7.10.2025. მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

7.10.2025. მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

7.10.2025. ხსნილი

დედათა შორის პირველმოწამისა და მოციქულთა სწორისა თეკლა იკონიელისა (I); ღირსისა კოპრესი (530); წმიდისა ვლადისლავ სერბისა (1239).

დღის ლოცვები

პირველმოწამე, მოციქულთა სწორისა თეკლას

ტროპარი: ჭურო რჩეულო, ჭურისა მისგან რჩეულისა სიწმიდით მდიდრად აღვსებულო, ქალწულთა გვირგვინო, პირველმოწამეთა შორის დიდებულო თეკლა, მეოხ-გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

ტროპარი: რომელი დაემოწაფე სიტყუასა პავლესსა, უბიწოო, და დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა პეტრესსა, ღმრთისწოდებულო, პირველმოწამე იქმენ და პირველმოღუაწე შორის დედათა, აღხედ ცეცხლსა ზედა, და არა შეგეხო ალი მისი, მხეცნი და კურონი შენგან შეძრწმუნდეს სასწაულითა ჯუარისათა; ქრისტესა ევედრე, ყოვლადქებულო, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ქალწულებისა სიკეთითა განბრწყინდი და მარტვილობისა გვირგვინითა შეიმკვე, და მოციქულება გერწმუნა, ქალწულო, ვითარცა დიდებულსა პავლეს, და ცეცხლის ალი ცვარად გარდააქციე, და კუროსა გულის-წყრომაი ლოცვითა შენითა დააცხრვე, ვითარცა პირველმოწამემან.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: ეფ. 5: 20-26 (დას. 230). ლკ. 2: 12-16 (დას. 18).
პირველმოწ.: 2. ტიმ. 3: 10-15 (დას. 296). მთ. 25: 1-13 (დას. 104).

ლიტ.: ეფ. 5: 20-26 

20. მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. 21. ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს. 22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. 23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი. 24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს – ყველაფერში. 25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, 26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,

ლიტ.: ლკ. 2: 12-16 

12. და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში. 13. ანაზდად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: 14. დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის. 15. და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა. 16. სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა.

პირველმოწ.: 2. ტიმ. 3: 10-15 

10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას, 11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა. 12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება. 13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან. 14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული. 15. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.

