57. იესოს მიერ ეშმაკეული ბრმა და ყრუ-მონჯის განკურნება. ფარისეველთა მხილება და სულიწმიდას მგმობელთა განკითხვა

მთ. 12 (წინ. 12:14-21; # 49)

22. მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა. 23. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? 24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა. 25. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს. 26. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? 27. და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ. 28. უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. 29. ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს. 30. რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. 31. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. 32. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. 33. ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს. 34. ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ. 35. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. 36. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. 37. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.

22. მაშინ მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა. 23. უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო? 24. ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო. 25. მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. 26. თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მასი სამეფო? 27. და თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. 28. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს. 29. ან როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას. 30. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს. 31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. 32. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად. 33. ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე. 34. იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე. 35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. 36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. 37. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები.

მკ. 3 (წინ. 3:13-19; # 50)

20. და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად. 21. და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს. 22. და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა. 23. და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად? 24. და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი. 25. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად. 26. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს. 27. და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს. 28. ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ; 29. ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა. 30. რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.

20. მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რთმ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს. 21. გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო. 22. ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 23. მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება? 24. თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო. 25. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი. 26. ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული. 27. ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი. 28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთ, რამდენსაც უნდა ჰგმობდნენ.  29. მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა. 30. ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო.

 (შემდ. 3:31-35; # 59)

ლკ. 11(წინ. 11:1-13; # 97)

14. და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუჲ. და იყო განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და უკჳრდა ყოველსა მას ერსა. 15. ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა. 16. და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან. 17. ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევლთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის. 18. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ: ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა. 19. უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ. 20. უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. 21. რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი. 22. და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის. 23. რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.

14. ერთხელ ეშმაკი განდევნა მუნჯი კაცისგან; როგორც კი გავიდა ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს.  15. ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 16. ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით. 17. მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. 18. თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ. 19. მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. 20. ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს. 21. როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. 22. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს. 23. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს.

ინ.