6.02.2026. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. პარასკევი

6.02.2026. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. პარასკევი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

       „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

        „ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს„ (ებრ. 13: 16).

        ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

     გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

6.02.2026. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. პარასკევი. მსგეფსი

წმ. მელქისედეკ I-ისა, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქისა, სვეტიცხოვლის განმაახლებელისა (XI); ღირსისა დედისა ქსენისი, რომელსა ერქვა ევსებია, რომაელისა (V); მოწამეთა: ბაბილა სიცილიელისა და მოწაფეთა მისთა ტიმოთესი და აღაპისა (310); მოწამეთა: პავლესი, პავსირისა, და თეოდოტისა (284-305); მოწამისა თეოდულესი, რომელი იყო ანაზარბო ქალაქით (284-305); ღირსისა მაკედონი სირიელი მეუდაბნოისა (420); ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა VII საუკუნეში); ნეტარისა ქსენია პეტერბურგელისა (XIX).

დღის ლოცვები

ნეტარი ქსენია პეტერბურგელი

ტროპარი: ქრისტესმიერისა უპოვარებისა შემყუარებელი აწ უკუდავითა ტრაპეზითა დასტკბები, რომელმან უგუნურებისა ზმნობითა ამხილე უგუნურებაი სოფლისა, სიმდაბლითა ჯუარისათა ძალი ღმრთისა შეიწყნარე; ამისთვისცა ნიჭი სასწაულმოქმედი შემწევნელობისა მოიხვეჭე, ნეტარო ქსენია, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა სინანულისა ძლით გვიხსნას ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

ლიტ.: 1 ინ. 2: 7-17 

7. საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ. 8. თუმცა ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; ვინაიდან ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ნათობს. 9. ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე. 10. ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში. 11. ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი. 12. ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი. 13. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი. 14. ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი. 15. ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. 16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი – გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის. 17. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.

