გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
ღირსისა ილარიონ თვალელისა, ღირსისა გიორგი მთაწმიდელის მოძღვრისა (1041); მოწამისა ქრისტინა ქალწულისა (300); მოწამეთა, კეთილმორწმუნეთა მთავართა ბორისისა (რომანოზისა) და გლებისა (დავითისა) (1015).
დღის ლოცვები
მოწამე ქრისტინას კონდაკი:
ნათლის სახედ ტრედად იცნობე, მქონებელი ფრთეთა ოქროვანთა, და სიმაღლისა მიმართ ცათასა აღმოფრინდი, ქრისტინა პატიოსანო; ამისთვისცა დიდებულსა დღესასწაულსა შენსა აღვასრულებთ და სარწმუნოებით თაყუანს ვსცემთ ნაწილთა შენთა ლარნაკსა, რომლისა მიერ აღმოეცენებიან ყოველთა მდიდრად კურნებანი საღმრთონი სულთა და ხორცთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ტროპარი ღირსისა (საზიაროთაგან) ილარიონ თუალელისა:
შენ შორის, საკჳრველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატებაჲ, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ჴორცთასა, ვითარცა წარმავალისასა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისათჳსცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო [ღირსო (რუსულიდან)] ილარიონ.
კონდაკი ღირსისა (საზიაროთაგან) ილარიონ თუალელისა:
სიწმიდითა სულისაჲთა საღმრთოდ შეიჭურვე, [და] დაუცხრომელად ლოცვაჲ, ვითარცა რაჲ ლახუარი, ჴელთ-დევ; კადნიერად განჰგუმირე ეშმაკთა ბანაკნი, საკჳრველთმოქმედო მამაო ჩუენო ილარიონ, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.
ტროპარი დიდისა მოწამისა ქრისტინესი:
ტარიგი შენი, იესუ, ქრისტინე ჴმობდა ჴმითა მაღლითა: შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა-ჯუარს-ვეცუმი, და თანა- დავეფლვი შენდა ნათლისღებითა, და მელმის შენთჳს, რაჲთა ვსუფევდე შენ თანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათჳს, რაჲთა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხუერპლი უბიწოჲ მიმითუალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი დიდისა მოწამისა ქრისტინესი:
ნათლისსახედ ტრედად იცნობე, მქონებელი ფრთეთა ოქროვანთა, და სიმაღლისა მიმართ ცათაჲსა აღჰფრინდი, ქრისტინა პატიოსანო, ამისთჳსცა დიდებულსა დღესასწაულსა შენსა აღვასრულებთ, და სარწმუნოებით თაყუანის-ცემთ ნაწილთა შენთა ლარნაკსა, რომლისა მიერ აღმოეცენებიან ყოველთა მდიდრად კურნებანი საღმრთონი სულთა და ჴორცთა.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 კორ.13: 4 – 14: 5 (დას. 154). მთ. 20: 1-16 (დას. 80).
წმ. ილარიონისა: გალ. 5: 22-6: 2. მთ. 11: 27-30
ლიტ.: 1 კორ.13: 4 – 14: 5
4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. 9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ. 10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი. 11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს. 12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები. 13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.
1. მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია. 2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს. 3. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს. 4. ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. 5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი – წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.
ლიტ.: მთ. 20: 1-16
1. ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები. 2. დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი. 3. მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინახა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები. 4. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. 5. ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა. 6. ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად? 7. მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. 8. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე. 9. მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი. 10. მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. 11. და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენახის პატრონს 12. და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე. 13. ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი? 14. მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. 15. იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი? 16. ასე იქნებიან უკანასკნელნი – პირველნი, და პირველნი – უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი – რჩეულნი.
წმ. ილარიონისა: გალ. 5: 22-6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
წმ. ილარიონისა: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე ქრისტინე (+დაახლ.300)

მარტოობაში მყოფმა ქალწულმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ ვინ შექმნა ეს მშვენიერი სამყარო. თავისი ოთახის სარკმლიდან იგი შესცქეროდა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას და თანდათანობით მიდიოდა დასკვნამდე, რომ ყველაფერ არსებულს ერთი შემოქმედი ჰყავს. იგი მიხვდა, რომ კერპებს არ შეეძლოთ რაიმეს შექმნა, რადგან თავად იყვნენ შექმნილნი ადამიანთა ხელით, და იგი ცრემლიანი ლოცვებით შესთხოვდა ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, გაეცხადებინა მისთვის საკუთარი თავი. ნეტარის სული თანდათან შეუცნობელი უფლის მხურვალე სიყვარულით აღივსო და უმატა გულწრფელ ლოცვა-ვედრებასა და მარხვას.
ქრისტინეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა. მან ასულს ქრისტეს სასძლო უწოდა და ისიც უწინასწარმეტყველა, რომ უფლის სახელისთვის წამების დათმენა მოუწევდა. ამის შემდეგ წმიდანმა ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკი შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა. როცა მამამ, ურბანოსმა შვილი მოინახულა, გაოცებულმა იკითხა, კერპები სად გაქრნენო. ქრისტინე დუმდა. მმართველმა მხევლებს მოუწოდა, მათგან შეიტყო სიმართლე და, გაგონილით გონდაკარგულმა, ბრძანა, დაეხოცათ შვილის მხევლები, თავად ქრისტინე კი საშინელი წამების შემდეგ დილეგში ჩააგდო. როცა დედამ შეიტყო მომხდარი, მოთქმითა და ტირილით მიეახლა შვილს და სთხოვა, მამაპაპურ სარწმუნოებას დაბრუნებოდა. მაგრამ ქრისტინე შეურყეველი დარჩა. მეორე დღეს ურბანოსმა მოუხმო ასულს, კიდევ ერთხელ შეეცადა, კერპების თაყვანისცემაზე დაეყოლიებინა, თან დანაშაულის პატიებასაც ითხოვდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო: ქრისტეს ტარიგი ურყევად სასოებდა მაცხოვარს.
მტარვალებმა რკინის ბორბალზე დააკრეს ნეტარი და ქვეშ ცეცხლი შეუნთეს. ყოვლადდასაწველი მსხვერპლივით ყოველმხრივ ედებოდა ალი კოცონზე მბრუნავ წმიდანის სხეულს. ბოლოს, ნაწამები, კვლავ საკანში გამოკეტეს.
ღამით ქრისტინეს ანგელოზმა დაუამა წყლულები და საზრდელით განამტკიცა. გამთენიისას ურბანოსმა სასწაულებრივ განკურნებული ასული რომ იხილა, განკარგულება გასცა, ზღვაში ჩაეხრჩოთ იგი, მაგრამ ფსკერისკენ მხოლოდ წმიდანის კისერზე გამობმული ლოდი დაექანა, თავად უფლის მხევალი კი, ღვთაებრივი ძალით ამსუბუქებული, სასწაულებრივ გავიდა ნაპირზე და მამის წინაშე წარდგა. შეძრწუნებულმა მტარვალმა ყველაფერი ჯადოქრობას მიაწერა და გადაწყვიტა, დილით სიკვდილით დაესაჯა ქრისტინე, მაგრამ საკვირველი და მიუწვდომელია ღვთის განგებულება: იმ ღამით თავად მიიცვალა. მის ნაცვლად დანიშნულმა ახალმა მმართველმა, დიონმა იხმო მოწამე და შეეცადა, ქრისტეს უარყოფაზე დაეთანხმებინა, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, ახალი სატანჯველი დაატეხა მას თავს. წმიდა ქრისტინე დიდხანს ჰყავდათ დილეგში გამომწყვდეული. მნახველები აღწევდნენ მასთან და მისი მადლმოსილი სიტყვებით გონებაგანათებულნი, ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს: ნეტარმა სამი ათასამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.
