5.10.2025. მე-17 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII

5.10.2025. მე-17 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII

     19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-17 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII

5.10.2025. ხსნილი

წინასწარმეტყველისა იონასი (VIII ს. ქრ.შ-მდე); მღვდელმოწამისა ფოკა სინოპელ ეპისკოპოსისა (117); ღირსისა იონა ხუცისა, საბაწმიდელისა, ღირს აღმსარებელთა მამათა თეოდორე გამომეტყველისა და თეოფანე კანონთგამომთქმელისა (IX); მოწამისა ფოკა მემტილესი (320); მართლისა პეტრე მეზვერეყოფილისა (VI).

დღის ლოცვები

მღვდელმოწამე ფოკა ეპისკოპოსის კონდაკი:
ვითარცა მღვდელმთავარმან მარადის მემსხვერპლემან, მამაო, უკანასკნელ თავი თვისი შესწირე მსხვერპლად და იღუაწე სჯულისათვის ქრისტეს ღმრთისა, ანგელოზთაგან ძლევისა მომღებელმან, სიკუდილი მიითვალე, რომელი ფარავ შენთა მგალობელთა, მოვედ უკუე, წმიდაო ფოკა, ჩუენ თანაცა და გვარქუ: ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-6, ლკ. 24: 36-53 (დას. 114).
ლიტ.: 2 კორ. 6: 16-18; 7: 1 (დას. 182, შუა). ლკ. 5: 1-11 (დას. 17).
მღ.მოწ.: ებრ. 4: 14-5: 6 (დას. 311). ინ. 10: 9-16 (დას. 36).

ცისკ.: ლკ. 24: 36-53

36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. 37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. 38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? 39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. 40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ. 41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? 42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. 43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. 44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. 45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. 46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, 47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. 48. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი. 49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით. 50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი. 51. კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად. 52. ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს. 53. და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.

ლიტ.: 2 კორ. 6: 16-18; 7: 1

16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. 17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ. 18. მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი. 

1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

ლიტ.: ლკ. 5: 1-11 

1. ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა, 2. დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ. 3. შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. 4. ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, სიმონს უთხრა: ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერადო. 5. მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს. 6. ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ. 7. ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ. 8. ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ. 9. რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ; 10. ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები. 11. როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.

მღ.მოწ.: ებრ. 4: 14-5: 6 

14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას. 15. რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ – ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. 16. მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.

1. რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის. 2. მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით. 3. ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად. 4. თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად. 5. ასე ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“. 6. ხოლო სხვა ადგილას ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“,

მღ.მოწ.: ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა წინასწარმეტყველი იონა, მცირე წინასწარმეტყველთაგანი ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა. ღვთის ბრძანებით უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდზე მყოფნი ძლიერ შეშინდნენ და ევედრებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ მათ წილი ყარეს, რომ შეეტყოთ, ვის გამო მოევლინათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. წინასწარმეტყველმა აღიარა თავისი დანაშაული ღვთის წინაშე და უთხრა მათ: „აღმიქჳთ და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას, და დასცხრეს ზღუაჲ ესე თქუენ ზედა, რამეთუ ჩემ გამო იყო ყოველი ესე ჭირი თქუენ ზედა“ (იონა; 1,12). იონა ჩააგდეს ზღვაში და ქარიშხალიც დაცხრა. უფლის რჩეული ვეშაპმა გადაყლაპა, მის მუცელში იყო იგი სამი დღე და სამი ღამე და ღმერთს გამოხსნას სთხოვდა. ბოლოს ღვთის ბრძანებით ვეშაპმა იგი ნაპირზე გამოაგდო. იონამ ზეგარდმო კვლავ მიიღო ბრძანება, წასულიყო ნინევეში და სინანული ექადაგა. ამჟამად წმიდანმა შეასრულა ღვთის ნება, მივიდა მტრების ქალაქში და იწყო ქადაგება, „აჰა სამ დღეღამე და ნინევი დაიქცეს“ (იონა; 3,4). ეს რომ ესმათ, ნინეველები სინანულში ჩავარდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვად დადგნენ, პირუტყვსაც არ მისცეს საზრდელი და წყალი. უფალმაც შეიწირა მათი სინანული, მიუტევა მათ შეცოდებანი და ქალაქი გადარჩა.
სამი დღე იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი ხსნა მოასწავებდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას და მის დიდებულ აღდგომას. მაცხოვარმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებიც სასწაულს ითხოვდნენ მისგან, მიმართა, „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ“ (მთ. 12.39).

 

