…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-4 შვიდეული. სამშაბათი
5.05.2026. ხსნილი
ღირსისა თეოდორე სიკეოტისა, ანასტასიუპოლელ ეპისკოპოსისა (613); მოციქულთა: ნათანაელ, ლუკა და კლიმენტისა (I); ღირსისა ვიტალისა (609-620).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 10: 21-33. (დას. 25). ინ. 7: 1-13 (დას. 25).
საქმ. 10: 21-33
21. პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ: მე ვარ, ვისაც დაეძებთ; რისთვის მოსულხართ? 22. ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები. 23. მაშინ პეტრემ მიიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იოპეელი ძმაც თან ახლდა. 24. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუსს ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა. 25. როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. 26. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ. 27. მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული. 28. და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად. 29. ამიტომ, როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ? 30. კორნელიუსმა თქვა: ოთხი დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი, მეცხრე საათს კი შინ შევედი სალოცავად, და, აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი, 31. რომელმაც მითხრა: კორნელიუს, შესმენილ იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი მოხსენიებულ იქნენ ღმერთის წინაშე. 32. მაშ, გაგზავნე ხალხი იოპეს და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა სიმონ დაბაღის სახლში, ზღვის პირას. 33. მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის.
ინ. 7: 1-13
1. ამის შემდეგ იესო დადიოდა გალილეაში და არ უნდოდა იუდეაში ევლო, ვინაიდან იუდეველები მოსაკლავად ეძებდნენ მას. 2. მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა. 3. და მისმა ძმებმა უთხრეს: გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმენი. 4. ვინაიდან ფარულად არავინ აკეთებს რამეს, არამედ თავის გამოჩენას ცდილობს. თუ ყოველივე ამას აკეთებ, გამოუცხადე ქვეყანას შენი თავი. 5. ვინაიდან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი. 6. და უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის. 7. თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი. 8. თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი. 9. ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა. 10. მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად. 11. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო? 12. და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, მხოლოდ ხალხს აცდუნებსო. 13. თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოციქულნი: ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი (I)
წმიდა ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი (I) – კანას გალილეის მკვიდრი წმიდა ნათანაელი ანუ ბართლომე 12 მოციქულთაგანი იყო. მეერგასე დღეს მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლისას მას და მოციქულ ფილიპეს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპე მოციქულს თან ახლდა და – ქალწული მარიამნა. სირიისა და აზიის ქალაქებში მათ მრავალი ჭირი დაითმინეს. ერთ-ერთ სოფელში წმიდანები შეხვდნენ წმიდა იოანე ღვთისმეტყველს და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. იეროპოლში მოციქულებმა ლოცვით შემუსრეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას. წმიდა ნათანაელი და ფილიპე დასთან ერთად თავიანთ ქადაგებას მრავალი სხვა სასწაულითაც განამტკიცებდნენ.იეროპოლში ცხოვრობდა ვინმე სტაქოსი, რომელიც 40 წელი ბრმა იყო. მოციქულთა ლოცვით იგი განიკურნა, ირწმუნა ქრისტე და ნათელ-იღო. ეს ამბავი მთელ ქალაქში გახმაურდა და მოციქულების საცხოვრებელს უამრავი ხალხი მოაწყდა. ქალაქის მმართველმა ბრძანა, დაეტყვევებინათ ნათანაელი და ფილიპე, სტაქოსის საცხოვრებელი კი ცეცხლისთვის მიეცათ. სამსჯავროზე წარმართმა ქურუმებმა მოციქულები დაადანაშაულეს ხალხის მოტყუებასა და წინაპართა ღმერთების შეურაცხყოფაში. ქალაქის მმართველი ფიქრობდა, რომ წმიდანთა სამოსს ჰქონდა მაგიური ძალა და ბრძანა, განეძარცვათ ისინი. ქალწული მარიამნა წარმართთა მზერისთვის ცეცხლოვან ჩირაღდნად იქცა და ვერავინ გაბედა მასთან მიახლოება. წმიდანებს ჯვარცმა მიუსაჯეს. როცა ფილიპე თავდაღმა გააკრეს ჯვარზე, ქვეყანა შეიძრა, მიწა დასკდა და ქალაქის მმართველი, ქურუმები და სეირის მაყურებლები ჩაიტანა. ცოცხალდ დარჩენილი უღმრთოები დაფრთხნენ და წმიდანის გათავისუფლება გადაწყვიტეს, მაგრამ მოციქული უკვე აღსრულებული იყო. წმიდა ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამნამ ქალაქის ეპისკოპოსად დაადგინეს სტაქოსი, თვითონ კი სხვაგან გაემგზავრნენ.
