7.05.2026. აღდგომიდან მე-4 შვიდეული. ხუთშაბათი

7.05.2026. აღდგომიდან მე-4 შვიდეული. ხუთშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.     

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-4 შვიდეული. ხუთშაბათი
7.05.2026. ხსნილი

ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული.

მოწამისა საბა სტრატილატისა და მის თანა 70-თა მხედართა (272). მოწამეთა პასიკრატისა და ვალენტინისა (228); მოწამეთა: ევსევისა, ნეონისა, ლეონტისა, ლონგინოზისა და სხვათა (303); ღირსისა თომა სალოსისა (546-560); ღირსისა ელისაბედ სასწაულთმოქმედისა (VI-VIII);

დღის ლოცვები

მოწამე საბა სტრატილატის და მისთანა 70-თა მხედართა
ტროპარი: 
ქუეყანისა მხედრობისა სარტყელი დაუტევე და პატივ-ეც წამებასა, და წინაშე მძლავრთა მაცთურთა მყოფისათა ქრისტე ღმერთი აღიარე; ამისთვისცა მრავალსა სატანჯველსა მიეცი, საბა დიდებულო, ვინაცა ყოვლად შუენიერითა ძლევისა გვირგვინითა შეიმკე ყოველთა მეუფისა მიერ და ზეცისა მხედრობათა თანა მდგომარე ბრწყინვალედ განშუენებული წინაშე მისსა ევედრე მას, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.

კონდაკი: გამოსჩნდი შენ უძლეველად სტრატილატად და სძლიენ მანქანებასა ბარბაროზთასა, და მტკიცედ იღუაწე, დიდებულო, და სიმრავლე მტერთა უხილავთა შემუსრე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა შეითხზენ; ევედრე ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, საბა ყოვლადსანატრელო, სარწმუნოებით პატივისმცემელთა შენთათვის.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

საქმ. 10: 34-43 (დას. 26). ინ. 8: 12-20 (დას. 29).

საქმ. 10: 34-43

34. პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება. 35. არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. 36. მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის არის ყველას უფალი. 37. თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული, იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე. 38. ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი. 39. ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს; ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. 40. მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა, გამოცხადებოდა 41. მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, – ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. 42. მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. 43. მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით.

ინ. 8: 12-20 

12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. 13. ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 14. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ. 15. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი. 16. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. 17. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია. 18. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა. 19. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას. 20. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

მოწამენი: პასიკრატე და ვალენტინი (228)
წმიდა მოწამენი – პასიკრატე და ვალენტი (+228) მიზიის ქალაქ დოროსტოლიდან იყვნენ და მმართველი აბსოლანის კარზე მსახურობდნენ. პასიკრატე 22 წლისა იყო, ვალენტინი კი – ოცდაათის.
როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა პასიკრატემ და ვალენტინმა საჯაროდ აღიარეს ქრისტიანობა. სამსჯავროზე წმიდა პასიკრატემ აპოლონის კერპს შენერწყვა.
წმიდანის ძმა ტიროდა და ევედრებოდა მას, მოჩვენებით მაინც შეეწირა მსხვერპლი ბომონებისთვის, მაგრამ მოწამემ ქრისტესთვის სიკვდილი არჩია სიცრუით შენარჩუნებულ ამაო სიცოცხლეს. მოწამე ვალენტინმაც განაცხადა, რომ მზად იყო ქრისტესთვის აღსრულებულიყო.
ორივე წმიდანი მახვილით განგმირეს.

 

