…იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-23 შვიდეული
3.11.2026. ოთხშაბათი. მარხვა.
მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელი ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (დაახ. 167); შვიდთა ყრმათა ეფესელთა – მაქსიმილიანესი, იამბლიხოსისა, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი, კონსტანტინესი და იოანესი (დაახ. 250); მოწამეთა: ალექსანდრე ეპისკოპოსისა, ირაკლი მხედრისა და ოთხთა დედათა: ანასი, ელისაბედისა, თეოდოტიასი და გლიკერიასი (II-დღის ლოცვებიIII).
დღესასწაული ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა.
დღის ლოცვები
7-თა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქოსისა, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინესი) და ანტონინეს კონდაკი:
რომელმან საკვირველ-ჰყვენ წმიდანი ქუეყანასა ზედა პირველ მეორედმოსლვისა შენისა, მაცხოვარ, და უცხოდ დიდებულითა აღდგინებითა ყრმათა უჩვენე აღდგომა შენი, უმეცართა მისთა უხრწნელად, რა აჩვენენ სამოსელნი და სხეულნი მათნი და მეფესა არწმუნენ ღაღადებად: ვითარმედ ნამდვილვე არს მკუდართა აღდგომა, დიდებაი შენდა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია (რიგ.) – 1 თესალონიკელთა მიმართ 2:1-8; ლიტურგია (წმ.) – ებრაელთა მიმართ 7:26-8:2; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 9:44-50; ლიტურგია (წმ.) – იოანეს სახარება 10:9-16.
ლიტ. (რიგ.) – 1 თეს. 2: 1-8
1. თქვენ თვითონ იცით, ძმანო, რომ ჩვენი შემოსვლა თქვენთან არ იყო ფუჭი. 2. არამედ მანამდე ფილიპეში ვნებულნი და შეგინებულნი, როგორც მოგეხსენებათ, ისე გავკადნიერდით, რომ ჩვენი ღმერთის მიერ სახარება გვექადაგა თქვენთვის მრავალი ღვაწლით. 3. რადგანაც ჩვენს შეგონებაში არც ცთომაა, არც ცბიერება და უწმინდურება. 4. არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, ისევე ვქადაგებთ, კაცთა საამებლად კი არა, არამედ ღვთისა, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს. 5. ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე. 6. არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან. 7. თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს. 8. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
ლიტ. (წმ.) – ებრ. 7: 26-8: 2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 9: 44-50
44. ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში. 45. მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს. 46. მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის. 47. ხოლო იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, მოიყვანა პატარა ბავშვი, წინ დაიყენა 48. და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი – უდიდესი იქნება. 49. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს. 50. უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
ლიტ. (წმ.) – ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი – იერაპოლის ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 167)
წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების საცხოვნებელ გზაზე მოსაქცევად. ერთხელ წმიდანის წინაშე ანგელოზი წარდგა და უბრძანა, წარმართთა საკრებულოში მდგარი კერპები შეემუსრა. საღვთო შურით აღძრული ეპისკოპოსი ღამით შევიდა აპოლონის ტაძარში და ზეციური კურთხევა შეასრულა. როცა ინათა, კერპთმსახურებმა შეიტყვეს მომხდარი და წმიდა ამბერკის შესაპყრობად მეომართა რაზმი შეკრიბეს. კეთილისმყოფელებმა ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს წმიდა ამბერკი და ურჩიეს, სადმე დამალულიყო, მაგრამ იგი, ქრისტესთვის მარტვილობის სურვილით ანთებული, ქალაქის მოედანზე გავიდა და საჯაროდ ამხილა წარმართთა ცრუსარწმუნოება. უსჯულოები კიდევ უფრო გააფთრდნენ და კბილების ღრჭიალით გაიწიეს მისკენ, მაგრამ ამ დროს ბრბოში მდგარმა სამმა ეშმაკეულმა ჭაბუკმა უეცრად საზარელი ღრიალი მორთო. ხალხი დაფრთხა. წმიდა მღვდელმთავარმა კი ლოცვის ძალით ბოროტი სულები განდევნა ყმაწვილებისგან. ეს სასწაული რომ იხილეს, შემოკრებილი უღმერთოები გონს მოეგნენ, ერთობით ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა ამბერკის და სთხოვეს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განესწავლა ისინი. მხოლოდ რამდენიმე ღვთისმებრძოლი განერიდა უჩუმრად იქაურობას. უფლის რჩეული გვიან საღამომდე ქადაგებდა, შემდეგ კი დალოცა ხალხი და უბრძანა, წმიდა ნათლისღებისთვის მომზადებულიყვნენ.