„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
„ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს„ (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

7.02.2026. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. შაბათი. მსგეფსი
გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (389/390); გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა (ქიქოძე, 1896); მოწამე ფილიციტასი და ძეთა მისთა მოწამეთა: იანუარისა, ფელიქსისა, ფილიპესი, სილვანესი, ალექსანდრესი, ვიტალისა და მარციალისა (164); ღირსისა პოპლისა (380); ღირსისა მარი მგალობელისა (430).
დღის ლოცვები
გრიგოლ ღმრთისმეტყველი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი
ტროპარი: იშუებენ ერნი და განცხრების ეკლესია, და იხარებს წმიდა ბრძენთა კრებულნი, ღმრთისა სიტყვისა საუნჯეო გრიგოლ, მეოხ გვეყავნ პატივისმცემელთა შენთა.
ტროპარი: მწყემსობით ქნარი ღმრთისმეტყუელებისა შენისა რიტორთაცა მძლე ექმნა სიტყუებსა, რამეთუ სიღრმესა სულისასა მეძიებელთა სიკეთეცა სიტყუათა მიემატოს მათ; ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმიდაო გრიგოლ, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ღმრთისმეტყუელითა ენითა შენითა თხზულებაი იგი რიტორთა დაარღვიე, დიდებულო, და მართლმადიდებლობისა ზე ქსოვილითა კუართითა შემკულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომელი იგი შეიმოსა რა, ხმობს ჩუენ თანა შვილთა შენთა: იხარებდ, მამაო, ღმრთისმეტყუელებისა გონებაო, ყოვლადვრცელო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ინ. 10: 1-9 (დას. 35, შუა).
ლიტ.: მღ.მთ.: 1 კორ. 12: 7-11 (დას. 151). ინ. 10: 9-16 (დას. 36).
რიგ.: 2 ტიმ. 3: 1-9 (დას. 295). ლკ. 20: 45-21: 4 (დას. 103).
ცისკ.: ინ. 10: 1-9
1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. 2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია. 3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. 4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას. 5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას. 6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა. 7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. 8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. 9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
ლიტ.: მღ.მთ.: 1 კორ. 12: 7-11
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. 8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; 9. ზოგს – რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს – ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით; 10. ვის – სასწაულთმოქმედება, ვის – წინასწარმეტყველება, ვის – სულთა გარჩევა, ვის – სხვადასხვა ენა, ვის კიდევ – განმარტება სხვადასხვა ენის. 11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.
ლიტ.: მღ.მთ.: ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
რიგ.: 2 ტიმ. 3: 1-9
1. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი. 2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, 3. კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, 4. გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, 5. მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი. 6. სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს; 7. ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას. 8. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი. 9. მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.
რიგ.: ლკ. 20: 45-21: 4
45. ხოლო როცა მთელი ხალხი უსმენდა, თავის მოწაფეებს უთხრა: 46. ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც ნებავთ გრძელი მოსასხამებით სიარული და უყვართ საკრებულოებში სალმის ძღვნა, სინაგოგებში – წინა რიგები და წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა; 47. რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობენ დიდხანს. მით უფრთ მძიმე იქნება მათი სასჯელი.
1. გაიხედა და დაინახა მდიდრები, შესაწირავს რომ ყრიდნენ საგანძურში. 2. დაინახა ერთი საწყალი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო შიგ, 3. და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო; 4. ვინაიდან ყველამ ჩააგდო ის, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან თავისი სისაწყლით ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი ფელიციტა და შვიდნი ძენი მისნი: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი (+დაახლ.164)
წმიდა მოწამე ფელიციტას შვიდი ვაჟი ჰყავდა: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი. წარმოშობით ფელიციტა მდიდარი რომაელების ოჯახიდან იყო. როცა ქურუმებმა წმიდანს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებით წარმართული ღმერთების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი, მან მოწყალებად გასცა მთელი ქონება და შვილებთან ერთად აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის ისინი საწამებლად გადასცეს. წმიდა ფელიციტა შესცქეროდა ძეების ტანჯვას და უფალს ევედრებოდა, შვიდივე მათგანი მასზე ადრე შესულიყო სასუფეველში. აუსრულდა კიდეც ნატვრა: თვითონ აღესრულა უკანასკნელად. წმიდა ოჯახი რომში ეწამა 164 წლის მახლობლად.ღირსი პოპლი ასური (+380)
ღირსი პოპლი ასური მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქ ზევგმაში დაიბადა. იგი სენატორის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ შემდგომ უარყო ეს სოფელი, ქონება მოწყალებად გასცა და მონაზვნობა შეიმოსა. წმიდანი ასურეთის უდაბნოს ერთ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც ორი სავანე დააარსა: ერთი ბერძნებისათვის, მეორე კი – ასურელებისათვის. გარდაიცვალა 380 წელს.წმიდანთა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი – ღვთისმეტყველი (+389)
წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მამას გრიგოლი ერქვა, დედას – ნონა. ისინი მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. მშობლებმა უფალს შესთხოვეს შვილი და აღუთქვეს, რომ მასვე შესწირავდნენ. მართლაც ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემცნო. როცა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის თავსა და მშობლებზე მოგვითხრობს, წერს: „თუ მე შესაფერისი ვარ აღთქმისა, ეს წყალობაა, ღვთისგან ბოძებული, ხოლო თუ აღთქმას არ შევეფერები – ეს უკვე ჩემი ცოდვაა“.მართალია, გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის სამსახურის გზა აირჩია და ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა. წმიდანის დედა არაფრით ჩამორჩებოდა კეთილმსახურ მეუღლეს, იგი მხოლოდ სხეულით იყო ქალი, თორემ აზროვნებით მამაკაცზე მაღლა იდგა. გრიგოლ ღვთისმეტყველს უმშვენიერესი მოგონებები შემორჩა ბავშვობაზე. გულმოდგინება საკუთარი სულის სრულყოფისათვის დღითიდღე ემატებოდა და უმტკიცდებოდა. იგი სიხარულით კითხულობდა საღვთო წიგნებს და ბედნიერებას ანიჭებდა ზნეობრივად სრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობა. მან ყრმობაშივე იგრძნო სურვილი სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლისა. ამ მიზნით ჯერ ალექსანდრიაში გაემგზავრა, სადაც რამდენადმე გაეცნო ზოგიერთი სახის მეცნიერებას, ხოლო შემდეგ იქიდანვე დაადგა გზას პირდაპირ ელადისაკენ, კერძოდ, ათენისაკენ. როგორც თვითონ წერს, ზღვით სამოგზაუროდ მეტისმეტად არახელსაყრელი დრო შეარჩია. კუნძულ კვიპროსთან მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა დაღუპვით ემუქრებოდა ხომალდს. ყველა, ვინც ადრე ჭეშმარიტი ღმერთი არ იცოდა, ერთხმად მოუხმობდა საშველად ქრისტეს, რადგანაც შიში ყველაზე შთამაგონებელი გაკვეთილია. ამ საშინელი საფრთხის ჟამს გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტეს შეევედრა: „შენთვის ვიცხოვრებ, თუ თავს დავაღწევ ამ საშინელ საფრთხეს, ხოლო უკეთუ არა, შენ დაკარგავ ერთგულ მსახურს“. უფალმა შეისმინა მისი ვედრება და ზღვა მსწრაფლ დაწყნარდა. ამ ლოცვის შედეგად ყველა, ვინც კი ხომალდზე იყო, იქიდან ქრისტეს მიმართ უღრმესი მოწიწების გრძნობით შეპყრობილი გადმოვიდა.
ათენის აკადემიაში სწავლისას წმიდა გრიგოლი, როგორც თვითონ წერს, ცდილობდა ყოფილიყო პირველი იმათ შორის, „ვინც იცის, თუ რა არის თვითონ პირველი“. ათენში სწავლის წლებმა ცოდნასთან ერთად მას საუკეთესო მეგობარიც შესძინა ბასილი დიდის სახით. მათი მეგობრობის საფუძველი გახდა ერთნაირი სულიერი მისწრაფებანი, ანუ თავად გრიგოლ ნაზიანზელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ერთი სული ორ სხეულში“.
სწავლის დასრულების შემდეგ გრიგოლმა ბევრი იფიქრა და ბოლოს განდეგილისა და საზოგადოებაში მცხოვრებთა შორის არსებულ რაღაც საშუალო გზაზე შეჩერდა. მოვლა-პატრონობას მოითხოვდნენ მოხუცი მშობლებიც, ამიტომ მათთან ცხოვრება გადაწყვიტა.
