„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

6.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული.
პარასკევი. მარხვა
ღირსისა ტიმოთე სიმვოლელისა (795); წმიდისა ევსტათი ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა, ქართლის ეკლესიის მაკურთხეველისა (337); წმიდისა გიორგი ამასტრიდელ ეპისკოპოსისა (802-811).
დღის ლოცვები
ვითარცა რა ვარსკვლავსა მრავალმნათობსა, გიღაღადებთ შენ, ყოვლადქებულო, განანათლენ გულნი ჩუენ მაქებელთა შენთანი, საკვირველმოქმედო, ღირსო ტიმოთე.
20. დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ. 21. სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული, 22. მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება. 23. რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება, 24. რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან. 25. გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით. 26. რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სულის მომნადირებელი. 27. თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად? 28. თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად? 29. ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას. 30. არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია; 31. წაუსწრებენ და შვიდწილად ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის. 32. ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარწყმედელად აქცევს მას. 33. ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება. 34. რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს. 35. არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი.
1. შვილო, დაიმარხე ჩემი ნათქვამი და ჩემი ანდერძი დაიუნჯე.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ევსტათი ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (+337)
წმიდა ევსტათი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი (323-331) III საუკუნის II ნახევარში დაიბადა. იგი ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო, ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და მათივე შუამდგომლობით იქნა არჩეული ანტიოქიის კათედრაზე პირველი მსოფლიო მამების მიერ.დიდად განათლებული ღვთისმეტყველი წმიდა ევსტათი საერო მეცნიერებებსაც კარგად ფლობდა. როცა აღმოსავლეთში გავრცელდა არიოზის ერესი, რომელიც არ სცნობდა ძის თანაარსობას მამა ღმერთთან, სიბრძნით გაბრწყინებული მამა გაბედულად აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. 325 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) პირველი მსოფლიო კრება მოიწვია. კრების პირველი თავმჯდომარე წმიდა ევსტათი იყო. ნიკეაში შემოკრებილმა მამებმა დაგმეს არიოზის ერესი და მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლო ჩამოაყალიბეს, უსჯულო არიოზსა და მის მიმდევრებს ხარისხები აჰყარეს და ეკლესიიდან განკვეთეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ზოგმა არიანელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ იმიტომ მოაწერა ხელი ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს, რომ ხარისხი შეენარჩუნებინა. შემდგომში მათ ბინძურ ინტრიგებს მიმართეს წმიდა ევსტათის წინააღმდეგ. ცხვრის ტყავში გახვეულმა მგლებმა მღვდელმთავარი ანტიოქიის ადგილობრივი კრების მოწვევაზე დაითანხმეს, შემდეგ კი ერთი მეძავი მოისყიდეს და შეაგონეს, კრებაზე ჩვილი ბავშვით გამოცხადებულიყო და ყრმის მამად წმიდა ევსტათი დაესახელებინა. მოციქულთა კანონების მიხედვით, მღვდელმთავრისადმი წაყენებული ბრალდება ორმა მოწამემ უნდა დაადასტუროს. არიანელებმა უგულებელყვეს ეს კანონი და წმიდა მამა გასამართლების გარეშე გადაასახლეს თრაკიაში.
მწყემსმთავრის სიმართლე მალე გაცხადდა: ცილისწამების შემდეგ მძიმედ დაავადებულმა ქალმა მოუწოდა მღვდელმსახურებს და მრავალი ადამიანის თანდასწრებით აღიარა თავისი შეცდომა. ამ დროისთვის წმიდა კონსტანტინე დიდი გარდაიცვალა და ტახტზე მისი შვილი, ერეტიკოსთა თანამგრძნობი და მფარველი კონსტანცი (337-361) ავიდა. წმიდა ევსტათის არ ეღირსა სამწყსოსთან დაბრუნება. ღირსმა მამამ გადასახლებაში შეჰვედრა სული უფალს 337 წელს. დევნულობაში მყოფი წმიდანი აღსრულებამდე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. 482 წელს ღირსი ევსტათის უხრწნელი ნაწილები პატივით გადმოასვენეს ანტიოქიაში.
