…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
…მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
5.10.2026. ხსნილი
წინასწარმეტყველისა იონასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მღვდელმოწამისა ფოკასი, სინოპიელი ეპისკოპოსისა (117); ღირსისა იონა ხუცისა (IX), მამისა წმ. თეოფანე კანონმთქმელისა და თეოდორე გამომეტყველისა; მოწამისა ფოკა მემტილესი (დაახ. 320); მართლისა პეტრე მეზვერეყოფილისა (VI).
დღის ლოცვები
ვითარცა მღვდელმთავარმან მარადის მემსხვერპლემან, მამაო, უკანასკნელ თავი თვისი შესწირე მსხვერპლად და იღუაწე სჯულისათვის ქრისტეს ღმრთისა, ანგელოზთაგან ძლევისა მომღებელმან, სიკუდილი მიითვალე, რომელი ფარავ შენთა მგალობელთა, მოვედ უკუე, წმიდაო ფოკა, ჩუენ თანაცა და გვარქუ: ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ფლპ. 1: 1-7 (დას. 235). ლკ. 3: 19-22 (დას. 10).
ფლპ. 1: 1-7
1. პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, – ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც არიან ფილიპეში, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ: 2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. მადლობას ვწირავ ჩემს ღმერთს თქვენი ყოველი გახსენებისას. 4. ყოველთვის, ჩემი ყოველი ლოცვისას, სიხარულით ვლოცულობ თქვენთვის, 5. რადგანაც ჩემი თანამოზიარენი იყავით სახარებაში, პირველი დღიდან აქამდე. 6. მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე. 7. რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი.
ლკ. 3: 19-22
19. ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა, 20. ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე. 21. როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა. 22. გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა წინასწარმეტყველი იონა (VIII ს. ქრისტეს შობამდე)
წმიდა წინასწარმეტყველი იონა, მცირე წინასწარმეტყველთაგანი ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა. ღვთის ბრძანებით უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდზე მყოფნი ძლიერ შეშინდნენ და ევედრებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ მათ წილი ყარეს, რომ შეეტყოთ, ვის გამო მოევლინათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. წინასწარმეტყველმა აღიარა თავისი დანაშაული ღვთის წინაშე და უთხრა მათ: „აღმიქჳთ და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას, და დასცხრეს ზღუაჲ ესე თქუენ ზედა, რამეთუ ჩემ გამო იყო ყოველი ესე ჭირი თქუენ ზედა“ (იონა; 1,12). იონა ჩააგდეს ზღვაში და ქარიშხალიც დაცხრა. უფლის რჩეული ვეშაპმა გადაყლაპა, მის მუცელში იყო იგი სამი დღე და სამი ღამე და ღმერთს გამოხსნას სთხოვდა. ბოლოს ღვთის ბრძანებით ვეშაპმა იგი ნაპირზე გამოაგდო. იონამ ზეგარდმო კვლავ მიიღო ბრძანება, წასულიყო ნინევეში და სინანული ექადაგა. ამჟამად წმიდანმა შეასრულა ღვთის ნება, მივიდა მტრების ქალაქში და იწყო ქადაგება, „აჰა სამ დღეღა და ნინევი დაიქცეს“ (იონა; 3,4). ეს რომ ესმათ, ნინეველები სინანულში ჩავარდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვად დადგნენ, პირუტყვსაც არ მისცეს საზრდელი და წყალი. უფალმაც შეიწირა მათი სინანული, მიუტევა მათ შეცოდებანი და ქალაქი გადარჩა.სამი დღე იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი ხსნა მოასწავებდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას და მის დიდებულ აღდგომას. მაცხოვარმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებიც სასწაულს ითხოვდნენ მისგან, მიმართა, „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ“ (მთ. 12.39).
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს – სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.ცნობები წმიდანის შესახებ 22 ივლისის საკითხავშია ჩართული.
წმიდა მოწამე ფოკა მემტილე (+დაახლ. 320)
წმიდა მოწამე ფოკა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპიდან იყო. მას ქალაქის ბჭეებთან, ზღვის პირას პატარა ბაღი ჰქონდა გაშენებული და მოკრძალებით ცხოვრობდა: ხილს ყიდდა და აღებული საზღაურით თავსაც ირჩენდა, გლახაკებსაც ეხმარებოდა და მწირებსაც უმასპინძლდებოდა. წმიდანის ღვთისმოშიშება ირგვლივ მყოფებზე კეთილ გავლენას ახდენდა: მრავალმა უსჯულომ დაუტევა კერპთაყვანისმცემლობა და მიიღო ქრისტიანობა. ოლქის მმართველმა ბრძანა, შეეპყროთ წმიდა ფოკა და „თვინიერ საშჯელისა და სიტყჳსგებისა“ მოეკლათ იგი. წმიდანი შემთხვევით თავად შეხვდა წარმოგზავნილებს, ისე, რომ ვინაობა არ გაუმხელია, გულღიად უმასპინძლა და ღამეც გაათევინა. ღამით ნეტარი ბაღში გავიდა, კუბო შეამზადა თავისთვის, საფლავიც გაითხარა და განკარგულება გასცა, სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინათ. დილით ფოკამ სტუმრებს განუცხადა, „აჰა, მე ვარ საძიებელი იგი თქუენი“. მოვლინებულნი „იწყლნეს სულითა და განკჳრდეს სმენითა“, შერცხვათ „სიგლახაკესა შინა სიყვარულით პატივის-მცემელი“ მასპინძლისა და გადაწყვიტეს, გადაერჩინათ იგი. მაგრამ ფოკამ უარი განაცხადა და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს.ნეტარი მოწამე ბაღში, მის მიერვე გათხრილ სამარეში დაფლეს. წმიდა საფლავზე მრავალი კურნება აღესრულა. შემდგომ აქ ტაძარი ააგეს.
მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი (VI)
მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი აფრიკაში ხარკის ამკრეფთა მთავარი იყო იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეობისას. ერთხელ მან პურის ნატეხი ესროლა გლახაკს, რომელმაც მოწყალების თხოვნით თავი მოაბეზრა. ღამით პეტრემ სიზმრად იხილა, თითქოს მიიცვალა და ანგალოზები მის საქმეებს მართლმსაჯულების სასწორზე წონიდნენ. კეთილი საქმეების პინაზე არაფერი იყო დასადები გლახაკისთვის სიბრაზისგან ნასროლი პურის ნატეხის გარდა, მაგრამ ამანაც კი გააჩერა ბოროტი საქმეების პინა, რომელიც უკვე დაბლა ეშვებოდა. პეტრე მიხვდა სიზმრისეული ჩვენების მნიშვნელობას, შეინანა და სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი. ამიერიდან იგი გულუხვად ეხმარებოდა გლახაკებს. ერთხელ ნეტარს ძილში იესო ქრისტე წარმოუდგა. იგი იმ სამოსელში იყო ჩაცმული, რომელიც პეტრემ ოდესღაც მათხოვარს უბოძა. მაშინ პეტრემ მთელი ქონება უპოვრებს დაურიგა და ერთ მონას უბრძანა, თვითონ ისიც მონად გაეყიდა, აღებული ფული კი მოწყალებად გაეცა. მრავალი წლის მანძილზე წმიდანი გულმოდგინედ ემსახურებოდა თავის ბატონს, მაგრამ ერთხელ ნეტარი ნახეს ნაცნობმა ვაჭრებმა და ბატონს მონის ვინაობა აუწყეს. პეტრემ დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი. წასვლის წინ მან სასწაული აღასრულა, ყრუ-მუნჯმა მეკარე მონამ შეასრულა პეტრეს მიერ ქრისტეს სახელით გაცემული ბრძანება, გააღო კარები და სმენა და მეტყველების უნარიც მიემადლა. წმიდანი გაუჩინარდა და სიკვდილამდე მის შესახებ არავის არაფერი სმენია. ნეტარი პეტრეს ცხოვრება შემოგვინახა მღვდელმთავარმა იოანე მოწყალემ, ალექსანდრიელმა პატრიარქმა (ხს. 12 ნოემბერს). ღირსი იონა ხუცესი (IX), მამა თეოფანე კანონმთქმელისა და თეოდორესი, გამომეტყველთა
წმიდა იონა ხუცესი, მამა თეოფანე კანონმთქმელისა (ხს. 11 ოქტომბერს) და თეოდორესი, გამომეტყველთა (ხს. 27 დეკემბერს), პალესტინელი იყო. იგი კეთილმსახურებით და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იონა დამკვიდრდა ღირსი საბა განწმედილის (ხს. 5 დეკემბერს) ლავრაში, სადაც ადრე მისი ძეები მოღვაწეობდნენ და იქ შევედრა ლოცვითა და მარხვით განწმედილი სული უფალს. ღირსი კოზმა (+1323)
ღირსი კოზმა ზოგრაფელი ბულგარეთიდან იყო. სიჭაბუკეში მან თავი აარიდა ქორწინებას და მშობლებისგან ფარულად მიაშურა ათონის მთას. ნეტარი ათონის ზოგრაფის სავანეში მორჩილად მიიღეს. დიდმა ხანმა განვლო, სანამ იგი ბერად აღიკვეცებოდა, რის შემდეგაც ეკლესიარქად დაადგინეს. ხარების დღესასწაულზე ვათოპედის მონასტერში ღვთისმშობელმა ინება, ხილულად გაეცხადებინა კოზმასთვის, თუ როგორ ზრუნავდა თავის წილხვედრ მიწაზე. წინამძღვრის კურთხევით კოზმა უდაბნოში გავიდა და ერთ გამოქვაბულში დაეყუდა. სიკვდილის წინ წმიდა კოზმა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა, მადლობა შესწირა ღმერთს და მშვიდად მიიძინა. უფალმა სასწაულებრივ განადიდა თავისი რჩეული. მისი დაკრძალვის დღეს გამოქვაბულთან თავი მოიყარა უამრავმა მხეცმა და ფრინველმა, რომლებიც თითქოს გრძნობდნენ წმიდა მთის დანაკლისს, ტყიდან ისმოდა ცხოველთა და ფრინველთა მგლოვიარე ხმები. ეს მოხდა 1323 წელს.