ხოლო „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხმა IV
7.09.2025. ხსნილი
მოციქულისა 70-თაგანთა ბართლომესი (წმ. ნაწ. აღმოყ. VI ს) და ტიტესი, კრიტელი ეპისკოპოსისა (I); ბარსისე და ევლოგი ედესელ ეპისკოპოსთა, და პროტოგენი აღმსარებელისა, კარიელ ეპისკოპოსისა (IV); მინა კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (536-552).
დღის ლოცვები
კონდაკი: იხილე დიდად მზედ ეკლესიისა მოძღურებათა ელვითა და სასწაულთა საკვირველთათა ნათელ მყვანებელ პატივისმცემელთა შენთა, ბართლომე, უფლისა მოციქულო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: 1 კორ. 16: 13-24 (დას. 166). მთ. 21: 33-42 (დას. 87).
მოც.: ტიტ. 1: 1-4; 2: 15 – 3: 3, 12-13, 15 (დას. 300). მთ. 5: 14-19 (დას. 11).
ცისკ.: მკ. 16: 1-8
1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
ლიტ.: 1 კორ. 16: 13-24
13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით. 14. სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე. 15. ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა თავი; 16. შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ. 17. გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე, 18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ. 19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ. 20. მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. 21. მოგიკითხავთ ჩემი საკუთარი ხელით, პავლე. 22. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა! 23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. 24. ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ.
ლიტ.: მთ. 21: 33-42
33. სხვა იგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნახელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან. 35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს. 36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს. 37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. 38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ. 39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. 40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს? 41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს. 42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.
მოც.: ტიტ. 1: 1-4; 2: 15 – 3: 3, 12-13, 15
1. პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულთა რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად, 2. საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა, 3. და თავის დროზე გამოაცხადა სიტყვა ქადაგებით, რომელიც ჩვენი მაცხოვრის – ღმერთის ბრძანებით მე მომენდო, – 4. ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის – ქრისტე იესოსაგან.
15. ამას ამბობდე, შეაგონებდე და ამხილებდე მთელი ძალმოსილებით, რათა ვერავინ უგულებელგყოს.
3. ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდთმილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი.
12. როდესაც არტემასსა და ტიქიკოსს გამოგიგზავნი, ჩემსკენ გამოეშურე, ნიკოპოლისს, რადგანაც აქ გადავწყვიტე გამოზამთრება. 13. ხელი შეუწყვე რჯულის მოძღვარ ძენასისა და აპოლოსის გამომგზავრებას, რომ არაფერი მოაკლდეთ.
15. მოგიკითხავს ყველა, ვინც ჩემთანაა. მოიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
მოც.: მთ. 5: 14-19
14. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული. 15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს. 16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. 17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. 18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი – კრეტელი ეპისკოპოსი (I)
წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი, კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწიერებისა და ვნებათაღელვისაგან; როგორც მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 20 დეკემბერს) გვამცნობს, მას ქალწულება დაუმარხავს.
ოცი წლის ასაკში ნეტარს ძილში ჩაესმა ხმა, დაეტევებინა ელინური ამაოდბრძნობა და საცხოვნებელი სწავლება მოეძია. შემდეგაც, ზეგარდმო მიენიშნა, ღვთის წმიდა წინასწარმეტყველთა წიგნებს გასცნობოდა. უფლის რჩეულს პირველად ესაიას წინასწარმეტყველების წაკითხვა მოუხდა.
როცა კრეტამდე მოაღწია ხმამ პალესტინაში გამოჩენილი დიდი წინასწარმეტყველისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ, კუნძულის მმართველმა, ტიტეს ღვიძლმა ბიძამ წმიდანი იერუსალიმში გაგზავნა – სურდა შეეტყო, რამდენად შეეფერებოდა განაგონი ამბები ჭეშმარიტებას. ეს წინასწარმეტყველი იყო თავად უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ხორცი შეისხა ქალწულ მარიამისაგან და ამქვეყნად გარდამოხდა პირველქმნილი ცოდვის ტყვეობისაგან ადამიანთა მოდგმის გამოსასყიდად.
