…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
6.07.2026. ხსნილი თევზით
მოწამისა აგრიპინასი (253-260); მოწამეთა: ევსტუქი ხუცისა და შვილთა მისთა: პროვასი, ლულასი, ორბანესი და გაიანე ძმისწულისა მისისა (IV); ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა (1480).
დღის ლოცვები
ვლადიმერის ღმრთისმშობლის ხატის ტროპარი:
ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოი, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა იხსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იხსნენ სულნი ჩუენნი.
მოწამე აგრიპინას კონდაკი:
ბრწყინვალეთა მათ ღუაწლთა შენთა ნათლით შემოსილი დღე წარმოგვიდგა ჩუენ, რომელსა შინა პატივისმცემელნი შენნი საღმრთოსა ამას ეკლესიასა სიხარულით შემოვკრბებით გალობად შენდა: გიხაროდენ, ქალწულმოწამეო აგრიპინა, ყოვლადპატიოსანო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 16: 17-24 (დას. 121). მთ. 13: 10-23 (დას. 51) – ორშ.
1 კორ. 1: 1-9 (დას. 122), მთ. 13: 24-30 (დას. 52) – სამშ.
ლიტ.: რომ. 16: 17-24
17. შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი. 18. რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს. 19. თქვენი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენს გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი – ბოროტებისთვის. 20. ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ. 21. მოკითნვას გითვლიან ტიმოთე, ჩემი შემწე, აგრეთვე იასონი და სოსიპატრე, ჩემი ნათესავები. 22. მოგიკითხავთ მე, ტერციუსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი უფლის მიერ. 23. მოგიკითხავთ გაიუსი, ჩემი და მთელი ეკლესიის მესტუმრე; მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კვარტუსი. 24. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
ლიტ.: მთ. 13: 10-23
10. მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით? 11. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ არ მისცემია. 12. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა. 14. და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. 15. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი. 16. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ. 17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს. 18. მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი: 19. ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა. 20. ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას. 21. მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება. 22. ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას. 23. პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად.
ლიტ.: 1 კორ. 1: 1-9
1. პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, – 2. ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ქრისტე იესოს მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმიდათ, ყველასთან ერთად, ვინც ყველგან, მათთან თუ ჩვენთან, მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს: 3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ. 4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ. 5. რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით. 6. ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში. 7. ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას, 8. ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. 9. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.
ლიტ.: მთ. 13: 24-30
24. სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში. 25. ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა. 26. როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. 27. მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი? 28. ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს: თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას. 29. მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ. 30. აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში.
ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა (1480)

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე აგრიპინა (+253-250)
წმიდა მოწამე აგრიპინა რომაელი იყო, მან ღვთის სიყვარულის გამო უარი თქვა ჯვრისწერაზე და ქალწულების აღთქმა დადო. როცა იმპერატორმა ვალერიანემ (253-259) მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო, ქრისტეს ტარიგი სამსჯავროზე წარდგა და უშიშრად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამის გამო უსჯულოებმა იგი დაატუსაღეს, წამებით მთლიანად დაუწყლულეს სხეული და ძვლები დაუმტვრიეს. ნატანჯ ქალწულს მტარვალებმა ბორკილები დაადეს, მაგრამ ანგელოზმა გაანთავისუფლა საკვრელთაგან. წმიდა აგრიპინამ ვერ გაუძლო გადატანილ ტანჯვას და დაუძლურებულმა სული უფალს შეჰვედრა. ქრისტიანმა დედებმა ვასამ, პავლამ და აღათონიკამ ფარულად აიღეს მარტვილის ცხედარი და სიცილიაში გადაასვენეს, სადაც მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. დაახლოებით XI საუკუნეში აგრიპინას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს.წმიდა მოწამენი: ევსტოქი, გაიოზი, პროვი, ლოლი, ურვანე და სხვანი (V)
წმიდა მოწამენი: ევსტოქი, გაიოზი, პროვი, ლოლი და ურვანე ეწამნენ უსჯულო იმპერატორის მაქსიმიანეს (286-310) მეფობაში, როცა ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ.წმიდა ევსტოქი წარმართი ქურუმი იყო, მაგრამ ქრისტეს მარტვილთა საოცარი სიმამაცისა და მათ მიერ აღსრულებული სასწაულების მხილველმა, ირწმუნა ქრისტე. ქურუმყოფილი ანტიოქიელმა ეპისკოპოსმა ევდოქსიმ მონათლა და ხუცესად დაასხა ხელი. ქალაქ ლუსტრაში ევსტოქიმ მართლმადიდებლობაზე მოაქცია თავისი ახლო ნათესავი გაიოზი და მთელი მისი სახლეულობა, მათ შორის ყრმები: პროვი, ლოლი და ურვანე. იმპერატორის მეომრებმა შეიპყრეს წმიდანი და სამსჯავროზე წარადგინეს. სატანჯველებმა ვერ მოდრიკეს ნეტარი აღმსარებელი, ამიტომ გაიოზის ახალმოქცეულ ოჯახთან ერთად, გალატიის ქალაქ ანკვირში გაგზავნეს მმართველ აგრიპინასთან. აქ მტარვალებმა ყველანი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, მხეცურად აწამეს, რის შემდეგაც ქრისტეს მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.