…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-4 შვიდეული. ორშაბათი
4.05.2026. ხსნილი
მღვდელმოწამისა ექვთიმე გაენათელ მიტროპოლიტისა (შერვაშიძე, 1822)*; მღვდელმოწამისა იანვარ ვენივენდოს ეპისკოპოსისა და მის თანა მოწამეთა: სოსე და პროკლე დიაკონთა, რომელნი იყვნენ ქალაქით პოტიოლით, ევტვიქი და აკუსტიონ დიაკონთა და ფავსტო და დისიდერი კლირიკოსთა (305); მოწამეთა: თეოდორე პერგიელისა, დედისა მისისა ფილიპიასი, დიოსკორესი, სოკრატესი და დიონისესი (II); მოწამეთა: დედოფლისა ალექსანდრასი, ისაკისა, აპოლოსისა და კოდრატესი (303); მაქსიმიანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (434).
დღის ლოცვები
მღვდელმოწამე იანუარი ეპისკოპოსის და მისთანა ფავსტოსი, პროკულესი და სოსე დიაკონთა, დისიდერი წიგნისმკითხველისა, ევტიქისა და აკუტიონის კონდაკი:
სამღდელოთა საცხებელითა განშუენდით, დიდებულნო იანუარი და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღაღადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყუარისა ღმრთისათა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 10: 1-16 (დას. 24). ინ. 6: 56-69 (დას. 24).
საქმ. 10: 1-16
1. კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, 2. კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი. 3. მეცხრე საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა: კორნელიუს! 4. ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად. 5. მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე. 6. იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას. 7. როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა, კორნილიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს, 8. ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი. 9. მეორე დღეს, როცა გზად მიმავალნი უკვე ქალაქს მიუახლოვდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი. 10. მოშივდა და ჭამა მოუნდა; ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, ექსტაზში ჩავარდა იგი. 11. და იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას. 12. მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. 13. და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე. 14. ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. 15. კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. 16. ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად.
ინ. 6: 56-69
56. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე – მასში. 57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. 58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. 59. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. 60. ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა? 61. ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდნებთ თქვენ? 62. მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო? 63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე. 64. მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. 65. და თქვა: ამიტომაც გითხარით, რომ ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი არ მიეცემა მამის მიერ. 66. ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას. 67. მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? 68. ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. 69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოწამენი: თეოდორე და დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოგრაფტი და დიონისე (II)
წმიდა მოწამენი თეოდორე, დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოგრაფტი და დიონისე (+დაახლ. 138-161) აღესრულნენ იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. როცა სამხედრო სამსახურისთვის ლამაზ და ჯანმრთელ ყმაწვილებს არჩევდნენ, სხვებთან ერთად მხედართმთავარ თეოდორიტეს მიჰგვარეს ჭაბუკი თეოდორეც.მხედართმთავარმა ჭაბუკს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, მაგრამ იგი არც რჩევას დამორჩილდა და არც მუქარას. თეოდორიტემ ბრძანა, წმიდანი გახურებულ ქვაბში ჩაესვათ და ადუღებული ფისი გადაესხათ, მაგრამ, როგორც კი ბრძანებით შესრულება დაიწყეს, მოხდა სასწაული: მიწა იძრა და ნაპრალიდან ამოხეთქილმა წყალმა ცეცხლი ჩააქრო. უვნებლად გადარჩენილი წმიდა თეოდორემ ღმერთი ადიდა და მხედართმთავარს შესთავაზა, კერპების მეშვეობით გაემეორებინა ეს სასწაული.
თეოდორიტემ წარმართ ქურუმ დიოსკორეს მოსთხოვა, გახურებულ ქვაში ჩაწოლილიყო და მხსნელად ზევსისთვის მიემართა. წმიდა დიოსკორემ უპასუხა, რომ მან უკვე ქრისტე იწამა და მზადაა ზევსის კერპი ცეცხლში ჩააგდოს. გაბრაზებულმა მხედართმთავარმა კვლავ ქვაბში ჩაწოლა უბრძანა აწ უკვე ქურუმყოფილს. მაშინ მოწამე დიოსკორე ფეხებში ჩაუვარდა წმიდა თეოდორეს და სთხოვა, ელოცა მისთვის, თვითონ კი ქვაბში ჩადგა ფეხი ლოცვით: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ შემრაცხე მონათა შენთა თანა. მიიღე მშვიდობით სული ჩემი“.