ამ დღიდან მოყოლებული, ეპისკოპოსი ამბერკი დაუბრკოლებლად აღასრულებდა მწყემსმთავრის უმძიმეს მოვალეობას, მას შემდეგ კი, რაც მომძლავრებული ეპიდემიის აღმოსაფხვრელად წმიდანის ლოცვით მიწიდან თბილმა და მაკურნებელმა წყაროებმა ამოხეთქა, მთელი იერაპოლი ქრისტეს სამწყსოს შეუერთდა. რამდენიმე ხანში საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს რომში მოუწოდეს, სადაც მან, ექიმების ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (161-180) სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული ასული განკურნა. ამის შემდეგ მადლიერმა თვითმპყრობელმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და წმიდა ამბერკის თხოვნით თითოეული გლახაკი იერაპოლელისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინიდან ხორბალი გამოყო.
გარდა იერაპოლისა, წმიდა მღვდელმთავარი ამბერკი ქადაგებდა სირიაში, კილიკიაში, მესოპოტამიაში. სადაც ურიცხვი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. დაუცხრომელი ღვაწლისთვის ნეტარს მოციქულთასწორი უწოდეს. წმიდა მამა მრავალი წლის მანძილზე იცავდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან, განამტკიცებდა მაცხოვრის მსასოებელთა სარწმუნოებას, გზაშეცდომილებს წრფელ გზაზე აყენებდა, სნეულებს კურნავდა. ბოლოს კი, დაახლოებით 167 წელს, სამოცდათორმეტი წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და ოთხნი დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია (III)
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია ქრისტეს აღსარებისთვის III საუკუნეში ეწამნენ ქალაქ ადრიანოპოლში. მართლმორწმუნეთა დევნის მიუხედავად, ეპისკოპოსი ალექსანდრე გაბედულად ქადაგებდა მაცხოვნებელ სწავლებას წარმართთა შორის და მრავალი უღმრთო აზიარა ქრისტეს ნათელს. იმ ოლქის მმართველმა, სადაც წმიდა მღვდელმთავარი მსახურობდა, მეომრებს უბრძანა, მღვდელმთავრის შეპყრობა და წამება. უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მრავალგვარ სატანჯველს. მისი სიმშვიდით გაოცებულმა მხედარმა ირაკლიმ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. სახალხოდ აღიარეს ქრისტე ანამ, ელიზავეტამ, თეოდოტიამ და გლიკერიამაც. სასტიკი წამების შემდეგ ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
იმ დროს ეფესოში შვიდი ქრისტიანი ყმაწვილი ცხოვრობდა. ვახსენოთ მათი წმინდა სახელებიც: მაქსიმილიანე, იამბლიქოსი, მარტინიანე, იოანე, დიონისე, კონსტანტინე და ანტონინე. დიდებულთა ჩამომავლები იყვნენ, მაგრამ თავი როდი მოჰქონდათ ამით; პირიქით – თავმდაბლობით, მორჩილებით, ლოცვის სიყვარულით გამოირჩეოდნენ. შვიდივე ჯარში მსახურობდა. იმპერატორის ბრძანება რომ შეიტყვეს, მიწაზე დაემხნენ და ცრემლით იწყეს ლოცვა. ზოგიერთმა შეამჩნია ეს და დეციუსს მოახსენა: ქრისტიანებს სხვაგან ეძებ, ისინი კი, აგერ, შენსავე ჯარში მსახურობენო. გაბრაზებულმა იმპერატორმა მათი შეპყრობა ბრძანა. როცა ახალგაზრდები მიჰგვარეს, მოსთხოვა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. “ჩვენ ვაღიარებთ ცისა და ქვეყნის შემოქმედს და მხოლოდ მას შევწირავთ ბაგეთაგან მსხვერპლსო”, – უპასუხეს ტუსაღებმა. დეციუსის ბრძანებით, ყმაწვილებს სამხედრო ქამრები შეხსნეს. “არ ხართ ღირსნი, მეფის ჯარში მსახურობდეთ, – თქვა იმპერატორმა, – წამებას კი იმსახურებთ, მაგრამ ახალგაზრდები ხართ და მოსაფიქრებლად დროს მოგცემთ. მე ახლა სხვაგან მივდივარ და რომ დავბრუნდები, ღმერთებს თაყვანი უნდა სცეთ”. ეფესელი ყრმები გაათავისუფლეს, დეციუსი კი სხვა ქალაქში გაემგზავრა.
