77. 4000 კაცის დაპურება

ათქალაქი

29 წელი

მთ. 15

32. ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმთაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა. 33. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი? 34. ჰრქუა მათ იესუ: რაოდენი პური გაქუს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი. 35. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა. 36. და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას. 37. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი სავსე. 38. ხოლო რომელთა-იგი ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.

32. ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში. 33. უთხრეს მას მოწაფეებმა: სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ? 34. ჰკითხა მათ იესომ: მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი. 35. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. 36. აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა – ხალხს. 37. ყველამ ჭამა და გაძღა. და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი. 38. ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასი კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.

მკ. 8

1. მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: 2. მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ. 3. და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან. 4. და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა? 5. და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი. 6. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და დაუდგეს ერსა მას. 7. და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად. 8. და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი. 9. და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი.

1. იმ დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: 2. მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი. 3. მშივრები რომ გავუშვა შინ, გზაში დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგი მათგანი შორიდანაა მოსული. 4. მიუგეს მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: ვის შეუძლია აქ, ამ უდაბნოში, ამდენი ხალხის დაპურება?  5. და ჰკითხა მათ: რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ მიუგეს: შვიდი. 6. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო შვიდი პური, აკურთხა, დატეხა და ჩამოსარიგებლად მისცა თავის მოწაფეებს; და მათაც ჩამოურიგეს ხალხს. 7. ცოტაოდენი თევზიც ჰქონდათ; ისიც აკურთხა და ბრძანა ჩამოერიგებინათ მათთვის. 8. ჭამეს და გაძღნენ; და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი. 9. ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი; და გაისტუმრა ისინი.

ლკ.

ინ.