ნეტარი მარიამნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად ლიკაონიაში წავიდა და იქვე აღესრულა მშვიდობით (ხს. 17 თებერვალს). წმიდა ნათანაელი, იგივე ბართლომე, ინდოეთს გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე თარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომ მოინახულა დიდი სომხეთი, სადაც მრავალი სასწაული ქმნა და ბოროტი სულისაგან განკურნა მეფის ასული. მადლიერმა მეფემ გასამრჯელო შესთავაზა მოციქულს, მან კი უპასუხა, რომ მხოლოდ ადამიანთა სულების გამოხსნასა და ცხონებას ეძიებს. მაშინ მეფემ განკურნებულ ასულსა და მრავალ ქვეშევრდომთან ერთად ნათელ-იღო. მათ მაგალითს მიბაძა დიდი სომხეთის ქალაქთა ასეულობით მკვიდრმა. გაბოროტებული წარმართი ქურუმების წაქეზებით მეფის ძმამ ასტივიაგმა ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) შეიპყრო მოციქული და თავდაღმა გააკრა ჯვარზე. წმიდა ბართლომე ჯვარზე განაგრძობდა ქადაგებას. მოციქულის მოშურნეობით განრისხებულმა ასტიაგმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ და თავი მოეკვეთათ მისთვის. მორწმუნეებმა წმიდა ბართლომეს ნეშტი ტყვიის ლუსკუმაში ჩაასვენეს და დამარხეს. 508 წელს მოციქულის წმიდა ნაწილები გადაასვენეს მესოპოტამიაში, ქალაქ დარში. 574 წელს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს. ქრისტიანებმა ბართლომეს ნაწილები ამოასვენეს და შავი ზღვისკენ გაემართნენ. წმიდა ტვირთის მზიდველებს სპარსელები დაესხნენ თავს. მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდა, მორწმუნეებმა ლუსკუმა ზღვაში ჩაუშვეს. ღვთის განგებულებით იგი კუნძულ ლიაპარის ნაპირებთან მიცურდა. IX საუკუნეში, არაბების მიერ კუნძულის დაპყრობის შემდეგ, წმიდა ნაწილები ნეოპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადაასვენეს, X საუკუნეში კი – რომში.
ღვთის ნებით წმიდა იოსებ მგალობელთან (+883. ხს. 4 აპრილს) მოხვდა მოციქულ ბართლომეს წმიდა ნაწილი. ღირსმა პაპმა იგი წაასვენა თავის მონასტერში კონსტანტინეპოლთან ახლოს და წმიდა მოციქულის სახელობის ტაძარიც ააშენა. წმიდანისთვის კიდევ უფრო მეტი პატივის მიგების ძლიერი სურვილით ანთებული იოსები მხურვალედ ითხოვდა ღვთისგან მადლს მისი სადიდებელი კანონის შესაქმნელად. და აი, წმიდა ბართლომეს ხსენების დღეს, ღირს მამას საკურთხეველში თავად წმიდა მოციქული გამოეცხადა, იოსები მოიხმო, სატრაპეზო სახარება მკერდზე დაადო და უთხრა: „გაკურთხოს უფალმან, შენმა საგალობლებმა დაატკბოს სამყარო“. ამის შემდეგ ღირს იოსებს საგალობლების შექმნის ნიჭი მიემადლა და შექმნა 300-ზე მეტი კანონი.