წმიდა თეოდორე ველურ ცხენებს გამოაბეს და ათრევინეს. ქალაქის კედლებთან რბევისგან ქანცგამწყდარი ცხენები დავარდნენ, მოწამე კი უვნებლად გადარჩა. ორმა მხედარმა – სოგრაფტიმ და დიონისემ იხილეს, თუ როგორ აამაღლა წმიდა თეოდორე ზეციდან გადმოსულმა ცეცხლოვანმა ბორბალმა. მათ გაოცებისაგან შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანთა!“ ახალი აღმსარებლები მაშინვე დაიჭირეს და მეორე დღეს წმიდა თეოდორესთან ერთად გახურებულ ქვაბში ჩაყარეს. ზეციურმა ცვარმა ქვაბი გააგრილა და წმიდანები უვნებლად დაიცვა. დილით მხედართმთავარმა ჯარისკაცებს უბრძანა, მოწამეთა დამწვარი ძვლები ქვაბიდან გადმოეყარათ, მაგრამ გაოცებულმა მსახურებმა თეოდორიტეს აუწყეს, რომ ჭაბუკები უვნებელნი იყვნენ. სასწაულებრივ გადარჩენილ წმიდა თეოდორესთან მივიდა დედა – ფილიპია და გაამხნევა.
თედორიტემ ქალს ურჩია, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის და ამით შვილი გადაერჩინა. წმიდა ფილიპიამ კი უპასუხა, ძის შობამდე მაუწყაო უფალმა, რომ იგი ჯვარზე აღესრულებოდა. მაშინ თეოდორიტემ ბრძანა, თეოდორე ჯვარზე გაეკრათ, სხვებისთვის კი თავი მოეკვეთათ.
წმიდა მოწამე თეოდორე სამი დღე ეკიდა ჯვარზე და სულის ამოხდომამდე უფალს განადიდებდა.
მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი და მისთანა წამებულნი ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (დაახლ. 305)
მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი, მოწამენი ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (305) იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნილობის დროს აღესრულნენ ქრისტესთვის.წმიდა იანუარი შეიპყრეს და მიჰგვარეს კამპანიის (შუა იტალია) მმართველ ტიმოთეს. მტკიცე აღმსარებლობისათვის წმიდა ეპისკოპოსი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ბაბილონელ ყრმათა მსგავსად უვნებლად გამოვიდა ცეცხლიდან. ამის შემდეგ წმიდა მოწამე შეკრეს და სასტიკად ცემეს.
წამების ადგილას თავმოყრილ ბრბოში იდგნენ წმიდა დიაკონი ფავსტო და წმიდა დოსითეოზ მკითხველი, რომლებიც, ეპისკოპოსის ტანჯვის შემყურენი, გულისტკივილს ვერ მალავდნენ და ტიროდნენ. წარმართები მიხვდნენ, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ და მღვდელმოწამე იანუართან ერთად ქალაქ პუტეოლას ციხეში ჩაყარეს. ციხეში მათ დახვდნენ ქრისტიანობისთვის დევნილნი, წმიდა დიაკონნი: სოსიოს და პროკული და ერისკაცები: წმიდა ევტიქი და აკუტიონი.
მეორე დილით ყველა ქრისტიანი ცირკში წაიყვანეს და მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მათ პირი არ დააკარეს. ტიმოთემ განაცხადა, რომ ეს სასწაული ქრისტიანთა ჯადოქრობით აღესრულებოდა. მკრეხელს დაატყდა თავს ღვთის რისხვა: იგი დაბრმავდა და სასოწარკვეთილმა შემწეს უხმო. მღვდელმოწამე იანუარმა ილოცა ტიმოთეს განკურნებისთვის და მას თვალები აეხილა, მაგრამ სულიერად მაინც ბრმად დარჩა: კვლავ გამძვინვარებული აბრალებდა ქრისტეს აღმსარებლებს ჯადოქრობას. მმართველის ბრძანებით ეპისკოპოსი იანუარი, დიაკონნი: ფავსტო, პროკული და სოსიოს, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს (+305).
წმიდა მაქსიმიანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (434)
წმიდა მაქსიმიანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+434) დაიბადა მდიდარი და ღვთისმოსავი რომაელის ოჯახში.უბრალოებით გამორჩეულ წმიდა მაქსიმიანეს განდეგილი ცხოვრება უყვარდა. თუ ვინმე წმიდა ცხოვრებით ცნობილი ადამიანი გარდაიცვლებოდა, მაქსიმიანე მას საკუთარი ხარჯით ასაფლავებდა. სიწმიდისა და ქველმოქმედებისათვის პატრიარქმა სისინმა (426-427) იგი მღვდლად აკურთხა, მწვალებელი პატრიარქი ნესტორის (428-431) განდევნის შემდეგ კი, 431 წლის 25 ოქტომბერს, ღირსი მამა კონსტანტინეპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობელად დაადგინეს. ეს მოხდა წმიდა მეფის თეოდოსი მცირის (408-450) მეფობის ჟამს.
წმიდა მაქსიმიანე მშვიდობით მიიცვალა 434 წლის 12 აპრილს, დიდ ხუთშაბათს.
