„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

8.02.2026. უძღები შვილის კვირიაკე. ხმა II.
კეთილმსახურისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისა (1125); ღირსთა: ქსენოფონტესი, მეუღლისა მისისა მარიამისა და ძეთა მათთა არკადისა და იოანესი (V-VI); მოწამეთა: ანანია ხუცისა, პეტრე მეჭურჭლისა და მათ თანა შვიდთა მხედართა (284-305); ღირსისა სვიმეონ ძველისა (380-390); ღირსისა თეოდორე სტუდიელ იღუმენისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა 842-846 წლებში); იოსებ თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (830).
დღის ლოცვები
კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი
ტროპარი: საკვირველებაი, რომელი ჰქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვისმოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა ვიდრე დახსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლადსაკვირველთა, ხოლო შემდგომად დახსნისა სარკინოზთასა დიდებულ-ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლის ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: ზესთამბრძოლსა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი, სამწყსოსა მისისანი ერნი და ქალაქნი, შესხმისა გვირგვინსა შეუთხზვიდეთ განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო მფარველო ჩუენო.
უძღები შვილის კვირა
კონდაკი: მამულსა დიდებასა შენსა განუდეგ უგუნურებით და რომელი იგი მომეც სიმდიდრე, ბოროტთა შინა განვაბნიე, ვინაიცა ხმასა მას უძღებისასა სევსწირავ შენდა: ვცოდე წინაშე შენსა, მამაო მოწყალეო, შემიწყალე მონანული და მყავ მე, ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: 1 კორ. 6: 12-20 (დას. 135). ლკ. 15: 11-32 (დას. 79).
მეფისა: რომ. 13: 1-10 (დას. 111). ინ. 10: 1-9 (დას. 35, შუა).
ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8
1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
ლიტ.: 1 კორ. 6: 12-20
12. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს. 13. საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი – სხეულისათვის. 14. ღმერთმა აღადგინა თვით უფალი, და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით. 15. იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას. 16. ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“. 17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად. 18. ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს. 19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს? 20. რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.
ლიტ.: ლკ. 15: 11-32
11. მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა; 12. უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება. 13. ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა. 14. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა. 15. წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად. 16. ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა. 17. გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები. 18. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე. 19. და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე. 20. ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო. 21. შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას. 22. ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით. 23. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. 24. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება. 25. ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოესმა. 26. მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია? 27. მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო. 28. ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო. 29. მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა. 30. სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი. 31. ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. 32. ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.
მეფისა: რომ. 13: 1-10
1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. 2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. 3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. 4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. 5. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც. 6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი. 7. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, საშიშარს – შიში, პატივსაცემს – პატივისცემა. 8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. 9. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.
მეფისა: ინ. 10: 1-9
