5.07.2026. მე-5 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.

5.07.2026. მე-5 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-5 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.

5.07.2026. ხსნილი თევზით

სარწმუნოებისათვის თავდადებული მღვდელმოწამისა მიზეილ-მიქაელისა, ჰერეთში წამებულისა, ყულოშვილისა (1917); მოწამეთა ზენონ და ზინასი (304); მღვდელმოწამისა ევსევი სამოსატელ ეპისკოპოსისა (380); მოწამეთა: სატურნინესი, პომპიანესი, გალაქტიონისა და ივლიანესი. 

დღის ლოცვები

მღვდელმოწამე ევსევის, სამოსატელი ეპისკოპოსის კონდაკი:
მღდელმთავრობასა შინა ღმრთივმსახურებით სცხოვნდებოდი და წამებისა გზათა აღხედ, სამსხვერპლონი იგი კერპთანი დაშრიტენ, მღდელმთავარო ევსევი, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი ქრისტეს ღმრთისა მიმართ, ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთათვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-5, ლკ. 24: 12-35 (დას. 113).
ლიტ.: რომ. 10: 1-10 (დას. 103). მთ. 8: 28-9: 1 (დას. 28). 

ცისკ.: ლკ. 24: 12-35 

12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა. 13. იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი; 14. და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო. 15. ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ. 16. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი. 17. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი? 18. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ? 19. და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, – 20. სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი. 21. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. 22. თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან 23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. 24. ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი. 25. იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! 26. განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? 27. მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. 28. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. 29. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. 30. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. 31. მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის. 32. და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში? 33. მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი, 34. რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს. 35. მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას. 

ლიტ.: რომ. 10: 1-10 

1. ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის. 2. ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად. 3. ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. 4. რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. 5. მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“. 6. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად. 7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. 8. მაგრამ რას ამბობენ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ. 9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, – ცხონდები. 10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.

ლიტ.: მთ. 8: 28-9: 1 

28. და როცა მიაღწია მეორე ნაპირს, გადარელთა მხარეს, შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას. 29. და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად. 30. ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. 31. ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ. 32. და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლტს; და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში დაინთქა. 33. ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს. 34. და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, სთხოვეს, აქაურობას გაეცალეო. 

1. მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

მოწამენი: ზენონი და ზინა (304)
წმიდა მოწამენი ზენონი და ზინა ქალაქ ფილადელფიაში (არაბეთი) ცხოვრობდნენ. წმიდა ზენონი მდიდარი იყო, ქრისტეს სიყვარულისთვისა და მისთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით აღვსილმა ზენონმა მოწყალებად გასცა მთელი ქონება, მონებიც გაათავისუფლა და მის ერთგულ მსახურ ზინასთან ერთად მმართველის წინაშე წარსდგა და კერპთმსახურებაში ამხილა იგი. ქრისტიანთა მდევნელმა აღმსარებლის წამება ბრძანა. წმიდანები ძელზე დაჰკიდეს. მტარვალებმა მათ რკინის მარწუხებით დაუწყლულეს სხეული, ჭრილობებს ძმრითა და მარილით უღიზიანებდნენ, გახურებული შანთით უწვავდნენ ხორცის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებს, ბოლოს კი ცეცხლიან ორმოში ჩაყარეს და ადუღებული ზეთი გადაასხეს. ღვთის მადლით სასწაულებრივად გადარჩენილ წმიდანებს თავები მოკვეთეს (+304). 
მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი (380)
მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი ერთგულად იცავდა 325 წელს ნიკეის I მსოფლიო კრებაზე მიღებული სარწმუნოების სიმბოლოს, რის გამოც არიანელები გააფთრებით დევნიდნენ. მათ წმიდა მღვდელმთავარი არაერთხელ გააძევეს კათედრიდან და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. როცა არიანელთა მფარველმა იმპერატორმა კონსტანციმ (337-361) შეიტყო, რომ ევსებისთან ინახებოდა კრების დადგენილება ანტიოქიის კათედრაზე მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსის, მელეტის არჩევის შესახებ, უბრძანა წმიდანს, მისთვის გამოეგზავნა იგი. ნეტარმა მამამ უარი განაცხადა. განრისხებულმა იმპერატორმა შეუთვალა, თუ აქტს არ გადმომცემ, მარჯვენა ხელს მოგკვეთენო. ევსებიმ დესპანს ორივე ხელი გაუწოდა და უთხრა: „მომკვეთეთ, მაგრამ კრების დადგენილებას, რომელშიც არიანელთა ღვარძლი და უსჯულოებაა მხილებული, არ მოგცემთ!“ მღვდელმთავრის გაბედულებით გაკვირვებულ თვითმპყრობელს მისთვის არაფერი დაუშავებია.
კონსტანცის შემდეგ ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი (361-363), რომელმაც ქრისტიანთა აშკარა დევნა დაიწყო. მეომრის სამოსელში გადაცმული წმიდა ევსები ფარულად მოგზაურობდა სირიაში, ფინიკიაში, პალესტინაში და განამტკიცებდა განსაცდელში მყოფ მართლმადიდებლებს. იულიანე განდგომილის დაღუპვის შემდეგ კეთილმსახური მეფე იობიანე (363-364) გამეფდა. ეკლესიურ ცხოვრებაში სიმშვიდემ დაისადგურა. გადასახლებიდან დაბრუნებულმა მთავარეპისკოპოსმა მელიტიმ, ევსების რჩევით, 379 წელს ადგილობრივი კრება მოიწვია ანტიოქიაში. მას ესწრებოდა 27 ეპისკოპოსი, რომლებმაც დაამტკიცეს I მსოფლიო კრებაზე მიღებული რწმენის სიმბოლო. იობიანეს შემდეგ იმპერატორი გახდა არიანელი ვალენტი (364-378). რომელმაც ევსების თრაკიაში გადასახლება და პატიმრობა მიუსაჯა. მეფის ბრძანება რომ მიიღო, ნეტარმა მამამ მრევლის მღელვარების თავიდან ასაცილებლად ღამით დატოვა ქალაქი. სამოსატის კათედრაზე არიანელი ევნომიუსი დაადგინეს, მაგრამ ხალხმა არ მიიღო ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი. მწვალებელი მალე მიხვდა, რომ ვეღარ შეძლებდა საკუთარი სამწყსოს შემოკრებას.
ტახტზე ასულმა იმპერატორმა გრაციანემ (375-383) არიანელთაგან შევიწროებული მართლმადიდებელი მღვდელმთავრები დააბრუნა გადასახლებიდან. ევსებიც დაუბრუნდა სამპუსის და ეკლესიური ცხოვრების გამართვა განაგრძო, დაახლოებით 380 წელს წმიდა მამა არიანელთა ქალაქ დოლიქინში ჩავიდა, რომ იქაური კათედრა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, მარინისთვის ჩაებარებინა. ერთმა არიანელმა ქალმა სახურავიდან კრამიტი ესროლა და თავი გაუპო უფლის რჩეულს. სულთმობრძავმა ევსებიმ მაცხოვრის მსგავსად შეუნდო მკვლელს და ითხოვა, არ დაესაჯათ იგი. ნეტარი მღვდელმთავრის ნეშტი სამოსზე გადაასვენეს. 
მოწამე გალაქტიონი, იულიანა და სატურნინი
წმიდა მოწამეები: გალაქტიონი, იულიანე და სატურნინი. ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა გალაქტიონი ზღვაში დაახრჩვეს, იულიანა კი ძესთან, სატურნინთან ერთად დაწვეს.