…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
…მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-18 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I.
4.10.2026. ხსნილი
ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკე. ჯვრის ამაღლების დღესასწაულის წარგზავნა.
მოციქულისა 70-თაგანისა კოდრატესი, ათენელ და მაღნეზიელ ეპისკოპოსისა (130); მღვდელმოწამეთა იპატი ეპისკოპოსისა და ანდრია ხუცისა (730-735); ისააკ და მელეტი კვიპრელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა ევსევისა და პრისკესი; დიმიტრი როსტოველ მიტროპოლიტისა (ნაწილთა პოვნა 1752).
დღის ლოცვები
მოციქული კონდრატესი, სამოცდაათთაგანის კონდაკი:
ვითარცა მღდელმთავარსა პატიოსანსა და სარწმუნოსა მოწამესა, სოფელი ყოველი შეგწირავს შენ, უფალო, მოციქულსა კონდრატეს და ქებით უგალობენ პატიოსანსა ხსენებასა მისსა, რამეთუ გევედრების მარადის ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად; ამისთვის მიანიჭე მას თხოვაი მისი ჩუენთვის, მრავალმოწყალე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-7. ინ. 20: 1-10 (დას. 63).
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკისა: გალ. 2: 16-20 (დას. 203). მკ. 8: 34 – 9: 1 (დას. 37).
რიგ.: 2 კორ. 9: 6-11 (დას. 188). მთ. 18: 23-35 (დას. 77).
ცისკ.: ინ. 20: 1-10
1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი. 2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს. 3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს. 4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. 5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა. 6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა. 7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ. 8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა. 9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 10. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკისა: გალ. 2: 16-20
16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი. 17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურთა? არამც და არამც. 18. რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს? 19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის. 20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკისა: მკ. 8: 34 – 9: 1
34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. 35. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. 36. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? 37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? 38. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.
1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.
რიგ.: 2 კორ. 9: 6-11
6. ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. 7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს. 8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე. 9. როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“. 10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს, 11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.
რიგ.: მთ. 18: 23-35
23. ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის. 24. და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. 25. და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ. 26. დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი. 27. შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. 28. მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო. 29. ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო. 30. მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი. 31. ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა. 32. მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე. 33. ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ? 34. განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში, ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს. 35. ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 130)
წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა კერპთმსახურებს. ერთხელ გააფთრებული ბრბო თავს დაესხა მოციქულს, რომ ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ, ზეგარდმო შეწევნით, წმიდანი ცოცხალი დარჩა. მაშინ უღმრთოებმა იგი საპყრობილეში ჩააგდეს და შიმშილით ამოხადეს სული (+დაახლ. 130). კოდრატეს წმიდა ცხედარი მაგნეზიაში დაკრძალეს.ნეტარმა მოციქულმა 126 წელს დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) წარუდგინა აპოლოგია ქრისტიანობის დასაცავად, რომელმაც ისე იმოქმედა მართლმორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ.
მღვდელმოწამენი: იპატი ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი (+დაახლ. 730-735)
მღვდელმოწამენი: იპატი, ეფესოს ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი VIII საუკუნეში ეწამნენ ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. სიყმაწვილეში წმინდანები ერთად სწავლობდნენ მონასტერში. შემდეგ იპატი ბერად აღიკვეცა, ანდრია კი ხუცესად იკურთხა და გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს ქრისტიანულ სარწმუნოებაში. როცა ლეონ ისავრიელის დროს ხატთაყვანისმცემელთა დევნა დაიწყეს, წმიდა იპატი და ანდრია მტკიცედ აღდგნენ ხატთაყვანისცემის დასაცავად. იმპერატორმა, რომელსაც სურდა, გადაებირებინა წმიდანები, ხატთაყვანისცემის შესახებ დისპუტი მოაწყო. იპატიმ და ანდრიამ შეძლეს, დამაჯერებლად დაეცვათ ხატების მართლმადიდებლური თაყვანისცემა. მარტვილები შეიპყრეს და დიდხანს საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული – იმედოვნებდნენ, რომ ასე მაინც შეაცვლევინებდნენ აზრს, მაგრამ უფლის რჩეულები არ მოტყდნენ. მაშინ უღმრთო თვითმპყრობელმა წმიდანთა წამება ბრძანა. ბოლოს მარტვილები მეფის ბრძანებით ქალაქში ათრიეს ყველას დასაცინად, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს (+დაახლ. 730-735). წმიდა იპატისა და ანდრიას ცხედრები უღმრთოებმა ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მორწმუნეებმა პატივით წააბრძანეს ისინი და მიწას მიაბარეს.აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა დიმიტრისა – როსტოველ მიტროპოლიტისა (1752)
წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი (ერობაში – დანიელ საბას ძე ტუპტალო), 1651 წლის დეკემბერში დაიბადა კიევის მახლობლად მდებარე დაბა მაკაროვოში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან განათლება კიევო-მოგილიოვის კოლეგიაში მიიღო, 1668 წლის 9 ივლისს კი ბერად აღიკვეცა და დიმიტრი დაერქვა (დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად). 1675 წლის 23 მაისს წმიდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი.1701 წელს მამა დიმიტრი კეთილმსახური ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ტობოლსკის მიტროპოლიტად აკურთხეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო მოსკოვში დარჩა და მალე როსტოვის მიტროპოლიტის დაქვრივებული კათედრა დაიჭირა. ნეტარი მღვდელმთავარი მოშურნედ იღვწოდა ეკლესიის მთლიანობის განმტკიცებისათვის, ებრძოდა სტაროობრიადულ რასკოლს, ზრუნავდა ღვთისმსახურების სიწმიდეზე, მღვდელმსახურთა აღზრდა-განათლებაზე; წმიდა მამის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. მღვდელმთავარი დიმიტრი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ლიტერატურული ნაშრომებით. ნეტარმა მამამ მრავალრიცხოვანი წყაროების შეჯერებით რუსულ ენაზე შეადგინა თვენის, წმიდანთა ცხოვრების საკითხავები მთელი წლისთვის. ამ შრომას მან ოცი წელი მოანდომა.
წმიდა დიმიტრი მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს და, ანდერძისამებრ, ტაძარში დაკრძალეს. ეკლესიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს საფლავი გათხარეს და აღმოაჩინეს, რომ ძლიერ ნესტიან მიწაში ჩასვენებულ მღვდელმთავრის ნეშტს ხრწნილების არანაირი კვალი არ ეტყობოდა. ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1757 წლის 22 აპრილს დიმიტრი როსტოველი წმიდათა დასში შერაცხეს.
ნეტარი მამის ხსენება აღესრულება წელიწადში ორჯერ, 21 სექტემბერსა და 28 ოქტომბერს. 21 სექტემბერი მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანების დღეა.
წმიდა მოწამე ევსები; წმიდა მოწამე პრისკე
წმიდა მოწამე პრისკე ფრიგიაში ცხოვრობდა. თავისი ქადაგებით მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, რისთვისაც უღმრთოებმა სასტიკად აწამეს, დაბოლოს, თავი მოჰკვეთეს. წმიდანი: ისააკი და მელეტი – კვიპრელნი ეპისკოპოსნი
წმიდა მღვდელმთავრები ისააკი და მელეტი კვიპროსის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა ცხოვრებისათვის უფალმა მათ სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი მამები სხვადასხვა წელს, მაგრამ ერთ დღეს გარდაიცვალნენ.