ყრმები დაბრუნდნენ შინ, საიდუმლოდ აიღეს უამრავი ოქრო-ვერცხლი და გლახაკებს დაურიგეს, თვითონ კი მოითათბირეს: სანამ დეციუსი დაბრუნდება, ოქლონის მთაზე, დიდ მღვიმეში განვმარტოვდეთ, ვილოცოთ და ვევედროთ უფალს, მოგვცეს ძალა, რომ უშიშრად გამოვცხადდეთ იმპერატორთან, ჩვენი სარწმუნოება ვაღიაროთ და ქრისტესთვის ვეწამოთო.
ახალგაზრდებმა კარგა ხანი დაყვეს მღვიმეში, განუწყვეტლივ ევედრებოდნენ უფალს ხსნას, ქალაქში კი პურის საყიდლად და ამბის შესატყობად იამბლიქოსს გზავნიდნენ, რომელიც, რომ ვერ ეცნოთ, გლახაკივით იყო შემოსილი. ერთ დღეს იამბლიქოსმა იმპერატორის ეფესოში დაბრუნება იხილა და ისიც შეიტყო, რომ დეკიუსს მათი პოვნა ებრძანებინა.
ამ ამბავმა ყმაწვილებს ძრწოლა მოჰგვარა. ყრმები მიწაზე დაემხნენ და დიდხანს ილოცეს. შემდეგ იამბლიქოსმა ტრაპეზი გაამზადა. ახალგაზრდები მცირედით დანაყრდნენ და მღელვარებისგან დაქანცულებს მიეძინათ. სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა, რომელიც მუდამ ზრუნავს თავისი ეკლესიისა და ერთგულ მორწმუნეთათვის, ეს შვიდი ყრმა საკვირველი და უჩვეულო ძილით – სიკვდილის ძილით – მიაძინა. სული მათი ღვთის ხელთ იყო, სხეულები კი უხრწნელი და უცვლელი დარჩა.
ყრმები რომ ვერ იპოვეს, განრისხებულმა იმპერატორმა მათი მშობლები იხმო და განუცხადა, მათ ნაცვლად თქვენ დაგსჯითო. ისინი კი, შეშინებულნი, ერთგულებას ეფიცებოდნენ. ისიც კი უთხრეს: ჩვენს ვაჟებზე ამბობენ, რომ ოქლონის მთის დიდ მღვიმეში დამალულანო. მაშინ იმპერატორმა ბრძანა, მღვიმის შესასვლელი ამოექოლათ, რათა ურჩი ქრისტიანები შიმშილით დახოცილიყვნენ.
მეფის საძინებლის ორმა მცველმა, ფარულმა ქრისტიანებმა თეოდორემ და რუთინუსმა, შვიდი ყრმის მოწამებრივი აღსასრულის ამბავი აღწერეს, სპილენძის სკივრში ჩაასვენეს და მღვიმის შესასვლელში ფარულად ჩაფლეს იმ იმედით, რომ ოდესმე ვინმე მათ წმინდა ნაწილებს იპოვიდა.

ეფესელ ყრმათა მღვიმე
მალე დეციუსი გარდაიცვალა. მის შემდეგ რომის იმპერიამ მრავალი მმართველი გამოიცვალა, ყველა – ურჯულო და ქრისტეს მოძულე, მაგრამ მოვიდა დრო და კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
გამოხდა ხანი, ტახტზე თეოდოსი მცირე (408-450) ავიდა. სწორედ იმ ხანებში გამოჩნდნენ ერეტიკოსები, რომელთაც მკვდრეთით აღდგომის არ სწამდათ. თვით ეპისკოპოსნიც კი ამბობდნენ, აღსასრულის ჟამს ხორცთან ერთად სულიც კვდებაო. ამ ამბებმა თეოდოსი დიდად შეაწუხა, ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა ეკლესია ამ საცდურისგან. უფალმაც შეისმინა მართალთა ვედრება და მოახდინა უდიდესი სასწაული, რათა ყველასთვის თვალსაჩინო გამხდარიყო საიდუმლო მკვდრეთით აღდგომისა და საუკუნო სიცოცხლისა – ორასი წლის შემდეგ გააღვიძა ღმრთივმიძინებული ყრმები.
ყმაწვილებმა პირველად დილის ლოცვები აღავლინეს, მერე კი ერთმანეთს მიესალმნენ. იტყოდით, ჩვეულებრივი ღამის ძილისგან გამოფხიზლდნენო, რადგან გარეგნულად არაფერი ეტყობოდათ, სამოსიც კი მაშინდელივით ახალთახალი ეცვათ. მწუხარებით გაიხსენეს ქრისტიანთა დევნა და მომავალი განსაცდელი – მათ ხომ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ დეციუსი უკვე ეძებდა. წმინდა იამბლიქოსმა კვლავ დაუდასტურა “გუშინდელი” მონათხრობი. მაშინ წმინდა მაქსიმილიანემ მეგობრებს მიმართა: “რა ვქნათ, ძმებო, წავიდეთ და უშიშრად ვაღიაროთ ქრისტე თუ სულმოკლეებივით ვისხდეთ ამ მღვიმეში? განვიშოროთ შიში და ღვთის სადიდებლად დავღვაროთ სისხლი. შეიძლება, წუთიერ სოფელში გვაწამონ, მაგრამ საუკუნო სიცოცხლეს ვერ წაგვართმევენ. შენ კი, ძმაო იამბლიქოს, აიღე ვერცხლი, წადი და გუშინდელზე მეტი პური გვიყიდე. შეიტყვე ისიც, რა განუზრახავს დეციუსს. მალევე დაბრუნდი, რათა ტრაპეზით მოვძლიერდეთ და ჩვენივე ნებით შეგვეძლოს აქედან გასვლა და მოწამეობაო”.
იამბლიქოსმა აიღო ფული და გზას გაუდგა. მღვიმის გასასვლელთან ქვები დაინახა მოგროვილი. ვინმე ადოლს, ოქლონის მთის ახლანდელ მფლობელს, რომელმაც ეფესელ ყრმებზე არაფერი იცოდა, ქვების ნაწილი ყორის გასაკეთებლად წაეღო, ისე რომ, მღვიმეში კაცის შესაძრომი ხვრელი გაკეთდა. წმინდა იამბლიქოსი დაეშვა მთიდან, მიუახლოვდა ქალაქს და რას ხედავს: ყველგან უმშვენიერესი, დიდებული ხელოვნებით ნაკეთები პატიოსანი ჯვრებია აღმართული, ხალხი კი ქრისტეს სახელს იფიცავს. “გუშინ აქ ქრისტიანებს აწამებდნენ, დღეს კი უფალს ადიდებენ… შენობებიც სხვანაირია და ადამიანებსაც სხვანაირად აცვიათ. მხარი ხომ არ მეცვალა, იქნებ სხვა ქალაქიაო?!” – იფიქრა იამბლიქოსმა და ამ ქალაქს რა ჰქვიაო, იკითხა. ეფესოო, მიუგეს. წმინდა ყრმამ არ დაიჯერა, მაგრამ არაფერი თქვა – იფიქრა, პურს ვიყიდი და მაშინვე უკან წავალ, გზა რომ არ დამებნესო. მივიდა მეპურესთან და ვერცხლი მიაწოდა. ხაბაზმა მონეტა შეათვალიერა და მეზობელს აჩვენა. ყველას გაუკვირდა მისი სიძველე. “ალბათ, ამ ბიჭმა განძი იპოვაო”, – დაიწყეს ჩურჩული. იამბლიქოსმა შეამჩნია ეს, იფიქრა, მიცნესო და დეციუსთან დასმენის შიშით აჩქარდა, მაგრამ უეცრად ვაჭრები თავს დაესხნენ, გააკავეს და მკაცრად მიმართეს: “გვითხარი, საიდან გაქვს ეს ძველისძველი ფული! ეტყობა განძი იპოვე, მოგვეცი ნაწილი, თორემ მსაჯულს მიგგვრითო”. წმინდა იამბლიქოსი განცვიფრებისგან დამუნჯდა. გაკოჭეს და იქვე დაამწყვდიეს.
