…იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-23 შვიდეული
4.11.2026. ხუთშაბათი. ხსნილი.
მოციქულისა იაკობისა, ხორციელად ძმისა უფლისა (დაახ. 63). წმ. ეგნატესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (877-878).
დღის ლოცვები
მოციქული იაკობის, ხორციელად ძმისა უფლისა
ტროპარი: ვითარცა უფლისა მოწაფემან, მიიღე, მართალო, სახარებაი და ვითარცა მოწამესა გაქუს აღსარებაი და კადნიერებაი, ვითარცა ძმასა ღმრთისასა, მეოხებაი, ვითარცა მღდელსა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მამისა მხოლოდშობილმან ღმერთმან სიტყუამან, უკანასკნელთა დღეთა ჩუენდა მომართ მოსრულმან, იაკობ ღმრთისმეტყუელო, პირველად მწყემსად და მოძღურად იერუსალიმელთა განგაჩინა შენ და სარწმუნოდ განმგებელად საიდუმლოთა სულიერთა, ვინა ყოველნი პატივს გცემთ შენ, იაკობ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია (რიგ.) – 1 თესალონიკელთა მიმართ 2:9-14; ლიტურგია (მოც.) – გალატელთა მიმართ 1:11-19; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 9:49-56; ლიტურგია (მოც.) – მათეს სახარება 13:54-58.
ლიტ. (რიგ.) – 1 თეს. 2: 9-14
9. ხომ გახსოვთ, ძმანო, ჩვენი შრომა და რუდუნება: დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, და ასე გიქადაგებდით ღვთის სახარებას. 10. თქვენთან ერთად, ღმერთია მოწმე, თუ რა წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, რომელთაც გწამთ, 11. ვინაიდან თვითონვე იცით, რომ, როგორც მამა – შვილებს, ისე შევაგონებდით თვითეულ თქვენგანს, 12. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, რომელმაც თავისი სასუფევლისა და დიდებისათვის გიხმოთ. 13. ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო. 14. რადგანაც, ძმანო, მიმბაძველნი გახდით ღვთის ეკლესიებისა, რომლებიც არიან იუდეაში ქრისტე იესოს მიერ, ვინაიდან იგივე დაითმინეთ თვისტომთაგან, რაც მათ – იუდეველთაგან,
ლიტ. (მოც.) – გალ. 1: 11-19
11. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი, 12. ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. 13. თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. 14. ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს. 15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, – 16. კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს. 17. არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. 18. სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. 19. სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 9: 49-56
49. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს. 50. უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. 51. ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად. 52. წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის. 53. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი. 54. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა – იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია. 55. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ. 56. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ.
ლიტ. (მოც.) – მთ. 13: 54-58
54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა? 55. განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? 56. და განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს? 57. და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში. 58. და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (+დაახლ. 63)
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების (ხს. 26 დეკემბერს) ძე იყო. გადმოცემით, წმიდანი თან ახლდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). წმინდანი ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს მართალს ეძახდა. იუდეველთა უხუცესებს შორისაც ნეტარი ისეთი პატივით სარგებლობდა, რომ მღვდელმთავარმა მას ერთადერთს მისცა იერუსალიმის ტაძრის შიდა ნაწილში – წმიდათა წმიდაში შესვლის უფლება, სადაც უფლის რჩეული ლოცვისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. როცა მაცხოვარმა ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგება დაიწყო, წმიდა იაკობმა ირწმუნა განკაცებული ძე ღვთისა და მის სამოცდაათ რჩეულ მოწაფეთა შორის შეირაცხა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდანი უფლის განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი შეიქნა (1 კორ. 15,7). გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ქრისტიანთა ეკლესიის სვეტად (გალ. 2,9) მიჩნეული მოღვაწე დაადგინეს იერუსალიმის პირველ მღვდელმთავრად. იგი ხელმძღვანელობდა მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში, სადაც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა (საქმე, 15).