6.09.2026. მე-14 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა V.

6.09.2026. მე-14 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა V.

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-14 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა V.

6.09.2026. შაბათიხსნილი. 

ღირსისა სერაპიონ სასწაულთმოქმედისა, ნათლისმცემლის მონასტრის (გარეჯის უდაბნოში) წინამძღვრისა (1747); წმიდათა აღმსარებელთა: ეპისკოპოს სტეფანესი (1936), დეკანოზ პოლიევქტოსისა (1936) და მღვდელ ფილიმონისა (1879), წმიდათა მღვდელმოწამეთა: დეკანოზ ანდრიასი და მღვდელ პეტრესი, კარბელაშვილებისა* (1924); მღვდელმოწამისა ევტიქისა, იოანე ღმრთისმეტყველის მოწაფისა (I-II); მოწამისა ტატიანესი (305); ქალწულმოწამისა სირა სპარსელისა (558); ღირსისა გიორგი ლიმნელისა (VIII); 39-თა თრაკიელთა მოწამეთა, რომელთა სახელებია: სევერიანე, მემნონ, რიონი, ანტვილიანე, მოლია, ევდემონ, სილოვანე, სავინე, ევსტათი, სტრატიონ, ვოსვა, ტიმოთე, პალმატო, მესტო, ნიკონ, დიფილე, დომეტი, მაქსიმე, ნეოფოტე, ბიკტორ, ნინოს, სატორნინე, ეპაფროდიტე, კერკა, გაიოს, ზოტიკე, კორნიონ, პართენი, აქილევ, პანთირი, ხრვისანთე, ათინოდორე, პანტოლეონ, თეოსები, გენეთლი, ანთოსორე, ზოილე, ტვირანე და აგათონ (284-305). 

დღის ლოცვები  

მღვდელოწამე ევტიქის, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის კონდაკი:

მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღდელთმთავართა შუენიერებაი იქმენ, ევტიქი, მოწამეობაი ადიდენ და განბრწყინდი, ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველთა, და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღდელსა, მესაიდუმლოესა ქრისტესსა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-3, მკ. 16: 9-20 (დას. 71).
ლიტ.: 2 კორ. 1: 21-2: 4 (დას. 170). მთ. 22: 1-14 (დას. 89). 

ცისკ.: მკ. 16: 9-20 

9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.

ლიტ.: 2 კორ. 1: 21-2: 4 

21. ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი, 22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში. 23. და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში; 24. იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ. 

1. ამიტომაც გადავწყვიტე, დამწუხრებული აღარ მოვსულიყავი თქვენთან. 2. რადგანაც თუ მე გამწუხრებთ, მაშ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც ჩემს მიერ წუხს? 3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. 4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი.