იერუსალიმში ტიტემ საკუთარი თვალებით იხილა განკაცებული ღმერთი, მოისმინა მისი ქადაგება და ირწმუნა, რომ მის წინ აღთქმული მესია იდგა. ნეტარი, მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და აღსრულებისა, მისი ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა. სულთმოფენობის დღეს შემოკრებილ ხალხში მდგარ წმიდანს ესმოდა, თუ როგორ ალაპარაკდა სულიწმიდის მადლით თორმეტი მოციქული სხვადასხვა ენაზე (საქმე. 2.11). წმიდა ტიტემ პავლე მოციქულის ხელით იღო ნათელი და მისი უახლოესი მოწაფე შეიქნა. ტიტე სამოცდაათ მოციქულს შორის შეირაცხა და წმიდა პავლეს მიერ კრეტის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. დაახლოებით 65 წელს, მოციქულთა თავმა სამოძღვრო ეპისტოლე გაუგზავნა თავის რჩეულს. როცა პყრობილი პავლე რომში ჩაიყვანეს კეისრის სამსჯავროზე, წმიდა ტიტემ დროებით დატოვა ეპარქია და რომში ჩავიდა, რომ სულიერი მამისათვის სამსახური გაეწია; მისი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ კი ნეტარი კრეტის მთავარ ქალაქ ჰორტინას დაუბრუნდა.
ერთხელ, ქალღმერთ დიანას დღესასწაულზე ტიტე შემოკრებილ წარმართებს შორის ქადაგებდა. როცა ნახა, რომ მას არავინ უსმენდა, მხურვალედ შესთხოვა უფალს, თვითონ დაერწმუნებინა გზაშეცდომილი ხალხი ცრუღმერთების უსუსურობაში. შემუსვრილი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა: დიანას კერპი ჩამოვარდა და ყველას თვალწინ ნამსხვრევებად იქცა. სხვა დროს მოციქულმა უფალს შესთხოვა, არ დაეშვა ზევსის მშენებარე წარმართული ტაძრის განსრულება და იგი, მართლაც, დაინგრა. ნეტარმა ტიტემ სარწმუნოების ნათელი მოჰფინა გარემო ქვეყნებს და მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში. სიკვდილის წინ მისი სახე მზესავით გაბრწყინდა.
წმიდანი ბარსისე და ევლოგი – ედესელი ეპისკოპოსნი და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი (IV)
წმიდა ბარსისე და ევლოგი – ედესელი ეპისკოპოსები და პროტოგენი კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი IV საუკუნის მეორე ნახევარში აღესრულნენ. იმპერატორმა ვალენტიმ (364-378), რომელიც არიანული ერესის გავრცელებას ესწრაფოდა, მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქალაქ ედესაში მან კათედრიდან განდევნა სარწმუნოების სიწმიდისათვის მებრძოლი მღვდელმთავარი ბარსისე და კუნძულ არადის საპყრობილეში გაგზავნა. მართლმადიდებელი მოსახლეობა დევნილ მღვდელმთავარს დიდი პატივით შეხვდა. იგი უფრო შორს, ეგვიპტის ქალაქ ოქსირინთში გადაიყვანეს, მაგრამ იქაც ამგვარადვე დაუხვდნენ. მაშინ მღვდელმთავარი იმპერიის საზღვარზე, ქალაქ ფენონში გადაასახლეს, სადაც, გატანჯულმა, სული უფალს შეჰვედრა (+378).
ედესაში იმპერატორმა ვალენტიმ საეპისკოპოსო ტახტზე უკანონოდ აღასაყდრა არიანელი ცრუეპისკოპოსი ლუპუსი (რაც მგელს ნიშნავს), რომელმაც საქმით გაამართლა თავისი სახელი. ედესის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ, ღვთისმსახურებმაც და მრევლმაც, შეწყვიტა მწვალებელთაგან დაპყრობილ ტაძრებში სიარული. ისინი ქალაქგარეთ იკრიბებოდნენ და ღია ცის ქვეშ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას.
