…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი.
სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული. მსგეფსი
მოწამისა ვასილისკოსი, კომანში წამებულისა (308); მოწამისა იოანე (ვლადიმერ) სერბელ მთავრისა (1015); ხსენება მეორე მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (381).
დღის ლოცვები
მოწამე ვასილისკოს, კომანში წამებულის კონდაკი:
ვნებათა შინა მტკიცედ და მხნედ გამოსჩნდი შენ, და სასწაულთა შინა ყოვლადსაკვირველ და ცხადად სახელი ქრისტესი აღიარე, და მძლავრსა არცხვინე; ამისთვისცა პატივს გცემთ შენ, ვასილისკოს, და მარადის გიხმობთ, ყოვლადპატიოსანო: გიხაროდენ, მოწამეთა ბრწყინვალეო სამკაულო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რომ 1: 28 – 2: 9. (დას. 81). მთ. 5: 27-32 (დას. 13).
რომ 1: 28 – 2: 9
28. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას. 29. ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით. 30. ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი, 31. უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი, 32. რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ.
1. ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო, კაცო, რომელიც განიკითხავ, რადგანაც სხვისი განმკითხველი განსჯით შენსავე თავსა სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ. 2. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, ჭეშმარიტებისამებრ, არის ღვთის მსჯავრი ყოველივე ამის მოქმედთა მიმართ. 3. იქნებ გგონია, კაცო, რომ თავს დააღწევ ღვთის მსჯავრს რაკიღა განიკითხავ ამის მოქმედს და თვითონ კი მასვე სჩადიხარ? 4. ან იქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ? 5. შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის, 6. როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას: 7. მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს; 8. ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, – გულისწყრომას და რისხვას. 9. ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.
მთ. 5: 27-32
27. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო. 28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში. 29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. 30. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. 31. ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი. 32. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.
ხსენება II მსოფლიო საელესიო კრებისა (381)
II მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 381 წელს კონსტანტინეპოლში იმპერატორ თეოდოსის დროს და დაასრულა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლოების ჩამოყალიბება.ერეტიკოსთა სამხილებლად და წმიდა მართმადიდებლური მოძღვრების დოგმატების ზუსტი ფორმულირებადი სახით დამტკიცების მიზნით წმიდა მეფემ თეოდოსი დიდმა (379-395) კონსტანტინეპოლში მოიწვია მსოფლიო კრება, რომელსაც ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მელეტი ანტიოქიელი, ამფილოქე იკონიელი, კირილე იერუსალიმელი და სხვები. კრებას ხელმძღვანელობდა მელეტი ანტიოქიელი, მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი – გრიგოლ ღვთისმეტყველი. კრებამ დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით სულიწმიდა არის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად თაყვანისიცემების და იდიდების.
სხვა ერესთა უარყოფის მიზნით, წმიდა მამებმა დაამტკიცეს მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო. I მსოფლიო კრების მიერ მიღებულ სიმბოლოში არაფერი იყო ნათქვამი სულიწმიდის თანასწორობაზე და თანაარსებობაზე მამა ღმერთთან, რადგან მაშინ არ იყო ერესი, რომელიც სულიწმიდას გმობდა. ამიტომ წმიდა მამებმა ნიკეის სიმბოლოს დაუმატეს 8, 9, 10, 11 და 12 წევრები, სადაც გადმოცემულია სწავლება სულიწმიდაზე, ეკლესიაზე, საიდუმლოებებზე, მიცვალებულთა აღდგომაზე და მომავალ ცხოვრებაზე, ე.ი. საბოლოოდ დაამტკიცეს ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს და უკუნისამდე იხელმძღვანელებს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე ვასილისკო (დაახლ. 308)
წმიდა მოწამე ვასილისკო (+308) წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (ხს. 17 თებერვალს) ძმისწული იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს ძმებთან, ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აღესრულა ქრისტესთვის. წმიდა მოწამენი კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს (ხს. 3 მარტს), მოწამე ვასილისკო კი კომანში (დასავლეთ საქართველო) გადაასახლეს. საპყრობილეში მყოფ წმიდა ვასილისკოს უფალმა დახმარება აღუთქვა და აუწყა, რომ მოწამეობრივად აღესრულებოდა კომანში წმიდანმა დილეგის დარაჯებს სთხოვა, მშობლიურ სოფელში გაეშვათ ოჯახთან გამოსამშვიდობებლად. დარაჯებმა, რომლებიც პატივს სცემდნენ წმიდანს მის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ღვთივსათნო ცხოვრებისათვის, შეუსრულეს მას თხოვნა.როცა აგრიპამ ეს ამბავი გაიგო, განრისხდა და მკაცრად დასაჯა დარაჯები. წმიდანის მოსაყვანად მან ჯარისკაცების რაზმი გაგზავნა მაგისტროსის მეთაურობით. საპყრობილეში დაბრუნებულ ვასილისკოს მძიმე ბორკილები დაადეს, ფეხზე კი ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს და კომანში გაგზავნეს.
პაპანაქებისაგან შეწუხებული მგზავრები ერთ სახლში შევიდნენ დასასვენებლად, მშიერ-მწყურვალი წმიდა მოწამე კი მცხუნვარე მზის ქვეშ ხეზე მიაბეს. მძიმე ბორკილებით შეჭურვილი წმიდანი მხურვალედ ევედრებოდა უფალს. მოულოდნელად ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ“. მიწა იძრა, კლდე გაიპო და წყარომ ამოხეთქა. მიწისძვრით შეშინებული მაგისტროსი, ჯარისკაცები და ოჯახის დიასახლისი ტროიანა გარეთ გამოცვივდნენ და მომხდარი სასწაულით განცვიფრებულებმა წმიდა მოწამე გაათავისუფლეს. წმიდანთან სოფლის მცხოვრებლები მოდიოდნენ და კურნებას იღებდნენ.
ბოლოს მოწამე მმართველ აგრიპას მიჰგვარეს. მან კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა წმიდა ვასილისკოს. მოწამემ უპასუხა: „მე ყოველ ჟამს ვწირავ უფალს სადიდებელ და სამადლობელ მსხვერპლს“. წმიდანი სამსხვერპლოსთან მიიყვანეს. მოულოდნელად ზეციდან ცეცხლი გარდამოხდა, სამსხვერპლო დაწვა, კერპები კი მტვრად აქცია. აგრიპას ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. წმიდა ვასილისკო აღესრულა 308 წელს. ქრისტიანებმა გამოისყიდეს მისი წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს. მალე აქ გაშენდა წმიდა ვასილისკოს სახელობის ტაძარი. კომანში გადმოსახლებულ წმიდა იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს) სიკვდილის წინ გამოეცხადა წმიდა ვასილისკო და აუწყა: „ხვალ ჩემთან იქნები“. წმიდა მოწამე ვასილისკოს მოღვაწეობა ხალხს მისი წამების თვითმხილველმა, წმიდა ევსეღნიმ (ხს. 5 აგვისტოს) აცნობა.
წმიდა მოწამე ვლადიმირ სერბეთის მთავარი (1015)
წმიდა მოწამე ვლადიმერ სერბეთის მთავარი (+1015) ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. კეთილმსახური მეფე დაქორწინებული იყო ბულგარეთის მეფის სამოელის ასულ კოსარაზე. ბულგარეთის მეფესთან მოლაპარაკების საბაბით დაბარებული ვლადიმერი ღალატით მოკლეს ტაძრის კარებთან 1015 წლის 22 მაისს. წმიდა მთავრის კეთილმორწმუნე მეუღლე დაეყუდა ქმრის მიერ აშენებულ ტაძარში და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა.