…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

I კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII. 7.06.2026
კრება ყოველთა წმიდათა. წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნა (850); მღვდელმოწამისა თერაპონტ კვიპრელ ეპისკოპოსისა (IV).
დღის ლოცვები
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნა
სხვა კონდაკი: იროდის მიერ უსჯულოთა ბილწთა დედათათვის თავი მოგეკვეთა, წინამორბედო, ხოლო ჩუენ პატიოსანსა ამას თავის პოვნასა შენსა ვიხარებთ და გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.
სხვა კონდაკი: ნათელ-საჩინო და საღმრთო სუეტი, სანთელი მზისა, თავი თვისი წინამორბედმან ნათელშემოსილი განცხადებულ-ჰყო კიდეთა შინა და განწმენდს სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა მისთა და ესრეთ მწოდებელთა: ნათლისმცემელო ქრისტესო ყოვლადბრძენო, გვაცხოვნენ ჩუენ ყოველნი.
ტროპარი: მაღლითა გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმაი თავს იდებ და სამისა დღისა დაფლვაი, რაითა ჩუენ განმანთავისუფლნე ცოდვათა ჩუენთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩუენო, უფალო, დიდება შენდა.
ტროპარი: მოციქულნო და წინასწარმეტყუელნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამამთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისანო, მეოხ-გუეყვენით წინაშე ღმრთისა.
ტროპარი: ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სოფლისა შემოქმედისა პირველ ნაყოფად, მხსნელო შესწირავს შენდა სოფელი მხნეთა მოწამეთა და გევედრების: მათითა ოხითა მშვიდობაი მომადლე ეკლესიასა და ერსა და ქალაქსა და სოფელსა შენსა და იხსნენ ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღმრთისმშობელისათა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
მწუხრ.: 1) ეს. 43: 9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3). სიბრძ. 515-24. 6: 1-3.
ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).
ლიტ.: ებრ: 11: 33 – 12: 2 (დას. 330). მთ. 10: 32-33, 37-38; 10: 27-30 (დას. 38).
პეტრე-პავლობის მარხვის აღება.
მწუხრ.: 1) ეს. 43: 9-14
9. ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია! 10. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. 11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი! 12. მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ. 13. დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის? 14. ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.
მწუხრ.: 2) სიბრძ. 3: 1-9
1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.
მწუხრ.: 3). სიბრძ. 5: 15-24. 6: 1-3
15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17. აიღებს სრულ საჭურველს – თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18. შეიმოსება აბჯრით – სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს – მოუსყიდველ სამართალს; 19. დაწვდება უძლეველ ფარს – სიწმინდეს, 20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.
ცისკ.: მთ. 28: 16-20
16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
ლიტ.: ებრ: 11: 33 – 12: 2
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
ლიტ.: მთ. 10: 32-33, 37-38; 10: 27-30
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; 38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
27. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. 28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. 29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. 30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კვიპრელი ეპისკოპოსი (IV)
წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კვიპრელი ეპისკოპოსი (IV) დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თამამად აღიარებდა ქრისტეს სარწმუნოებას, რისთვისაც მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი შეიქმნა. მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები კვიპროსზე განისვენებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა, 806 წელს კი, სარკინოზთა თავდასხმების შიშით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. გზაში წმიდა ნაწილებიდან მირონმა იწყო დენა. აღსრულდა სასწაულიც: წმიდანის მეოხებით ხომალდი საშინელ ქარიშხალს გადაურჩა. სიწმიდე ღვთისმშობლის ხატის ელეუსას (დღესასწაული – 12 ნოემბერს) სახელობის ტაძარში დააბრძანეს. იმავე წელს წმიდა ნაწილები წმიდა თერაპონტეს სახელობის ტაძარში გადაიტანეს, სადაც კვლავ გაგრძელდა სასწაულების აღსრულება.მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (დაახლ. 850)
მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი (დაახლ. 850). როცა წმიდა იოანე ოქროპირი (ხს. 13 ნოემბერს) გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს (810-820) კომანში ჩამოასვენეს. ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების ჟამს სიწმიდე მიწაში ჩაფლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს (847-857) უფლისგან ეუწყა წმიდა იოანე წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. მწყემსმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აუწყა. მან კომანში გააგზავნა ელჩები, რომლებსაც პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დახვდა სიწმიდე. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს. მისი ნაწილი ინახება წმიდა ათონის მთაზე.