43. დავრდომილის განკურნება

კაპერნაუმი
28 წელი

მთ. 9 (წინ. 8:28-34; # 63)

1. და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად.2. მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.3. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს.4. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?5. რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? 6. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!7. და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. 8. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.

1. მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში. 2. და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.  3. ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობდა: ღმერთს გმობსო იგი. 4. ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში? 5. რა უფრო ადვილია: ამის თქმა – მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა – აღდეგ და წადი? 6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, – ასე უთხრა დავრდომილს – აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 7. ისიც მაშინვე აღდგა და წავიდა თავის სახლში. 8. ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.

მკ. 2

1. და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს. 2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა.3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან.4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი.5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, 7. ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?8. ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?9. რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 10. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას: 11. შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! 12. და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.

1. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა ხმა: შინ არისო. 2. და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას. 3. მოვიდნენ და მოჰგვარეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. 4. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა. 5. მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. 6. იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა: 7. ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის – ღმერთისა? 8. ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში? 9. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი? 10. მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, – უთხრა დავრდომილს: 11. შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 12. ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო.

ლკ. 5

17. და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი იესუ ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი და სჯულის-მოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲსა და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათდა.18. და აჰა ესერა კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ,და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისა. 19. და ვერ პოეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა.20. და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!21. და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა?22. გულისჴმა-ყვნა იესუ გულის-ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა?23. რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ და ვიდოდე? 24. არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ გეტყჳ, აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!25. და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა. 26. განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაჲ დღეს.

17. ერთ დღეს, როცა ასწავლიდა ხალხს, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათ განსაკურნავად. 18. და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიავნენ და მის წინაშე დაეწვინათ. 19. მაგრამ რაკი ხალხმრავლობის გამო ვერსაით გაიკაფეს გზა, სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან ჩაუშვეს დავრდომილი იესოს წინაშე. 20. მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა შენი ცოდვები. 21. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის – ღმერთისა? 22. მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში? 23. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ და წადი? 24. მაგრამ რათა თქვენ იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, – ასე უთხრა დამბლადაცემულს: შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 25. ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს. 26. განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.

ინ.