362 წელს გრიგოლმა, ნაზიანზის ეპისკოპოსმა, შვილი, თუმცა შესანიშნავად იცოდა მისი გეგმები, თითქმის იძულებით მღვდლად აკურთხა. შეწუხებულმა და შინაგანად აფორიაქებულმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა დასამშვიდებლად პონტოსკენ გასწია, თავის ღვთაებრივ მეგობართან, ბასილი დიდთან, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ბასილი დიდიც ისევე მოექცა, როგორც მამა. კერძოდ, მამამისის თანხმობით, კაბადოკიაში სასიმას ეპისკოპოსად გაამწესა იგი, რაზედაც წმიდა გრიგოლმა მტკიცე უარი თქვა და ნაზიანზში გააგრძელა ცხოვრება მშობლებთან ერთად. 379 წელს გრიგოლ ნაზიანზელი, როგორც უკვე სიტყვითა და ცხოვრების წესით ცნობილი პიროვნება, კონსტანტინეპოლში მიიწვიეს. იგი წერს: „მე მიმიწვია იქ მრავალმა ურწყულმა, მაგრამ ჯერ ისევე მწვანე სულმა მწყემსებიდანაც და ფარიდანაც, რათა ღვთისმოსაობის ნაკადებით განმეცოცხლებინა ისინი და ზეთისხილის ზეთის მოწოდებით გამეგრძელებინა სინათლის სიცოცხლე სასანთლეში“.
არიოზის მიმდევართა ერესისაგან მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად გრიგოლ ღვთისმეტყველმა კონსტანტინეპოლში წარმოსთქვა ხუთი უბრწყინვალესი სიტყვა. ამ სიტყვებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს მართლმორწმუნეთა განმტკიცების საქმეში.
380 წელს იმპერატორ თეოდოსის მხარდაჭერით იგი კონსტანტინეპოლის პატრიარქად აკურთხეს, მაგრამ წმიდა გრიგოლის მგრძნობიარე სულმა კვლავ განმარტოება არჩია. იგი საბოლოოდ დამკვიდრდა თავის მამულში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 390 წელს.
შემორჩენილია წმიდა გრიგოლ ნაზიანზელის 45 საღვთისმეტყველო სიტყვა, მათ გარდა წმიდანს ეკუთვნის თეოლოგიური და ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური თხზულებანიც.
ღირსი მარი მგალობელი (+დაახლ. 430)
ღირსი მარი მგალობელი ასურეთში მოღვაწეობდა. ის 37 წელი ცხოვრობდა ერთ ნესტიან ქოხში, მშვენიერის პირისახის, რბილი და სასიამოვნო ხმის გამო წმიდანს მგალობელი შეარქვეს. ღირსი მამა გარდაიცვალა 60 წლის ასაკში (+430).წმიდა მოსე, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსი (+1362)
წმიდა მოსე, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსი (ერობაში – მიტროფანე) 1325 წელს აღსაყდრდა მღვდელმთავრის ტახტზე, მაგრამ ურთიერთქიშპობამ, შფოთმა და სხვა უბედურებებმა დაამძიმეს მისი სული და 1390 წელს ნებით გადადგა ეპისკოპოსობიდან. წმიდანმა ოცზე მეტი წელი გაატარა მონაზვნურ ღვაწლში, 1352 წელს კი სამწყსოს დაჟინებული მოთხოვნით კვლავ დაუბრუნდა თავის კათედრას. წმიდა მოსე ჭეშმარიტ მწყემსად მიევლინა ეპარქიას: ჩაგრულებს მფარველობდა, ღარიბ ქვრივებს შეეწეოდა, რჩევა-დარიგებით განამტკიცებდა კეთილმსახურებს; მან თავი მოუყარა მწერლებს და თავისი ხარჯებით მრავალი წიგნი გადააწერინა, ბევრი ტაძარი ააგო ნოვგოროდსა და მის შემოგარენში.1359 წელს დასნეულებული და დაუძლურებული მღვდელმთავარი კვლავ გადადგა ტახტიდან, თავისსავე დაარსებულ მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სავანეს მიაშურა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე (+25 იანვარი. 1362). წმიდანის ცხედარი პატივით დაკრძალეს საკათედრო ტაძარში.