ლიტ.: მკ. 14: 3-9 

3. ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას. 4. ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა? 5. ვინაიდან შეიძლებოდა სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა და გლახაკთათვის მიგვეცა ფული. 6. ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო. 7. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 8. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად. 9. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები ტიმოთე და აღაპი III საუკუნეში ცხოვრობდნენ, რომის მახლობლად. წმიდა ბაბილა ქალაქ რეეპოლში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. იგი სიყმაწვილეშივე განერიდა მიწიერ საზრუნავებს, მთას შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმიდანთან ერთად მოღვაწეოდნენ მისი მოწაფეები: აღაპი და ტიმოთე. მოსაგრეებმა წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და აქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. ბაბილას მოღვაწეობით გაღიზიანებულმა კუნძულის მმართველმა წმიდანები შეიპყრო და სასტიკად აწამა. მათ ახოვნად დაითმინეს სატანჯველები და ბოლოს მახვილით აღესრულნენ. ქრისტეს ტარიგთა ცხედრები კოცონში ჩაყარეს, მაგრამ სიწმიდეს ალი არ გაეკარა. ადგილობრივმა ქრისტიანებმა ბაბილას, ტიმოთესა და აღაპის ნაწილები პატივით მიაბარეს მიწას.
მოწამენი პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი (III)
წმიდა მოწამენი პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამნენ ეგვიპტეში.
ღირსი ქსენია (ერობაში – ევსებია) დიდებული რომაელი სენატორის ერთადერთი ასული იყო. იგი სიყრმიდანვე აინთო საღვთო ტრფიალებით. მოსალოდნელი ჯვრისწერა თავიდან რომ აეცილებინა, ქალწულმა ორ მხევალთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და გემზე ავიდა. ღვთის ნებით, წმიდანი კესარიის ქალაქ მილასში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სავანის წინამძღვარს შეხვდა და სთხოვა, თან გაეყოლებინა ის და მისი თანამგზავრები. ევსებია ბერს ქსენიას სახელით გაეცნო. მილასში ქალწულმა მიწა იყიდა, წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ააგო და ქალთა მონასტერი დაარსა. მალე იგი კეთილმსახური ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. ღირს დედას ყველა უწვდიდა დახმარების ხელს. იგი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. თავის ღვაწლში წმიდა ექვთიმე დიდის რჩევით ხელმძღვანელობდა. წმიდა ქსენიამ ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეტარი აღსასრული ტაძრის თავზე ბრწყინვალე გვირგვინით გარშემორტყმული მანათობელი ჯვრის გამოჩინებით აღინიშნა. ეს ზეციური ნიშანი ზე ადგა ქალაქში გამოსვენებული ღირსი დედის ცხედარს და მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ გაქრა. ქსენიას წმიდა ნაწილებთან შეხებით მრავალი სნეული განიკურნა. 
ღირსი მაკედონი – ასურელი მეუდაბნოე (IV-V) თავდაპირველად მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. 25 წლის მანძილზე ფინიკიის, კილიკიის და სირიის მთებში მოგზაურობდა. შემდეგ წმიდანმა სირიის უდაბნოებში ერთი ღრმა თხრილი ამოარჩია სამკვიდრებლად და აქ, ღია ცის ქვეშ ატარებდა დღეებს ამქვეყნიურ დიდებასა და პატივს განრიდებული. ღირს მაკედონთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი დამოძღვრის მოსასმენად. სიბერის წლებში მოისმინა მეუდაბნოემ შეისმინა მათი ვედრება და ვიწრო კელიაში გადავიდა. მთელი ცხოვრების მანძილზე წმიდა მამა დანაყული და წყალში დამბალი ქერით იკვებებოდა (მიტომაც უწოდეს „კრიტოფაგი“ – ქერისმჭამელი), მხოლოდ სიცოცხლის მიმწუხრზე დაიწყო ცოტაოდენი პურის მიღება, მკაცრი მოღვაწეობით ხორციელად მოუძლურებულმა.
უფალმა თავის რჩეულს ეშმაკთა განსხმისა და სნეულთა კურნების ნიჭი მიმადლა. ღირსი მაკედონი გარდაიცვალა დაახლოებით 76 წლის ასაკში (+420).
ღირსი ფილონი კოპლასტიელი (კუნძული კვიპროსი) ეპისკოპოსი იყო. იგი მშვიდობით მიიცვალა V საუკუნეში. წმიდა მამას მიაწერდნენ მოსეს ხუთწიგნეულის კომენტარებსა და „ქება ქებათას“ განმარტებას.
ღირსი დიონისეს (XVI) ღვთივრჩეულობა ბავშვობაშივე გაცხადდა ზეციური სასწაულით: მისი აკვნის თავზე ჯვარი გაბრწყინდა. მომავალმა წმიდანმა სიყრმიდანვე შეიყვარა საღმრთო წიგნების კითხვა და ლოცვა, მშობლების სიკვდილის შემდეგ კი ათონის მთას მიაშურა და ბერად აღიკვეცა. მკაცრი მოღვაწეობით გამორჩეული მოღვაწე მალე დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი. ღირს მამასთან მრავალი მონაზონი მოდიოდა რჩევა-დარიგების მოსასმენად და ისიც დაუზარებლად მოძღვრავდა ყველას. როცა ფილოთეოსის სავანის იღუმენი გარდაიცვალა, ძმების თხოვნით, წინამძღვრობა დიონისემ იტვირთა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოეწონათ ეს არჩევანი და ბერებს შორის შუღლი და მტრობა ჩამოვარდა. წმიდა მამა ყველაფერზე მაღლა მშვიდობასა და ურთიერთსიყვარულს აყენებდა, ამიტომ ნებით გადადგა იღუმენობიდან და ჯერ ბერიას მიაშურა, შემდეგ კი ოლიმპოს მთას. აქ მან ელია წინასწარმეტყველის სახელობის სავანე დააარსა, რომლის წესდებაც თვითონ შეადგინა. ღვთივსათნო მოღვაწეობისთვის ღირს დიონისეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. იგი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში და ოლიმპოზე თავისსავე სავანეში დაკრძალეს.
წმიდა მოწამე იოანე ყაზანელი ნიჟნი ნოვგოროდიდან იყო. იგი თათრების ერთ-ერთი თავდასხმის დროს ტყვედ ჩავარდა და ყაზანში მცხოვრები ხანის ნათესავის, ალეი-შნურის ყმა გახდა. დღისით პატიოსნად ემსახურებოდა თავის ბატონს, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა, მოთმინებით იტანდა ყოველგვარ წყენას, დაცინვას და შეურაცხყოფას. ერთხელ ალეი-შნურმა გადაწყვიტა, მაჰმადიანობაზე მოექცია თავისი ტყვე. იოანემ კი განაცხადა, რომ უფლად მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს იესო ქრისტეს ცნობს. ღამით თათრებმა წმიდანი რუსულ სასაფლაოზე მიიყვანეს, მახვილით აწამეს, შეკრეს და თოვლში ჩააგდეს. გონსმოსულმა მოწამემ გაჭირვებით მიაღწია ყაზანში მცხოვრები რუსების საცხოვრებელს და ითხოვა, მღვდლისთვის ეხმოთ. ზიარების შემდეგ მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, გამთენიისას კი მიიცვალა (+24 იანვარი, 1529).
ნეტარი ქსენია პეტერბურგელი XIX საუკუნეში ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში. მისი მეუღლე, მეფის კარის მომღერალი, 26 წლის იყო, როცა ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. მწუხარებამ შესძრა ქსენიას გული და აი, სწორედ მაშინ მოუწოდა მას უფალმა ქრისტეს სალოსობისაკენ. თავისი სულიერი ღვაწლი რომ დაეფარა, წმიდანი შეშლილივით იქცეოდა, უცნაურ ტანსაცმელს იცვამდა, და გარდაცვლილი მეუღლის, ანდრიას სახელს იჩემებდა. ქონება ღარიბებს დაურიგა და არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ეცვა: საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. როცა სმოლენსკის სასაფლაოზე ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, ქსენია ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს: ეკლესიის აგებაშიც მონაწილეობდა და ხორცის მოუძლურებით სულსაც შეეწეოდა მუდმივი ლოცვის ღვაწლში. ხალხის უმეტესობა ვერ უგებდა წმიდანს და დასცინოდა. ნეტარი ქსენია მოთმინებით იტანდა წყენას და თავისი შეურაცხმყოფლების ცხონებას შესთხოვდა უფალს. დაუცხრომელი ღვაწლისთვის წმიდანის განჭვრეტის, სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიემადლა.