„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ქრისტეშობის წინა, წმიდა მამათა კვირიაკე
4.01.2026. მარხვა
წინადღესასწაული ქრისტეშობისა
დიდისა მოწამისა ანასტასიასი, მწვალებლობათა დამხსნელისა (დაახ. 304); მოწამეთა: ქრისოგონისა, თეოდოტიასი, ებოდისა, ევტიქიანესი და სხვათა (დაახ. 304).
დღის ლოცვები
განსაცდელთა და ჭირთა შინა მყოფნი, ტაძრისა შენისა მიმართ მომსრბელნი, მოვიღებთ პატიოსანთა კურნებათა შენ შორის მკვიდრისა საღმრთოსა მადლისათა, ანასტასია, რამეთუ შენ მარადის სოფელსა უწყაროებ კურნებასა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ. ინ.: 20: 11-18
11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
ლიტ. ებრ.: 11: 9-10, 17-23, 32-40
9. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად. 10. ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.
17. რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი, 18. რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“. 19. რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში. 20. რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის. 21. რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს. 22. რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე. 23. რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.
32. მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად, 33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
ლიტ. მთ.: 1: 1-25
1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. 2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. 3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი. 4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი. 5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი. 6. მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან. 7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა. 8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია. 9. ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია. 10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი;. ამონმა შვა იოსია. 11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს. 12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი. 13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი. 14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი. 15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი. 16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე. 17. ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა. 18. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან. 19. ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი. 20. ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის. 21. და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. 22. ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: 23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. 24. გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი. 25. და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
დიდმოწამე ანასტასია (+დაახლ. 304)
დიდმოწამე ანასტასია დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. მამამისი წარმართი იყო, დედა კი – ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს – ქრისოგონს მიაბარეს. მოძღვარმა სხვადასხვა სათნოებისა და მეცნიერებებთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარული დანერგა წმინდა ანასტასიას გულში.ანასტასია სიყმაწვილეშივე ეზიარა მწუხარებას: მას დედა ადრე გარდაეცვალა, მამამ კი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მდიდარ და დიდებულ, მაგრამ ურჯულო და გულსასტიკ რომაელს – პომპლიუსს მიათხოვა. წმიდანმა შესძლო, მოგონილი ავადმყოფობის საბაბით ქალწულობა დაემარხა. იგი, ღარიბულად ჩაცმული, მოახლის თანხლებით აკითხავდა ხოლმე საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს. როცა მოახლემ ამის შესახებ პომპლიუსს აუწყა, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა და მეუღლე სახლში გამოკეტა. ანასტასიამ ფარულად მიმართა წერილით ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულ თავის აღმზრდელს – ქრისოგონს და ლოცვითი შეწევნა სთხოვა. ქრისოგონმა გაამხნევა წმიდა ანასტასია და თან უწინასწარმეტყველა, რომ მალე მისი მეუღლე დაიღუპებოდა. მართლაც, რამდენიმე ხანში, ელჩიონთან ერთად სპარსეთში მიმავალი პომპლიუსი ზღვაში დაიხრჩო. დაქვრივების შემდეგ წმიდა ანასტასია უხვად ურიგებდა ქონებას გლახაკებს.
ამ დროს რომის ციხეები ქრისტიანებით იყო სავსე. იმპერატორმა დიოკლეტიანემ განკარგულება გასცა, ერთ ღამეში მოეწყვიტათ ყველა მათგანი, ქრისოგონი კი – მასთან გაეგზავნათ, აკვილეაში. წმიდა ანასტასია შორიახლო მიჰყვებოდა თავის აღმზრდელსა და მასწავლებელს.
იმპერატორმა პირადად დაკითხა ქრისოგონი, მაგრამ ვერ მოახერხა მისი გადაბირება და ბრძანა, თავი მოეკვეთათ ნეტარისთვის, შემდეგ კი ზღვაში გადაეგდოთ. მოწამის მოკვეთილი თავი და სხეული ტალღებმა ნაპირზე გარიყა. საღვთო ჩვენებით ხუცესმა ზოილმა მიაკვლია მათ, კიდობანში ჩააბრძანა და სახლში დამალა. მაშინ ზოილს ქრისოგონი ეჩვენა, გაუცხადა, რომ მახლობლად მცხოვრები ყმაწვილი ქრისტიანების – აღაპიას, ქიონიას და ირინას (ხს. 16 აპრილს) წამება მოახლოებული იყო და უბრძანა, წმიდა ანასტასია გაეგზავნა მათთან. თავად ზოილს ნეტარმა მოწამემ მშვიდობიანი აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა.
