7.07.2026. მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

7.07.2026. მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

7.07.2026. ხსნილი თევზით 

შობა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი; მოწამეთა 7-თა ძმათა: ორენტისა, ფარნაკისა, ეროსისა, ფირმოსისა, ფირმინისა, კვირიაკესი და ლონგინოზისა (IV). 

დღის ლოცვები 

შობა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი 

ტროპარი: წინაისწარმეტყველო და წინამორბედო ქრისტეს მოსლვისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ, რომელნი სურვილით პატივს გცემთ შენ, რამეთუ ბერწობაი დედისა და უტყვებაი მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, და განხორციელებაი სიტყვისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა.

კონდაკი: ბერწი შობს დღეს ქრისტეს წინამორბედსა, და იგი არს სავსება ყოვლისა წინასწარმეტყუელებისა, რამეთუ რომელი წინაისწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ამან იორდანესა შინა ნათელ-სცა, და გამოჩნდა ღმრთისა სიტყვისა წინაისწარმეტყუელად, ქადაგად და წინამორბედად. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

მწუხრ.: ნათლისმც.: 1) დაბ. 17: 15-17, 19; 18: 11-14; 21: 1-2; 4-8. 2) მსაჯ. 13: 2-8, 13-14. 17-18. 21. 3) ეს. 40: 13, 9; 41: 17-18; 45: 8; 48: 20-21; 54: 1.
ცისკ.: ლკ. 1: 24-25, 57-68, 76, 80 (დას. 3).
ლიტ.: ნათლისმც.: რომ. 13: 11-14: 4 (დას. 118). ლკ. 1: 1-25, 57-68, 76, 80 (დას. 1).

მწუხრ.: ნათლისმც.: 1) დაბ. 17: 15-17, 19; 18: 11-14; 21: 1-2; 4-8 

15. უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი. 16. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან. 17. პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა? 

19. უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის. 

18: 11-14

11. მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას. 12. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია. 13. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო? 14. რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.

21: 1-2; 4-8 

1. უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა; ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა. 2. დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს. 

4. წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს. 5. ასი წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე. 6. თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს. 7. თქვა: ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე. 8. წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.

მწუხრ.: ნათლისმც.: 2) მსაჯ. 13: 2-8, 13-14. 17-18. 21 

2. იყო იმჟამად ერთი ცორელი კაცი დანის ტომში, სახელად მანოახი. ცოლი ბერწი ჰყავდა და შვილს ვერ უჩენდა. 3. გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება. 4. ოღონდ ფრთხილად იყავი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო. 5. რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან. 6. წამოვიდა ქალი და უთხრა თავის ქმარს: ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, დიდად საკრძალველი იერი. არ მიკითხავს მისთვის სადაურობა და არც მას გაუმხელია ჩემთვის თავისი სახელი. 7. მითხრა: აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, ოღონდ არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო, რადგან ყმაწვილი დედის მუცლიდან სიკვდილამდე ღვთის მოწმიდარი იქნებაო. 8. ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს და უთხრა: უფალო, ერთხელ კიდევ გვეწვიოს შენგან მოვლენილი ღვთისკაცი და გვითხრას, რა ვუყოთ ყმაწვილს, რომელიც გაჩნდება. 

13. უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი. 14. არაფერს გაეკაროს ვაზისაგან მოწეულს, არც რამე უწმიდური ჭამოს. შეასრულოს ყველაფერი, რაც ვუბრძანე.

17. უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: სახელად რა გქვია? ხომ უნდა დაგლოცოთ, როცა შენი სიტყვა ახდება. 18. უთხრა უფლის ანგელოზმა: რისთვის მეკითხები სახელს? საიდუმლოა იგი. 

21. მიეფარა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალს. მაშინ კი მიხვდა მანოახი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.

მწუხრ.: ნათლისმც.: 3) ეს. 40: 13, 9; 41: 17-18; 45: 8; 48: 20-21; 54: 1 

13. ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?

9. ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აღიმაღლე შენი ხმაძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას ქალაქებს, აქ არის-თქო თქვენი ღმერთი! 

17. ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ. 18. გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას – წყაროსთვალად. 

8. იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს. 

20. გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი! 21. არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა.

1. გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.

ცისკ.: ლკ. 1: 24-25, 57-68, 76, 80 

24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: 25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.

57. ხოლო ელისაბედისთვის მოაწია შობის ჟამმა და შობა ძე. 58. გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად. 59. მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის, ზაქარია. 60. მაგრამ დედამისმა თქვა: არა, არამედ იოანე ერქმევა მას. 61. უთხრეს: არავინა გვყავს გვარში ისეთი, რომ ეგ სახელი ერქვას. 62. და ნიშნებით ეკითხებოდნენ მამამისს, რა სურდა დაერქმია მისთვის. 63. ხოლო მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა: იოანეა მისი სახელი. და უკვირდა ყველას. 64. მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო და აკურთხებდა ღმერთს. 65. შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელს მთიანეთს მოედო ეს ამბავი. 66. ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან. 67. ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: 68. კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი.

76. ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.

80. ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, როცა გამოეცხადა ისრაელს.

ლიტ.: ნათლისმც.: რომ. 13: 11-14: 4 

11. მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. 12. ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით. 13. და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით, 14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად. 

1. შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ. 2. რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს. 3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი. 4. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.

ლიტ.: ნათლისმც.: ლკ. 1: 1-25, 57-68, 76, 80 

1. რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, 2. როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, 3. მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, 4. რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია. 5. იუდეის მეფის – ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. 6. ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყვებლა მცნებასა და განაწესს. 7. მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ. 8. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე, 9. მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში. 10. ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას. 11. მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. 12. მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა. 13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. 14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. 15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. 16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის – მათი ღმერთის მიმართ. 17. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი – მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი. 18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული. 19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს. 20. აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს. 21. ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში. 22. და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ. 23. ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა. 24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: 25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.

57. ხოლო ელისაბედისთვის მოაწია შობის ჟამმა და შობა ძე. 58. გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად. 59. მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის, ზაქარია. 60. მაგრამ დედამისმა თქვა: არა, არამედ იოანე ერქმევა მას. 61. უთხრეს: არავინა გვყავს გვარში ისეთი, რომ ეგ სახელი ერქვას. 62. და ნიშნებით ეკითხებოდნენ მამამისს, რა სურდა დაერქმია მისთვის. 63. ხოლო მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა: იოანეა მისი სახელი. და უკვირდა ყველას. 64. მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო და აკურთხებდა ღმერთს. 65. შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელს მთიანეთს მოედო ეს ამბავი. 66. ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან. 67. ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: 68. კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი. 

76. ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.

80. ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, როცა გამოეცხადა ისრაელს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

შობა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა, იოანესი
შობა იოანე ნათლისმცემელისა. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები – მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს. წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძრწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.
ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“, სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა არ ჩამოაკითხა.
როცა „ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი. ესმა გარემოთა და ნათესავთა. და მის თანა იხარებდეს“. მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ, – ეს სახელი ხომ მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკჳრდა ესე ყოველთა“. ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის მონისა თჳსისასა“; ჩვილს კი მიმართა: „და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“.
მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეწყვიდათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2,16). ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა. 
წმიდა მოწამენი შვიდნი ძმანი: ორენტი, ფარნაკი, ეროსი, ფირმოსე, ფირმინე, კვირიკე და ლონგინოზ მხედარი (IV)
წმიდა მოწამენი, შვიდნი ძმანი – ორენტი, ფარნაკი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინი, კვირიკე და ლონგინოზი რომაელი მხედრები იყვნენ და იმპერატორის ლაშქარში მსახურობდნენ. მაქსიმიანეს (284-305) მეფობაში ბერძნებს სკვითები დაესხნენ თავს. ორენტის ებრძანა, რომ გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე სკვითების ბელადს, მაროთს შებრძოლებოდა. გაბედულებითა და ძლიერებით გამორჩეული მხედარი თავის ექვს ძმასთან ერთად ქრისტეს სასოებდა, ახლაც ღვთისგან გამოითხოვა შეწევნა და დაამარცხა სკვითების აქამდე დაუმარცხებელი ბელადი. ამ გამარჯვებამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა – სკვითები უკუიქცნენ. იმპერატორი წარმართული ღვთაებებისთვის სამადლობელი მსხვერპლის შესაწირავად გაემზადა და გამარჯვებულს – ორენტისაც უხმო. წმიდანმა უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე და ახოვნად აღიარა, რომ მას ქრისტე ღმერთი სწამდა და მხოლოდ მას ემსახურებოდა. ვერც პატივისა და სიმდიდრის აღთქმამ და ვერც მუქარამ ვერ მოდრიკა აღმსარებელი. მაშინ სასტიკმა და უმადურმა თვითმპყრობელმა ბრძანა, იგი თავის ძმებთან ერთად კავკასიაში გადაესახლებინათ. გზაში ყველა მათგანი გარდაიცვალა: პირველად, 22 ივნისს, ეროსი აღესრულა პარემვოლში; შემდეგ ორენტიმ შეჰვედრა სული უფალს. მას ყელზე ლოდი გამოაბეს და ზღვაში ჩაძირეს. მთავარანგელოზმა რაფაელმა ქალაქ რიზის ნაპირებთან გამოიყვანა იგი და აქ მიიცვალა. ფარნაკი 3 ივლისს გარდაიცვალა კორდილში; წმიდა ფირმოსი და ფირმინი – 7 ივლისს, ასპარში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე; წმიდა კვირიკე კი – ზიგანიაში, 14 ივლისს. მეშვიდე ძმას, ლონგინოზს ხომალდზე აღმოხდა სული. ქარიშხალმა გემი ქალაქ ბიჭვინთასთან მიაგდო და წმიდანის ნეშტიც აქ მიაბარეს მიწას.