„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

26-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
5.12.2025. მარხვა
ტაძრად მიყვანების შემდგომი დღესასწაული.
მოციქულთა: ფილიმონისა, არქიპოსი და ონისიმესი 70-თაგანთა და მოწამისა მოციქულთა სწორისა აპფიასი (I); მოწამეთა: კიკილიასი (ცეცილიასი), ვალერიანესი, ტიბურტისა და მაქსიმესი (230); მოწამისა პროკოფი წიგნისმკითხველისა (303); მოწამისა მენიგნისა (250); ღირსისა აგაბო ისმაიტელისა (V); მართლისა მიქაელ მხედრისა, ბულგარელისა (866); კეთილმსახურისას მთავრისა მიხეილ ტვერელისა (1318) ; მოწამეთა: მარკოზისა და სტეფანესი (290).
დღის ლოცვები
მოციქულთა: ფილიმონისა და არქიპოსი – სამოცდაათთაგანთა და მოციქულთა სწორისა, მოწამე აპფიას კონდაკი:
ვითარცა ვარსკულავთა ყოვლადბრწყინვალეთა განმანათლებელთა სოფლისათა მოციქულთა ქრისტესთა შევასხმიდეთ ფილიმონს დიდებულსა და საღმრთოსა არქიპოს, ონისიმეს და მარკოზს, და აპოლოს, და მათთანავე აპფიას ყოვლადბრძენსა, და ესრეთ უღაღადებდეთ: ევედრენით ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 ტიმ. 4: 4-8, 16 (დას. 285). ლკ. 19: 12-28 (დას. 95).
მოც.: ფლმ. 1: 1-25 (დას. 302). ლკ. 10: 1-15 (დას. 50).
ლიტ.: 1 ტიმ. 4: 4-8, 16
4. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით, 5. ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება. 6. ამას ასწავლიდე ძმებს და იქნები კეთილი მსახური იესო ქრისტესი, რწმენის სიტყვით და კეთილი მოძღვრებით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი. 7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი. 8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.
16. გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
ლიტ.: ლკ. 19: 12-28
12. ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო. 13. დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო. 14. მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე. 15. როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა ის მონები მიეგვარათ, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ მოიხმარა იგი. 16. მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო. 17. უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ; რაკი მცირედში სანდო იყავი, ათი ქალაქის მმართველობას მოგანდობ შენ. 18. მოვიდა მეორე და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიგო. 19. და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ. 20. მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი, 21. რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს. 22. უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს. 23. მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ? 24. და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი მნის მქონეს. 25. მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს. 26. გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 27. ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. 28. ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას.
მოც.: ფლმ. 1: 1-25
1. პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, – ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც არიან ფილიპეში, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ: 2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. მადლობას ვწირავ ჩემს ღმერთს თქვენი ყოველი გახსენებისას. 4. ყოველთვის, ჩემი ყოველი ლოცვისას, სიხარულით ვლოცულობ თქვენთვის, 5. რადგანაც ჩემი თანამოზიარენი იყავით სახარებაში, პირველი დღიდან აქამდე. 6. მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე. 7. რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი. 8. ვინაიდან ღმერთი მყავს მოწმედ, როგორ მიყვარხართ ყველანი იესო ქრისტეს სიყვარულით; 9. და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში, 10. რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს, 11. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად. 12. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას. 13. ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის, 14. რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება. 15. თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს. 16. ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს. 17. მეორენი კი – სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ. 18. მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ, 19. რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით, 20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით. 21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი – მონაგები. 22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო. 23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია. 24. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის. 25. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,
მოც.: ლკ. 10: 1-15
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქულნი: ფილიმონი და არქიპო – სამოცდაათთაგანნი და წმიდა მოწამე, მოციქულთასწორი აპფია (I)
წმიდა მოციქული ფილიმონი და მეუღლე მისი აპფია ფრიგიის ქალაქ კოლოსეში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულის ხელით ნათელიღეს, წმიდანებმა თავიანთი სახლი სამლოცველოდ აქციეს, სადაც მართლმორწმუნენი იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მოციქული ფილიმონი ქალაქ ღაზის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მთელს ფრიგიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პავლე მოციქულმა ნეტარს გაუგზავნა სიყვარულით სავსე ეპისტოლე, რომელშიც წერს: „ფილიმონს, საყუარელსა და თანაშემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა და სახლისა შენისა კრებულთა“ (ფილიმ. 1, 1-3). წმიდანები ფილიმონი, აპფია და წმიდა მოციქული არქიპო მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა. ყველანი დაფრთხნენ და დაიფანტნენ, დარჩნენ მხოლოდ: ფილიმონი, არქიპო და აპფია. უღმერთოებმა შეიპყრეს ისინი. გამხეცებული წარმართების მიერ სასტიკად ნაგვემმა და დანებით დასერილმა არქიპომ სამსჯავრომდე ვერ მიაღწია – გზაშივე გარდაიცვალა, წმიდა ფილიმონი და აპფია კი მმართველის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.ეკლესია წმიდა მოციქულებს – ფილიმონსა და არქიპოს და მოციქულთასწორ აპფიას 19 თებერვალსაც იხსენიებს.