ღირსი ეფთვიმე გაენათელი (შერვაშიძე) (+1822)
ღირსი ეფთვიმე გაენათელი (შერვაშიძე) დაიბადა 1746 წელს. მამამისი ქრისტეფორე შერვაშიძე გურიის მთავარი იყო. ეფთვიმეს წინაპრები დაახლოებულნი იყვნენ იმერეთის სამეფო კარზე და ყოველთვის საქართველოს გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.ეფთვიმე თორმეტ წლამდე გურიაში იზრდებოდა, შემდეგ კი იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა იოსებმა, იმერეთში წაიყვანეს. ეფთვიმე ოცი წლის განმავლობაში სულ თან ახლდა მეფესა და კათოლიკოსს და მათი ყველა ბრძანება და წესები სრულიად იცოდა. ბრწყინვალე საერო კარიერას ეფთვიმემ სასულიერო მოღვაწეობა არჩია და მონაზვნად აღიკვეცა. ეფთვიმე მალევე აკურთხეს მღვდლად. 1778 წლის ახლო ხანებში კი მღველმთავრად დაასხეს ხელი და ამ დროიდან 1820 წლამდე, გაენათის კათედრას განაგებდა მიტროპოლიტის ხარისხით.
ეფთვიმეს მოღვაწეობის დროს საქართველოს წინაშე მწვავედ იდგა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის და პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. წმიდა ეფთვიმეს მთელი სულიერი და ფიზიკური ძალები დედა ეკლესიის სიწმინდისა და ქვეყნის გასაძლიერებლად იყო მიმართული.
1787 წელს, ეფთვიმემ საფუძვლიანად განაახლა წმიდა ნიკოლოზის ეკლესია გელათის კომპლექსში, იგი აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ (1783 წელს), იმერეთის სამეფოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თანდათან დაიძაბა. 1790 წელს ეფთვიმე ტფილისში ჩავიდა იმერეთის წარმომადგენლებთან ერთად და ცდილობდა მეფე ერეკლე საქართველოს გაერთიანების აუცილებლობაში დარწმუნებინა, მაგრამ სამწუხაროდ მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
1801 წელს ქართლ-კახეთში მეფობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდე, რუსეთის მთავრობამ 1810 წელს იმერეთის სამეფო ტახტიც გააუქმა და იმერეთის მეფე სოლომონ მეორე მთებში გაიხიზნა. წმიდა ეფთვიმეს შუამავლობითა და დიდი ავტორიტეტით მოხერხდა სოლომონ მეორისა და რუსეთის გენერლის სვიმონოვიჩის პირისპირ შეხვედრა ფერსათში, რომელმაც არსებითად ვერაფერი სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო.
რუსეთის იმპერიის სასტიკი პოლიტიკის შედეგად ხალხის მასობრივმა უკმაყოფილებამ მთელი საქართველო მოიცვა. 1819 წელს აჯანყდა იმერეთიც, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა სამღვდელოებაც. რუსეთის მთავრობის ბრძანებით 1820 წლის 4 მარტს საღამოს, გელათის მონასტერში მიტროპოლიტი ეფთვიმე შეიპყრეს, ამავე დროს შეიპყრეს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი. ორივე მღვედლმთავარს წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ტომრები ჩამოაცვეს თავზე და მშიერ-მწყურვალნი მათრახების ცემით წაიყვანეს. სურამში ერთ-ერთ დედაკაცს წყალი მიუტანია მღვდელმთავრებისთვის დასალევად. სიცხითა და ცემით გატანჯულმა წმიდა ეფთვიმემ პირის გაღების დროს სისხლი აღებინა, ცემისაგან მას მთლიანად დასცვენოდა კბილები.
ეფთვიმე ქალაქ ნოვგოროდში წაიყვანეს. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ მღვდელმთავრისთვის შესაფერისი პატივით მიიღო წმიდანი. ეფთვიმემ იმპერატორს ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა საქართველოს ეკლესიისა და ერისათვის თავისუფლების წართმევასა და სამშობლოს დამცველთა წამებისათვის. წმიდა ეფთვიმე სვირის მონასტერში გაგზავნეს ოლოვენცკის გუბერნიაში.
წმიდა ეფთვიმეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბატონიშვილებთან, ახერხებდა წერილობითი ურთიერთობა ჰქონოდა მის მოძღვართან, ცნობილ სასულიერო მოღვაწესთან, მღველმონაზონ იონა ხელაშვილთან.
1822 წლის 21 აპრილს, საღამოს 9 საათზე წმიდა ეფთვიმი გარდაიცვალა. 23 აპრილს მის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო. წესის აგების დროს მეუფე ეფთვიმე წამოიწია „დასწერა ჯვარი ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსავე და მიიძინა, დაეცათ შიში დიდი მუნ მყოფთა ყოველთავე და აქებდეს ღმერთსა“. ეფთვიმე დაასაფლავეს სვირის მონასტერში სამების ტაძრის საკურთხეველში.
2004 წლის 1 აპრილს წმიდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.