6.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ხუთშაბათი

6.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ხუთშაბათი

           „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

           ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

 6.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული.

პარასკევი. მარხვა

ღირსისა ტიმოთე სიმვოლელისა (795); წმიდისა ევსტათი ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა, ქართლის ეკლესიის მაკურთხეველისა (337); წმიდისა გიორგი ამასტრიდელ ეპისკოპოსისა (802-811).

დღის ლოცვები
ღირსი ტიმოთე სიმვოლელის კონდაკი:
ვითარცა რა ვარსკვლავსა მრავალმნათობსა, გიღაღადებთ შენ, ყოვლადქებულო, განანათლენ გულნი ჩუენ მაქებელთა შენთანი, საკვირველმოქმედო, ღირსო ტიმოთე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურაცხელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 7: 1-14

1. იუდას მეფის ახაზის დროს, იოთამის ძისა, ყუზიას ძისა, გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე და ფეკახ რემალიას ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს. 2. ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან. 3. უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე, 4. და უთხარი: მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი – რეცინ არამელისა და რემალიას ძის სიბრაზე. 5. რადგან შეითქვნენ შენს წინააღმდეგ არამი, ეფრემი და რემალიას ძე და თქვეს: 6. გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბეალის ძე. 7. ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ მოხდება, ეს არ იქნება! 8. რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი – რეცინი. კიდევ სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი. 9. ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი – რემალიას ძე. თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ. 10. კვლავ უთხრა უფალმა ახაზს: 11. მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან. 12. უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს. 13. უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო? 14. ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს.

მწუხრზე: დაბ. 5: 32-6: 8

32. ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.

1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, 2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. 3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. 4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. 5. დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. 6. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. 7. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე. 8. მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.

მწუხრზე: იგავ. 6: 20-7: 1 

20. დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ. 21. სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული, 22. მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება. 23. რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება, 24. რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან. 25. გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით. 26. რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სულის მომნადირებელი. 27. თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად? 28. თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად? 29. ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას. 30. არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია; 31. წაუსწრებენ და შვიდწილად ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის. 32. ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარწყმედელად აქცევს მას. 33. ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება. 34. რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს. 35. არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი.

1. შვილო, დაიმარხე ჩემი ნათქვამი და ჩემი ანდერძი დაიუნჯე.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა ევსტათი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი (323-331) III საუკუნის II ნახევარში დაიბადა. იგი ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო, ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და მათივე შუამდგომლობით იქნა არჩეული ანტიოქიის კათედრაზე პირველი მსოფლიო მამების მიერ.
დიდად განათლებული ღვთისმეტყველი წმიდა ევსტათი საერო მეცნიერებებსაც კარგად ფლობდა. როცა აღმოსავლეთში გავრცელდა არიოზის ერესი, რომელიც არ სცნობდა ძის თანაარსობას მამა ღმერთთან, სიბრძნით გაბრწყინებული მამა გაბედულად აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. 325 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) პირველი მსოფლიო კრება მოიწვია. კრების პირველი თავმჯდომარე წმიდა ევსტათი იყო. ნიკეაში შემოკრებილმა მამებმა დაგმეს არიოზის ერესი და მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლო ჩამოაყალიბეს, უსჯულო არიოზსა და მის მიმდევრებს ხარისხები აჰყარეს და ეკლესიიდან განკვეთეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ზოგმა არიანელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ იმიტომ მოაწერა ხელი ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს, რომ ხარისხი შეენარჩუნებინა. შემდგომში მათ ბინძურ ინტრიგებს მიმართეს წმიდა ევსტათის წინააღმდეგ. ცხვრის ტყავში გახვეულმა მგლებმა მღვდელმთავარი ანტიოქიის ადგილობრივი კრების მოწვევაზე დაითანხმეს, შემდეგ კი ერთი მეძავი მოისყიდეს და შეაგონეს, კრებაზე ჩვილი ბავშვით გამოცხადებულიყო და ყრმის მამად წმიდა ევსტათი დაესახელებინა. მოციქულთა კანონების მიხედვით, მღვდელმთავრისადმი წაყენებული ბრალდება ორმა მოწამემ უნდა დაადასტუროს. არიანელებმა უგულებელყვეს ეს კანონი და წმიდა მამა გასამართლების გარეშე გადაასახლეს თრაკიაში.
მწყემსმთავრის სიმართლე მალე გაცხადდა: ცილისწამების შემდეგ მძიმედ დაავადებულმა ქალმა მოუწოდა მღვდელმსახურებს და მრავალი ადამიანის თანდასწრებით აღიარა თავისი შეცდომა. ამ დროისთვის წმიდა კონსტანტინე დიდი გარდაიცვალა და ტახტზე მისი შვილი, ერეტიკოსთა თანამგრძნობი და მფარველი კონსტანცი (337-361) ავიდა. წმიდა ევსტათის არ ეღირსა სამწყსოსთან დაბრუნება. ღირსმა მამამ გადასახლებაში შეჰვედრა სული უფალს 337 წელს. დევნულობაში მყოფი წმიდანი აღსრულებამდე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. 482 წელს ღირსი ევსტათის უხრწნელი ნაწილები პატივით გადმოასვენეს ანტიოქიაში. 
 
წმიდა იოანე სქოლასტიკოსი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი განათლებით იურისტი იყო. ის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პატრიარქის ტახტზე აღასაყდრეს. წმიდა მამა 565-577 წლებში მართავდა ეკლესიას. ჯერ კიდევ ხუცესობისას მან შეადგინა საეკლესიო კანონები 50 თავად, პატრიარქობის დროს კი ეკლესიასთან დაკავშირებულ სამოქალაქო განკარგულებებს ერთ კრებულში მოეყარა თავი. ამ კრებულზე დაყრდნობით შედგა ნომოკანონი, რომელსაც ეყრდნობა საეკლესიო სამართლისწარმოება. მღვდელმთავარი იოანე არის ავტორი საეკლესიო საგალობლებისა: „რომელი ქერუბიმთა“ და „სერობასა საიდუმლოსა შენისასა“.
 
ღირსი ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. 614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო დაესხა თავს იერუსალიმს, გაძარცვა ქალაქი, უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ, 90 000-მდე ქრისტიანი დახოცა და მრავალიც ტყვედ წაასხა. ტყვეებს შორის იყო წმიდა ზაქარიაც. შემდგომში ხოსრო იძულებული გახდა, ბიზანტიელი იმპერატორის, ჰერაკლესთვის (610-641) ზავი ეთხოვა და უფლის ჯვარი და ცოცხლად დარჩენილი ტყვეები უკან დაებრუნებინა. განთავისუფლდა იერუსალიმის პატრიარქიც. იგი მშვიდობით მიიცვალა 633 წელს.
 
 

წმიდა ტიმოთე სიმბოლელი (+795) 

ღირსი ტიმოთე მეუდაბნოე, იტალიელი ბერი, მოღვაწეობდა მცირე აზიაში, ოლიმპოს მთასთან მდებარე “სიმბოლოებად“ წოდებულ მონასტერში, რომლის არქიმანდრიტი ღირსი თეოკტისტე იყო. წმიდანმა გამუდმებული ღვაწლით სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და უფლისაგან სნულებათა კურნების და არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიემადლა. მან მრავალი წელი დაჰყო განდეგილობაში: იგი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 795 წელს.

 

წმიდა გიორგი, ამასტრიდელი ეპისკოპოსი შავი ზღვის სანაპიროზე, პაფლაგონიის ქალაქ კრომნაში დაიბადა. მის მშობლებს, კეთილმსახურ ქრისტიანებს არ ეძლეოდათ შვილი და მხურვალე ლოცვებით შესთხოვდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ბოლოს მათი ვედრება შესმენილ იქნა: უკვე ხანშიშესულებს ზეციურმა ხმამ აუწყა, რომ შეეძინებოდათ ვაჟი, რომელიც მღვდელმთავარი გახდებოდა, ზეგარდამო მიენიშნათ მათ მემკვიდრის სახელიც – გიორგი.
მოსიყვარულე მშობლებმა გიორგის შესანიშნავი საერო და სასულიერო განათლება მისცეს. როცა ჭაბუკმა სრულწლოვანებას მიაღწია, დატოვა სამშობლო, სირიის მთებს მიაშურა და ერთი განდეგილი ბერის ხელმძღვანელობით მკაცრი მოღვაწეობა დაიწყო. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ გიორგი ვონისის სავანეში დაემკვიდრა და კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი ღვაწლი. ღვთის ნებით, წმიდანის კეთილმსახური ცხოვრება გაცხადდა და ქალაქ ამასტრიდის ეპისკოპოსის მიცვალების შემდეგ სამღვდელოებისა და მრევლის სურვილით მღვდელმთავრად იქნა ხელდასმული. ღირსი გიორგი დაუღალავად მოძღვრავდა სამწყსოს, ტაძრებს კეთილმოაწყობდა, ქვრივებსა და ობლებზე ზრუნავდა, გლახაკებს აპურებდა და ღვთივსათნო ცხოვრების მაგალითს იძლეოდა.
უფალმა სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მან ლოცვის ძალით განდევნა ამასტრიდიდან სარკინოზები, რომლებიც აოხრებდნენ მის შემოგარენს, სიკვდილისაგან იხსნა ტრაპიზონში უსამართლოდ მსჯავრდადებული ვაჭრები. წმიდა გიორგი მშვიდობით მიიცვალა, სულიერი შვილებით გარემოცული. ეს მოხდა იმპერატორ ნიკიფორე I (802-811) ზეობისას, 3 მარტს.