…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
4.08.2026. სამშაბათი. ხსნილი.
მენელსაცხებლისა და მოციქულთა სწორისა მარიამ მაგდალელისა (I); მღვდელმოწამისა ფოკასი (აღმოყ. წმ. ნაწ.) (40 3-404).
დღის ლოცვები
რიგ.: 1 კორ. 15: 29 -38 (დას. 161). მთ. 21: 23-27 (დას. 85).
მოც.სწ.: 1 კორ. 9: 2-12 (დას. 141). ლკ. 8: 1-3 (დას. 34).
რიგ.: 1 კორ. 15: 29 -38
29. თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის? 30. ან ჩვენ რისთვისღა გვემუქრება საფრთხე ყოველ წამს? 31. მე ყოველდღე ვკვდები, ვფიცავ თქვენს სიქადულს, ძმანო, რომელიც მაქვს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. 32. თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით. 33. ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს. 34. ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სარცხვენად ვამბობ. 35. მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ? 36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. 37. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. 38. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს – საკუთარ სხეულს.
რიგ.: მთ. 21: 23-27
23. როცა ტაძარში შევიდა საქადაგებლად, მიადგნენ მას მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი და უთხრეს: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეს ძალა? 24. იესომ პასუხად მიუგო მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და თუ მიპასუხებთ, გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას: 25. ნათლისცემა იოანესი საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის: მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? 26. ხოლო თუ ვეტყვით: კაცთაგანო, – ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე. 27. და პასუხად უთხრეს იესოს, არ ვიცითო, და მანაც მიუგო: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.
მოც.სწ.: 1 კორ. 9: 2-12
2. სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში. 3. აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე. 4. იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? 5. ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას? 6. იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა? 7. ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს? 8. იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც? 9. რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს? 10. თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს. 11. ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან? 12. თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.
მოც.სწ.: ლკ. 8: 1-3
1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი. 2. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი, 3. იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას.
დღის საკითხავები
წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი (I)
წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, მშვენიერი და მომხიბლავი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა (ლკ. 8.2; მკ. 16.9). მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი შეიქნა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როგორც ჩანს, ლუკა მახარებელი მასაც გულისხმობს იმ დედებში, რომლებიც თან გაჰყვნენ გოლგოთაზე მაცხოვარს, „ეტყებდეს და სტიროდეს მას“ (ლკ. 23; 27). მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას – ჯვარცმულსა და დამცირებულს – ყველა მოწაფე შემოეფანტა. მახარებლები ჯვართან მდგომარეთა შორის ასახელებენ აგრეთვე მარიამს – მოციქულ იაკობ მცირის დედას, სალომეას და სხვა ქალებს, რომლებიც გალილეაში დაემოწაფნენ ქრისტეს, მაგრამ ყველანი პირველად მარიამ მაგდალინელს იხსენიებენ (მთ. 27;55-56; მკ. 15;40-41; ლკ. 23; 49; ინ. 19; 25). ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გამოირჩეოდა იგი მაცხოვრის თანმხლებ დედებს შორის. სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი მარიამი სხვა დედებთან ერთად, სურნელოვანი ნელსაცხებლებით ხელში გაეშურა მოძღვრის წმიდა ცხედრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. მარიამმა აქაც გაუსწრო ყველას. ჯერ კიდევ „ვიდრე ბნელღა იყო“, მიეახლა აკლდამას და ჰპოვა „ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან“; გაოცებულმა და შეშინებულმა, სირბილით მიმართა იესოს ორ უახლოეს მოწაფეს – სიმონ-პეტრესა და იოანეს და მაცხოვრის ცხედრის გაუჩინარება ამცნო. მოციქულებმა ისწრაფეს საფლავისკენ, იხილეს „ტილონი იგი მდებარენი და სუდარი იგი… თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა“, შეძრწუნდნენ და განერიდნენ იქაურობას, მარიამი კი „დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“. აცრემლებულმა კიდევ ერთხელ შეიხედა გამოქვაბულში – სურდა დარწმუნებულიყო, რომ ის ნამდვილად ცარიელი იყო და აი, მაშინ უფალმა სულიერი თვალები აუხილა ნეტარს – მან „იხილა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი“. მათ კითხვაზე: „დედაკაცო, რასა სტირ?“ მარიამმა იმავე სიტყვებით უპასუხა, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინ პეტრეს და იოანეს მიმართა: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. შემდეგ შებრუნდა და, „იხილა იესუ მდგომარე“, მაგრამ ვერ იცნო – მებაღე ეგონა და თხოვნით მიმართა: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი“. მაცხოვარმა დამწუხრებულ ქალს დაუძახა: „მარიამ!“ იცნო მარიამმა მოძღვრის უტკბესი ხმა, აღტაცებით შესძახა: „რაბბუნი!“ (მოძღვარო!) „და მირბიოდა შემთხუევად მისა“; მაგრამ ქრისტემ უთხრა: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“.სიხარულით გაოგნებული და აღფრთოვანებული მარიამი გონს მოეგო, კვლავ გაიქცა მოციქულებისკენ, „რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს“ და ახარა, „რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა“ უფალი. ეს იყო აღდგომის პირველი ქადაგება ამქვეყნად: მოციქულებს მთელი სამყაროსთვის უნდა ეხარებინათ, მან კი თავად მოციქულებს ახარა…
წმიდა წერილი არაფერს მოგვითხრობს მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზე ქრისტეს აღდგომის შემდეგ, მაგრამ უეჭველია, რომ ის, ვინც ჯვარცმის უმძიმეს ჟამს მაცხოვრის ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა, აღდგომიდან ამაღლებამდეც მის გვერდით იქნებოდა.
წმიდა გადმოცემა მოგვითხრობს, რომ, როცა სულიწმიდის მადლით აღვსილმა მოციქულებმა დატოვეს იერუსალიმი და ქვეყნის სხვადასხვა კიდეს მიაშურეს საქადაგებლად, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა. მან მთელი იტალია მოიარა სახარების ქადაგებით, ტიბერიუს კეისრის (14-37) კარზეც შეაღწია და ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა. სწორედ მარიამ მაგდალინელისგან მომდინარეობს აღდგომის დღესასწაულზე წითლად შეღებილი კვერცხების მირთმევის ტრადიცია. წმიდა მენელსაცხებლე დედა განაგრძობდა თავის მოციქულებრივ ღვაწლს იტალიასა და ქალაქ რომში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მას გულისხმობს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერს: „კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელ-იგი ფრიად დაშურა ჩუენდა მომართ“ (16;6).
წმიდა მარიამმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს და იქვე მიაბარეს მიწას. მისი უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში გადაასვენეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში და წმიდა ლაზარეს სახელობის მონასტრის საყდარში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ეს სიწმიდე იტალიაში გადაიტანეს და რომში, იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.
აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ფოკასი (403-404)
მღვდელმოწამე ფოკა შავიზღვისპირა ქალაქ სინოპში დაიბადა. იგი ჯერ მენავე იყო, შემდეგ კი – ქალაქ სინოპის ეპისკოპოსი. იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ქალაქის თავმა შეიპყრო წმიდა მღვდელმთავარი და სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა. ქრისტეს მხნე აღმსარებელი მრავალგვარი წამების შემდეგ გახურებულ აბანოში შეაგდეს, სადაც ტანჯვით აღმოხდა სული (+117).403-404 წლებში მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები სინოპიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ამ მოვლენას ზეიმობს ეკლესია 22 ივლისს (წმიდანის ხსენება აღინიშნება 22 სექტემბერსაც).