ლიტ.: მთ. 22: 1-14 

1. კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ: 2. ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი. 3. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა. 4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში. 5. მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში. 6. დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. 7. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი. 8. მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. 9. მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შემხვდური. 10. გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი. 11. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი. 12. და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა. 13. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 14. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი – რჩეულნი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე ევტიქი – მოწაფე წმიდა იოანე ღვთისმეტყველისა (I)
მღვდელმოწამე ევტიქი პალესტინის სებასტიიდან იყო და I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე მოციქულს შეხვდა და მასთან ერთად ქადაგებდა მრავალ ქვეყანაში. ევტიქი მშობლიურ ქალაქში აღესრულა მოწამეობრივად – მტარვალებმა მას II საუკუნის დასაწყისში მახვილით თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა მოწამე ტატიონე (+305)
წმიდა მოწამე ტატიონე ცხოვრობდა ბითვინიაში. ის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. როცა ღვთისმბრძოლებმა შეიტყვეს, რომ იგი ქრისტეს მსასოებელი იყო, შეიპყრეს და ქალაქ კლავდიოპოლში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საშინლად ნაწამები წმიდანი, რომელიც ქუჩებში თრევით მიჰყავდათ სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ქალაქის კარიბჭესთან აღესრულა (+ 305 ). 
წმიდა მოწამე სირა ქალწული – სპარსელი (+558)
წმიდა მოწამე სირა ქალწული VI საუკუნეში ცხოვრობდა სპარსეთში. იგი იყო ცნობილი ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმის ელიმაიდის ასული. სირა მამამ ქურუმ ქალს მიაბარა აღსაზრდელად. ქალწულმა მისგან მოგვობის ცრუმეცნიერება შეითვისა და ცეცხლის საკერპოს ქურუმი გახდა. ერთხელ ქრისტიან ქალთან საუბრისას ნეტარმა ირწმუნა მაცხოვრის სწავლების ჭეშმარიტება და ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო: სწავლობდა ლოცვებსა და ფსალმუნებს, მარხულობდა და თანდათან ეცნობოდა საღვთო წერილსა და ქრისტიანულ მოძღვრებას.
გავიდა ხანი და სირა ავად გახდა. იგი ქრისტიანულ ტაძართან მივიდა და ხუცესს სთხოვა, ცოტაოდენი მტვერი მიეცა მისთვის ეკლესიიდან – იმედოვნებდა, რომ ის განკურნავდა. მღვდელი წმიდა ქალწულს იცნობდა, როგორც კერპთმსახურს და უარით გაისტუმრა. საკუთარ უღირსობაში ღრმად დარწმუნებული სირა ოდნავადაც არ განრისხებულა, პირიქით, უფრო სასოებით აღივსო, რწმენით შეეხო ხუცესის შესამოსელს, როგორც ოდესღაც სისხლმდინარე დედაკაცი – მაცხოვრის სამოსლის „ფესვს“ (მთ. 9, 20-22) და მაშინვე განიკურნა. ნეტარის ახლობლები ხედავდნენ მის დამოკიდებულებას ქრისტიანობასთან და ყოველნაირად ცდილობდნენ, დაებრკოლებინათ იგი. მათ სირას დედინაცვალს სთხოვეს, ხელი აეღებინებინა მისთვის ამ განზრახვაზე. დედინაცვალმა მოატყუა წმიდანი, მეც ფარული ქრისტიანი ვარო – და უთხრა, ჭეშმარიტი სარწმუნოება გულით ეტარებინა, გარეგნულად კი ცეცხლთაყვანისცემა განეგრძო, რადგან, შეიძლება მას ვერ გაეძლო წამებისთვის და უარი ეთქვა ქრისტიანობაზე. ქალწულმა ყოყმანი დაიწყო – ნათელეღო და განცხადებულად ეღიარებინა ქრისტე, თუ ისევე დარჩენილიყო – საქმით ქურუმი და გულით ქრისტიანი. ამ სულიერ ბრძოლაში თვითონ უფალი გამოეცხადა წმიდანს. სასწაულებრივი ხილვით გაოგნებულმა სირამ გააკეთა საბოლოო არჩევანი – ეპისკოპოსთან მივიდა და ნათლისღება სთხოვა. მღვდელმთავარმა ქალწულის სურვილის შესრულება გადადო: შიშობდა, მოგვებისთვის ქრისტიანთა დევნის საბაბი არ მიეცა, თან ფიქრობდა, მამის რისხვით შეშინებულმა ასულმა, შესაძლოა, უარყოსო კიდეც ქრისტე. მან სირას ურჩია, ჯერ აშკარად ეღიარებინა თავისი სარწმუნოება ნათესავების წინაშე.
ერთხელ, დილის მსხვერპლშეწირვის დროს, წმიდა სირამ ჩააქრო სპარსთაგან ღმერთად სახელდებული ცეცხლი, სამსხვერპლო დაანგრია და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ქრისტიანი იყო. განრისხებულმა მამამ საშინლად სცემა წმიდანი და საპყრობილეში ჩააგდო. მეორე დღეს მამამისი ფერებითა და საჩუქრებით ეცადა ასულის გადაბირებას, მაგრამ ურყევი იყო წმიდანის გადაწყვეტილება. მაშინ მამამ წმიდა მოწამე მთავარ ქურუმსა და მმართველს გადასცა. მარტვილს დიდხანს აწამებდნენ დილეგში, მაგრამ, უფლისგან განმტკიცებულს, მაცხოვრის სასოება ოდნავადაც არ განელებია. ერთხელ სირამ მოისყიდა საკანის მცველები, ეპისკოპოსთან მივიდა და მოინათლა. წამებით მოუძლურებული წმიდანი სასიკვდილოდ დაავადდა. იგი შესთხოვდა უფალს, სნეულებით არ მოეკლა და მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გაეხადა. ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განკურნა. საღსალამათი ქალწული რომ იხილეს, საკნის მცველმა და ციხისთავმა გადაწყვიტეს, ძალა ეხმარათ მასზე, მაგრამ ზეგარდმო სასჯელმაც არ დააყოვნა: ერთი ლოგინად ჩავარდა, მეორეს კი სული აღმოხდა. წმიდა სირას დახრჩობა გადაუწყვიტეს.
სასიკვდილო სასჯელი განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით აღასრულეს – დროდადრო თოკს უშვებდნენ და მარტვილს ეკითხებოდნენ, გადაწყვეტილება ხომ არ შეგიცვლია და ცოცხლებში დარჩენა ხომ არ გსურსო. სულთმობრძავი ქრისტეს ტარიგი უარით პასუხობდა და ითხოვდა, დაეჩქარებინათ განაჩენის სისრულეში მოყვანა. სირას სხეული ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ სიწმიდეს პირი არ დააკარეს. უფლის სათნომყოფელის წმიდა ცხედარი ქრისტიანებმა მიწას მიაბარეს (+558). 
ღირსი გიორგი ლემნოსელი (VIII)
ღირსი გიორგი ლემნოსელი დაიბადა კუნძულ ლემნოსზე. ის კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ოლიმპის სავანის ბერი იყო. წმინდანი ხატთაყვანისცემისათვის ეწამა ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ზეობისას. მრავალგვარი წამების შემდეგ ჯალათებმა მას თმებზე ცეცხლი წაუკიდეს და, სახედამწვარს, ცხვირი მოაჭრეს. ღირსი გიორგი გარდაიცვალა დაახლოებით 716 წელს ღრმა მოხუცებულობაში. 
ღირსი მამაჲ ჩვენი სერაპიონ საკვირველთმოქმედი, ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1747)
ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.
ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და, შეწუხებულებმა, წინამძღვარს აუწყეს ყოველი. „დიდია ღმერთი, არ დავანებებ არაწმიდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას“, – თქვა წმიდა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გაედევნა მძარცველებს. ავაზაკებმა როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი ტვირთით იქვა დატოვეს და თვითონ კლდე-ღრეში მიიმალენენ. შემდგომ ავაზაკებს უთქვამთ: „ვინ იყო ის მონაზონი, რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდაო“.
სხვა დროს ნეტარი სერაპიონი თავის სენაკში ლოცულობდა. მოულოდნელად გარეთ გამოვიდა შეწუხებული და ძმებს უთხრა: „ვაი, ვაი, მონასტრის მსახურები ავაზაკებს გადაეყარნენ“. ეს თქვა და მაშინვე სენაკში შევიდა, დახშო კარი და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მსახურები შეწუხებულები მოვიდნენ და თქვეს, გზაზე ავაზაკები შეგვხვდნენ, ჩვენ სახედრები ტვირთითურთ მივატოვეთ და გაქცევით ვუშველეთ თავსო. ცოტა ხნის შემდეგ დატვირთული სახედრებიც დაბრუნდნენ მონასტერში ადამიანთა თანხლების გარეშე. ღვთის მადლითა და ღირსი სერაპიონის წმიდა ლოცვით უვნებლად დაბრუნებული მსახურები ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მამა სერაპიონს დაფარული გამოუცხადა თავისი სიმდაბლისა და სიკეთისათვის.
სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმიდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოებაც ეუწყა და ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო. წმიდა სერაპიონი 1747 წელს აღესრულა. ანდერძისამებრ დაკრძალეს ტაძრის შესასვლელში.