ქალაქში ხმა გავარდა, ვაჭრებმა ვიღაც უცნობი ყმაწვილი დაიჭირეს, რომელსაც განძი აქვს გადამალულიო. ამ ამბავმა ქალაქის თავის ყურამდეც მიაღწია. იმ დროს ის ეპისკოპოსს რაღაც საქმეზე ეთათბირებოდა. “ბიჭი აქ მოგვგვარეთო”, – ბრძანეს ქალაქის თავმა და მწყემსმთავარმა. ბრძანება მყისვე შეასრულეს. ქალაქის თავმა და ეპისკოპოსმა ფული შეათვალიერეს და იამბლიქოსს ჰკითხეს: “საიდან გაქვს ეს განძიო?” “მშობლების სახლიდან წამოვიღე. ან რა გასაკვირია, მქონდეს – ქალაქში ხომ ამით ვაჭრობენო”, – უპასუხა ყრმამ. “სადაური ხარ, შვილო?” – ჰკითხა ქალაქის თავმა. “ვფიქრობ, აქაურიო”, – მიუგო წმინდანმა. ჰკითხეს ვინაობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის მშობლებსა თუ ნათესავებს არავინ იცნობდა. “რაღაცას გვატყუებ, – განრისხდა ქალაქის თავი, – ამ ფულს მშობლებს როგორ გამოართმევდი, როცა მონეტაზე იმპერატორი დეციუსია გამოსახული?! ნუთუ შენი მშობლები იმდენად ხანდაზმულნი არიან, რომ დეციუსიც ახსოვთ და იმდროინდელი ფულიც აქვთ? ახლა ციხეში მიგაბრძანებთ და სანამ სიმართლეს არ იტყვი, იქ იქნებიო”. ქალაქის თავის სიტყვებმა იამბლიქოსი განაცვიფრა, მის წინაშე დაემხო და შესთხოვა: “გევედრებით, ბატონებო, მითხარით სიმართლე: იმპერატორი დეციუსი ისევ ამ ქალაქშია თუ არა? იქნებ ცოცხალიც აღარ არის?” “არა, ჩემო შვილო, – მიეფერა ეპისკოპოსი, – ამ ქვეყანაში ოდესღაც კი მეფობდა დეციუსი, მაგრამ ახლა მას კეთილმორწმუნე თეოდოსი მართავსო”. “გევედრებით, წამომყევით ოქლონის მთის მღვიმეში, – სთხოვა წმინდანმა, – ჩემს მეგობრებს გაჩვენებთ და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავექეცით დეციუსს და მღვიმეში დავიმალეთ. დეციუსი კი სწორედ გუშინ ვნახე, ეფესოში რომ შემოდიოდაო”.
ეპისკოპოსი ჩაფიქრდა. “ღმერთს ამ ყრმის მიერ რაღაც დიდი საიდუმლოს განცხადება სურს, წავიდეთ, გავყვეთო”, – თქვა ბოლოს.
წმინდა იამბლიქოსი მღვიმისკენ გაემართა. უკან უამრავი ხალხი გაჰყვა. გამოქვაბულის შესასვლელი რომ გააფართოვეს, ის სპილენძის სკივრი იპოვეს, სადაც შვიდი ეფესელი ყრმის ამბის აღმწერი ხელნაწერი ესვენა, მღვიმეში კი ექვსი მოწამე იხილეს, მშვენიერნი, დიდებულნი და ღვთის მადლით მოსილნი. ეპისკოპოსმა, ქალაქის თავმა და სხვა ეფესელებმა მუხლნი მოიდრიკეს მათ წინაშე და უფალს მადლობა შესწირეს ამ სასწაულისთვის.

