„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
8.01.2026. მსგეფსი
შემდგომი დღესასწაული ქრისტესშობისა. კრება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. მღვდელმოწამისა ეფთვიმისა, სარდიელ ეპისკოპოსისა (840); ღირსისა კონსტანტინე სინადელისა (VIII); ღირსისა ევარესტისა (825); ღირსისა ნიკოდიმოს ტისმანელისა (1406).
კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს „ტარიგისა და მწყემსის დედის“, „სამოთხისა ბჭეთა განმღებელის“ – ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად. ამიტომაც ამ დღესასწაულს ეწოდება „კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა“.დღის ლოცვები
კონდაკი: რომელი პირველ მთიებისა მამისაგან იშუა უდედოდ ქუეყანასა ზედა, უმამოდ განკაცნა დღეს შენგან, რომელსა ვარსკულავი ახარებს მოგვთა, ხოლო ანგელოზნი მწყემსთა თანა დიდების მეტყუელებენ უთესლოსა შობასა შენსა, ღმრთივმიმადლებულო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ღმრთისმშ.: ებრ. 2: 11-18 (დას. 306). მთ. 2: 13-23 (დას. 4).
ლიტ.: ღმრთისმშ.: ებრ. 2: 11-18
11. ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ, 12. და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“. 13. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“. 14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, 15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. 16. რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ – აბრაამის მოდგმას. 17. ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად. 18. ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდელში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.
ლიტ.: მთ. 2: 13-23
13. ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი. 14. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს. 15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს. 16. მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან. 17. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 18. ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან. 19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში, 20. და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს. 21. ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად. 22. მაგრამ, როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს. 23. მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსი კონსტანტინე სინადელი (VIII)
ღირსი კონსტანტინე ქალაქ სინადში დაიბადა. მისი მშობლები იუდეველები იყვნენ. ერთხელ, ყრმობაში, კონსტანტინემ დაინახა, თუ როგორ გადაიწერა პირჯვარი ერთმა ქრისტიანმა. ეს მას ძალიან მოეწონა და იმავე მოძრაობის გამეორება დაიწყო, თუმცა თავისი მოქმედების აზრი არ ესმოდა. ამან თანდათან ყმაწვილის სულზეც იქონია გავლენა: იგი ყველგან გულმოდგინედ უსმენდა მონათხრობებს ქრისტიანობაზე, შემდეგ კი მთელი გულით ირწმუნა ქრისტე. ირგვლივ მყოფნი დასცინოდნენ ნეტარს. ერთხელ ერთმა ებრაელმა ქალწულმა იგი საშინლად შეურაცხჰყო. კონსტანტინემ პირჯვარი გადასწერა უსჯულოს, რომელმაც მაშინვე სული განუტევა, მაგრამ შემდეგ უბოროტო და გულმოწყალე ჭაბუკს შეებრალა ქალიშვილი, მხურვალედ ილოცა და ისევ გააცოცხლა.ნეტარი კონსტანტინე წმიდა გულით მიენდო უფლის ხმას, დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერში დამკვიდრდა, სადაც იმჟამად მონაზვნური სათნოებებით გაბრწყინებული დიდი მოსაგრეები მოღვაწეობდნენ. იღუმენი გაესაუბრა, შემდეგ კი ჯვარი გაუწოდა და უბრძანა, მთხვეოდა. წმიდანიც სიყვარულით ეამბორა მას, შუბლი მიადო და ზედ გამოესახა მაცხოვნებელი ნიში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოშორებია. უფლის რჩეული კონსტანტინეს სახელით მონათლეს და ბერად აღკვეცეს. როცა იგი მონაზვნურ აღთქმას დებდა, საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ, ტაძრის კარებიც თავისით გაიღო მის წინაშე.
მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით წმიდა მამამ ნათელხილვის მადლი მიიღო: იგი ცხადად ჭვრეტდა ძმათა აზრებს, საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ ეუწყა. ბოლოს ღირსმა კონსტანტინემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი ევარესტი (+825)
ღირსი ევარესტი გალატიაში დაიბადა, დიდგვაროვანთა ოჯახში. იგი სიყმაწვილიდანვე ესწრაფოდა მონაზვნურ ცხოვრებას, განსაკუთრებით წმიდა ეფრემ ასურის წიგნების კითხვა უყვარდა. ბოლოს ნეტარმა სტუდიონის მონასტერს მიაშურა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა 825 წელს, სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში. დაკრძალეს კონსტანტინოპოლში, მის მიერვე დაარსებულ კოკოროვიის სავანეში.წმიდა მღვდელმოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 840)
წმიდა მოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერატორების, კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და ირინეს (797-802) დროს. ამ ხარისხში იგი მონაწილეობდა VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.), რომელზედაც ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. როცა ტახტზე ხატმბრძოლი ნიკიფორე I (802-811) ავიდა, ექვთიმე სხვა მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლეს. იმპერატორ ლეონ V-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედულად ამხილა ხატმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს – ქალაქ ასში. შემდგომი იმპერატორი – მიხეილ II ენაბრგვნილიც (820-829) ხატთაყვანისცემის წესის უარყოფას მოითხოვდა წმიდანისგან, მაგრამ ამაოდ. მაშინ ნეტარი მოწამე მესამედ გადაასახლეს – ამჯერად კუნძულ კრეტაზე. ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) ბრძანებით, რომელმაც ტახტზე მიხეილი შეცვალა, წმიდა ექვთიმეს წამებით ამოხადეს სული.