4.12.2025. 26-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

4.12.2025. 26-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

26-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

4.12.2025. ხსნილი თევზით

ტაძრადმიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისა.

დღის ლოცვები

ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა

ტროპარი: დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმამაღლად: გიხაროდენ, განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი: ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

მწუხრ.: 1) გამ. 40: 1-5, 9-10, 16, 34-35. 2) 3 მეფ. 7: 51; 8: 1, 3-7, 9-11. 3) ეზეკ. 43: 27; 44: 1-4.
ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 (დას. 4).
ლიტ.: ღმრთისმშობელისა: ებრ. 9: 1-7 (დას. 320). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).

მწუხრ.: 1) გამ. 40: 1-5, 9-10, 16, 34-35

1. ასე უთხრა უფალმა მოსეს: 2. პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე, სადღესასწაულო კარავი. 3. დადგი იქ მოწმობის კიდობანი და მოაფარე კრეტსაბმელი კიდობანს. 4. შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე, რაც დასაწყობია; შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები. 5. დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს.

9. აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყველაფერს, რაც მასშია; განათლე მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება. 10. სცხე აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, განათლე სამსხვერპლო და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო.

16. ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს; ასე გააკეთა.

34. დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე. 35. ვერ შევიდა მოსე სადღესასწაულო კარავში, რადგან ღრუბელი იყო მასზე დავანებული და უფლის დიდებას აევსო სავანე.

მწუხრ.: 2) 3 მეფ. 7: 51; 8: 1, 3-7, 9-11

51. მოთავდა ყველა სამუშაო, რაც უფლის სახლისთვის შეასრულა მეფე სოლომონმა. მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის, შემოწირულობა – ოქრო, ვერცხლი და ჭურჭელი და დააწყო უფლის სახლის საგანძურში.

1. მაშინ შეყარა სოლომონმა ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი – ისრაელიანთა მამისსახლების უფროსები მეფე სოლომონთან იერუსალიმში, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან.

3. მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და მღვდლებმა ასწიეს კიდობანი. 4. და წაასვენეს უფლის კიდობანი და სადღესასწაულო კარავი. წაასვენეს ეს მღვდლებმა და ლევიანებმა. 5. მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი ისრაელის მთელი საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო. 6. დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ. 7. რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და კეტებს.

9. არაფერი იყო კიდობანში გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა კავშირი შეკრა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ. 10. როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდათა წმიდიდან, ღრუბელმა აავსო ღვთის სახლი. 11. ვეღარ დადგნენ სამსახურისთვის იქ მღვდლები ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებას დაეფარა სახლი.

მწუხრ.: 3) ეზეკ. 43: 27; 44: 1-4 

27. როცა შესრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და მის შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, და წყალობას გამოვიჩენ თქვენდამი. ამბობს უფალი ღმერთი.

1. დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი. 2. მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება. 3. მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა. 4. მიმიყვანა ტაძართან ჩრდილოეთის კარიბჭით და ვიხილე, აჰა, ავსებული იყო უფლის დიდებით უფლის სახლი, და პირქვე დავემხე.

ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 

39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს. 40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. 41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. 42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! 43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? 44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. 45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ. 46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს, 47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო. 48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა; 49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.

56. სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.

ლიტ.: ღმრთისმშობელისა: ებრ. 9: 1-7 

1. თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი, 2. რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“. 3. მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“. 4. და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი. 5. ხოლო მათ ზემოთ – ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე. 6. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად. 7. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო.

ლიტ.: ღმრთისმშობელისა: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ტაძრად მიყვანებ

წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო – უთხრა, ეტყობა ბევრი დაფარული ცოდვა გაქვს, რაკი ღმერთი შვილს არ გაძლევსო. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა.

უფალმა შეისმინა ანას ლოცვა – ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული – მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. ცხრა თვის თავზე გაუჩნდა ცოლ-ქმარს ნანატრი შვილი. გოგონას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, ზრდიდნენ, აფუფუნებდნენ, ყრმა მარიამი კი საღმრთო მადლით განადიდებდა და განაძლიერებდა მოხუც მშობლებს.მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი ასული. სტუმრად ნათესავები, მეზობლები და მეგობარნი მიიწვიეს. წმინდა იოაკიმე დავით წინასწარმეტყველის ძის ნათანის შთამომავალი იყო, ხოლო წმინდა ანას წინაპარნი სამღვდელონი იყვნენ, ამიტომაც ამ კურთხეულ დღეს მათ ოჯახში ისრაელში დიდად პატივცემული მრავალი ადამიანი შეიკრიბა. ყრმა მარიამს სადედოფლო შესამოსელი ჩააცვეს. მოხუცი მშობლები გოგონას აქეთ-იქით ამოუდგნენ, ხელები ჩასჭიდეს და ასე გაუდგნენ გზას ნაზარეთიდან იერუსალიმისკენ. წინ ქალწულთა გუნდი მიუძღოდათ, უკან კი ნათესავთა და მეზობელთა კრებული მიჰყვებოდათ ანთებული ლამპრებით ხელში. აცხადდა დავითის წინასწარმეტყველება – დაივიწყებსო ასული „ერსა თვისსა“, „სახლსა მამისა თვისისასა“ და მიეგვრებაო უფალ საბაოთს, რამეთუ „გულმან უთქვას მეუფესა სიკეთისთვის“ მისისა. გზა ფსალმუნთა გალობით განვლეს. მესამე დღეს, განთიადის ჟამს, შევიდნენ იერუსალიმში. მთელი ქალაქი გამოვიდა ამ დიდებული პროცესიის სანახავად. განკვირდებოდა „ცანი და ქვეყანა, რამეთუ ხედვიდნენ გონიერსა ცასა მომავალს საღმრთოდ სახლად, პატივით აღზრდად“.შევიდა მოზეიმე კრებული ტაძრის ეზოში და შეიყვანა სულიერი ტაძარი დიდისა მეუფისა – ყრმა მარიამი. წინამძღოლ ქალწულთა გუნდს შეუერთდნენ უფლის ანგელოზებიც. მათ არ იცოდნენ ძალი ღვთის საიდუმლოსი, მაგრამ უფლის ბრძანებით შემოერტყნენ გარს წმიდა მარიამს და მიაცილებდნენ წმინდა წმინდათაში. ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა მღვდელმთავარი ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა. იგი ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი გახლდათ. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას. „მღვდელმთავარი სულიწმიდის მადლმა მოიცვა, – ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე, – მიხვდა, რომ ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთისა მადლისა და მასზე უფრო ღირსეული… გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მიხვდა, რომ ეს მარიამზე იყო ნათქვამი, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა.გახარებულმა მშობლებმა მადლობა შესწირეს უფალს, შინ დაბრუნდნენ და დიდი სერობა გამართეს, ხოლო მათმა კურთხეულმა ასულმა ღვთის სახლში განაგრძო ცხოვრება. იერუსალიმის ტაძარს გარს ქვის შენობები ერტყა. ერთ-ერთში ღვთის სამსახურად შეწირულნი ცხოვრობდნენ, მეორეში – ქვრივნი, რომლებსაც ღვთის წინაშე წმინდად ცხოვრების აღთქმა ჰქონდათ დადებული, მესამეში – მამაკაცნი, ნაზორეველებად წოდებულნი… წმინდა ზაქარიამ ყრმა მარიამი ქალწულებს ჩააბარა აღსაზრდელად. მათგან შეისწავლა მარიამმა საღვთო წერილი, ძველებრაული დამწერლობა, ქსოვა და ქარგვა. მისი მოქარგული სამოსით იმოსებოდნენ მღვდელნი ღვთისმსახურებისას.რამდენიმე წელიწადში მარიამის მშობლები გარდაიცვალნენ. ყოვლადწმიდა ქალწულმა ღვთის ნებას პირადი ღვაწლიც შემატა. ცისკრიდან მესამე ჟამამდე ლოცვად იდგა, მესამიდან მეცხრე ჟამამდე ან ხელსაქმობდა, ან წმინდა წერილს კითხულობდა, მეცხრე ჟამიდან ისევ ლოცვას იწყებდა, სანამ უფლის ანგელოზი არ გამოეცხადებოდა და ზეციურ საზრდელს არ მისცემდა, ლოცვით კი ყოველთვის წმინდა წმინდათაში ლოცულობდა. „ყოველდღე მოიხილავდნენ მას ანგელოსნი, – ბრძანებს ნეტარი იერონიმე, – თუ ვინმე მკითხავს, ყოვლადწმიდა ქალწული იქ როგორ ატარებდა სიყმაწვილის დღეებსო, ვუპასუხებ, რომ ეს იციან მხოლოდ ღმერთმა და მთავარანგელოზმა გაბრიელმა, შობიდან განუშორებლად მისმა მცველმა, რომელიც სხვა ანგელოზებთან ერთად ხშირად მიდიოდა მასთან და სიყვარულით ესაუბრებოდა“.წარემატებოდა სიბრძნით ქალწული მარიამი და განემზადებოდა სულიერ ტაძრად უფლისა. ყველაფერი კი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებით დაიწყო. ამ კურთხეულ დღეს „განგებულებისა ღვთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება“. ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველი დროის ქრისტიანები. წმინდა ელენე დედოფალს ამ დღესასწაულის სახელობის ტაძარიც კი აუგია. „ღვთის სასუფეველში მართალნი პეტრე მოციქულს შეჰყავს, ხოლო ცოდვილნი – თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსო“, – ბრძანებს წმინდა ამბროსი ოპტელი და ჩვენც, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, ნურასოდეს დავკარგავთ იმედს, არამედ „სასოებით შეუვრდეთ დედობრივთა წიაღთა ღვთისმშობლისათა, რათა მეოხებითა მისითა შეგვიწყალოს მისგან შობილმა ქრისტე ღმერთმა. ამინ.

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 11, 2004 წ.