წმიდა მოწამენი: კიკილია (ცეცილია), ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე (+დაახლ. 230)
წმიდა მოწამენი: კიკილია (ცეცილია), ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე. წმიდა მოწამე კიკილია მდიდარი და დიდებული წარმართების ასული, სიყმაწვილეშივე შეუდგა ქრისტეს. მდიდრული ტანსაცმლის ქვეშ წმინდანს ჯვალოს სამოსი ეცვა. მშობლებმა გადაწყვიტეს, ქალწული დიდებული წარმართის, ვალერიანესთვის მიეთხოვებინათ. წმიდანმა ვერ გაბედა მშობლების ნებას წინ აღდგომოდა, მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მისი საქმრო ქრისტიანობაზე მოექცია, თავად მას კი უბიწოების დამარხვაში შესწეოდა.წმიდანმა ვალერიანე ეპისკოპოს ურბანოსთან მისვლაზე დაიყოლია, რომელიც ქრისტიანთა დევნის გამო მღვიმეს აფარებდა თავს. ბრძენი მოძღვრის ქადაგების გავლენით წმიდა ქალწულის წარმართმა საქმრომ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და თავისი ძმა, ტიბურტიც მოაქცია მაცხოვრის სარწმუნოებაზე.
როცა მმართველმა ამაქმა ამის შესახებ შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ და სამსჯავროზე წარედგინათ წმიდა ძმები. მან ველერიანესა და ტიბურტის ქრისტეს უარყოფა და წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც მათ უარით უპასუხეს. მაშინ მოწამეები სასტიკად გვემეს. წამების დროს ვალერიანე ქრისტიანებს მოუწოდებდა, სატანჯველების არ შეშინებოდათ და მტკიცედ დაეცვათ ქრისტეს სარწმუნოება.
მმართველმა, რომელსაც სურდა, რომ ხალხი წმიდა აღმსარებლის ქადაგების ზემოქმედებისთვის განერიდებინა, ბრძანა, მოწამეები ქალაქგარეთ დაესაჯათ სიკვდილით. მეომართა რაზმს, რომელსაც უკანასკნელ გზაზე მიმავალი უფლის რჩეულების დაცვა დაევალა, მაქსიმე წინამძღვრობდა. იგი გააოცა მარტვილების სიმტკიცემ და ჰკითხა მათ, რატომ არ ეშინოდათ სიკვდილის. წმიდანებმა მიუგეს, რომ ისინი დროებით ცხოვრებას მარადიული ცხოვრებისთვის თმობდნენ. მაქსიმეს აღეძრა სურვილი, უფრო საფუძვლიანად გასცნობოდა ქრისტიანთა სწავლებას. წმიდა ძმების ქადაგების შემდეგ მაქსიმემ მთელი სახლეულით აღიარა ქრისტე.
მეორე დღეს ვალერიანესა და ტიბურტის თავი მოჰკვეთეს, მაქსიმემ საჯაროდ განაცხადა, რომ ისიც ქრისტიანი იყო, ამგვარი კადნიერებისთვის იგი სულის ამოხდომამდე სცემეს (+230).
მმართველს სურდა, სიკვდილით დასჯილთა ქონება მიეთვისებინა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ წმიდა კიკილიას უკვე გლახაკებისთვის დაერიგებინა ყველაფერი და თავისი ქადაგებით ოთხასი კაცი მოექცია ქრისტიანობაზე, მისი სიკვდილით დასჯაც ბრძანა.
წმიდა მოწამე მენიგნი (+250)
წმიდა მოწამე მენიგნი უბრალო ხელოსანი იყო. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღვსილ წმინდა მენიგნის უფალმა განსაკუთრებული წყალობა მიმადლა: ნეტარმა ორჯერ გაიგონა ზეციური ხმა, რომელმაც ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრულისკენ მოუწოდა. იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას ერთი ასეთი სასწაული აღესრულა: ანგელოზმა პყრობილი ქრისტიანები ციხიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ რომ შეიტყო, მენიგნი სიხარულით აღივსო და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე. მას მოაგონდა ზეციური მოწოდება ქრისტესთვის მარტივლობისკენ, დახია მოედანზე გამოკიდებული უსჯულო დეკიუსის ბრძანება მართლმორწმუნეთა დევნის შესახებ და საჯაროდ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს (+250). აღსასრულის წინ მოწამის ბაგეებს თეთრი მტრედი მოსწყდა.წმიდა მოწამე პროკოფი წიგნისმკითხველი (+303)
წმიდა მოწამე პროკოფი იერუსალიმის ტაძრის მედავითნე იყო. იგი მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდა, რისთვისაც უფალმა ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღვთის სიტყვის მოშურნე მქადაგებელი შეიპყრეს, პალესტინის კესარიაში სამსჯავროზე წარადგინეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს (+303).ღირსი აგაბო ისმაიტელი (V)
