4.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ოთხშაბათი

4.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ოთხშაბათი

           „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

           ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

 4.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული.

ოთხშაბათი. მარხვა

მოციქულისა არქიპოსი 70-თაგანისა (Iს); პირველმოწამეთა ლაზთა: მაქსიმესი თეოდოტისი, ევსუქისი და ასკლიპიდოსი (41); ღირსთა ევგენი და მაკარი აღმსარებელთა, ანტიოქიელ ხუცესთა (363); ღირსისა დოსითეოზ პალესტინელისა, მოწაფისა ღირსისა დოროთესი (VII); ღირსისა რაბულა სამოსატელისა (530).

დღის ლოცვები

მოციქულ არქიპოს (სამოცდაათთაგანის) კონდაკი:
ვითარცა რა მთიები დიდი აქუ შენ ეკლესიასა, არქიპოს, სასწაულთა შენთა შარავანდედითა განათლებული გიხმობს შენ: აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 5: 16-25

16. მაგრამ აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე და წმიდა ღმერთი იწმიდებს სამართალში. 17. გაიკვებებიან ცხვრები თავიანთ ფარეხში და ნასუქალთა ნარჩენებს უცხონი შეჭამენ. 18. ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით – ცოდვას. 19. რომ ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ. 20. ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს – ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს – ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს – სიმწარედ! 21. ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით! 22. ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში! 23. ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყუნებელს! 24. როგორც ცეცხლის ენა ჭამს ჩალას და ალი ბუგავს თივას, ასე ჩალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, რადგან შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის შეგონება არად ჩააგდეს. 25. ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

მწუხრზე: დაბ. 4: 16-26

16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. 17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი – ენოქი. 18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი. 19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს – ცილა. 20. შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა. 21. მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა. 22. შვა ცილამაც – თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა. 23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი – ჩემდა ჭირად. 24. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ. 25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. 26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.

მწუხრზე: იგავ. 5: 15-23; 6: 1-3

15. სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან, 16. გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე – წყლის ნაკადები. 17. მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ, 18. კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან. 19. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით; 20. რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს? 21. რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება. 22. საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება. 23. ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება. 

