5.01.2026. 31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

5.01.2026. 31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

5.01.2026. მარხვა

წინადღესასწაული ქრისტეშობისა. 

თეოდულესი, სატორნინესი, ევპორისა, გელასისა, ევნიკიანესი„ ზოტიკესი, აღათოპუსესი, ბასილიადისა, ევარესტისა და პომპისა, (III); ღირსისა ნიფონტისა, კვიპრელ ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა პავლესი, ნეოკესარიელ მთავარეპისკოპოსისა (IV).

დღის ლოცვები
10-თა მოწამეთა კრეტელთა ტროპარი:

მთიებად გამობრწყინდა მოწამეთა პატიოსანი მოღუაწებაი წინა მაცისკრებელად ჩუენდა ქუაბსა შინა დაფარულისა, რომელიცა ქალწულმან უთესლოდ გვიშვა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები 

ებრ. 11: 17–23, 27–31 

17. რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი, 18. რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“. 19. რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში. 20. რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის. 21. რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს. 22. რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე. 23. რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. 

27. რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა. 28. რწმენით აღასრულა პასექი და სისხლის პკურება, რათა პირმშოთა მომსრველს ხელი ვერ ეხლო მათ პირმშოთათვის. 29. რწმენით გადავლეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ხოლო ეგვიპტელები, იგივე რომ დააპირეს, უფსკრულს დაინთქნენ. 30. რწმენით დაემხო იერიხონის გალავანი შვიდდღიანი ალყის შედეგად. 31. რწმენით იყო, რომ ურჩებთან ერთად არ დაიღუპა მეძავი რააბი, რომელმაც მშვიდთბით მიიღო მსტოვარნი.

მკ. 10: 46–52 

46. მივიდნენ იერიხონში, და როდესაც გამოდიოდა იერიხონიდან, თავის მოწაფეებსა და დიდძალ ხალხთან ერთად, ტიმეოსის ძე, ბრმა ბარტიმეოსი, გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად. 47. როცა გაიგონა, იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე! 48. ბევრი რისხავდა, გაჩუმდით, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე! 49. იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის. 50. მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა. 51. იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას! 52. იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.

ეფ. 6: 10–17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

ლკ. 21: 12–19 

12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის.
კუნძულ კრეტის მმართველი – იმპერატორის თანამოსახელე – სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები. 
ღირსი ნიფონტი – კვიპრელი ეპისკოპოსი პაფლაგონიაში დაიბადა, განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. ბავშვობაში იგი მშვიდი და კეთილი იყო, საეკლესიო მსახურებებზე დასწრება უყვარდა, მაგრამ სიჭაბუკეში თავაშვებულ და ცოდვილ ცხოვრებას მიეცა. ნეტარი ხანგამოშვებით გონს მოდიოდა, სულიერი თვალებით ჭვრეტდა თავისი დაცემის სიღრმეს და ძრწოლა იპყრობდა, მაგრამ უფლისგან შენდობის მიღების იმედი არ ჰქონდა, რის გამოც კვლავ უსჯულო ცხოვრებას უბრუნდებოდა. ერთხელ ნიფონტს ერთი მეგობარი შეხვდა და დიდხანს გაოცებით შეჰყურებდა. როცა წმიდანმა მიზეზი იკითხა, მეგობარმა უპასუხა: „ადრე არასოდეს მინახიხარ ასეთი – სახე ეთიოპიელივით შავი გაქვს“. ამ სიტყვებმა უფლის რჩეულს თავზარი დასცა, მიხვდა, რომ სრულიად დაეკარგა ღვთის ხატება. იგი მთელი ღამე ტირილით შენდობას სთხოვდა მაცხოვარს, დილით კი ტაძარს მიაშურა, ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა და მხურვალედ ილოცა. უეცრად ყოვლადწმიდა ქალწულს სახე არაამქვეყნიური შუქით გაუბრწყინდა და ზედ ღიმილი გადაეფინა.
ამის შემდეგ ნიფონტი დაუდუმებლად აღავლენდა ვედრებას ზეციური დედოფლის მიმართ. თუ ცოდვით დაეცემოდა, ღვთისმშობელი პირს აარიდებდა, მაგრამ გულწრფელი სინანულისა და ლოცვის შემდეგ კვლავ მოწყალე თვალით გადმოჰხედავდა. ბოლოს წმიდანმა სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი, ლოცვასა და სინანულში ატარებდა დროს. ერთხელ დასნეულებული ნიფონტი ღვთისმშობლის შემწეობით სასწაულებრივ განიკურნა, რის შემდეგაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა, ბერად შედგა და ღვაწლი კიდევ უფრო გაამკაცრა.
დემონები დაუცხრომლად ებრძოდნენ უფლის რჩეულს: ფიქრებს უმღვრევდნენ, სხვადასხვაგვარ ხილვებს წარმოუსახავდნენ, შიმშილსა და წყურვილს აღუძრავდნენ, მაგრამ იგი, ღვთის შემწეობით, სძლევდა საცთურებს.
ნიფონტი უკვე მხცოვანი იყო, როცა ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც პატრიარქმა, ღვთის მინიშნებით, მას კვიპროსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მაგრამ წმიდანს ამ ხარისხში დიდხანს არ დაუყვია. ნეტარმა სამი დღით ადრე შეიტყო საკუთარი მიცვალების შესახებ. აღსასრულის წინ იგი მღვდელმთავარმა ათანასე დიდმა (ხს. 2 მაისს და 18 იანვარს) მოინახულა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი წმიდანი ანგელოზებისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადების ღირსი შეიქნა.

 

ღირსი პავლე – ნეოკესარიელი ეპისკოპოსი იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობის ჟამს ეწამა. მან სამსჯავროზე ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკად გვემეს, ხელები გახურებული რკინით დაუწვეს და ევფრატის ნაპირას მდებარე საპყრობილეში გამოკეტეს. მას შემდეგ, რაც იმპერატორი კონსტანტინე I (306-337) რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა (324 წ.) და პყრობილ ქრისტიანებს თავისუფლება მიანიჭა, წმიდა პავლე ეპისკოპოსიც სამწყსოს დაუბრუნდა. იგი მონაწილეობდა 325 წელს ნიკეაში გამართულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელზეც ამხილეს არიანელთა ერესი და სარწმუნოების სიმბოლო დაამტკიცეს. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა პატივით ისტუმრა მისი მონაწილეები და მღვდელმთავარ პავლეს დამწვარ ხელებზე ემთხვია. წმიდა მეუფე დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.