წმიდა მოციქული ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. წმიდა პავლე მოციქულის თანამოსაგრე (ფილ. 1,24; 2 ტიმ. 4,10) პროფესიით მკურნალი იყო. როდესაც ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ გაიგო, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და თვით უფლისგან ეზიარა სახარების სწავლებას. წმიდა მოციქული მაცხოვრის სიცოცხლეშივე იქნა გაგზავნილი ცათა სასუფევლის საქადაგებლად (ლკ. 10, 1-3), აღდგომის შემდეგ კი თვით უფალი გამოეცხადა კლეოპასთან ერთად ემაუსისკენ მიმავალს.
წმიდა ლუკა თან ახლდა პავლე მოციქულს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს არ განშორებიან (2 ტიმ. 4, 10). მოციქულთა თავთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ დატოვა რომი და ქადაგებით მოიარა აქია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა. ქალაქ თებეში მან მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.
გადმოცემა წმიდა ლუკას მიაწერს ღვთისმშობლის პირველი ხატების შექმნას: „მადლი ჩემგან შობილისა, ჩემითა მეოხებითა იყოს ამ ხატთანა“, – უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს ხატის ხილვისას. წმიდა მოციქულს დაუწერია მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ხატები, მის სახელს უკავშირებენ აწყურის ღვთისმშობლის ხატის შექმნას, რომელიც წმიდა ანდრია მოციქულმა ჩამოასვენა საქართველოში.
62-63 წლებში წმიდა პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით წმიდა ლუკას დაუწერია სახარება. პირველივე მუხლები გვამცნობს, რომ მისი მიზანი ყოფილა უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო (14). მან ფაქტები დაწვრილებით გამოიძია და თავისი სახარების შექმნისას ფართოდ გამოიყენა როგორც ეკლესიის ზეპირი გადმოცემა, ასევე თვით ყოვლადწმიდა მარიამის მონათხრობი (2; 19-51).
რომში 62-63 წლებში დაუწერია წმიდა ლუკას „საქმე მოციქულთა“, რომელიც ოთხთავის გაგრძელებას წარმოადგენს და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. თხრობისას ძირითადი ყურადღება ეთმობა უდიდეს საეკლესიო მოვლენას – მოციქულთა კრებას (51 წ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქმნა (საქმე 15, 6-29). „საქმე მოციქულთას“ საღვთისმეტყველო საგანს უპირატესად სულიწმიდის განგებულება წარმოადგენს, რომელიც ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ აღესრულება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიაში.
წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკის ეპისკოპოსი იყო. მის სახელს იხსენიებს წმიდა პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). მოციქული მიმართავს ვინმე „ერთგულ თანამეუღლეს“ და სთხოვს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნიეგე სახარებას თანა-მოღვაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ და სხვათა მათ თანაშემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხოვრებისასა“.
ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (613)
ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (+613) დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში. როცა დედას, მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა. წინასწარმხედველმა ბერმა ეს ხილვა მუცლადღებულ ყრმაზე საღმრთო მადლის გარდამოსვლით ახსნა.როცა ყრმა ექვსი წლის გახდა, დედამ ოქროს ქამარი აჩუქა, ნიშნად იმისა, რომ უნდოდა მისი შვილი მხედარი ყოფილიყო, მაგრამ ძილში მარიამს დიდმოწამე გიორგი (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) გამოეცხადა და უბრძანა, არ ეფიქრა შვილის სამხედრო სამსახურზე, რადგან იგი ღვთის მსახურებისთვის იყო განმწესებული. წმიდანის მამა კოზმანი, რომელიც იმპერატორ იუსტინიანე დიდის (527-565) კარზე მსახურობდა, ადრე გარდაიცვალა. ბავშვი დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ოჯახში მათ გარდა იყვნენ ბებია ელპიდია, დეიდა დისპენია და პატარა და, ვლატა.
სკოლაში წმიდა თეოდორემ საოცარი ნიჭიერება გამოამჟღავნა, იგი გამოირჩეოდა გონიერებით, იყო მშვიდი, თავმდაბალი, ყოველთვის ცდილობდა დაეზავებინა მოჩხუბარი ამხანაგები. მათ სახლში ცხოვრობდა ღვთისმოსავი მოხუცი სტეფანე. მისი მიბაძვით წმიდა თეოდორემ რვა წლის ასაკიდან დაიწყო მკაცრი მარხვა: დიდმარხვის დღეებში მხოლოდ პურის მომცრო ნაჭერს იღებდა, იმასაც მიმწუხრისას. დედას რომ საზრდელის მიღება არ დაეძალებინა, ბავშვი სასწავლებლიდან მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა. დედის თხოვნით მასწავლებელი სადილზე სახლში უშვებდა ყმაწვილს, მაგრამ ის წმიდა გიორგის ტაძარში მიდიოდა.
10 წლის თეოდორე სასიკვდილოდ დაავადდა. ის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მიიყვანეს და საკურთხევლის წინ დააწვინეს. უეცრად ტაძრის თაღზე გამოსახული მაცხოვრის ფრესკიდან ცვრის ორი წვეთი გადმოვარდა, მომაკვდავ ბავშვს ეპკურა და განკურნა. ამ სასწაულის შემდეგ წმიდა თეოდორეს ღამ-ღამობით წმიდა გიორგი ეცხადებოდა და თავის ტაძარში მიჰყავდა. დედას ეშინოდა შვილის ღამეული სიარულის. ერთხელ გაბრაზებულმა ეკლესიიდან თმებით გამოათრია იგი და საწოლზე მიაბა. იმავე საღამოს მარიამს წმიდა გიორგი გამოეცხადა და მრისხანედ უბრძანა, არ დაებრკოლებინა ყმაწვილი. ასეთივე ხილვა ჰქონდათ ელპიდიას და დისპენიას. ქალებმა ირწმუნეს წმიდა თეოდორეს განსაკუთრებული მოწოდება და აღარ დაუშლიათ მისთვის მოღვაწეობა, პატარა ვლატამ კი ძმის მიბაძვა დაიწყო.
ერთხელ ყმაწვილი კურთხევის მისაღებად მეუდაბნოე ბერ გლიკერისთან წავიდა. ამ დროს საშინელი გვალვები იდგა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა: „ყრმაო, მოიდრიკე მუხლი და ილოცე უფლის მიმართ, რათა წვიმა გარდმოგვივლინოს. ასე გავიგებთ, სათნო-ეყო თუ არა უფალს ლოცვანი ჩვენნი“. ბერმა და ყრმამ მუხლი მოიყარეს და ლოცვა აღავლინეს. საავდრო ღრუბლები გამოჩნდა ცაზე და გაწვიმდა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა, რომ მასზე ღვთის მადლი იყო გადმოსული და როცა ჟამი მოვიდოდა, ბერად უნდა აღკვეცილიყო.
14 წლის წმიდა თეოდორე სახლიდან წავიდა და წმიდა გიორგის ეკლესიაში დაეყუდა. დედას ყოველდღე მიჰქონდა შვილთან საჭმელი, მაგრამ წმიდანი ეკლესიის კარებთან ტოვებდა მას და მხოლოდ სეფისკვერს იღებდა. ასეთ ადრეულ ასაკში მიენიჭა წმიდა თეოდორეს კურნების მადლი. მისი ლოცვით განიკურნა ერთი ეშმაკეული ყრმა.