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს – სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
ცნობები წმიდანის შესახებ 22 ივლისის საკითხავშია ჩართული.
წმიდა მოწამე ფოკა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპიდან იყო. მას ქალაქის ბჭეებთან, ზღვის პირას პატარა ბაღი ჰქონდა გაშენებული და მოკრძალებით ცხოვრობდა: ხილს ყიდდა და აღებული საზღაურით თავსაც ირჩენდა, გლახაკებსაც ეხმარებოდა და მწირებსაც უმასპინძლდებოდა. წმიდანის ღვთისმოშიშება ირგვლივ მყოფებზე კეთილ გავლენას ახდენდა: მრავალმა უსჯულომ დაუტევა კერპთაყვანისმცემლობა და მიიღო ქრისტიანობა. ოლქის მმართველმა ბრძანა, შეეპყროთ წმიდა ფოკა და „თვინიერ საშჯელისა და სიტყჳსგებისა“ მოეკლათ იგი. წმიდანი შემთხვევით თავად შეხვდა წარმოგზავნილებს, ისე, რომ ვინაობა არ გაუმხელია, გულღიად უმასპინძლა და ღამეც გაათევინა. ღამით ნეტარი ბაღში გავიდა, კუბო შეამზადა თავისთვის, საფლავიც გაითხარა და განკარგულება გასცა, სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინათ. დილით ფოკამ სტუმრებს განუცხადა, „აჰა, მე ვარ საძიებელი იგი თქუენი“. მოვლინებულნი „იწყლნეს სულითა და განკჳრდეს სმენითა“, შერცხვათ „სიგლახაკესა შინა სიყვარულით პატივის-მცემელი“ მასპინძლისა და გადაწყვიტეს, გადაერჩინათ იგი. მაგრამ ფოკამ უარი განაცხადა და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს.
ნეტარი მოწამე ბაღში, მის მიერვე გათხრილ სამარეში დაფლეს. წმიდა საფლავზე მრავალი კურნება აღესრულა. შემდგომ აქ ტაძარი ააგეს.
მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი აფრიკაში ხარკის ამკრეფთა მთავარი იყო იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეობისას. ერთხელ მან პურის ნატეხი ესროლა გლახაკს, რომელმაც მოწყალების თხოვნით თავი მოაბეზრა. ღამით პეტრემ სიზმრად იხილა, თითქოს მიიცვალა და ანგალოზები მის საქმეებს მართლმსაჯულების სასწორზე წონიდნენ. კეთილი საქმეების პინაზე არაფერი იყო დასადები გლახაკისთვის სიბრაზისგან ნასროლი პურის ნატეხის გარდა, მაგრამ ამანაც კი გააჩერა ბოროტი საქმეების პინა, რომელიც უკვე დაბლა ეშვებოდა. პეტრე მიხვდა სიზმრისეული ჩვენების მნიშვნელობას, შეინანა და სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი. ამიერიდან იგი გულუხვად ეხმარებოდა გლახაკებს. ერთხელ ნეტარს ძილში იესო ქრისტე წარმოუდგა. იგი იმ სამოსელში იყო ჩაცმული, რომელიც პეტრემ ოდესღაც მათხოვარს უბოძა. მაშინ პეტრემ მთელი ქონება უპოვრებს დაურიგა და ერთ მონას უბრძანა, თვითონ ისიც მონად გაეყიდა, აღებული ფული კი მოწყალებად გაეცა. მრავალი წლის მანძილზე წმიდანი გულმოდგინედ ემსახურებოდა თავის ბატონს, მაგრამ ერთხელ ნეტარი ნახეს ნაცნობმა ვაჭრებმა და ბატონს მონის ვინაობა აუწყეს. პეტრემ დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი. წასვლის წინ მან სასწაული აღასრულა, ყრუ-მუნჯმა მეკარე მონამ შეასრულა პეტრეს მიერ ქრისტეს სახელით გაცემული ბრძანება, გააღო კარები და სმენა და მეტყველების უნარიც მიემადლა. წმიდანი გაუჩინარდა და სიკვდილამდე მის შესახებ არავის არაფერი სმენია. ნეტარი პეტრეს ცხოვრება შემოგვინახა მღვდელმთავარმა იოანე მოწყალემ, ალექსანდრიელმა პატრიარქმა (ხს. 12 ნოემბერს).
წმიდა იონა ხუცესი, მამა თეოფანე კანონმთქმელისა (ხს. 11 ოქტომბერს) და თეოდორესი, გამომეტყველთა (ხს. 27 დეკემბერს), პალესტინელი იყო. იგი კეთილმსახურებით და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იონა დამკვიდრდა ღირსი საბა განწმედილის (ხს. 5 დეკემბერს) ლავრაში, სადაც ადრე მისი ძეები მოღვაწეობდნენ და იქ შევედრა ლოცვითა და მარხვით განწმედილი სული უფალს.
ღირსი კოზმა ზოგრაფელი ბულგარეთიდან იყო. სიჭაბუკეში მან თავი აარიდა ქორწინებას და მშობლებისგან ფარულად მიაშურა ათონის მთას. ნეტარი ათონის ზოგრაფის სავანეში მორჩილად მიიღეს. დიდმა ხანმა განვლო, სანამ იგი ბერად აღიკვეცებოდა, რის შემდეგაც ეკლესიარქად დაადგინეს. ხარების დღესასწაულზე ვათოპედის მონასტერში ღვთისმშობელმა ინება, ხილულად გაეცხადებინა კოზმასთვის, თუ როგორ ზრუნავდა თავის წილხვედრ მიწაზე. წინამძღვრის კურთხევით კოზმა უდაბნოში გავიდა და ერთ გამოქვაბულში დაეყუდა. სიკვდილის წინ წმიდა კოზმა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა, მადლობა შესწირა ღმერთს და მშვიდად მიიძინა. უფალმა სასწაულებრივ განადიდა თავისი რჩეული. მისი დაკრძალვის დღეს გამოქვაბულთან თავი მოიყარა უამრავმა მხეცმა და ფრინველმა, რომლებიც თითქოს გრძნობდნენ წმიდა მთის დანაკლისს, ტყიდან ისმოდა ცხოველთა და ფრინველთა მგლოვიარე ხმები. ეს მოხდა 1323 წელს.