6.10.2026. მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

6.10.2026. მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

6.10.2026. ხსნილი 

მუცლადღება პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყვლისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი; ღირსთა დედათა ქსანთიპასი და პოლიქსენიასი (109); ქალწულმოწამისა ირაიდასი (308); მოწამეთა: ანდრიასი, იოანესი და ძეთა იოანესთა პეტრესი და ანტონინესი (IX). 

დღის ლოცვები 

 

მუცლადღება პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნალისმცემელისა იოანესი

ტროპარი: პირველ არა მშობელი ბერწი იხარებდ, რამეთუ აჰა ესერა მუცლად-იღე სანთელი მზისა ბრწყინვალე, რომელსა ეგულვების განათლება ყოვლისა სოფლისა, ვერ მხედველობით მოუძლურებულისა, იხარებდ ზაქარია და ღაღადებდ კადნიერებით: წინაისწარმეტყველი არს მაღლისა, რომელსა ეგულვების შობაი.
კონდაკი: იხარებს ბრწყინვალედ ზაქარია დიდი ყოვლადქებულისა ელისაბედ მეუღლისა თანა, ღირსებით მუცლად-მღებელნი იოანე წინამორბედისანი; მთავარანგელოზმან ახარა: გიხაროდენ, და ჩუენ კაცნი ღირსად თანამდებობით პატივს ვსცემთ, ვითარცა მესაიდუმლოესა მადლისასა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

რიგ.: ფლპ. 1: 8-14 (დას. 236). ლკ. 3: 23-4: 1 (დას. 11).
ნათლისმც.: გალ. 4: 22-31 (დას. 210, შუა). ლკ. 1: 5-25. (დას. 2). 

რიგ.: ფლპ. 1: 8-14 

8. ვინაიდან ღმერთი მყავს მოწმედ, როგორ მიყვარხართ ყველანი იესო ქრისტეს სიყვარულით; 9. და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში, 10. რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს, 11. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად. 12. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას. 13. ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის, 14. რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება.

რიგ.: ლკ. 3: 23-4: 1 

23. ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა, 24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა, 25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი, 26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი, 27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, 28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა, 29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა, 30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა, 31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა, 32. იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა, 33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი, 34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა, 35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი, 36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, 37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა, 38. ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა. 

1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.

ნათლისმც.: გალ. 4: 22-31 

22. რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი – თავისუფალი ქალისაგან. 23. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა – აღთქმისაგან, 24. რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი, 25. რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია. 26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა. 27. რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“. 28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. 29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც. 30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. 31. ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.

ნათლისმც.: ლკ. 1: 5-25 

5. იუდეის მეფის – ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. 6. ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყვებლა მცნებასა და განაწესს. 7. მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ. 8. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე, 9. მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში. 10. ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას. 11. მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. 12. მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა. 13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. 14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. 15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. 16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის – მათი ღმერთის მიმართ. 17. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი – მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი. 18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული. 19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებული ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს. 20. აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს. 21. ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში. 22. და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ. 23. ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა. 24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: 25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“, მაგრამ, ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ, „მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა, მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა“, ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა, მაგრამ ანგელოზმა ნუგეშინი-სცა და ახარა, „ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“ (ლკ. 1,13). ზაქარია არ ერწმუნა ზეციურ მაცნეს და მემკვიდრის შობამდე უტყვება დაედო სასჯელად. ხალხი დიდხანს ელოდა მღვდელმთავრის კურთხევას. როცა გამოვიდა, ნეტარს „ვერ ეძლო სიტყუად მათდა“ და ყველა მიხვდა, რომ მას „ჩუენებაჲ რაჲმე“ ეხილა. ზაქარია „წამ-უყოფდა“ შემოკრებილთ და „დაადგრა უტყუად“.
მთავარანგელოზის წინასწართქმული ახდა – ბერწმა ელისაბედმა მუცლად-იღო და შვა წინამორბედი უფლისა.
წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებისადმი მიძღვნილ სიტყვაში ამბობს: „რომელმან-იგი უშვილოჲ კლდე შეცვალა წყაროდ წყალთა, მანვე… ბერწსა ელისაბედს უბრძანა შვილისმშობელ დედად გამოჩინება და უნაყოფოჲ ნაყოფიერად აჩუენა და სიბერითა დამძიმებული ყო მსგავს ქალისა ახალქორწინებულისა. რამეთუ რაჟამს სამარხოდ მივიდოდა, მაშინ შობად განემზადებოდა, რაჟამს ჴორცნი დააჭნვნა სიბერემან, მაშინ საშოჲ განუჭაბუკა ღმერთმან, და რომელი ჟამისაგან განეჴადა, დამბადებელისა მიერ მოიგო, და რომელი სიჭაბუკესა წარეწყმიდა, სიბერესა მიეჴადებოდა“. 
ღირსნი – ქსანთიპა და პოლიქსენია (+109)
ღირსნი: ქსანთიპა და პოლიქსენია ღვიძლი დები იყვნენ და ესპანეთში ცხოვრობდნენ მოციქულთა დროს. ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლების შესახებ ნეტარებს პირველად წმიდა პავლესგან ესმათ. ღირსმა ქსანთიპამ მეუღლესთან, პროვოსთან ერთად მიიღო ქრისტიანობა, პოლიქსენია კი წარმართად დარჩა. მისი მშვენიერებით მოხიბლულმა ერთმა მამაკაცმა ძალით წაიყვანა იგი საბერძნეთში. უფალმა წმიდანი უვნებლად დაიცვა. ხომალდზე მან პეტრე მოციქულის ქადაგება მოისმინა და ირწმუნა ქრისტე. საბერძნეთში რომ ჩავიდა, პოლიქსენიამ ქრისტიანებს სთხოვა მფარველობა და დახმარება, მათაც აქაიის ოლქის ქალაქ პატრასში გადამალეს ნეტარი, სადაც მან თავად ანდრია პირველწოდებულის ხელით ნათელიღო. ღირსი დედა შეესწრო მოციქულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, მის წამებასაც დაესწრო და იხილა, თუ როგორი სიმშვიდით ითმენდა სასტიკ სატანჯველებს. ანდრია პირველწოდებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა დედა ესპანეთში დაბრუნდა და აქ დაახლოებით ორმოცი წელი ქადაგებდა. ნეტარს მხარში ედგა და – ქსანთიპაც, რომელიც ხალხმრავალ ქალაქ ტოლედოში ქადაგებდა. ღირსი პოლიქსენია დაახლოებით 109 წელს გავიდა ამსოფლიდან. 
წმიდა მოწამე ირიადა ქალწული (+დაახლ. 308)
წმიდა მოწამე ირიადა ქალწული (+დაახლ. 308)წმიდა მოწამე ირიადა 5 სექტემბერსაც იხსენიება რაისას სახელით. მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული. 
წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესნი, პეტრე და ანტონინე (IX)
წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესი, პეტრე და ანტონინე აფრიკაში ეწამნენ მრისხანე იბრაჰიმის მმართველობის დროს. იბრაჰიმმა სიცილიის ქალაქ სირაკუზის აღებისა და მოოხრების შემდეგ ტყვედ ჩაიგდო იოანე და მისი ორი ძე, პეტრე და ანტონინე, რომლებიც იძულებით განსწავლა არაბულ ენასა და მეცნიერებებში. როცა ჭაბუკები წამოიზარდნენ, სიბრძნისა და კეთილმსახური ცხოვრების გამო მმართველმა იმდენად შეიყვარა ისინი, რომ ანტონინე თავის ნათესავად გამოაცხადა, პეტრე კი მსახურთუხუცესად დაადგინა. როცა იბრაჰიმმა გაიგო, რომ ყმაწვილები ფარული ქრისტიანები იყვნენ, იგი ენით აღუწერელმა მრისხანებამ შეიპყრო და ბრძანა, რკინის ხუნდებით შეებორკათ და დაუნდობლად ეგვემათ უფლის რჩეულები. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ანტონინე ვირზე შესვეს, ქამრებით დააკრეს ზედ და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით შემოატარეს ქალაქი. მარტვილი მოთმინებით იტანდა შეურაცხყოფას და მადლობას სწირავდა უფალს. საშინლად ნაგვემი წმიდა პეტრე საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველმა ბრძანება გასცა, მოეყვანათ მოწამეთა მამა – იოანე. უსჯულო იბრაჰიმმა მას ყელში მახვილი ჩასცა. მშობლის ცხედარი შვილებს მიუგდეს, შემდეგ კი ისინიც გამოასალმეს სიცოცხლეს, დიდი კოცონი დააგზნეს და მარტვილთა ცხედრები დაწვეს.
მათ მოძღვარს, წმიდა ბერ ანდრიას მტარვალი დიდხანს შიმშილით ტანჯავდა, შემდეგ კი შუბი აძგერა მკერდში. როცა მოწამემ უფლისადმი სამადლობელი აღავლინა, იბრაჰიმმა ხელმეორედ დაჰკრა, ბოლოს კი სისხლისაგან თითქმის მთლად დაწრეტილს, ჯალათებმა თავი მოჰკვეთეს (+867-886).