წმიდანის ქადაგების გავლენით მრავალი ებრაელი მოექცა ქრისტიანობაზე. ყოველივე ამან შური და გულისწყრომა აღძრა იუდეველ უხუცესებში, რომელთაც უფლის რჩეულის დაღუპვა განიზრახეს. ერთხელ, როცა რომაელი მმართველი იერუსალიმიდან გავიდა, ქრისტეს მტრებმა ისარგებლეს შემთხვევით, მღვდელმთავარი იაკობი ძალით აიყვანეს ტაძრის გუმბათზე და მოსთხოვეს, პასექთან დაკავშირებით შეკრებილი ერის წინაშე უარეყო ქრისტე. მათი მოთხოვნის საპირისპიროდ, წმიდანმა ახოვნად იქადაგა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა. მაშინ მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა მაცხოვარი, მწიგნობრები და ფარისევლები კი უკვე ნანობდნენ თავიანთ საქციელს: „შევცდით, რომ ყველასგან პატივდებულ მოსაგრეს ასე დავამოწმებინეთ ქრისტე“. ისინი გააფთრებით მიეჭრნენ წმიდა მამას და ძირს ჩამოაგდეს, მიწას დანარცხებული და სასიკვდილოდ დაშავებული წმინდა იაკობი უცებ არ გარდაცვლილა. მან უკანასკნელი ძალების მოკრებით მუხლი მოიყარა და მხურვალედ შესთხოვა უფალს, შეენდო მისი მტრებისათვის. უღმერთოებმა ქვები დააყარეს მარტვილს. ერთი ქვა მას თავში მოხვდა და სიცოცხლე მოუსწრაფა. ეს მოხდა იუდეველთა ომის დაწყებამდე (62-66 წლებს შორის) ცოტა ხნით ადრე, როცა იაკობ მოციქული ოთხმოცდათექვსმეტი წლისა იყო. ნეტარის მოწამეობრივმა სიკვდილმა ებრაელებზე ისეთი დიდი გავლენა იქონია, რომ ეს ომი, მის შემდგომ დაწყებული ბრძოლა რომაელებთან (66-70 წწ) და მათი თანმხლები უბედურებანი ამ ცოდვისათვის სასჯელად მიიჩნიეს.
წმიდა მოციქულ იაკობს ეკუთვნის ახალი აღთქმის კათოლიკე ეპისტოლე. მასვე მიეწერება შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონისა, რომელიც საფუძვლად დაედო ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. ზოგი ცნობით, წმიდა მოციქულის ნაწილები რომში, თორმეტი მოციქულის ტაძარში ინახება. ზოგი მათგანი 1853 წელს ალექსანდრიელ პატრიარქ იეროთეოსს მოსკოვში გაუგზავნია.
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა, უნდა განვასხვაოთ იაკობ ზებედესა (ხს. 30 აპრილს) და იაკობ ალფესისგან (ხს. 9 ოქტომბერს).
წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+877-878)
წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (847-857; 867-877), ერისკაცობაში – ნიკიტა, სამეფო გვარის ჩამომავალი იყო. როცა მისი მამა, იმპერატორი მიხეილ I (811-813) ლეონ სომეხმა (813-820) ტახტიდან ჩამოაგდო, ყრმა ეგნატე მონასტერში გამოამწყვდიეს. მონასტერში ცხოვრებამ წმიდანი სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში განამტკიცა. მალე იგი სავანის იღუმენად აირჩიეს, მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის პატრიარქად იქნა დადგენილი.იმპერატორ მიხეილ III-ის (855-867) არასრულწლოვნების ჟამს ქვეყანას განაგებდა მისი ბიძა – უღმრთო და უზნეო ბარდა. წმიდა პატრიარქი ამ უკანასკნელს შეაგონებდა, დაეგდო ცოდვილი ცხოვრება და ამხელდა მის უსჯულოებას. როცა ბარდამ მღვდელმთავარს წმიდა დედოფალ თეოდორას მონაზვნად აღკვეცა მოსთხოვა, რომ ამ გზით იგი ქვეყნის მმართველობისგან ჩამოეშორებინა, წმიდა ეგნატე არ დაჰყვა ბარდას ნებას და განაყენა იგი ზიარებისგან. თხუთმეტი დღე აწამებდნენ პატრიარქს და აიძულებდნენ, უარი ეთქვა ხარისხზე, შემდეგ კი კუნძულ ტერებინზე გადაასახლეს. იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886) დროს წმიდა ეგნატე გადასახლებიდან გამოიწვიეს და სამღვდელმთავრო ტახტზე დააბრუნეს. ამის შემდეგ ნეტარი კიდევ ათი წლის მანძილზე მესაჭეობდა ეკლესიას, ბოლოს კი, ოთხმოცდაცხრა წლის ასაკში, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+877-878).