დიონის შემდეგ ტვირის მმართველად იულიანე დაადგინეს. მან განაახლა წმიდა ქრისტინეს წამება, ბოლოს კი, მრავალგვარი სატანჯველით ვნებული ასულის გახურებულ ღუმელში შეგდება და გამოკეტვა ბრძანა. ხუთი დღის შემდეგ ღუმელის კარები გააღეს და უფლის რჩეული ცოცხალი და უვნებელი იხილეს. აღსრულებული სასწაულების მრავალი მოწმე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, უღმრთო მტარვალებმა კი ქრისტეს სასძლოს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა ილარიონ თუალელი (XI)

ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. „ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთად უწყის და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანაწარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა“. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქის მახლობლად მდებარე თუალის მოანსტრიდან.
წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს სიწმიდე და სიბრძნე, რითაც გიორგიმ დაატკბო საქართველოს ეკლესია. მიხეილ საბინინის (1845-1900) ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს.
კეთილმორწმუნენი მთავარნი, მოწამენი ბორისი და გლები, წმიდა ნათლისღებით – რომანოზი და დავითი (+1015)
წმიდა მოწამენი, კეთილმორწმუნენი მთავარნი ბორისი და გლები (წმიდა ნათლისღებით – რომანოზი და დავითი) მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმირის (ხს. 15 ივლისს) შვილები იყვნენ. ისინი სიყრმიდანვე კეთილმსახურებით გამოირჩეოდნენ. ვლადიმირმა თავისსავე სიცოცხლეში დაუნაწილა მიწები ვაჟიშვილებს: ბორისს რიაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი – მურომისა. ძმები დაუცხრომლად იღვწოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად.1015 წელს, წმიდა ვლადიმირის ნეტარი აღსასრულის შემდეგ, დიდი სამთავრო ხელში ჩაიგდო მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში „წყეულის“ სახელით შესულმა სვიატოპოლკმა. მან წმიდა ძმების მოკვლა გადაწყვიტა. ამ დროს მომხდურ პაჭანიკებთან ბრძოლიდან მობრუნებული წმიდა ბორისი თავისი რაზმით მდინარე ალტასთან იყო დაბანაკებული. სვიატოპოლკმა ბორისს ელჩები გაუგზავნა, მამის გარდაცვალება ამცნო და ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდა, თან კი გზიდან მის ჩამოსაშორებლად მკვლელები დაიქირავა. 24 ივლისის ღამეს ბოროტგანმზრახველები წმიდა მთავრის კარავთან მიიპარნენ, მაგრამ კარიდან ფსალმუნთა გალობა მოესმათ და გადაწყვიტეს, დაეცადათ, სანამ ბორისი დასაძინებლად დაწვებოდა.
მკვლელები თავს დაესხნენ წმინდანს და, მახვილებით დაწყლულებული, სვიატოპოლკთან წაიყვანეს. ამ უკანასკნელმა როცა შეიტყო, რომ ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხალხი გაგზავნა მის მოსაკლავად. წმიდა მთავრის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში, კიევიდან თხუთმეტი ვერსის მოშორებით, და წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
ბორისის მკვლელობის შემდეგ სვიატოპოლკმა მალემსრბოლები გაგზავნა იმჟამად სმოლენსკის მახლობლად მყოფ გლებთან და თითქოს მძიმედ დასნეულებულ მამასთან მოუხმო. გლებიც დაუყოვნებლივ გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად. გზაში, მკვლელები წამოეწივნენ ნეტარს, მახვილებით მოუსწრაფეს სიცოცხლე, მისი ცხედარი კი იქვე, მდინარე სმიადინის პირას მიაგდეს და ზედ ფიჩხები დააყარეს. უფლის რჩეულის წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: ზოგჯერ მას ნათლის სვეტი ადგებოდა თავს, ზოგჯერ კი გამვლელებსა და მწყემსებს ანგელოზთა ტკბილი გალობა ესმოდათ. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს, გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს იგი თავიანთ ქალაქში.
იაროსლავმა გლების წმიდა ნეშტი ვიშგოროდში გადაასვენა და ბორისის გვერდით დაკრძალა, წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმიდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილები იქ გადააბრძანა (იხილეთ 2 მაისის საკითხავი).
