…სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).
…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში. 6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. 7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება. 8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე (ლკ. 4: 1-15).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
7.10.2026. მარხვა;
ხსნილია თევზით, ღვინით და ზეთით
დედათა შორის პირველმოწამისა და მოციქულთა სწორისა თეკლა იკონიელისა (I); ღირსისა კოპრესი (530); წმიდისა ვლადისლავ სერბისა (1239).
დღის ლოცვები
პირველმოწამე, მოციქულთა სწორისა თეკლას
ტროპარი: ჭურო რჩეულო, ჭურისა მისგან რჩეულისა სიწმიდით მდიდრად აღვსებულო, ქალწულთა გვირგვინო, პირველმოწამეთა შორის დიდებულო თეკლა, მეოხ-გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.
ტროპარი: რომელი დაემოწაფე სიტყუასა პავლესსა, უბიწოო, და დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა პეტრესსა, ღმრთისწოდებულო, პირველმოწამე იქმენ და პირველმოღუაწე შორის დედათა, აღხედ ცეცხლსა ზედა, და არა შეგეხო ალი მისი, მხეცნი და კურონი შენგან შეძრწმუნდეს სასწაულითა ჯუარისათა; ქრისტესა ევედრე, ყოვლადქებულო, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ქალწულებისა სიკეთითა განბრწყინდი და მარტვილობისა გვირგვინითა შეიმკვე, და მოციქულება გერწმუნა, ქალწულო, ვითარცა დიდებულსა პავლეს, და ცეცხლის ალი ცვარად გარდააქციე, და კუროსა გულის-წყრომაი ლოცვითა შენითა დააცხრვე, ვითარცა პირველმოწამემან.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რიგ.: ფლპ. 1: 12-20 (დას. 237). ლკ. 4: 1-15 (დას. 12).
პირველმოწ.: 2 ტიმ. 3: 10-15 (დას. 296). მთ. 25: 1-13 (დას. 104).
რიგ.: ფლპ. 1: 12-20
12. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას. 13. ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის, 14. რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება. 15. თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს. 16. ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს. 17. მეორენი კი – სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ. 18. მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ, 19. რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით, 20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.
რიგ.: ლკ. 4: 1-15
1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში. 2. ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა. 3. და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს. 4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით. 5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში. 6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. 7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება. 8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. 9. მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან, 10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა, 11. და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. 12. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. 13. ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას. 14. დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს. 15. და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.
პირველმოწ.: 2 ტიმ. 3: 10-15
10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას, 11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა. 12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება. 13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან. 14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული. 15. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.
პირველმოწ.: მთ. 25: 1-13
1. და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა: 2. თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად. 3. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე. 4. და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი. 5. მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო. 6. ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში, 7. მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს. 8. ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ასეთი ფლანგვა? 9. ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული. 10. მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო: 11. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 12. ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა. 13. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა (I)
წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამვირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება ქრისტესთვის დაემარხა. წმიდანს დედა აიძულებდა, გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, „დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ შჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა“. მოციქულთა თავი შებოჭეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა თეკლა ღამით გაიპარა სახლიდან, დილეგის მცველები მოისყიდა და პავლეს საკანში შეაღწია. სამი დღე იჯდა ქალწული წმიდანის ფეხებთან, უსმენდა „ყოვლისა თაფლისა და გოლისა უტკბილეს“ მის სწავლებას და სარწმუნოებაში აღორძინდებოდა. როცა თეკლას გაპარვა შენიშნეს, მშობლებმა ყველგან მსახურები დაგზავნეს მის საძებნელად. ბოლოს ნეტარს საპყრობილეში მიაკვლიეს და ძალით წაიყვანეს შინ.თეკლას უფლისგან სასწაულებრივი კურნების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული და ყველას უსასყიდლოდ კურნავდა. ამის გამო წარმართი ქურუმები აღდგნენ მის წინააღმდეგ. უღმრთოები თვლიდნენ, რომ თეკლა „ღვთაება“ არტემიდემ შეიყვარა უბიწოების დაცვისათვის და საკვირველთქმედების ძალაც მისგან ჰქონდა მინიჭებული, ამიტომ „კაცნი ბილწნი ცხორებითა და ჭაბუკნი ჰასაკითა“ მოისყიდეს და გაგზავნეს წმიდანთან, რომ მასზე ძალა ეხმარათ. როცა „ძაღლებრ მრავალი“ უსჯულოები უკვე ძალზე ახლოს იყვნენ, ნეტარმა შემწეობა ითხოვა ღვთისგან. პასუხად ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, თეკლა, რამეთუ მე შენ თანა ვარ!“ კლდე გაიპო, ქრისტეს მხევალი შეიფარა და კვლავ დაიხშო. ასე შეჰვედრა სული უფალს მისმა რჩეულმა (I).
ღირსი კოპრე (+დაახლ. 530)
ღირსი კოპრე თეოდოსი დიდის სავანის ბერებმა ნეშომპალის (ბერძნულად – „კოპრია“) გროვაზე იპოვეს პალესტინაში. აქ იგი ახალშობილი დატოვა დედამ, რომელიც მომხდურ სპარსელებს გაურბოდა. მამებმა მონასტერში მიიყვანეს ჩვილი, კოპრე დაარქვეს და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. შემდგომ ნეტარი მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება მშობლიურ სავანეში გაატარა. უფლის რჩეულმა სათნოებათა მწვერვალს მიაღწია და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო, მიიცვალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში (+დაახლ. 530).წმიდა მეფე ვლადისლავ სერბელი (+1239)
წმიდა მეფე ვლადისლავ სერბი, წმიდა სტეფანე სერბის ძე, შვიდი წელი განაგებდა ქვეყანას. იგი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, ზრუნავდა სნეულებზე, მწირებსა და გლახაკებზე. ნეტარმა მილეშოვოში ააგო მონასტერი, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1239 წელს. დაკრძალულია იქვე.