ღირსი თეოდორე მიწიერ დიდებას გაექცა და განმარტოვდა: ეკლესიის ახლოს, დიდი ქვის ქვეშ მღვიმე გათხარა და ერთ დიაკონს სთხოვა, მღვიმის შესასვლელი მიწით ამოექოლა, მხოლოდ პატარა ნაპრალი დაეტოვებინა ჰაერისთვის. დიაკონს პური და წყალი მოჰქონდა მასთან და არავის ეუბნებოდა, თუ სად იყო ღირსი თეოდორე.
წმიდანმა ორი წელი გაატარა იქ სრულ მდუმარებაში. ნათესავები კი დასტიროდნენ მას და ფიქრობდნენ, რომ თეოდორე სადმე ტყეში მხეცებმა დაგლიჯესო.
ბოლოს დიაკონი შეშინდა, რომ ღირსი თეოდორე ვიწრო მღვიმეში მოკვდებოდა, თან მტირალი დედაც ეცოდებოდა და საიდუმლო გასცა. წმიდანი ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს მღვიმიდან.
დედას უნდოდა, სახლში წამოეყვანა შვილი, მაგრამ ნეტარი ყმაწვილი ეკლესიაში დარჩა და რამდენიმე დღეში სრულიად განიკურნა.
როცა თეოდორეს ღვაწლის შესახებ გაიგო ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, მას ჯერ წმიდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის წმიდანი მხოლოდ 17 წლისა იყო.
რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თეოდორე იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილთა თაყვანსაცემად და იორდანეს მახლობელ ლავრაში დამკვიდრდა სამოღვაწოდ.
სამშობლოში დაბრუნებული წმიდანი კვლავ წმიდა გიორგის ტაძარს დაუბრუნდა. მისი რჩევით და, დედა და ბებია მონაზვნად აღიკვეცნენ.
ახალგაზრდა მღვდელმონაზვნის მოღვაწეობა მისკენ იზიდავდა ცხონების მაძიებელთა სულებს და თანდათანობით შემოიკრიბა ძმობა ღირსი თეოდორეს ირგვლივ.
წმიდა თეოდორე მკაცრ მოღვაწეობას განაგრძობდა. მისი თხოვნით მჭედელმა დაამზადა რკინის უსახურავო გალია, სადაც მხოლოდ დგომა თუ შეიძლებოდა. ამ გალიაში იდგა ქედზე მძიმე ჯაჭვდადებული წმიდანი წმიდა აღდგომიდან შობამდე. ნათლისღებიდან წმიდა აღდგომამდე მღვიმეში იკეტებოდა და მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის გამოდიოდა შაბათ-კვირას; მთელი დიდმარვხის განმავლობაში მხოლოდ ბოსტნეულს და პურს ჭამდა, ისიც შაბათ-კვირას.
როცა მხედართმთავარი მავრიკიუსი სპარსეთის ომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა, ღირსმა თეოდორემ მას უწინასწარმეტყველა, რომ იმპერატორი გახდებოდა. წინასწარმეტყველება ახდა. იმპერატორმა მავრიკიუსმა (582-602) აღასრულა წმიდანის თხოვნა – ყოველწლიურად გზავნიდა მონასტერში პურს იქაური მოსახლეობის გამოსაკვებად.
წმიდა დიდმოწამე გიორგის პატარა ეკლესია ვერ იტევდა მლოცველებს, ამიტომ წმიდანის მონდომებით ახალი ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ამ დროს გარდაიცვალა ანასტასიოპოლის ეპისკოპოსი. ქალაქის მცხოვრებლებმა ანკირის მიტროპოლიტ პავლეს სთხოვეს, ეპისკოპოსად ღირსი თეოდორე დაედგინა.
მიტროპოლიტის წარგზავნილებმა და ანასტასიოპოლელებმა ძალით გამოიყვანეს წმიდანი კელიიდან და ქალაქში წაიყვანეს.
ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა თეოდორე ბევრს იღვწოდა ეკლესიის საკეთილდღეოდ, სული კი განმარტოებულ ლოცვას მიესწრაფვოდა. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად, თავისი ხარისხი დამალა, წმიდა საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა და იქ განაგრძო ჩვეული მოღვაწეობა. წმიდა სავანე თეოდორემ მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა და ანასტასიოპოლში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.
წმიდანის ფარულ მტრებს მისი მოწამლვა უნდოდათ, მაგრამ წმიდა თეოდორემ შეჭამა სამი მარცვალი, რომელიც ღვთისმშობელმა უბოძა და უვნებლად გადარჩა. წმიდანს უმძიმდა ეპისკოპოსობის უღლის ტარება, ამიტომ კონსტანტინეპოლის პატრიარქ კირიაკეს (595-606) სთხოვა, კვლავ განემწესებინა თავის მონასტერში.
ღირსი მამის სიწმიდე ისეთი აშკარა იყო, რომ მის მიერ ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების დროს სულიწმიდა ნათელი პორფირის სახით გადაეფინებოდა წმიდა ძღვენს.
მთელი მართლმადიდებელი ეკლესია სიცოცხლეშივე აღიარებდა ღირს თეოდორეს წმიდანად.
ერთხელ გალატიის ერთ-ერთ ქალაქში ლიტანიობისას საშინელება დატრიალდა – ხის ჯვრები დაიმსხვრა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა წმიდა თომამ (607-610, ხს. 21 მარტს) ღირსი თეოდორე დაიბარა, რათა მისგან გაეგო ამ საშინელი სასწაულის საიდუმლო. წინასწარჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსმა თეოდორემ აუხსნა, რომ ეს იყო მაუწყებელი უბედურებისა, რომელიც სულ მალე დაატყდებოდა თავს ეკლესიას, იწინასწარმეტყველა ხატმბძროლობის ერესის გაჩენა. დამწუხრებულმა წმიდა პატრიარქმა თომამ ღირს მამას სთხოვა, ელოცა, რათა ამ უბედურების დატრიალებამდე მიეღო უფალს მისი სული.
610 წელს წმიდა პატრიარქი თომა აღესრულა. სიკვდილის წინ მან კურთხევა სთხოვა ღირს თეოდორეს.
წმიდა თეოდორე სიკიელმა 613 წელს მშვიდობით შევედრა სული უფალს.
ღირსი ვიტალი (609-620)
ღირსი ვიტალი (609-620) იყო ღირსი სერიდის მონასტრის ბერი, ალექსანდრიაში ჩავიდა წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალეს (ხს. 12 ნოემბერს) დროს.60 წელს მიღწეულმა ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: მოსახსენებელში ჩაიწერა ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი და მხურვალედ ლოცულობდა მათთვის. ღირსი მამა დილიდან საღამომდე გულმოდგინედ მუშაობდა და გასამრჯელოდ 12 სპილენძის მონეტას ღებულობდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ერთ-ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. შემდეგ იკეტებოდა მეძავთან ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, დილით კი უჩუმრად მიდიოდა. ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველ ღამე. რიგ-რიგობით ყველა მეძავთან მიდიოდა, თან ყველას ევედრებოდა, შეენახათ წმიდანის მათთან ყოფნის საიდუმლო. ალექსანდრიის მცხოვრებლებმა არ იცოდნენ ბერის საქციელის ნამდვილი მიზეზი და აღშფოთებულები შეურაცხყოფდნენ მას.
ღირსი ვიტალის წმიდა ლოცვამ მრავალი დაცემული ქალი გადაარჩინა: ნაწილი მონასტერში წავიდა, ნაწილი გათხოვდა, ნაწილმა პატიოსანი შრომა დაიწყო, მაგრამ გამოსწორების მიზეზის დასახელებას ვერავინ ბედავდა – ისინი შეკრულნი იყვნენ წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცით. როცა ერთმა ქალმა გატეხა ფიცი და დაიწყო ბერის გამართლება, ეშმაკისგან გვემულ იქნა. ამის შემდეგ ალექსანდრიელებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ ღირსი მამის „დანაშაულში“.