ღირსი აგაბო ისმაიტელი სირიაში მოღვაწეობდა. იგი ღირსი ევსების მორჩილი იყო, წმიდანი მუდამ ფეხშიშველი დადიოდა, წელზე ჯაჭვებს ატარებდა, არ წვებოდა. მუდმივი შინაგანი ლოცვისა და მდუმარების ოცდათვრამეტ წლიანი ღვაწლის შემდეგ უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა.მართალი მიქაელ მხედარი, ბულგარელი (+866)
მართალი მიქაელ მხედარი ბულგარელი იყო. იგი ბავშვობიდანვე კეთილმსახურებით იღვწოდა. არსებობს გადმოცემა, რომ წმიდა მიქაელმა ლოცვით მოკლა საშინელი გველეშაპი, რომელიც ადამიანებს იტაცებდა. წმიდანი მშობლიურ ქალაქ პოტუკში გარდაიცვალა 886 წელს. აქედან მისი უხრწნელი ნაწილები ქალაქ ტირნოვოში გადაასვენეს, XIX საუკუნის დასაწყისში კი – ვლახეთში.კეთილმორწმუნე მიხეილ ტვერელი (+1318)
კეთილმსახური მთავარი მიხეილ ტვერელი წმიდა ალექსანდრე ნეველის (ხს. 23 ნოემბერს) ძმისწული იყო. იგი დაიბადა 1272 წელს. მამის – დიდი მთავრის იაროსლავ იაროსლავის ძის გარდაცვალების შემდეგ მიხეილის დედამ, ქსენიამ წმიდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს კლიმენტის მიანდო.მიხეილი ტვერის სამთავროს ტახტზე ძმას, სვიატოსლავს შეენაცვლა. წმიდა მთავრის ღვთივსათნო ცხოვრების მოშურნე და საკუთარი ამბიციებით გონებადაბინდულმა მოსკოვის მთავარმა იურიმ ჯერ ომი დაიწყო ტვერის სამთავროს წინააღმდეგ, შემდეგ კი, დამარცხებით გაბოროტებულმა, ცილისმწამებლური ბრალდებებით ოქროს ურდოში დაასმინა წმიდა მიხეილი. განრისხებულმა ხანმა თავისთან იხმო წმიდანი. უფლის რჩეულმა არ ისურვა, ხანთან უთანასწორო ბრძოლაში რუსი მეომრების სისხლი დაეღვარა და მორჩილებით გაემართა ოქროს ურდოში, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდა. გამგზავრების წინ ის გამოემშვიდობა ოჯახს, ტვერელებს და სულიერი მოძღვრისგან – იღუმენ იოანესგან მოწამეობრივ ღვაწლზე ითხოვა კურთხევა. „მამაო, – თქვა წმიდანმა, – ბევრი ვიზრუნე ქრისტიანთა შორის სიმშვიდის დასამყარებლად, მაგრამ, ჩემი ცოდვების გამო, შინაომებს ბოლო ვერ მოვუღე. ახლა მაკურთხე, რომ თუ ხალხისთვის სისხლის დათხევა მომიხდა, მათ ოდნავ მაინც ამოისუნთქონ, მე კი ცოდვები მომიტევოს უფალმა“.
ურდოში წმიდა მთავარს ხანის ურჩობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. საპყრობილეში მიხეილი, ჩვეულებისამებრ, გამუდმებით ფსალმუნებს კითხულობდა, უფალს მადლობდა მისთვის წარმოგზავნილი სატანჯველებისათვის და წინამდებარე მოწამეობრივ ღვაწლში შემწეობას სთხოვდა. დატყვევებული წმიდა მთავარი მოთმინებით იტანდა გვემას და შეურაცხყოფას. მას გაქცევაც შესთავაზეს, მაგრამ ნეტარი გაბედულად უპასუხა: „სიცოცხლეში მტრებს არასდროს გავქცევივარ! მე რომ გადავრჩე, ჩემს ხალხს კი უბედურება ეწიოს, ჩემთვის რა სახელი იქნება? იყოს ნება ღვთისა!“ წმიდა მიხეილს ხშირად აკითხავდნენ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები. ნეტარი ყოველ კვირას ამბობდა აღსარებას და ეზიარებოდა. ერთ საღამოს დატყვევებულ წმიდანთან მკვლელები შეიჭრნენ. მახვილით განგმირეს და გული ამოაჭრეს (+1318). იმავე ღამეს ბევრმა ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ნათლის ორი ღრუბელი იმ ადგილს, სადაც მარტვილი ესვენა. ურდოდან წმიდა მიხეილის ნეშტი მოსკოვში გადაასვენეს და კრემლის მაცხოვრის ტაძარში დაკრძალეს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1319 წელს შეიტყვეს ტვერელებმა, თუ რა ბედი ეწია მათ მთავარს. წმიდანის მეუღლის, მთავარი ანას (ხს. 2 ოქტომბერს) სურვილითა და ტვერელთა თხოვნით ნეტარი მიხეილ ტვერელის წმიდა ნაწილები 1320 წლის 6 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქში, მის მიერვე აგებულ უფლის ფერისცვალების ტაძარში დაკრძალეს. კეთილმსახური მთავარი 1549 წელს შერაცხეს წმიდანად, 1632 წლის 24 ნოემბერს კი მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
1912 წელს თბილისში აიგო კეთილმსახური მთავრის, მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარი.