19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
„სადაც ჯვარია, იქ ეშმაკი უძლურია“ ღირსი დოროთე მეუდაბნოე.
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
4.10.2025. ხსნილი
მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
მოციქულისა 70-თაგანისა კოდრატესი, ათენელ და მაღნეზიელ ეპისკოპოსისა (130); მღვდელმოწამეთა იპატი ეპისკოპოსისა და ანდრია ხუცისა (730-735); ისააკ და მელეტი კვიპრელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა ევსევისა და პრისკესი; დიმიტრი როსტოველ მიტროპოლიტისა (ნაწილთა პოვნა 1752).
დღის ლოცვები
მოციქული კონდრატესი, სამოცდაათთაგანის კონდაკი:
ვითარცა მღდელმთავარსა პატიოსანსა და სარწმუნოსა მოწამესა, სოფელი ყოველი შეგწირავს შენ, უფალო, მოციქულსა კონდრატეს და ქებით უგალობენ პატიოსანსა ხსენებასა მისსა, რამეთუ გევედრების მარადის ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად; ამისთვის მიანიჭე მას თხოვაი მისი ჩუენთვის, მრავალმოწყალე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: 1 კორ. 1: 26-29 (დას. 125 შუა). ინ. 8: 21-30 (დას. 30).
რიგ.: 1 კორ. 14: 20-25 (დას. 156). ლკ. 4: 31-36 (დას. 15).
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: 1 კორ. 1: 26-29
26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული. 27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი. 28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი, 29. და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: ინ. 8: 21-30
21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. 22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო? 23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე – იმქვეყნიური. 24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. 25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? 26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი. 27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას. 28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. 29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას. 30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
რიგ.: 1 კორ. 14: 20-25
20. ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ – სრულწლოვანნი გონებით. 21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“. 22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი – მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის. 23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო? 24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს. 25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.
რიგ.: ლკ. 4: 31-36
31. ჩავიდა კაპერნაუმს, გალილეის ქალაქში, და შაბათობით ასწავლიდა მათ. 32. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას. 33. და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა: 34. ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო. 35. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილირ გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის. 36. შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?
წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 130)

ნეტარმა მოციქულმა 126 წელს დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) წარუდგინა აპოლოგია ქრისტიანობის დასაცავად, რომელმაც ისე იმოქმედა მართლმორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ.
მღვდელმოწამენი: იპატი ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი (+დაახლ. 730-735)

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა დიმიტრისა – როსტოველ მიტროპოლიტისა (1752)

1701 წელს მამა დიმიტრი კეთილმსახური ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ტობოლსკის მიტროპოლიტად აკურთხეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო მოსკოვში დარჩა და მალე როსტოვის მიტროპოლიტის დაქვრივებული კათედრა დაიჭირა. ნეტარი მღვდელმთავარი მოშურნედ იღვწოდა ეკლესიის მთლიანობის განმტკიცებისათვის, ებრძოდა სტაროობრიადულ რასკოლს, ზრუნავდა ღვთისმსახურების სიწმიდეზე, მღვდელმსახურთა აღზრდა-განათლებაზე; წმიდა მამის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. მღვდელმთავარი დიმიტრი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ლიტერატურული ნაშრომებით. ნეტარმა მამამ მრავალრიცხოვანი წყაროების შეჯერებით რუსულ ენაზე შეადგინა თვენის, წმიდანთა ცხოვრების საკითხავები მთელი წლისთვის. ამ შრომას მან ოცი წელი მოანდომა.
წმიდა დიმიტრი მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს და, ანდერძისამებრ, ტაძარში დაკრძალეს. ეკლესიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს საფლავი გათხარეს და აღმოაჩინეს, რომ ძლიერ ნესტიან მიწაში ჩასვენებულ მღვდელმთავრის ნეშტს ხრწნილების არანაირი კვალი არ ეტყობოდა. ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1757 წლის 22 აპრილს დიმიტრი როსტოველი წმიდათა დასში შერაცხეს.
ნეტარი მამის ხსენება აღესრულება წელიწადში ორჯერ, 21 სექტემბერსა და 28 ოქტომბერს. 21 სექტემბერი მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანების დღეა.
წმიდა მოწამე ევსები; წმიდა მოწამე პრისკე

წმიდა მოწამე პრისკე ფრიგიაში ცხოვრობდა. თავისი ქადაგებით მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, რისთვისაც უღმრთოებმა სასტიკად აწამეს, დაბოლოს, თავი მოჰკვეთეს.
წმიდანი: ისააკი და მელეტი – კვიპრელნი ეპისკოპოსნი