მოწამენი: საბა სტრატილატი და მასთან 70 მხედარი (272)
წმიდა მოწამენი: საბა სტრატილატი და მასთან 70 მხედარი (+272). წმიდა მოწამე საბა გუთთა ტომიდან იყო. სიმამაცისათვის მას სტრატილატის მაღალი წოდება უბოძეს. ის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) კარზე მსახურობდა.
საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო:
როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდა ქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.
მისი წამების მხილველი 70 მხედარი ქრისტეს სჯულზე მოექცა, რისთვისაც ისინი მაშინათვე სიკვდილით დასაჯეს. წმიდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას ლოცვად დამდგარ მოწამეს თვით უფალი გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დილით, ახალი წამების შემდეგ წმიდანი მდინარეში დაახჩვეს (+272).
მოწამენი: ევსევი, ნეონი, ლეონტი, ლონგინოზი და სხვანი (303)
წმიდა მოწამენი: ევსევი, ნეონი, ლეონტი, ლონგინოზი და სხვანი (+303) წმიდა გიორგის წამებას ესწრებოდნენ. დიდმოწამის შეურყეველმა სარწმუნოებამ ღვთის სასოება აღძრა მათში: წმიდანებმა ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც საპყრობილეში ჩაყარეს.
წმიდა გიორგის სიკვდილით დასჯის შემდეგ დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება, ყველა პატიმარს მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. როცა ამაზე უარი განაცხადეს, სანატრელი მოწამეები ჯერ რკინის ჯოხებით ცემეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
ღირსი თომა სალოსი (VI)
ღირსი თომა სალოსი (+დაახლ. 546-560) კაბადოკიის კესარიის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. მას მონასტრისთვის შემოწირულობების შეგროვება დაავალეს. ამ მიზნით სირიის ანტიოქიაში ჩასულმა ნეტარმა მამამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა.
ერთ-ერთი ეკლესიის იკონომოს ანასტასის მობეზრდა ღირსი თომას ხელგაწვდილი სიარული და სილა გააწნა მას. ამ ამბის მხილველებმა ანასტასის უხეშობა უსაყვედურეს, მაგრამ ღირსმა თომამ დაამშვიდა ისინი და უთხრა: „ამიერიდან არაფერს მივიღებ ანასტასისაგან, ვერც ის შეძლებს ვერაფრის მოცემას“. ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მეორე დღეს ანასტასი გარდაიცვალა, მონასტერში გამობრუნებული ღირსი თომა კი გზაში, ქალაქ დაფნის გარეუბანში, წმიდა ექვთიმეს ეკლესიაში აღესრულა. დაასაფლავეს უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თომას საფლავზე ქალი დამარხეს. ოთხი საათის შემდეგ მიწამ კუბო ამოაგდო. იგივე განმეორდა მიცვალებულის ხელახლა დაკრძალვის შემდეგაც და სხვა ქალის დასაფლავების დროსაც. მომხდარის შესახებ აცნობეს ანტიოქიის პატრიარქ დომნას (546-560). მისი კურთხევით ღირსი მამის ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს და ჩაასვენეს საძვალეში, სადაც მრავალ წმიდანის ნაწილები განისვენებდა. შემდგომ ამ ადგილას ააშენეს პატარა ეკლესია.
ღირსი თომასადმი აღვლენილი ლოცვებით ანტიოქიაში შეწყდა შავი ჭირის ეპიდემია. ამ დროიდან ანტიოქიელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ წმიდა თომას ხსენების დღეს.
ღირსი ელისაბედ საკვირველთმოქმედი (VII-VIII)
ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედი (VII-VIII) უფლის მსახურებისათვის ჯერ კიდევ შობამდე იყო გამორჩეული. მის დედას ჰქონდა გამოცხადება, რომ ჩვილი იქნებოდა რჩეული ჭური სულიწმიდისა.
გოგონა ბავშვობიდანვე მონასტერში იზრდებოდა. წმიდა ცხოვრებით გამორჩეულმა უფლისგან ხორციელ და სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიიღო და ბოლოს იღუმენიად აირჩიეს.
უსაზღვრო იყო ღირსი დედის თავშეკავება: მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ბალახით და ბოტსნეულით იკვებებოდა, ღვინოს და ზეთს არასდროს ღებულობდა. ბევრჯერ მთელ დიდმარხვას უჭმელად ატარებდა. მეზვერის სინანულის მიმსგავსებით სამი წელი ზეცისკენ არ აღუპყრია თვალები, სულიერი მზერა კი ნიადაგ ღვთისკენ ჰქონდათ მიპყრობილი. შუაღამის ლოცვებში წმიდანს ზეციური ნათელი უბრწყინდებოდა.
წმიდა ელისაბედმა მრავალი სასწაული აღასრულა: ლოცვით განგმირა გესლიანი გველი, განკურნა სისხლმდინარე ქალი, რომელიც მრავალი წელი იტანჯებოდა, განასხმიდა ბოროტ სულებს. სიკვდილის შემდეგ წმიდანის საფლავი კურნავდა სნეულებს. მისი წმიდა ნაწილებიდან აღებულმა მტვერმაც კი თვალები აუხილა ბრმას.