… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

ვნების შვიდეული. დიდი სამშაბათი
7.04.2026. მარხვა
ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისა.
ხსნილია ზეთითა და ღვინით.
დღის ლოცვები
ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
ტროპარი: დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოისა გამოცხადებაი, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ხმა-მაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
კონდაკი: ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
დიდი სამშაბათი
ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: ჟამსა მას გასვლისასა იხსენებდი შენ, ჰოი სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა და მოცემული შენდა ტალანტი განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, აღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან შენისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.
ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 (დას. 4).
VI ჟამზე: ეს. 48: 17 – 49: 4.
მწუხრზე: დღის: დაბ. 27: 1-41. იგავ· 19: 16-25. ხარებისა: 1) გამ. 3: 1-8. 2) იგავ. 8: 22-30.
ლიტ.: ხარებისა: ებრ. 2: 11-18 (დას. 306). ლკ. 1: 24-38 (დას. 3).
დიდი სამშაბათის: მთ. 24: 36-26: 2 (დას. 102).
ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56
39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს. 40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. 41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. 42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! 43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? 44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. 45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ. 46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს, 47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო. 48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა; 49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.
56. სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.
VI ჟამზე: ეს. 48: 17 – 49: 4
17. ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. 18. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით – შენი სიმართლე. 19. ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით – შენი წიაღის ნაშიერი. არ ამოიკვეთებოდა მისი სახელი, არ გაქრებოდა ჩემს წინაშე. 20. გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი! 21. არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა. 22. არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის.
1. მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი. 2. გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა. 3. მითხრა: ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას. 4. მე კი ვამბობდი: ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ დავხარჯე ძალა. ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან – ჩემი საზღაური!
მწუხრზე: დღის: დაბ. 27: 1-41
1. როცა დაბერდა ისაკი და თვალს დააკლდა, დაუძახა ესავს, თავის უფროს შვილს, და უთხრა: შვილო! მიუგო: აქა ვარ! 2. უთხრა ისაკმა: აჰა, დავბერდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები. 3. აიღე შენი იარაღი, მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე. 4. მომიმზადე შეჭამადი, მე რომ მიყვარს, მომიტანე და მაჭამე, რომ გაკურთხოს სულმა ჩემმა, სანამ მოვკვდებოდე. 5. ესმოდა რებეკას, ისაკი რომ ელაპარაკებოდა თავის შვილს, ესავს. გავიდა ესავი ველად სანადიროდ ნანადირევის მოსატანად. 6. უთხოა რებეკამ იაკობს, თავის უმცროს შვილს: გავიგონე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა შენს ძმას, ესავს და ეუბნებოდა: 7. მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის ნებით, ვიდრე ცოცხალი ვარო. 8. ახლა, გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი: 9. წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე; რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი. 10. წაუღე მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ. 11. უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია და მე უბანლო ვარ? 12. ხელი რომ მომისვას მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე. 13. უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიყვანე. 14. წავიდა იაკობი და მოუყვანა დედამისს. მოამზადა დედამისმა შეჭამადი, მამამისს რომ უყვარდა. 15. აიღო რებეკამ თავისი უფროსი შვილის, ესავის, ძვირფასი ტანისამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და ჩააცვა იაკობს, თავის უმცროს შვილს. 16. ხელები და უბანლო კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა. 17. მისცა ხელში იაკობს თავისი მომზადებული კერძი და პური. 18. მივიდა მამასთან და უთხრა: მამაჩემო! მიუგო: რა იყო? რომელი ხარ, შვილო? 19. უთხრა იაკობმა მამამისს: ესავი ვარ, შენი პირმშო. გაგიკეთე, რაც მთხოვე. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რომ მაკურთხოს შენმა სულმა. 20. უთხრა ისაკმა თავის შვილს: რა მალე გიპოვნია, შვილო. უთხრა: უფალი, შენი ღმერთი შემეწია. 21. უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, ხელი მოგისვა, შვილო; მართლა ჩემი შვილი ესავი ხარ თუ არა. 22. მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისაკს. მან ხელი შეავლო და თქვა: ხმა იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია! 23. ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბანჯგვლიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი, 24. უთხრა: ესავი ხარ, ჩემი შვილი? მიუგო: მე ვარ. 25. მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა. მიაწოდა, შეჭამა; ღვინო მიუტანა, შესვა. 26. უთხრა ისაკმა, მამამისმა: მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო. 27. მიუახლოვდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსელის სუნი და აკურთხა შვილი: აჰა, სუნი ჩემი შვილისა ვითარცა სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა! 28. მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო! 29. გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი! 30. როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც. 31. მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა. 32. უთხრა ისაკმა, მამამისმა: ვინ ხარ? მიუგო: შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ. 33. შიშის ზარი დაეცა ისაკს და უთხრა: ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე შევჭამე? ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება. 34. მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა; უთხრა მამას: მეც მაკურთხე, მამაჩემო! 35. უთხრა ისაკმა: მოტყუებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა. 36. თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა? 37. მიუგო ისაკმა და უთხრა ესავს: აჰა, ბატონად დაგისვი იგი, ძმები მორჩილებად მივეცი, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, ჩემო შვილო? 38. უთხრა ესავმა მამას: ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო! ხმამაღლა ატირდა ესავი. 39. მიუგო ისაკმა, მამამისმა, და უთხრა: აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს სამკვიდრებელად, ცის ცვარი – კურთხევად. 40. შენმა მახვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე; დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს. 41. გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ; თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას.
მწუხრზე: დღის: იგავ· 19: 16-25
16. მცნების დამცველი თავის სულს იცავს, აბუჩად ამგდები კი მოკვდება. 17. ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს. 18. დასაჯე შენი შვილი, სანამ იმედია, და ნუ შეგაშფოთებს მისი ღრიალი. 19. ბრაზიანმა იტვირთოს სასჯელი, რადგან თუ გაუშვი, კვლავ მოგიწევს დასჯა. 20. მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე. 21. მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება. 22. კაცის ნეტარება მის სიკეთეშია, ღარიბ-ღატაკი ცბიერს სჯობია. 23. უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას. 24. ზარმაცს უბეში აქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა ეზარება. 25. თუკი ზნეწამხდარს დასჯი, სულელი დაბრძენდება; თუ გონიერს ამხილებ, შეიგნებს დარიგებას.
მწუხრზე: დღის: ხარებისა: 1) გამ. 3: 1-8. 2) იგავ. 8: 22-30
1) 1. მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ცხვარს. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს. 2. გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. 3. თქვა მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყვლოვანი. 4. დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ. 5. უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა. 6. უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა. 7. თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი, 8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.
2) 22. უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; 23. უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან. 24. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო; 25. მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; 26. როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი; 27. როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, 28. როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, 29. როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, 30. მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი,
ლიტ.: ხარებისა: ებრ. 2: 11-18. ლკ. 1: 24-38
11. ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ, 12. და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“. 13. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“. 14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, 15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. 16. რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ – აბრაამის მოდგმას. 17. ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად. 18. ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდელში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.
24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: 25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში. 26. ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, 27. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი – იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა – მარიამი. 28. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. 29. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? 30. ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. 31. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. 32. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. 33. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა. 34. ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი. 36. აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი, 37. რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. 38. ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი.
დიდი სამშაბათის: მთ. 24: 36-26: 2
36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. 37. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, 39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 41. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? 46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. 47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. 48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას, 49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას, 50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, 51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
1. და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა: 2. თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად.
ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
ზაქარიასთან მთავარანგელოზის გამოცხადებიდან მეექვსე თვეს გაბრიელ მთავარანგელოზი გალილეის ქალაქ ნაზარეთში იქნა მივლინებული ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. უფლის წინაშე მდგომელმა მას ასე მიმართა: „გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“ (ლკ. 1,28). მარიამი შეძრწუნდა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ (ლკ. 1,29). ზაქარია ურწმუნოების გამო არ ენდო მთავარანგელოზის სიტყვებს და დაისაჯა, მარიამი კი სიმდაბლის გამო დაეჭვდა, ამიტომ ზეციურმა მაცნემ კრძალვითა და მოთმინებით განაგრძო მისი დაჯერება: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“. იგი თანდათან უცხადებს ქალწულს, თუ ვინ იქნება მისი მუცლის ნაყოფი: „ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა იწოდის, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“ (ლკ. 1, 30-33) – მარიამის ძეს ღმერთი აღუთქვამს დავითის საყდარს, ანუ ისრაელის სამეფო ტახტს და იაკობის სახლზე, ანუ ისრაელის თორმეტ ტომზე საუკუნო სუფევას. მარადიული მხოლოდ ღმერთია. იაკობის სახლი კი უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც თავისი ლოცვით, სულით უფალთანაა შეერთებული. ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა, ამიტომ ღვთისმშობელი კითხულობს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არ ვიცი?“ (ლკ. 1, 34). ანგელოზი პასუხობს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“ (ლკ. 1, 35) და ნიშანსაც აძლევს – მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედიც, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია. ყოვლადწმიდას სისწორით უნდოდა შეტყობა ღვთის ნებისა, ეშინოდა, რომ არ შემცდარიყო, მაგრამ როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა და მიენდო უფალს: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!“ (ლკ. 1, 38). და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში და მისი ბუნება განწმიდა. რა იარაღითაც ჩვენი დაცემისათვის იღვაწა ეშმაკმა, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. შემთხვევითი არაა, რომ ღვთისმშობელს მარიამი – „განმანათლებელი“ ჰქვია: სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონებანი განანათლა.უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც 25 მარტს დღესასწაულობს წმიდა ეკლესია, ხარება ეწოდება, რადგან ამ დღეს არამხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, არამედ მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისაგან გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი, „თავი ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნითგან დამალულისა საიდუმლოჲსა“.