…თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით (მთ. 10: 5). 28. …მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა (ინ. 5: 28-29).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-23 შვიდეული. შაბათი
7.11.2026. შაბათი. ხსნილია.
მოწამეთა: მარკიანესი და მარტვირისა (დაახ. 355); მოწამისა ანასტასისა (III); მართლისა ტაბითასი (I).
დღის ლოცვები
კონდაკი: სიჩჩოთგან კეთილად მოღუაწეთა მარკიანე ბრძნისა მარტვირის თანა განდგომილი არიოს ძლიერად დააკვეთეს მოუწყვლელად დამცველთა მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისათა და თანა შედგომილთა პავლე კეთილ მასწავლელისათა, ვინაიცა მის თანავე პოვეთ ცხორებაი, ვითარცა სამებისათვის მბრძოლთა რჩეულთა.
დიმიტრის შაბათი
ლოცვა მიცვალებულთათვის
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაი, არა ურვაი, არცა სულთქუმაი, არამედ სიხარული და ცხორებაი იგი დაუსრულებელი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია (რიგ.) – 2 კორინთელთა მიმართ 8:1-5; ლიტურგია (მოწ.) – ეფესელთა მიმართ 4:7-13; ლიტურგია (მიც.) – 1 თესალონიკელთა მიმართ 4:13-17; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 7:1-10; ლიტურგია (მოწ.) – მათეს სახარება 10:1-8; ლიტურგია (მიც.) – იოანეს სახარება 5:24-30.
ლიტ. (რიგ.) – 2 კორ. 8: 1-5
1. ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს. 2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით. 3. რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც. 4. თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში. 5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.
ლიტ. (მოწ.) – ეფეს. 4: 7-13
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი. 8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“. 9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო? 10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი. 11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად. 12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის ასაშენებლად, 13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,
ლიტ. (მიც.) – 1 თეს. 4: 13-17
13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. 14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. 15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. 16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. 17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 7: 1-10
1. როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა. 2. ერთი ასისთავის მონა, რომელსაც პატრონი დიდ პატივს სცემდა, ავად იყო და სულს ებრძოდა. 3. იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა. 4. ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას, 5. ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა. 6. წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. 7. ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. 8. ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს. 9. ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ გეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას. 10. გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა.
ლიტ. (მოწ.) – მთ. 10: 1-8
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. 2. ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე; 3. ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული; 4. სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. 5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
ლიტ. (მიც.) – ინ. 5: 24-30
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
მართალი ტაბითა (I)
მართალი ტაბითა, როგორც „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს, ცხოვრობდა ლიდიაში და „სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა“. მოულოდნელად ნეტარი მძიმედ დასნეულდა და მოკვდა. იმჟამად ლიდიაში პეტრე მოციქული ქადაგებდა. მართლმორწმუნეებმა ხალხი მიავლინეს წმინდა პეტრესთან და მდაბლად შესთხოვეს: „ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე“. როცა პეტრე მივიდა, ქვრივები ტირილით „უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა“. მაშინ მოციქულთა თავმა ყველას გარეთ გასვლა უბრძანა, ცხედართან მუხლი მოიყარა, მხურვალედ ილოცა, შემდეგ კი გვამს მიუბრუნდა და თქვა: „ტაბითა, აღდეგ!“ მიცვალებულმა თვალები აახილა და პეტრეს დანახვაზე წამოჯდა. წმიდა მოციქულმა მოუწოდა შემოკრებილ ქრისტიანებს და „წარუდგინა იგი ცოცხალი“. ეს სასწაული მთელ ქალაქში გახმაურდა და მრავალმა ირწმუნა განკაცებული მაცხოვარი (საქმე; 9, 36-42).წმიდა მოწამე ანასტასი (III)
წმიდა მოწამე ანასტასი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას თავისი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, უღმერთოებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა. წმიდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა. წმიდა მოწამენი: მარკიანე და მარტვირი (+დაახლ. 355)
წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი – იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის (ხს. 6 ნოემბერს) ნოტარიუსების მორჩილება-საც აღასრულებდნენ – მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან დაბნეული სამწყსოსადმი.მას შემდეგ, რაც ერეტიკოსებმა წმიდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მალულად მოკლეს, მისი კათედრა ადრიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვითა და პატივის აღთქმით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ წამებით ამოხდიდნენ სულს, მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ მათთვის სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: უფლის რჩეულები კვლავ ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხალხსაც მოუწოდებდნენ, მტკიცედ დაეცვათ ეკლესიის მამათა მიერ გადმოცემული სწავლების სიწმიდე. წმინდანებს სასიკვდილო სასჯელი გამოუტანეს. აღსასრულის წინ მარტვილებმა მხურვალედ სთხოვეს უფალს: „უფალო ღმერთო, რომელმან დაჰბადე გულნი ჩვენნი და გულისხმა-ყოფ საქმეთა ჩვენთა, მშვიდობით შეივედრე სულნი მონათა შენთანი, რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე, შევირაცხენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“ (ფს. 32,15; 43,23). გვიხარის, რამეთუ ესევითარითა სიკვდილითა განვალთ ამა სოფლიდან სახელისა შენისათვის. ღირს გვყავ ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოისა შენთანა, წყაროო ცხოვრებისაო“. ლოცვის შემდეგ მოწამეებმა სიხარულით მიუპყრეს ქედი უსჯულოთა მახვილებს (+დაახლ. 355 წელს). მათი წმიდა ცხედრები მართლმორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას. მოგვიანებით, წმიდა მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის დროს, უფლის სათნომყოფელთა უხრწნელი ნაწილები მათ სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს, სადაც წმიდანების ლოცვით მრავალი საკვირველი კურნება აღესრულა.