ეპისკოპოსმა და ქალაქის თავმა წერილი აახლეს იმპერატორ თეოდოსის – სთხოვდნენ, ეფესოში ღირსეული და პატივცემული ხალხი გამოეგზავნა, რათა ეს სასწაული ეხილათ. თეოდოსიმ ეს ამბავი რომ შეიტყო, უმალვე ეფესოს მიაშურა. ეპისკოპოსი და ქალაქის თავი მეფეს მღვიმისკენ გაუძღვნენ. წმინდა ყრმები რომ დაინახა, თეოდოსიმ მღელვარებისგან ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ შეძლო, მერე კი მათ წინაშე მუხლებზე დაეცა. წმინდანებმა ხელი მოჰკიდეს და წამოაყენეს. წამოდგა მეფე, სიყვარულით მოეხვია ყრმებს, ეამბორა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, მერე კი მათ წინ მიწაზე დაჯდა. გულშემუსვრილი შესცქეროდა და ადიდებდა ღმერთს. “უფალნო ჩემნო, – მიმართა წმინდანთ, – თქვენი სახით მე ვჭვრეტ თვით ჩემს მეუფესა და უფალს იესო ქრისტეს, რომელმაც ოდესღაც ლაზარე აღადგინა საფლავითგან. ახლაც, ინება და თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით თქვენ განგაცოცხლათ, რათა ცხადად ემცნო ჩვენთვის მომავალი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, როცა საფლავთა მკვიდრნი ღვთის სიტყვას მოისმენენ, გაცოცხლდებიან და უხრწნელი სხეულით შემოსილნი გამოვლენ იქიდან”. “მტკიცე ხარ რწმენაში, მეფეო, – უთხრა წმინდა მაქსიმილიანემ მეფეს, – ამიტომ შენი მეფობაც შეუმუსრავი იქნება, იესო ქრისტე დაიფარავს მას ყოველგვარი ბოროტებისგან. გწამდეს, მეფეო, რომ უფალმა შენი გულისთვის აღგვადგინა მკვდრეთით”.
იმპერატორი ერთი კვირა დარჩა წმინდანებთან, ემსახურებოდა, მათთან ერთად იყოფდა ტრაპეზს. შემდეგ კი წმინდანებმა ყველას თვალწინ დახუჭეს თვალები და მიიძინეს. თეოდოსიმ გადაწყვიტა, ცხედრები ოქროს კუბოთი გადაესვენებინა, მაგრამ იმავე ღამეს წმინდანები გამოეცხადნენ და უბრძანეს, მათი სხეულებისთვის ხელი არ ეხლო.
მრავალმა საეკლესიო პირმა აღწერა წმინდა ყრმათა ამბავი. მათი უხრწნელი სხეულების შესახებ უკანასკნელი ცნობა მეთორმეტე საუკუნეში მოღვაწე იღუმენ დანიელს ეკუთვნის. წმინდა ნაწილთა შემდგომი ხვედრი უცნობია.
ბედნიერია ერი, რომელსაც ისეთი მეფე ჰყავს, რომლის ლოცვითაც ღმერთი მკვდრეთით აღადგენს შესვენებულთ. ბედნიერია ერი, რომლის მეფეც ერს სარწმუნოებაში განამტკიცებს და ზეციური სამეფოსაკენ მიუძღვის…
ტროპარი
მოწამეთა შენთა, უფალო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი
სოფლის შინაჲსა ხრწნილებისა მომძაგებელნი, და უხრწნელთა ნიჭთა მიმღებელნი, მომკუდარნი, თვინიერ ხრწნილებისა, დაადგრეს წმინდანი შვიდნი ყრმანი, რომლისათჳს აღდგეს შემდგომად მრავალთა წელთა, ყოველთა სიბოროტეთა ურწმუნოებისათა დამფვლელნი, რომელთაცა ქებით შემსხმელნი, მორწმუნენი, დღეს ქრისტესა უგალობდეთ.