წმიდა იოანე სქოლასტიკოსი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+577)
წმიდა იოანე სქოლასტიკოსი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი განათლებით იურისტი იყო. ის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პატრიარქის ტახტზე აღასაყდრეს. წმიდა მამა 565-577 წლებში მართავდა ეკლესიას. ჯერ კიდევ ხუცესობისას მან შეადგინა საეკლესიო კანონები 50 თავად, პატრიარქობის დროს კი ეკლესიასთან დაკავშირებულ სამოქალაქო განკარგულებებს ერთ კრებულში მოეყარა თავი. ამ კრებულზე დაყრდნობით შედგა ნომოკანონი, რომელსაც ეყრდნობა საეკლესიო სამართლისწარმოება. მღვდელმთავარი იოანე არის ავტორი საეკლესიო საგალობლებისა: „რომელი ქერუბიმთა“ და „სერობასა საიდუმლოსა შენისასა“.წმიდა ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი (+633)
ღირსი ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. 614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო დაესხა თავს იერუსალიმს, გაძარცვა ქალაქი, უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ, 90 000-მდე ქრისტიანი დახოცა და მრავალიც ტყვედ წაასხა. ტყვეებს შორის იყო წმიდა ზაქარიაც. შემდგომში ხოსრო იძულებული გახდა, ბიზანტიელი იმპერატორის, ჰერაკლესთვის (610-641) ზავი ეთხოვა და უფლის ჯვარი და ცოცხლად დარჩენილი ტყვეები უკან დაებრუნებინა. განთავისუფლდა იერუსალიმის პატრიარქიც. იგი მშვიდობით მიიცვალა 633 წელს.
წმიდა ტიმოთე სიმბოლელი (+795)
ღირსი ტიმოთე მეუდაბნოე, იტალიელი ბერი, მოღვაწეობდა მცირე აზიაში, ოლიმპოს მთასთან მდებარე “სიმბოლოებად“ წოდებულ მონასტერში, რომლის არქიმანდრიტი ღირსი თეოკტისტე იყო. წმიდანმა გამუდმებული ღვაწლით სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და უფლისაგან სნულებათა კურნების და არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიემადლა. მან მრავალი წელი დაჰყო განდეგილობაში: იგი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 795 წელს.
წმიდა გიორგი ამასტრიდელი ეპისკოპოსი (+802-811)
წმიდა გიორგი, ამასტრიდელი ეპისკოპოსი შავი ზღვის სანაპიროზე, პაფლაგონიის ქალაქ კრომნაში დაიბადა. მის მშობლებს, კეთილმსახურ ქრისტიანებს არ ეძლეოდათ შვილი და მხურვალე ლოცვებით შესთხოვდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ბოლოს მათი ვედრება შესმენილ იქნა: უკვე ხანშიშესულებს ზეციურმა ხმამ აუწყა, რომ შეეძინებოდათ ვაჟი, რომელიც მღვდელმთავარი გახდებოდა, ზეგარდამო მიენიშნათ მათ მემკვიდრის სახელიც – გიორგი.მოსიყვარულე მშობლებმა გიორგის შესანიშნავი საერო და სასულიერო განათლება მისცეს. როცა ჭაბუკმა სრულწლოვანებას მიაღწია, დატოვა სამშობლო, სირიის მთებს მიაშურა და ერთი განდეგილი ბერის ხელმძღვანელობით მკაცრი მოღვაწეობა დაიწყო. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ გიორგი ვონისის სავანეში დაემკვიდრა და კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი ღვაწლი. ღვთის ნებით, წმიდანის კეთილმსახური ცხოვრება გაცხადდა და ქალაქ ამასტრიდის ეპისკოპოსის მიცვალების შემდეგ სამღვდელოებისა და მრევლის სურვილით მღვდელმთავრად იქნა ხელდასმული. ღირსი გიორგი დაუღალავად მოძღვრავდა სამწყსოს, ტაძრებს კეთილმოაწყობდა, ქვრივებსა და ობლებზე ზრუნავდა, გლახაკებს აპურებდა და ღვთივსათნო ცხოვრების მაგალითს იძლეოდა.
უფალმა სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მან ლოცვის ძალით განდევნა ამასტრიდიდან სარკინოზები, რომლებიც აოხრებდნენ მის შემოგარენს, სიკვდილისაგან იხსნა ტრაპიზონში უსამართლოდ მსჯავრდადებული ვაჭრები. წმიდა გიორგი მშვიდობით მიიცვალა, სულიერი შვილებით გარემოცული. ეს მოხდა იმპერატორ ნიკიფორე I (802-811) ზეობისას, 3 მარტს.