რამდენიმე ალექსანდრიელმა ღირსი ვიტალი წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალესთან დაასმინა, მაგრამ მან არ დაუჯერა ცილისმწამებლებს და უთხრა: „ნუ განიკითხავთ ნურავის, განსაკუთრებით კი ბერებს. არ გახსოვთ რა მოხდა ნიკეის კრებაზე? ზოგიერთმა მღვდელმა და ეპისკოპოსმა წერილობით დააბეზღა ერთმანეთი კონსტანტინე დიდთან. მან დაუკითხავად დაწვა წერილები და თქვა: „საკუთარი თვალებით რომ მეხილა ცოდვით დაცემული მღვდელმთავარი ან მღვდელი, ჩემი სამოსელით დავფარავდი, რომ სხვას არ დაენახა მისი ცოდვა“. ასე შეარცხვინა ბრძენმა მღვდელმთავარმა ავისმთქმელები.
წმიდანი განაგრძობდა თავის მძიმე მოღვაწეობას: ხალხის თვალში ცოდვილი და მემრუშე, მრუშებს სინანულისკენ მოუწოდებდა.
ერთხელ საროსკიპოდან გამოსული ღირსი მამა შეეჩეხა ჭაბუკს, რომელიც მეძავებთან შედიოდა. ჭაბუკმა სილა გააწნა წმიდანს და უთხრა, რომ ბერი შეურაცხყოფდა ქრისტეს სახელს. ღირსმა ვიტალიმ უპასუხა: „მერწუმე, ჩემს გამო ისეთ სილას მიიღებ, რომ შენს ყვირილზე მთელი ალექსანდრია შეიყრება“.
რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი ვიტალი გარდაიცვალა. მემრუშე ჭაბუკს გამოეცხადა საშინელი ბოროტი სული და სილა გააწნა სახეში. ჭაბუკი მიწაზე დაეცა, ტანსაცმელს იგლეჯდა და ისე ხმამაღლა ყვიროდა, რომ უამრავი ხალხი შეიყარა.
რამდენიმე საათის შემდეგ ჭაბუკი გონს მოეგო, წმიდანის კელიისკენ გაიქცა, თან ყვიროდა: „შემიწყალე, მონაო ღვთისა, რამეთუ ვცოდე შენს წინაშე“. კელიის კარებთან ჭაბუკი საბოლოოდ განიკურნა და შეკრებილებს მოუთხრო თავის შეხვედრაზე ღირს ვიტალისთან; შემდეგ დააკაკუნა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. როცა კარები შეამტვრიეს, ნახეს, რომ ხატის წინ მუხლმოყრილ ბერს საუკუნო ძილით მისძინებოდა. წმიდანს ხელში ქაღალდიის გრაგნილი ეჭირა, რომელზეც ეწერა: „მკვიდრნო ალექსანდრიისანო, ნუ განიკითხავთ, სანამ არ მოვალს უფალი, მსაჯული ჭეშმარიტი“.
კელიასთან მივიდა ბოროტისაგან გვემული ქალი, რომელიც დასჯილი იყო წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცის დარღვევის გამო. წმიდანის სხეულზე შეხებით ქალი განიკურნა და შეკრებილებს მოუყვა წმიდანის სიკეთეზე და მოღვაწეობაზე.
წმიდა იოანე მოწყალე ხარობდა, რომ არ დაუჯერა ბოროტ ენებს. მან დიდი პატივით დაკრძალა წმიდანის ნეშტი. ამის შემდეგ ბევრმა ალექსანდრიელმა აღთქმა დადო, რომ სხვას არ განიკითხავდა.