ანასტასია კეთილმსახურ ახალგაზრდა ქვრივს, თეოდოტიას გაეცნო და მისი სახით ერთგული თანამდგომი ჰპოვა. მალე წარმართებმა ორივეს დევნა დაუწყეს. უღმრთოებმა წმიდა ანასტასია ილირიაში შეიპყრეს. მას შემდეგ, რაც დიოკლეტიანეს ბრძანებით ყველა ტყვე ქრისტიანი ერთ ღამეში ამოხოცეს, ნეტარი დედა ერთ-ერთ საპყრობილეში მივიდა და, შიგ რომ ვერავინ ნახა, ხმამაღლა ატირდა. ციხის მცველები მიხვდნენ, რომ იგი ქრისტიანი იყო, დააკავეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. მან კი ქურუმ ულპიანეს გადასცა იგი. მზაკვარმა ქურუმმა ერთ მხარეს ოქრო, ძვირფასი თვლები და სამოსელი დააწყო, მეორე მხარეს კი – წამების საშინელი იარაღები. ქრისტეს სასძლომ წამების იარაღები აირჩია. ანასტასიას მშვენიერებით მოხიბლულმა ქურუმმა გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე, მაგრამ როგორც კი ნეტარისთვის ხელის შეხება დააპირა, დაბრმავდა. ტკივილისაგან გონდაკარგული ეშმაკის მსახური წარმართული ტაძრისკენ გაიქცა, რომ კერპებისგან გამოეთხოვა შეწევნა, მაგრამ გზაში დაეცა და სული განუტევა. წმიდა ანასტასია განთავისუფლდა და თეოდოტიასთან ერთად კვლავ ტანჯულ ქრისტიანთა მსახურებას მიეცა. მალე წმიდა თეოდოტია და მისი სამი ძე (ცნობილია მხოლოდ ერთი მათგანის სახელი – ევოდი) მოწამეობრივად აღესრულნენ (იხ. 29 ივლისის საკითხავი). წმიდა ანასტასია ხელმეორედ შეიპყრეს და შიმშილით სიკვდილი გადაუწყვიტეს. მან სამოცი დღე უჭმელ-უსმელად დაჰყო სატუსაღოში. მოწამეს ყოველ ღამე წმიდა თეოდოტია ეცხადებოდა და განამტკიცებდა. როცა მსაჯულმა იხილა, რომ შიმშილმა ანასტასიას ვერაფერი დააკლო, ბრძანა, იგი სიკვდილმისჯილ დამნაშავეებთან ერთად ზღვაში დაეხრჩოთ. მათ შორის იყო ქრისტესთვის დევნილი ევტიქიანეც.
როცა ხომალდი გაშლილ ზღვაში გავიდა, მხედრებმა რამდენიმე ადგილას გაბურღეს იგი, თავად კი ნავში გადასხდნენ. ტყვეებს თეოდოტია გამოეცხადა და გემს ნაპირისკენ გაუძღვა. ხმელზე გასულმა, სასწაულებრივად გადარჩენილმა ასოცმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ყველა მათგანი შეიპყრეს და წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა ანასტასია ანთებულ კოცონს ზემოთ ბოძზე დაკიდეს. მას შემდეგ, რაც მოწამის ტანჯვით განწმენდილი სული უფალმა შეივედრა, მისი პატიოსანი სხეული კეთილმსახურმა ქალმა აპოლინარიამ ბაღში დაკრძალა. V საუკუნეში წმიდა ანასტასიას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც მისი სახელობის ტაძარი ააგეს. მოგვიანებით ქრისტეს მხევლის თავი და მკლავი ათონის წმიდა მთის მახლობლად დაარსებულ წმიდა დიდმოწამე ანასტასიას სახელობის მონასტერში გადაასვენეს.
წმიდა მოწამენი: ქრისოგონი, თეოდოტია, ევოდი, ევტიქიანე და სხვანი (+დაახლ. 304)