როცა ამის შესახებ შეიტყო, იმპერატორმა ეპარქ მოდესტოსს უბრძანა, დაეხოცა ყველა ქრისტიანი, რომელიც იქ გამოცხადდებოდა. ეპარქს შეებრალა ხალხი და მორწმუნეები წინასწარ გააფრთხილა, ღვთისმსახურებაზე არ მისულიყვნენ. ისინი კი პირიქით მოიქცნენ: ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულები, უკლებლივ შეიკრიბნენ ლოცვის აღსავლენად. ეპარქი მოდესტოსი, ბრძანებისამებრ, შეიარაღებული მხედრებით გაეშურა ამ ადგილისაკენ. გზად მან იხილა ქალი, რომელიც ყრმასთან ერთად მიდიოდა წამების ადგილისაკენ, მარტვილის გვირგვინის მისაღებად. ამ ამბით გაოგნებული მოდესტოსი მეომრებითურთ უკან გაბრუნდა. სამეფო კარზე წარმდგარმა დაარწმუნა იმპერატორი, შეეცვალა ბრძანება ყველა მართლმადიდებლის ამოჟლეტის შესახებ და იგი მხოლოდ ღვთისმსახურებზე გაევრცელებინა.
სასულიერო პირები უხუცესი მღვდლის, ევლოგის წინამძღვრობით იმპერატორს მიჰგვარეს. უღმრთო ხელისუფალი ეცადა, ცრუეპისკოპოს ლუპუსთან ურთიერთობაზე დაეყოლიებინა ისინი, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ დაითანხმა. ამის შემდეგ ოთხმოცი ღვთისმსახური ბორკილებასხმული გაგზავნეს თრაკიის საპყრობილეში. გზაში მართლმორწმუნეები დიდი პატივით ეგებებოდნენ წმიდა აღმსარებლებს და საჭირო ნივთებით ამარაგებდნენ. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ორ-ორად დაეყოთ ისინი და სხვადასხვა ადგილებში მიმოეფანტათ.
წმიდა ხუცესი ევლოგი და პროტოგენი თებაიდის ქალაქ ანტინოეში გაგზავნეს, სადაც მათ თავიანთი ქადაგებით ბევრი კერპთმსახური მოაქციეს და მონათლეს. როცა იმპერატორი ვალენტი დაიღუპა, ტახტზე ასულმა კეთილმსახურმა მეფე თეოდოსიმ (379-395), დევნის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი აღმსარებლები გადასახლებიდან დააბრუნა.
გარდაცვლილი წმიდა ეპისკოპოსის, ბარსისეს ნაცვლად ხუცესი ევლოგი აკურთხეს ედესელ მღვდელმთავრად, წმიდა პროტოგენს კი მესოპოტამიის ქალაქ კარიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმინდანები ბრძნულად განაგებდნენ სამწყსოს, სანამ IV საუკუნის მიწურულს მშვიდობით არ გავიდნენ ამსოფლიდან.
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი (VI)
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი სასწაული აღესრულა და მრავალი უღმრთო მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმპერატორ ანასტასის (491-518) დროს წმიდანის ნეშტი ქალაქ ანასტასიოპოლში გადაასვენეს.
როცა ანასტასიოპოლი სპარსეთის მეფე ხოსრომ დაიპყრო, ქრისტიანებმა წმიდა ბართლომეს ნაწილები შავი ზღვის სანაპიროსკენ წაასვენეს, მაგრამ უღმრთოები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ტალღებისათვის მიეცათ (სხვა ცნობით, იგი თავად მოგვებმა ჩააგდეს წყალში). ბართლომეს ნეშტთან ერთად კიდევ ოთხი კიდობანი ჩაუშვეს ზღვაში – წმიდა მოწამეთა: პაპიანეს, ლუკიანეს, გრიგოლისა და აკაკის ნაწილებით. ღვთის ძალით ისინი არ ჩაიძირნენ, სასწაულებრივ გაცურდნენ და იტალიას მიაღწიეს. ლუსკუმა ბართლომეს უხრწნელი ნაწილებით კუნძულ ლაპარის ნაპირებს მიადგა, სხვა კიდობნებმა კი გზა განაგრძეს და იტალიის სხვადასხვა ადგილებში გაჩერდნენ. წმიდა მოციქულის ნეშტის მობრძანება სასწაულებრივი ჩვენებით გაუცხადდა ადგილობრივ ეპისკოპოს აღათონს, რომელიც ღვთისმსახურთა დასთან ერთად გავიდა ზღვის ნაპირზე, ლუსკუმა გამოასვენა წყლიდან და ზეიმით გადააბრძანა ტაძარში. მოციქულის უხრწნელი ნაწილებიდან მაკურნებელი მირონი გადმოდინდა. სიწმიდე ლიპარის ეკლესიაში IX საუკუნის შუა წლებამდე დარჩა; როცა კუნძული წარმართებმა დაიპყრეს, ქრისტიანმა ვაჭრებმა იგი ქალაქ ბენევენტუმში გადაასვენეს, სადაც მას დიდი პატივით შეეგებნენ და ქალაქის მთავარ ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ზოგი ცნობით, აქედან ბართლომე მოციქულის წმიდა ნეშტი (ან მისი ზოგიერთი წმინდა ნაწილი) X საუკუნეში რომში იქნა გადაბრძანებული.
წმიდა მინა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+552)
წმიდა მინა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (536-552) თავდაპირველად ხუცესად მსახურობდა კონსტანტინოპოლში და ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებლის დავრდომილთა თავშესაფრის ზედამხედველი იყო წმიდა იუსტინიანე I-ის (527-565) ზეობისას. სათნოებებით უხვად შემკული, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი მამა ერეტიკოს ანთიმოზის (535-536) ჩამოგდების შემდეგ აღასაყდრეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. ხელდასხმა აღასრულა იმჟამად კონსტანტინოპოლში მყოფმა რომის პაპმა აღაპიტემ (535-536). მღვდელმთავარ მინას პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში მოხდა სასწაული, რომელიც მთელს ქალაქში გახდა ცნობილი.
ერთი ებრაელის ბავშვი ტაძარში შევიდა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. როცა ამის შესახებ მან სახლში მამას მოუთხრო, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა, ყრმა შეიპყრო და გავარვარებულ ღუმელში შეაგდო, მეუღლისთვის კი არაფერი უთქვამს. სასოწარკვეთილი დედა სამი დღე ტირილით დაეძებდა შვილს და ხმამაღლა უხმობდა, სანამ ბოლოს იგი გახურებული ქურიდან არ შეეხმიანა. დედამ იქიდან გაჭირვებით გამოიყვანა ბავშვი, რომელიც სრულიად უვნებელი აღმოჩნდა. ბიჭი ყვებოდა, ბრწყინვალე ქალბატონი მოდიოდა ჩემთან, ცეცხლის სიმხურვალეს განაქარვებდა და წყალსა და საზრდელს მიზიდავდაო. ამის შესახებ მღვდელმთავარმა მინამ და წმიდა იუსტინიანე I-მა შეიტყვეს. დედა-შვილი მოინათლნენ, გულგაქვავებულმა მამამ კი იმ დიდი სასწაულის მიუხედავად, რომლის მოწმეც შეიქნა, არ ისურვა ცოდვის მონანიება. მაშინ იმპერატორმა სამსჯავროს გადასცა იგი, როგორც მკვლელი და სიკვდილით დასაჯა. პატრიარქი მინა თექვსმეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. წმიდა სოფიას ცნობილი ტაძარი სწორედ მისი პატრიარქობის დროს იკურთხა. წმიდა მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს.