33. სამეფო კარის მსახურის ძის განკურნება გალილეაში

გალილეის კანა
27 ან 28 წელი

მთ. მკ. ლკ. ინ. 4

43. შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად. 44. რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს. 45. და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას. 46. მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს. 47. ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ. 48. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს. 49. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად სიკუდილადმდე ძისა ჩემისა. 50. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა. 51. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. 52. ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან. 53. მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა. 54. ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.

43. ხოლო ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეას გაემართა. 44. ვინაიდან თვით იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს პატივი არა აქვს თავის მამულში. 45. გალილეაში რომ მივიდა, იქაურებმა მიიღეს იგი, რადგანაც ყველაფერი ეხილათ, რაც დღესასწაულზე მოიმოქმედა იერუსალიმში, ვინაიდან თვითონაც ესწრებოდნენ დღესასწაულს. 46. ამრიგად, კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც ღვინოდ აქცია წყალი. და იყო იქ ერთი კარისკაცი, ვისაც ძე ავად გახდომოდა კაპერნაუმში. 47. გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო. 48. უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ. 49. კარისკაცმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე. 50. უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა. 51. შინ რომ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ და უთხრეს: შენი ძე ცოცხალიაო. 52. გამოიკითხა მათგან, რომელ საათზე მოიკეთაო, და უთხრეს: გუშინ შვიდ საათზე გაუარა ცხელებამ. 53. მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო.  54. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ, როცა იუდეიდან დაბრუნდა გალილეაში.

(შემდ. 5:1-47;  # 46).