პირველმოწ.: მთ. 25: 1-13 

1. მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. 2. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური. 3. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. 4. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. 5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. 6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. 7. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. 8. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. 9. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. 10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. 11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. 12. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. 13. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამვირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმიდანს დედა აიძულებდა, გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, „დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ შჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა“. მოციქულთა თავი შებოჭეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა თეკლა ღამით გაიპარა სახლიდან, დილეგის მცველები მოისყიდა და პავლეს საკანში შეაღწია. სამი დღე იჯდა ქალწული წმიდანის ფეხებთან, უსმენდა „ყოვლისა თაფლისა და გოლისა უტკბილეს“ მის სწავლებას და სარწმუნოებაში აღორძინდებოდა. როცა თეკლას გაპარვა შენიშნეს, მშობლებმა ყველგან მსახურები დაგზავნეს მის საძებნელად. ბოლოს ნეტარს საპყრობილეში მიაკვლიეს და ძალით წაიყვანეს შინ.
მთავარმა პავლე „განშოლტვილი განჴადა ქალაქით“. თეკლას კიდევ დიდხანს შეაგონებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე, მაგრამ ვერც დედის ცრემლებმა და რისხვამ, ვერც მთავრის მუქარამ ვერ შეძლო ზეციური სიძის – უფალ იესო ქრისტეს სიყვარული მიენავლებინა მასში. მაშინ დედამ დაივიწყა ყველაფერი და, გააფთრებულმა, თავად მოსთხოვა მსაჯულს, სიკვდილით დაესაჯა მისი ასული. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილი პირჯვრის გადასახვით უშიშრად ავიდა კოცონზე. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა წმიდანის მომავალი ღვაწლი და მისი სული გამოუთქმელი სიხარულით აღივსო. ცეცხლის ალი მაღლა ავარდა, მაგრამ თეკლას არ შეხებია – რკალად შემოერტყა გარს. უეცრად ცამ იჭექა, სეტყვანარევმა კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. დამფრთხალი ჯალათები დაიფანტნენ, უვნებლად დაცულმა მოწამემ კი დატოვა ქალაქი და ერთი ჭაბუკი ქრისტიანის დახმარებით პავლე მოციქული მოძებნა. წმიდა პავლესა და მის თანამგზავრებს, მათ შორის მოციქულ ბარნაბას, ქალაქის მახლობლად, გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი და მხურვალედ ლოცულობდნენ, რომ უფალს ტანჯვათა შორის განემტკიცებინა თეკლა. წმიდა ქალწულმა ანტიოქიამდე მათთან ერთად იარა. აქ ერთი დიდებული, სახელად ალექსანდრე, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და მისი ხელში ჩაგდება მოისურვა. ჭაბუკი ვნებებს ვერ იოკებდა, „ურცხჳნოდ მოეხუეოდა მას და ესრეთ უბანთა ზედა ჰკოცნიდა“. თეკლა „გარემიაქცევდა მას და განაგდებდა“, ბოლოს კი მოსასხამი ჩამოახია, გვირგვინი მოჰხადა და „განქიქებულყო ყოველთა ზედა“. ალექსანდრემ ვერ აიტანა შერცხვენა და მთავარს მიჰგვარა წმიდანი. მტარვალებმა მას სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. ორჯერ მიუშვეს ნეტარზე დამშეული მხეცები, მაგრამ მათ არაფერი ავნეს წმიდანს. ბოლოს თეკლა ორ ხარზე დააკრეს, შემდეგ გახურებული რკინებით ნადირები გაახელეს, რომ სხვადასხვა მხარეს გაქცეულიყვნენ და ქალწული დაეგლიჯათ, მაგრამ, ღვთის ნებით, ხარები ადგილიდან არ დაიძრნენ, მაგარი ბაწრებიც ობობას ქსელივით გაწყდა და წმიდანს არაფერი დაშავებია. ხალხმა იხუვლა: „ერთ არს ღმერთი თეკლასი, ერთ არს ღმერთი: რომელმან განარინა თეკლა!“ თვითონ მმართველიც მიხვდა, რომ მარტვილს ყოვლადძლიერი ღმერთი მფარველობდა და ბრძანა, ქრისტეს მხევალი გაეთავისუფლებინათ. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო აქ ღვთის სიტყვის ქადაგებით. თეკლამ ურიცხვი კერპთმსახური მოაქცია ქრისტეს სჯულზე – ეკლესია ღირსად უწოდებს მას მოციქულთასწორს.
თეკლას უფლისგან სასწაულებრივი კურნების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული და ყველას უსასყიდლოდ კურნავდა. ამის გამო წარმართი ქურუმები აღდგნენ მის წინააღმდეგ. უღმრთოები თვლიდნენ, რომ თეკლა „ღვთაება“ არტემიდემ შეიყვარა უბიწოების დაცვისათვის და საკვირველთქმედების ძალაც მისგან ჰქონდა მინიჭებული, ამიტომ „კაცნი ბილწნი ცხორებითა და ჭაბუკნი ჰასაკითა“ მოისყიდეს და გაგზავნეს წმიდანთან, რომ მასზე ძალა ეხმარათ. როცა „ძაღლებრ მრავალი“ უსჯულოები უკვე ძალზე ახლოს იყვნენ, ნეტარმა შემწეობა ითხოვა ღვთისგან. პასუხად ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, თეკლა, რამეთუ მე შენ თანა ვარ!“ კლდე გაიპო, ქრისტეს მხევალი შეიფარა და კვლავ დაიხშო. ასე შეჰვედრა სული უფალს მისმა რჩეულმა (I). 
ღირსი კოპრე თეოდოსი დიდის სავანის ბერებმა ნეშომპალის (ბერძნულად – „კოპრია“) გროვაზე იპოვეს პალესტინაში. აქ იგი ახალშობილი დატოვა დედამ, რომელიც მომხდურ სპარსელებს გაურბოდა. მამებმა მონასტერში მიიყვანეს ჩვილი, კოპრე დაარქვეს და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. შემდგომ ნეტარი მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება მშობლიურ სავანეში გაატარა. უფლის რჩეულმა სათნოებათა მწვერვალს მიაღწია და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო, მიიცვალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში (+დაახლ. 530).
წმიდა სტეფანე სერბელი, სტეფანე ნემანის (ხს. 13 თებერვალს) ძე, სერბეთის მეფე იყო. სიკვდილის წინ ნეტარი ბერად აღიკვეცა სვიმეონის სახელით და 1224 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მეფე ვლადისლავ სერბი, წმიდა სტეფანე სერბის ძე, შვიდი წელი განაგებდა ქვეყანას. იგი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, ზრუნავდა სნეულებზე, მწირებსა და გლახაკებზე. ნეტარმა მილეშოვოში ააგო მონასტერი, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1239 წელს. დაკრძალულია იქვე.