44. იესოს მიერ მათე მეზვერის მოწოდება.; მკურნალი სნეულებს სჭირდებათ

მთ. 9

9. და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. 10. და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა. 11. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი? 12. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. 13. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.

9. იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა. 10. და როცა ინახად იჯდა სახლში, აჰა, მოვიდა მრავალი მებაჟე და ცოდვილი, და ინახად დასხდნენ იესოსა და მის მოწაფეებთან. 11. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად? 12. ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ. 13. თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.

მკ. 2

13. და კუალად განვიდა ზღჳს კიდესა, და ყოველი ერი მოვიდოდა მისა, და მუნ ასწავებდა მათ. 14. და წარ-რაჲ-ვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. 15. და იყო, ვითარცა ინაჴით-ჯდა იგი სახლსა შინა მისსა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ 16. და მწიგნობართა მათ და ფარისეველთა, ვითარცა იხილეს იგი, რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს და სუამს? 17. და ესმა ესე იესუს და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.

13. და კვლავ გამოვიდა იესო ზღვის პირას: მთელი ხალხი დაიძრა მისკენ, და ასწავლიდა მათ. 14. გზად მიმავაღმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა. 15. ხოლო როცა ინახად იჯდა მის სახლში, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად, ვინაიდან მრავალნი იყვნენ და მისდევდნენ მას. 16. როცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაინახეს, რომ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად? 17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.

ლკ. 5

27. და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. 28. და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას. 29. და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი. 30. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ? 31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან. 32. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.

27. ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო.  28. მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას. 29. გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან. 30. ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?31. მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ. 32. მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.

ინ.