…ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში. 25. ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით (ლკ. 6: 25-26).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-23 შვიდეული. პარასკევი
6.11.2026. პარასკევი. მარხვა.
მოწამისა არეთასი და მისთანა 4299 მოწამეთა (523); ნეტარისა ელეზვოისი, ეთიოპიის მეფისა (დაახ. 553-555); მოწამეთა: სვინკლიტიკიასი და ორთა ასულთა მისთა (VI); ათანასესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (1311);
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ (1688).
დღის ლოცვები
მოწამე არეთასი და მისთანა 4299-თა მოწამეთა
კონდაკი: მხიარულებისა ჩუენდა მომატყუებელი ღუაწლით შემოსილთა ნათლით შემოსილი დღესასწაული წარმოსდგა დღეს, რომლისა მგალობელნი ვადიდებთ მაღალთა შინა მყოფსა უფალსა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია (რიგ.) – 1 თესალონიკელთა მიმართ 2:14-19; ლიტურგია (ღმრთისმშობ.) – ფილიპელთა მიმართ 2:5-11; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 10:1-15; ლიტურგია (ღმრთისმშობ.) – ლუკას სახარება 10:38-42, 11:27-28.
ლიტ. (რიგ.) – 1 თეს. 2: 14-19
14. რადგანაც, ძმანო, მიმბაძველნი გახდით ღვთის ეკლესიებისა, რომლებიც არიან იუდეაში ქრისტე იესოს მიერ, ვინაიდან იგივე დაითმინეთ თვისტომთაგან, რაც მათ – იუდეველთაგან, 15. რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან. 16. ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა. 17. ხოლო ჩვენ, ძმანო, თვალით და არა გულით ერთხანს თქვენგან განშორებულნი, მით უფრო მეტად ვესწრაფვით თქვენს პირისპირ ხილვას. 18. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე – პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა. 19. ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას?
ლიტ. (ღმრთისმ.) – ფილ. 2: 5-11
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 10: 1-15
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.
ლიტ. (ღმრთისმ.) – ლკ. 10: 38-42, 11: 27-28
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე არეთა და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი მოწამე (+523)
წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით – ოთხიათას ორას ორმოცდათორმეტი) VI საუკუნეში ეწამნენ მართლმადიდებლობის ერთგულებისთვის. არეთა იყო არაბეთის ქალაქ ნეგრანის მმართველი, რომლის მცხოვრებლებიც ქრისტიანები იყვნენ.ომირიტების (სამხრეთ არაბეთში, არაბეთის ყურესთან მოსახლე ხალხი) მეფემ, იუდეველმა დუნაანმა ქვეყანაში ქრისტიანობის ამოძირკვა გადაწყვიტა და გამოსცა ბრძანება, ამოეჟლიტათ ქრისტეს ყველა მიმდევარი, ქალაქი ნეგრანი არ განუდგა მაცხოვრის სარწმუნოებას. მაშინ უღმერთო ხელისუფალი დიდი ლაშქრით დაიძრა მის ასაოხრებლად. ნეგრანის კედლებთან მეფის მაცნეებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც ქრისტეს უარყოფდა. დუნაანმა ქრისტიანული ქალაქის აღება ძალით ვერ შეძლო და ხერხს მიმართა – ფიცი დადო, რომ ქრისტიანებს არ შეეხებოდა და მხოლოდ დაბეგრავდა ნეგრანს. ქალაქის მცხოვრებლებმა ყურად არ იღეს არეთას რჩევა, ერწმუნნენ დუნაანს და მტერი ქალაქში შეუშვეს.
უსჯულო მეფემ ბრძანა, დიდი კოცონი დაენთოთ და სხვა ქრისტიანების დასაშინებლად ყველა ღვთისმსახური შიგ ჩაეყარათ. ასე დაწვეს ოთხასოცდაშვიდი ღვთისმსახური. მმართველი არეთა და სხვა უხუცესები საპყრობილეში გამოკეტეს. „არ უარვყოფთ ქრისტეს, რადგან ის ჩვენთვის სიცოცხლეა, მისთვის სიკვდილი კი – შესაძინელი“, – ერთხმად ღაღადებდნენ ქრისტიანები. უღმერთოებმა ქრისტეს აღსარებისთვის ქალაქ ნეგრანისა და მისი მახლობელი სოფლების ოთხი ათასზე მეტ მკვიდრს წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა არეთა, ერთი ცნობით, მახვილით განგმირეს.
