ხოლო „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
5.09.2025 მარხვა
მიძინების დღესასწაულის წარგზავნა.
მოწამისა ლუპესი (IV ); მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელ ეპისკოპოსისა (202); ღირსთა ევტიქისა (540) და ფლორენტისა (547); მღვდელთმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (705).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 11: 5-21 (დას. 192). მკ. 4: 1-9 (დას. 15).
ღმრთისმშობელისა: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
ლიტ.: 2 კორ. 11: 5-21
5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები. 6. მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ. 7. ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას? 8. სხვა ეკლესიებს ვაკლებდი და სანოვაგეს ვიღებდი მათგან, რომ თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო თქვენს შორის ყოფნისას, თუმცა მიჭირდა, არავისთვის შემიწყენია თავი. 9. რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან. 10. ქრისტეს ჭეშმარიტება ნუ მომეშალოს, რომ ამ სიქადულს ვერვინ წამართმევს აქაიის ვერცერთ მხარეში. 11. რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ იცის! 12. მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, და ამრიგად, რითაც იქადიან, იმითაც ჩვენი მსგავსნი აღმოჩნდნენ. 13. რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. 14. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. 15. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც. 16. კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო. 17. რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით. 18. რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე. 19. რადგანაც თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში. 21. სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ.
ლიტ.: მკ. 4: 1-9
1. კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას და შეგროვდა მის ირგვლივ იმდენი ხალხი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შევიდა, ხოლო მთელი ხალხი ზღვის პირას, ხმელეთზე იყო. 2. ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა: 3. ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად. 4. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი. 5. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა. 6. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა; და ვეღარ გამოიღეს ნაყოფი. 8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად. 9. და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
ღმრთისმშობელისა: ფლპ. 2: 5-11
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
ღმრთისმშობელისა: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე ირინეოსი, ლიონელი ეპისკოპოსი (+202)
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს. ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა (ხს. 23 თებერვალს) განსწავლა. მანვე მონათლა ჭაბუკი, ხუცესად აკურთხა და გალიის ქალაქ ლუგდუნში (დღევანდელი ლიონი – საფრანგეთში) გაგზავნა მხცოვან მღვდელმთავარ პოთინესთან. მალე ირინეოსს საპასუხისმგებლო დავალება მიეცა – აღმსარებლებმა რომის პაპ ელეფთერს (177-190) მისი ხელით ეპისტოლე გაუგზავნეს. წმიდანის არყოფნაში ყველა გამორჩეული ქრისტიანი საპყრობილეში ჩაყარეს. 178 წელს, ეპისკოპოს პოთინეს მოწამეობრივი აღსასრულიდან ერთი წლის თავზე ნეტარ ირინეოსს ქალაქ ლუგდუნის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. „მოკლე ხანში, – წერდა წმიდანის შესახებ მღვდელმთავარი გრიგოლ ტურელი, – თავისი ქადაგებით მან მთელი ლუგდუნი ქრისტიანულ ქალაქად აქცია!“. იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობის დროს, 202 წელს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის მღვდელმთავარ ირინეოსს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე ლუპე (IV)
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (ხს. 26 ოქტომბერს) ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ნეტარი ნებით ჩაბარდა უღმრთოებს და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით თავი მოჰკვეთეს (+306 წლის შემდეგ).
ღირსი ევტიქი (+540) და ფლორენტი (+547)
ღირსი ევტიქი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იტალიაში, ნურსიის ოლქში მოსაგრეობდნენ VI საუკუნეში. წმიდა ევტიქმა თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა მახლობელ მონასტერში იღუმენი გარდაიცვალა, ბერებმა სწორედ მას სთხოვეს, წინამძღვრობის ჯვარი ეტვირთა. წმიდანი დათანხმდა, მაგრამ ამის შემდგომაც განაგრძობდა ზრუნვას უწინდელ სამოღვაწეო ადგილზე, სადაც მისი თანამოსაგრე ფლორენტი დარჩა.
ღირსი ფლორენტი უამრავ სასწაულს აღასრულებდა: მოათვინიერა დათვი, რომელიც ემსახურებოდა, ცხვრებს მწყემსავდა, წყალს ეზიდებოდა და მოძღვრის სხვა კურთხევებსაც აღასრულებდა. წმიდა ევტიქი სიცოცხლეში არ იყო ცნობილი სასწაულთქმედებით, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მის სამოსელთან კურნებები აღესრულებოდა. გვალვის დროს ამ სამოსით ხელში მოივლიდნენ ხოლმე მინდვრებს და უფალიც წვიმას გარდამოავლენდა. ღირსი ევტიქი გარდაიცვალა 540 წლის 23 მაისს, ღირსი ფლორენტი კი – 547 წლის 1 ივნისს.
წმიდა კალინიკე – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+705)
წმიდა კალინიკე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (693-705) თავდაპირველად ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის ხუცესი იყო. 693 წელს კი, პატრიარქ პავლეს (686-693) მიცვალების შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მესაჭეობა მიანდეს. ამ დროს მეფობდა სისასტიკით ცნობილი იუსტინიანე II (685-695). მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს სასახლის აშენება გადაწყვიტა და კალინიკეს უბრძანა, ამ ტაძრის დანგრევაზე მიეცა კურთხევა. წმიდა მამამ უპასუხა, მე მხოლოდ ტაძრების აშენებისთვის ვლოცულობ და არა მათი შემუსვრისათვისო. როცა საყდარი მაინც დაარღვიეს, ნეტარმა ცრემლებით ღაღად-ჰყო: „დიდება შენდა, უფალო, ყოველთა დამთმენელო!“მალე იუსტინიანეს ღვთის სასჯელი დაატყდა თავს: იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და გადაასახლეს ხერსონში. ტახტზე ავიდა ლეონ II. ათი წლის შემდეგ იუსტინიანე საპყრობილიდან გაიქცა, ლაშქარი შეჰყარა და კონსტანტინოპოლს მიადგა. მან პატრიარქსა და იმპერატორს აღუთქვა, რომ ქალაქში შესვლის შემდეგ არავის არაფერს ავნებდა და ჯვარზე, სახარებაზე და წმიდა საიდუმლოებებზე დაიფიცა, მაგრამ, როცა კონსტანტინოპოლში შეაღწია, წარჩინებულ მოქალაქეთა და ხალხის ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, იმპერატორს კი თავი მოჰკვეთა. მღვდელმთავარი კალინიკე მისი ბრძანებით შეიპყრეს, თვალები დათხარეს, ენა მოჭრეს და რომში ქვითკირის კედელში ცოცხლად ჩააშენეს. ორმოცი დღის შემდეგ კედელი ჩამოირღვა და წმიდა მამა ჯერ ისევ ცოცხალი, მაგრამ უკვე სულთმობრძავი იპოვეს. ოთხი დღის შემდეგ იგი მიიცვალა (+705). რომის პაპს იოანე VI-ს (701-705) ძილში პეტრე და პავლე მოციქულები გამოეცხადნენ და უბრძანეს, პატრიარქი კალინიკე რომში, მოციქულთა ტაძარში დაეკრძალათ.