51. 24. გონიერი და უგუნური მშენებელი

მთ. 7

24. ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა. 25. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. 26. და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. 27. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.

24. ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი. 25. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. 27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი.

მკ.

ლკ. 6

47. ყოველი რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყვათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო თქუენ, ვისა იყოს მსგავს. 48. მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროაჲ რაჲ იყო, ეკუეთა მდინარე იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძრვად მისა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. 49. ხოლო რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა სახლი მიწასა ზედა თჳნიერ საფუძველისა, რომელსა ეკუეთა მდინარე, და მეყსეულად დაეცა; და იყო დაცემაჲ სახლისაჲ მის დიდ.

47. ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს: 48. ჰგავს იგი სახლის მაშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას ეკვეთა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ვერ შეარყია, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.  49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის.

(შემდ. 7:1-10; # 52)