ნეტარი ელეზვოი – ეთიოპიის მეფე (+დაახლ. 553-555)
ნეტარი ელეზვოი – ეთიოპიის მეფე არაბეთში ქრისტიანთა მდევნელი იუდეველი დუნაანის მეფობის ჟამს ცხოვრობდა. კეთილმსახურმა ხელისუფალმა, რომელიც ძალიან შეაწუხა მართლმორწმუნეთა გაუთავებელმა ხოცვა-ჟლეტამ, უღმრთო დუნაანს ომი გამოუცხადა, მაგრამ მისი ლაშქრობა მარცხით დამთავრდა. ელეზვოის სურდა, შეეტყო, თუ რა იყო დამარცხების მიზეზი და ზეგარდამო შთაგონებით ერთ დაყუდებულ ბერს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი წმიდანს განუცხადა, რომ იგი არასწორად მოიქცა, როცა მხოლოდ საკუთარ ძალებზე მინდობით დუნაანზე შურისძიება გადაწყვიტა, რადგან უფალი ბრძანებს: „ჩემი არს შურის-გებაჲ და მე მივაგო“ (ებრ. 10,30). განდეგილმა ნეტარ ელეზვოის ურჩია, დუნაანის წინააღმდეგ ებრძოლა არა საკუთარი ძალის, არამედ ღვთის მოწყალების იმედით დაეწყო და ბრძოლის მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის დაცვა და წმიდა ეკლესიის სიყვარული უნდა ყოფილიყო. ამასთანავე ურჩია, საკუთარი სულის ცხონებისათვის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ღვთისათვის მიეძღვნა. წმიდა ელეზვოიმ აღთქმა დაუდო უფალს, რის შემდეგაც მტერზე გაიმარჯვა, ქვეყანაში ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა და ტაძრები გახსნა. ამის შემდეგ წმიდანმა დატოვა სამეფო ტახტი და ერთ-ერთ სავანეს მიაშურა, სადაც თხუთმეტი წელი დაყუდებით ცხოვრობდა. ნეტარი ელეზვოი გარდაიცვალა დაახლოებით 553-555 წელს. წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი არაბთა მეფემ, დუნაანმა აწამა VI საუკუნეში. სვინკლიტიკია (რაც სენატორის მეუღლეს ნიშნავს) დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი სრულიად ახალგაზრდა დაქვრივდა, რის შემდეგაც კეთილგონივრულად და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა და ასულებსაც მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდა. უსჯულო დუნაანის მიერ ნეგრანელ მართლმორწმუნეთა ხოცვა-ჟლეტის დროს, სხვა აღმსარებლებს შორის მის წინაშე სვინკლიტიკიაც წარადგინეს თავისი ქალიშვილებით. მათი მშვენიერებით გაოცებულმა მტარვალმა კეთილმსახურ დედას მიმართა: „ყოველთვის მესმოდა შენი გონიერების შესახებ. ახლა ამ ხმების ჭეშმარიტებაზე შენი გარეგნობაც მეტყველებს. ასე რომ, როგორც მეფე და მეგობარი, გირჩევ: შენი ღირსების შესაფერისად მოიქეცი. დაუტევე შენგან თაყვანისცემული ნაზარეველი, მაშინ შენ ჩემი მეუღლის, დედოფლის მეგობარი შეიქნები, შენი ასულები კი მეფისწულებივით აღიზრდებიან. ყველაფერი ხელს გიწყობს დაწინაურებაში, მხოლოდ ქრისტიანული ცრურწმენა – საზიზღარი და უგნური ბრბოს სენი ეღობება წინ თქვენს კეთილდღეობას“.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
წმიდა ათანასე კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+1311)
წმიდა ათანასე I, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (1289-1293; 1303-1311), ერისკაცობაში – ალექსი, საბერძნეთის ქალაქ ადრიანოპოლიდან იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ქრისტიანული სიბრძნის შემეცნებაში წარმატებულმა, დატოვა მშობლიური სახლი, თესალონიკს მიაშურა და ერთ-ერთ მონასტერში აკაკის სახელით ბერად აღიკვეცა. აქედან წმიდანი მალე ათონის წმიდა მთაზე გადავიდა და ესთიგმენის სავანის ძმობაში შევიდა, სადაც სამი წლის მანძილზე გულმოდგინედ აღასრულებდა მეტრაპეზის მოვალეობას. გამუდმებული შრომითა და თავისი სათნოებებით ნეტარმა საყოველთაო კეთილგანწყობა დაიმსახურა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
