კაპერნაუმი
29 წელი
მთ. |
მკ. |
ლკ. |
ინ. 6 (წინ. 6:15-21; # 71) 22. ხვალისაგან ერი იგი რომელი დგა წიაღ ზღუასა მას, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი იგი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას, არამედ მოწაფენი ხოლო მისნი შევიდეს. 23. მოვიდეს უკუე სხუანიცა ნავნი ტიბერიით, მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი ჭამეს პური, რომელი-იგი აკურთხა უფალმან და ჰმადლობდა. 24. ვითარცა იხილა ერმან მან, ვითარმედ იესუ არა მუნ არს, არცა მოწაფენი მისნი, მოადგინეს მათ ნავები იგი და მოვიდეს კაპერნაუმდ და ეძიებდეს იესუს. 25. და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოუხუედ აქა? 26. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით. 27. იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა, ღმერთმან. 28. ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? 29. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა. 30. და მათ ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ? 31. მამანი ჩუენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა, ვითარცა წერილ არს: პური ზეცით მოსცა მათ ჭამად. 32. ჰრქუა მას იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით. 33. რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა. 34. ჰრქუეს მას: უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე. 35. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. 36. არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს. 37. ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე. 38. რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ. 39. ხოლო ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 40. რამეთუ ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 41. დრტჳნვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდმოვჴედ, 42. და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ? 43. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნუ სდრტჳნავთ ურთიერთას. 44. ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 45. წერილ არს წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ. ყოველსა რომელსა ესმეს მამისა ჩემისაგან და ისწავოს, მოვიდეს ჩემდა. 46. არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ. 47. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 48. მე ვარ პური ცხორებისაჲ. 49. მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს. 50. ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს. 51. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა. 52. ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად? 53. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. 54. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 55. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. 56. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა. 57. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ. 58. რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე. 59. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს. 60. მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა? 61. იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? 62. უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ? 63. სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება. 64. არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი. 65. და ეტყოდა: ამისთჳს გარქუ თქუენ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მამისაგან ჩემისა. 66. ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა. 67. ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის? 68. მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. 69. და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. 70. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს. 71. ხოლო იტყოდა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა, რომელი იყო ერთი ათორმეტთაგანი, რამეთუ ამას ეგულებოდა მიცემაჲ მისი. 22. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ არ იყო იქ სხვა ნავი, გარდა იმ ერთისა, რომელშიაც ისხდნენ მისი მოწაფეები, იესო კი არ მჯდარიყო ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხთლოდ მოწაფეებს გაეცურათ. 23. ხოლო ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. 24. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იქ აღარც იესოა და აღარც მისი მოწაფეები, თვითონაც ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გასწიეს. 25. ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ? 26. მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. 27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი. 28. მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი? 29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული. 30. კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამთთ? მაინც რას მოიმოქმედებ? 31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური. 32. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს. 33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას. 34. მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს. 35. და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს. 36. მაგრამ აკი გითხარით, რომ მიხილეთ და არ მიწამეთ. 37. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. 38. ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ ნება ჩემი მომავლინებლისა. 39. ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ, რაც მომცა, არაფერი დავღუპო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს. 40. ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს. 41. ხოლო იუდევეღესი დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით; 42. და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედმამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო? 43. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. 44. ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. 45. წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია: ყველა ღმერთის მიერ განისწავლება. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა. 46. არა იმიტომ, რომ ვინმეს უხილავს ღმერთი, გარდა იმისა, ვინც ღმრთისაგან არის; მხოლოდ მან იხილა მამა. 47. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე. 48. მე ვარ პური სიცოცხლისა. 49. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. 50. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს. 51. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის. 52. იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი? 53. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. 54. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. 55. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. 56. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე – მასში. 57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. 58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. 59. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. 60. ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა? 61. ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდნებთ თქვენ? 62. მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო? 63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე. 64. მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. 65. და თქვა: ამიტომაც გითხარით, რომ ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი არ მიეცემა მამის მიერ. 66. ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას. 67. მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? 68. ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. 69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. 70. მიუგო მათ იესომ: განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია. 71. იუდა ისკარიოტელზე, სიმონის ძეზე, ამბობდა ამას, რადგანაც მას, ერთ თორმეტთაგანს, უნდა გაეცა იგი. (შემდ. 7:1; # 76) |