ქალი – მელანია, რომელმაც უხვი შესაწირი – სამასი ლიტრა ოქრო მიართვა. წმიდა მამა კალათს წნავდა. ფულისთვის არც შეუხედავს და მხოლოდ სტუმრის მხურვალე ვედრების შემდეგ უბრძანა იქვე მდგომ მოწაფეს, ლიბიაში და კუნძულებზე მოღვაწე მონაზვნებისთვის დაენაწილებინა ეს სიმდიდრე, რადგან მათი მიწები, ეგვიპტელთაგან განსხვავებით, უნაყოფო იყო. – „მამაო, – თქვა მელანიამ, – იცოდეთ, რომ აქ სამასი ლიტრა ოქროა!“ – „შვილო ჩემო, – მიუგო მოსაგრემ, – უფლისთვის ხომ არაფერია დაფარული… ეს ოქროები ჩემთვის რომ შეგეწირა, ჭეშმარიტად, მათი რაოდენობაც უნდა გეუწყებინა, მაგრამ შენ მას ხომ ღმერთს აძლევ, რომელმაც ქვრივის ორი ლეპტაც არ შეურაცხყო და ყველაზე ძვირფასი ძღვენივით შეიწირა“.
ღირსი პამვა ერისკაცებს მოუწოდებდა, პატივისცემით მოპყრობოდნენ ბერებს, რომლებიც უფრო ხშირად საუბრობენ უფალთან.
ღირსმა მამამ სამოცდაათი წელი დაჰყო ამქვეყნად. პიმენი დიდის (ხს. 27 აგვისტოს) სიტყვებით, მის ცხოვრებაში სამი რამ იყო საცნაური: გამუდმებული მარხვა, მდუმარება და ხელსაქმე. მიუხედავად დაუცხრომელი მოშურნეობისა და სულიერების მწვერვალზე ამაღლებისა, მიცვალების წინ ნეტარმა მოწაფეებს ასე მიმართა: „ისე მივდივარ უფალთან, თითქოს ჯერ მის მსახურებას არც შევდგომოდე“.
წმიდა მოწამე იაკინთე ამასტრიდელი (IV)
წმიდა მოწამე იაკინთე ქალაქ ამასტრიდაში მცხოვრებ კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. ახალშობილს სახელი სასწაულებრივ გამოცხადებულმა ანგელოზმა დაარქვა. ჩვილი სამი წლისა იყო, როცა უფალმა მისი ლოცვით მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ორივე ყმაწვილი ერთად იზრდებოდა, ერთად იღვწოდნენ კეთილმსახური ცხოვრებით. ერთხელ წმიდა იაკინთემ იხილა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს ხეს წარმართები და, მათი გონების სიბრმავით გულშეძრულმა, ხე მოჭრა. ამისთვის უღმრთოებმა იგი სასტიკად აწამეს: კბილები ჩაუმსხვრიეს, ბაწრებით გაკოჭილი ათრიეს, და ბოლოს, საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც შეჰვედრა კიდეც სული უფალს (+არა უგვიანეს IV ს). ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი, მწიგნობართუხუცესი, მრავალმთას სპარსთაგან მოკლული (+1630)
ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი დაიბადა დაახ. 1590 წლებში. ღრმად განათლებული და წმიდანი მონაზვნად აღიკვეცა და მოღვაწეობდა დავით გარეჯის ცნობილ მონასტერში.ღირსი დავით გარეჯელის მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იყო სრულიად საქართველოსთვის სულიერი და კულტურული ცხოვრების ცენტრი.
საქართველოს სამეფო კარი ყოველთვის ანგარიშს უწევდა გარეჯელ მამათა აზრს.
გარეჯის უდაბნო უმნიშვნელოვანესი მწიგნობრულ-ლიტერატურული კერა იყო. აქ იქმნებოდა ორიგინალური სასულიერო ხასიათის თხზულებები, მრავლდებოდა ძველი ქართული ხელნაწერები, მზადდებოდა ახალი.
გარეჯელი მოღვაწეები ადგენდნენ ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლებისა და ასკეტიკურ-ჰომილეტიკური თხზულებების კრებულებს, ეხმარებოდნენ სხვა მონასტრებთან არსებულ ლიტერატურულ სკოლებს.
აქ უმოღვაწია წმიდა კოზმან ხუცეს-მონაზონს. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. ანტონ კათოლიკოსი გადმოგვცემს, რომ კოზმანი იყო კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე, „სიბრძნით გამომთქმელ, წერილთ ჯეროვან ავქსონ“, თან ამბობს, ჩემს სიყმაწვილეში მინახავს, დედაჩემთან სტუმრად მოსულიო.
წმიდა კოზმანს დაუწერია „შესხმა ქეთევან დედოფლისა“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
პლატონ იოსელიანის ცნობით, კოზმან ხუცეს-მონაზონი შეუპყრიათ უდაბნოს დასარბევად მოსულ ლეკებს და უწამებიათ (+1630).