ქალაქი იუდეაში
ძვ. წ. აღ. 6 წელი, 17 აპრილი
მთ. | მკ. |
ლკ. 1 39. და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. 40. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. 41. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. 42. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! 43. და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? 44. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. 45. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. 46. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, 47. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, 48. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; 49. რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, 50. და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა; 51. ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა; 52. დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; 53. მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი; 54. შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. 55. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ. 56. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა. 39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს. 40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. 41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. 42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! 43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? 44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. 45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ. 46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს, 47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო. 48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა; 49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი. 50. წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ. 51. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი. 52. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი. 53. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი. 54. შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა. 55. როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე. 56. სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში. |
ინ. |