1. შვილო თუ თავდებად დაუდგები შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის, 2. მახეში ხარ გაბმული შენი ბაგის ნათქვამით, დაჭერილი ხარ შენი ბაგის ნათქვამით. 3. ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა სამეოცთაგანნი მოციქულნი, არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ. ფილიმონის მიმართ ეპისტოლის დასაწყისში იგი წერს: „ფილიმონს საყუარელსა და თანა შემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა საყუარელსა, და არქიპოსს, თანამოსაგრესა ჩუენსა.“
არქიფო მოციქული ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი იყო, ფილიმონი კი იმავე ქალაქის წარჩინებული მოქალაქე. ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე, აპფია სახლში მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა მხარში თავის მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში.
იმპერატორ ნერონის (54-680) დროინდელ დევნულობის ჟამს მოციქულები არქიფო, ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია ქრისტიანობის ქადაგებისათვის ქალაქის თავს, არტიკოლისს გადასცეს დასასჯელად, წმიდა არქიფო დანებით მხეცურად დასერეს, ფილიმონი და აპფია კი, მხეცური წამების შემდეგ, წელამდე მიწაში ჩამარხეს და ქვებით ჩაქოლეს.
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე, ისიხი და ასკილიპიოდოტა ადრიანოპოლში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ქალაქში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისათვის. მაქსიმე, თეოდოტი და ისიხი ხეზე დაკიდეს და რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ დაცინვითა და ლანძღვა-გინებით, ბოლოს კი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. ღვთის მადლით შემოსილი მარტვილები მხეცებისგან უვნებლად იქნენ დაცულნი და ჯალათებს ხელით აღესრულნენ.
ღირსი აღმსარებლები: ევგენი და მაკარი ანტიოქიის ტაძრის ხუცესები იყვნენ. ერთხელ, ივლიანე განდგომილის ზეობისას (361-363), მათ წარმართულ ორგიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რისთვისაც სამსჯავროზე წარადგინეს. ხუცესებმა უშიშრად ამხილეს იმპერატორი განდგომილებაში და ახოვნად დაითმინეს სასტიკი სატანჯველები. ნაწამებ მამებს ბორკილები დაადეს და არაბეთის უდაბნოში გადაასახლეს. აქ მათ ერთი მთა აირჩიეს სამკვიდრებლად, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ურჩიეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს არემარე, რადგან იგი ერთი უზარმაზარი გველის საბუდარი იყო. წმიდანებმა ლოცვის ძალით შემუსრეს ურჩხული. აღმსარებლები ღმერთს ევედრებოდნენ, ერთად მიებარებინა მათი სულები. უფალმაც შეისმინა ნეტარი მამების ლოცვა და 363 წელს ისინი ერთდროულად მიიცვალნენ.
ღირსი რაბულა სირიის ქალაქ სამოსატში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო. ის ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად და წმიდა წინასწარმეტყველის ელიას (ხს. 20 ივლისს) და იოანე ნათლისმცემლის (ხს. 7 იანვარს) მსგავსად მთებსა და უდაბნოებში მოსაგრეობდა. შემდგომში წმიდანი ფილიკიაში გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა მადლმოსილი მოღვაწეობით. იმპერატორმა ზენონმა ღირს რაბულას ფული გამოუყო მონასტრის მოსაწყობად.
ახალი სავანე წარმართი მოსახლეობით იყო გარემოცული, მაგრამ აქ, მოსაგრე მამების ძალისხმევით, ისინი თანდათან ქრისტეს სჯულზე მოექცნენ. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის (491-518) ზეობისას, ღირსი რაბულა კონსტანტინეპოლში გადავიდა. მან იმპერატორისაგან კვლავ მიიღო ფულადი დახმარება და კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში. ღირსმა მამამ მთელი ცხოვრება დაუზარებელ მოღვაწეობაში გალია. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულმოწყალებითა და კეთილმოსურნეობით, ამასთან, დიდი მლოცველიც იყო. წმიდანმა 80 წლის ასაკს მიაღწია. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაახლოებით 530 წელს, ღირსმა რაბულამ უფალს შეჰვედრა სული.
ღირსი კონონი კილიკიაში დაიბადა. ის ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა მდინარე იორდანის ნაპირას მდებარე პენტუკლის მონასტერში და იქვე ეკურთხა მღვდლად. იერუსალიმის მთავარეპისკოპოსმა პეტრემ შეიტყო მკაცრი მოღვაწის შესახებ და ხალხს აგზავნიდა ხოლმე მასთან ნათლისღებისთვის. ღირსი კონონი ნათლავდა მომსვლელებს და მირონს სცხებდა მათ, მაგრამ ქალების მონათვლას ერიდებოდა და თავს იკავებდა. წმიდა მამას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ ცდუნებებთან ბრძოლაში ლოცვებით შეეწეოდა.
ერთხელ სპარსეთიდან მოსანათლად მოვიდა მომხიბლავი ასული, ღირს კონონს ვნება მოეძალა, ვერ შეძლო ნათლისღების საიდუმლოს ჩატარება. მოსაგრემ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სავანე, მაგრამ გზად კვლავ გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა: „დაბრუნდი შენს მონასტერში, მე დაგეხმარები ცდუნებათაგან განთავისუფლებაში“. ღირსი კონონი შეეცადა შეპასუხებოდა, ეუბნებოდა, ადრეც ხომ იგივე აღმიქვიო. მაშინ წმიდა იოანემ ჯვარი გადასახა მოსაგრეს და თქვა: „ჯილდოვდები ვნებებთან ბრძოლისათვის“. მან ურჩია კონონს სავანეს დაბრუნებოდა და არაფერში დაეჭვებულიყო. წმიდა მამა დაემორჩილა უფლის წინამორბედს და დაუბრკოლებლად მონათლა სპარსი ასული. ამის შემდეგ წმიდა მოსაგრემ კიდევ 20 წელი იცხოვრა სავანეში და 555 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი დოსითეოზი, წმიდა ამბა დოროთეს (ხს. 5 ივნისს) მოწაფე, VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მდიდარ წარჩინებულ ოჯახში იზრდებოდა. ერთხელ მან მოისმინა თავისი მხედარმთავარი ბიძის მონათხრობი წმიდა ქალაქის, იერუსალიმის შესახებ და ძალიან მოუნდა იქაურობის მონახულება. მისი ნატვრა მალე აღსრულდა. გეთსემანიაში ის დიდხანს შესცქეროდა საშინელი სამსჯავროს გამოსახულებას. უეცრად დოსითეოზის გვერდით წარმოდგა ქალი, რომელმაც გულდაგულ აუხსნა მას, თუ რა იყო სურათზე გამოსახული. ჭაბუკმა იკითხა, „როგორ შეიძლება თავი დავაღწიო საუკუნო სატანჯველს?“ პასუხად მიიღო: „იმარხულე, ხორცს ნუ მიიღებ, ლოცვას უმატე!“ ამის თქმა და საკვირველი მოძღვრის გაუჩინარება ერთი იყო. წმიდანმა დიდხანს ეძება იგი, მაგრამ ამაოდ – დიდებული ქალბატონი თავად ღვთისმშობელი იყო. ყოვლადწმიდა ქალწულის გამოჩენამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყმაწვილზე, რომ მან გადაწყვიტა მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდა და საღვთო შურით ანთებულმა ამბა სერიდის სავანეს მიაშურა. აქ იმ დროს ისეთი მამები მოღვაწეობდნენ, როგორებიც იყვნენ: წმიდა ბარსანოფი (ხს. 6 თებერვალს) და იოანე (ხს. 19 ივნისს). დოსითეოზი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში, ამბა დოროთეს დაუმოწაფეს. ღირსი მამა მონასტრის საავადმყოფოში აღასრულებდა მორჩილებას და გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველა სნეულს. ღირსი დოროთე პურის ყოველდღიური ულუფის თანდათანობით შემცირებით აჩვევდა თავის მოწაფეს თავშეკავებასა და მარხვას, გაღიზიანებასა და მრისხანებას გადააჩვია იმით, რომ გამუდმებით მოაგონებდა, სნეულისადმი მიმართულ ყოველ უკეთურ სიტყვას თავად იესო ქრისტეს ვეუბნებითო. ამგვარად განვლო ხუთმა წელმა, რის შემდგომაც სნეულთა მსახურებისა და მოძღვრის მორჩილების ღვაწლში მყოფი მამა მძიმედ დასნეულდა. წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველს და გამუდმებით ლოცულობდა. მისი სიკვდილის შემდეგ ერთმა მოსაგრემ, რომელსაც მონასტრის მიცვალებული ძმების ადგილსამყოფელი გაუცხადა, წმიდანთა დასში ჭაბუკი დოსითეოზიც იხილა. ღირსი მამა ცათა სასუფევლის დიდებას ეზიარა მოძღვრის სრული მორჩილებითა და საკუთარი ნების მოკვეთით.
ღირსმოწამე ფილოთეა (ერობაში – რიგულა) ღვთისმოყვარე მშობლების ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. იგი ათენში დაიბადა 1522 წელს. როცა კეთილმსახურებაში აღზრდილმა ასულმა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი გაათხოვეს. რიგულას მეუღლე, ურჯულო და უხეში კაცი ხშირად სცემდა და ტანჯავდა ცოლს. ქალი მოთმინებით იტანდა შეურაცხოფას და ევედრებოდა უფალს, გონს მოეყვანა მისი ქმარი. სამ წელიწადში წმიდანი დაქვრივდა, რის შემდგომაც მან დაიწყო მკაცრი მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და ღამისთევებით. წმიდა მოსაგრემ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქალთა მონასტერიც დააარსა და მის მკვიდრთაგან პირველმა თავად შეიმოსა მონაზვნობა ფილოთეას სახელით. ამ დროს საბერძნეთი თურქების უღელქვეშ იტანჯებოდა. მრავალი ათონელი ქალი მტერს მხევლებად ჰყავდა ქცეული. ღირსი ფილოთეას ყოველ ღონეს ხმარობდა თანამემამულეთა გამოსახსნელად, ბევრი გამოისყიდა კიდეც. ერთხელ წმიდა დედის სავანეს შემოეხიზნა ოთხი ქალი – ისინი გამოქცეოდნენ ბატონებს, რომლებიც მათგან ქრისტეს უარყოფას ითხოვდნენ. თურქებმა ლტოლვილთა ადგილსამყოფელი გაიგეს, ღირსი დედის კელიაში შეცვივდნენ და სასტიკად გვემეს იგი. შემდეგ წმიდანი ქალაქის თავს მიგვარეს, რომელმაც მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა. მეორე დილით, წმიდა ტუსაღს დაემუქრა, თუ ქრისტიანობას არ უარყოფ, გაგხერხავთო. ღირსი დედა მზად იყო მოწამეობრივი აღსასრულისათვის, მაგრამ ღვთის ნებით შეკრებილმა ქრისტიანებმა მოახერხეს მისი გამოხსნა. მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა ფილოთეამ უფრო გაამკაცრა მოღვაწეობა. გარეუბანში მან დააარსა ახალი მონასტერი და დებთან ერთად აქ განაგრძო მოღვაწეობა. წმიდა დიონისე არეოპაგელის (ხს. 4 იანვარს და 3 ოქტომბერს) დღესასწაულზე თურქებმა შეიპყრეს წმიდანი, მხეცურად აწამეს და ცოცხალმკვდარი მიწაზე დააგდეს. სულთმობრძავი ფილოთეა მონასტრის დებმა მოთქმითა და ტირილით მიასვენეს დაბა კილოგრეზამდე, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1589 წლის 19 თებერვალს. მალე ღვთისმოწამის წმიდა ცხედარი ათენის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.