6.10.2025. მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

6.10.2025. მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

     19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

6.10.2025. ხსნილი

მუცლადღება პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყვლისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი; ღირსთა დედათა ქსანთიპასი და პოლიქსენიასი (109); ქალწულმოწამისა ირაიდასი (308); მოწამეთა: ანდრიასი, იოანესი და ძეთა იოანესთა პეტრესი და ანტონინესი (IX).

დღის ლოცვები

მუცლადღება პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნალისმცემელისა იოანესი

ტროპარი: პირველ არა მშობელი ბერწი იხარებდ, რამეთუ აჰა ესერა მუცლად-იღე სანთელი მზისა ბრწყინვალე, რომელსა ეგულვების განათლება ყოვლისა სოფლისა, ვერ მხედველობით მოუძლურებულისა, იხარებდ ზაქარია და ღაღადებდ კადნიერებით: წინაისწარმეტყველი არს მაღლისა, რომელსა ეგულვების შობაი.
კონდაკი: იხარებს ბრწყინვალედ ზაქარია დიდი ყოვლადქებულისა ელისაბედ მეუღლისა თანა, ღირსებით მუცლად-მღებელნი იოანე წინამორბედისანი; მთავარანგელოზმან ახარა: გიხაროდენ, და ჩუენ კაცნი ღირსად თანამდებობით პატივს ვსცემთ, ვითარცა მესაიდუმლოესა მადლისასა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: ეფ. 4: 25-32 (დას. 227). ლკ. 4: 37-44 (დას. 16).
ნათლისმც.: გალ. 4: 22-31 (დას. 210, შუა). ლკ. 1: 5-25. (დას. 2).

ლიტ.: ეფ. 4: 25-32 

25. მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ. 26. მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით. 27. ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს. 28. მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული. 29. ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ. 30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის. 31. ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად. 32. არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.

ლიტ.: ლკ. 4: 37-44

37. და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს. 38. გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი საშინელ ცხელებას შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის. 39. თავს დაადგა, შერისხა ცხელება, და მანაც დაუტევა იგი; მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ. 40. ხოლო მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც სხვადასხვა სენით სნეული ჰყავდა, მიჰგვარა ისინი მას; მანაც სათითაოდ დაადო ხელი და განკურნა ისინი. 41. მრავალთაგან გამოვიდნენ ეშმაკნი, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა; და უკრძალავდა მათ ლაპარაკს, რადგან იცოდნენ, რომ ის არის ქრისტე. 42. როცა გათენდა, წამოვიდა იქიდან და უდაბურ ადგილას მივიდა; ხალხი კი ეძებდა, მივიდნენ და აკავებდნენ, რომ არ დაეტოვებინა ისინი. 43. მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული. 44. და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.

ნათლისმც.: გალ. 4: 22-31 

22. რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი – თავისუფალი ქალისაგან. 23. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა – აღთქმისაგან, 24. რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი, 25. რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია. 26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა. 27. რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“. 28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. 29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც. 30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. 31. ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.

ნათლისმც.: ლკ. 1: 5-25

5. იუდეის მეფის – ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. 6. ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს. 7. მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ. 8. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე, 9. მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში. 10. ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას. 11. მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. 12. მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა. 13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. 14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. 15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. 16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის – მათი ღმერთის მიმართ. 17. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი – მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი. 18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული. 19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებული ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს. 20. აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს. 21. ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში. 22. და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ. 23. ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა. 24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: 25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში. 

 

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“, მაგრამ, ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ, „მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა, მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა“, ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა, მაგრამ ანგელოზმა ნუგეშინი-სცა და ახარა, „ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“ (ლკ. 1,13). ზაქარია არ ერწმუნა ზეციურ მაცნეს და მემკვიდრის შობამდე უტყვება დაედო სასჯელად. ხალხი დიდხანს ელოდა მღვდელმთავრის კურთხევას. როცა გამოვიდა, ნეტარს „ვერ ეძლო სიტყუად მათდა“ და ყველა მიხვდა, რომ მას „ჩუენებაჲ რაჲმე“ ეხილა. ზაქარია „წამ-უყოფდა“ შემოკრებილთ და „დაადგრა უტყუად“.
მთავარანგელოზის წინასწართქმული ახდა – ბერწმა ელისაბედმა მუცლად-იღო და შვა წინამორბედი უფლისა.
წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებისადმი მიძღვნილ სიტყვაში ამბობს: „რომელმან-იგი უშვილოჲ კლდე შეცვალა წყაროდ წყალთა, მანვე… ბერწსა ელისაბედს უბრძანა შვილისმშობელ დედად გამოჩინება და უნაყოფოჲ ნაყოფიერად აჩუენა და სიბერითა დამძიმებული ყო მსგავს ქალისა ახალქორწინებულისა. რამეთუ რაჟამს სამარხოდ მივიდოდა, მაშინ შობად განემზადებოდა, რაჟამს ჴორცნი დააჭნვნა სიბერემან, მაშინ საშოჲ განუჭაბუკა ღმერთმან, და რომელი ჟამისაგან განეჴადა, დამბადებელისა მიერ მოიგო, და რომელი სიჭაბუკესა წარეწყმიდა, სიბერესა მიეჴადებოდა“.

 

ღირსნი: ქსანთიპა და პოლიქსენია ღვიძლი დები იყვნენ და ესპანეთში ცხოვრობდნენ მოციქულთა დროს. ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლების შესახებ ნეტარებს პირველად წმიდა პავლესგან ესმათ. ღირსმა ქსანთიპამ მეუღლესთან, პროვოსთან ერთად მიიღო ქრისტიანობა, პოლიქსენია კი წარმართად დარჩა. მისი მშვენიერებით მოხიბლულმა ერთმა მამაკაცმა ძალით წაიყვანა იგი საბერძნეთში. უფალმა წმიდანი უვნებლად დაიცვა. ხომალდზე მან პეტრე მოციქულის ქადაგება მოისმინა და ირწმუნა ქრისტე. საბერძნეთში რომ ჩავიდა, პოლიქსენიამ ქრისტიანებს სთხოვა მფარველობა და დახმარება, მათაც აქაიის ოლქის ქალაქ პატრასში გადამალეს ნეტარი, სადაც მან თავად ანდრია პირველწოდებულის ხელით ნათელიღო. ღირსი დედა შეესწრო მოციქულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, მის წამებასაც დაესწრო და იხილა, თუ როგორი სიმშვიდით ითმენდა სასტიკ სატანჯველებს. ანდრია პირველწოდებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა დედა ესპანეთში დაბრუნდა და აქ დაახლოებით ორმოცი წელი ქადაგებდა. ნეტარს მხარში ედგა და – ქსანთიპაც, რომელიც ხალხმრავალ ქალაქ ტოლედოში ქადაგებდა. ღირსი პოლიქსენია დაახლოებით 109 წელს გავიდა ამსოფლიდან. 
წმიდა მოწამე ირიადა ქალწული (+დაახლ. 308)
წმიდა მოწამე ირიადა ქალწული (+დაახლ. 308)წმიდა მოწამე ირიადა 5 სექტემბერსაც იხსენიება რაისას სახელით. მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული. 
წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესი, პეტრე და ანტონინე აფრიკაში ეწამნენ მრისხანე იბრაჰიმის მმართველობის დროს. იბრაჰიმმა სიცილიის ქალაქ სირაკუზის აღებისა და მოოხრების შემდეგ ტყვედ ჩაიგდო იოანე და მისი ორი ძე, პეტრე და ანტონინე, რომლებიც იძულებით განსწავლა არაბულ ენასა და მეცნიერებებში. როცა ჭაბუკები წამოიზარდნენ, სიბრძნისა და კეთილმსახური ცხოვრების გამო მმართველმა იმდენად შეიყვარა ისინი, რომ ანტონინე თავის ნათესავად გამოაცხადა, პეტრე კი მსახურთუხუცესად დაადგინა. როცა იბრაჰიმმა გაიგო, რომ ყმაწვილები ფარული ქრისტიანები იყვნენ, იგი ენით აღუწერელმა მრისხანებამ შეიპყრო და ბრძანა, რკინის ხუნდებით შეებორკათ და დაუნდობლად ეგვემათ უფლის რჩეულები. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ანტონინე ვირზე შესვეს, ქამრებით დააკრეს ზედ და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით შემოატარეს ქალაქი. მარტვილი მოთმინებით იტანდა შეურაცხყოფას და მადლობას სწირავდა უფალს. საშინლად ნაგვემი წმიდა პეტრე საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველმა ბრძანება გასცა, მოეყვანათ მოწამეთა მამა – იოანე. უსჯულო იბრაჰიმმა მას ყელში მახვილი ჩასცა. მშობლის ცხედარი შვილებს მიუგდეს, შემდეგ კი ისინიც გამოასალმეს სიცოცხლეს, დიდი კოცონი დააგზნეს და მარტვილთა ცხედრები დაწვეს.
მათ მოძღვარს, წმიდა ბერ ანდრიას მტარვალი დიდხანს შიმშილით ტანჯავდა, შემდეგ კი შუბი აძგერა მკერდში. როცა მოწამემ უფლისადმი სამადლობელი აღავლინა, იბრაჰიმმა ხელმეორედ დაჰკრა, ბოლოს კი სისხლისაგან თითქმის მთლად დაწრეტილს, ჯალათებმა თავი მოჰკვეთეს (+867-886).