1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. 2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია. 3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. 4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას. 5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას. 6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა. 7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. 8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. 9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათ თანა შვიდნი მხედარნი (+295)
წმიდა მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათთან ერთად 7 მხედარი ფინიკიაში ეწამნენ 295 წელს. ანანია ხუცესი დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას შეიპყრეს ქრისტეს აღსარებისათვის და ფინიკიის მმართველს მაქსიმეს მიჰგვარეს. ვერც შეგონებებმა, ვერც მუქარამ ვერ გადადრიკა წმიდანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისაგან. როცა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოითხოვეს, მან სულის შებერვით დაამსხვრია წარმართთა მთელი ტაძარი და საჯაროდ განაქიქა კერპთაყვანისმცემელთა ცრუ-სარწმუნოება. ამის შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც მეშვიდე დღეს მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქნა, მეთორმეტე დღეს კი თავად სულიწმიდა ეჩვენა მტრედის სახით. ამ სასწაულების მხილველმა საპყრობილის მცველმა, პეტრემაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ანანიას ხვედრი გაიზიარა – ორივე აღმსარებელი ერთად წარადგინეს საწამებლად. ანანია გახურებულ ტაფაზე დააწვინეს, სხეული დაუჩეხეს და ჭრილობებში მარილი ჩაუყარეს, პეტრე კი გავარვარებულ ნაღვერდლებში ჩააგდეს. შემდგომ ორივე მოწამე მეტისმეტად გახურებულ აბანოში გამოკეტეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ იქიდან უვნებელი გამოვიდნენ. მომხდარმა სასწაულმა კიდევ 7 მეომარი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამწარებულმა წარმართებმა ისინი არგნებით გვემეს, შემდეგ კი ცხრავე მარტვილი ცეცხლში ჩაყარეს უსჯულოთაგან სასიკვდილოდ განწირულებს კვლავ სულიწმიდა წარმოუდგათ მტრედის სახით და ალს წვის უნარი დაუკარგა. ამის შემდეგ უღმერთოებმა ანანია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი კვლავ ცოცხალი გადარჩა. ხოლო მოწამეები ზღვაში დაახრჩვეს, სიკვდილამდე ხუცესმა ანანიამ მოასწრო ახალმოქცეული მეომრების მონათვლა. ნაპირზე გამორიყული წმიდანთა ცხედრები ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას.ღირსი სვიმონი (+დაახლ. 390)
ღირს სვიმეონს (+დაახლ.390) ძველს უწოდებენ სვიმეონ მესვეტისაგან (ხს. 1 სექტემბერს) განსასხვავებლად. იგი ბავშვობაში გავიდა სირიის უდაბნოში, ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და აქ ატარებდა დღეებს განუწყვეტელი ლოცვითა და ღვთისგანგებულებაზე ფიქრით: წმიდა მამა მხოლოდ გამოქვაბულის ირგვლივ ამოზრდილი ბალახებით იკვებებოდა. როცა მარტომყოფის მოღვაწეობის ამბავი გახმაურდა, მასთან სულიერი დამოძღვრის მსურველებმა იწყეს სიარული. განმარტოების მაძიებელმა მამამ რამდენჯერმე გამოიცვალა დაყუდების ადგილი, ბოლოს, ღვთის მინიშნებით, ამანის ქედის ერთ-ერთ მთაზე დაემკვიდრა,აქ ორი სავანე ააგო და კეთილად განაგებდა მის მკვიდრთა ცხოვრებას.ღირსმა სვიმეონმა კეთილმსახური ცხოვრებისათვის ღვთისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო.
ღირსი ქსენოფონტე, მეუღლე მისი მარიამი და ძენი მათნი არკადი და იოანე (V-VI)
ღირსი ქსენოფონტე და მეუღლე მისი მარიამი კონსტანტინეპოლში ცხოვრობდნენ V საუკუნეში. დიდგვაროვანი და მდიდარი ცოლ-ქმარი თავმდაბლობითა და სიკეთით გამოირჩეოდნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ – იოანე და არკადი. როცა ძეები წამოიზარდნენ, კეთილმსახურმა დედ-მამამ ისინი სწავლის გასაგრძელებლად ფინიკიის ქალაქ ბეირუთში გაგზავნეს. ღვთის განგებით, ხომალდი გზაში დაიღუპა და ძმები სხვადასხვა ადგილას გაირიყნენ ნაპირზე. განშორებით დამწუხრებული იოანე და არკადი ბერებად შედგნენ. ხომალდის დაღუპვის ცნობით შეძრწუნებულ მშობლებს ღმერთმა ზეციური ჩვენებით განუცხადა, რომ მათი ძეები გადარჩნენ, რის შემდეგაც სულიწმიდით შთაგონებული ქსენოფონტე და მარიამი იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრნენ. აქ ისინი შეხვდნენ განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულ არკადის მოძღვარს, რომელმაც ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარში თავისი სულიერი შვილის მშობლები შეიცნო, უსიტყვოდ მიუხვდა სატკივარს და მთელი ოჯახი ერთად შეჰყარა. დიდი იყო მათი სიხარული. ამის შემდეგ ქსენოფონტემ და მარიამმაც მონაზვნობა შეიმოსეს, მდუმარებითა და მკაცრი მარხვით სათნოეყვნენ უფალს და სასწაულთქმედების ნიჭი მიიღეს, არკადიმ და იოანემ კი უდაბნოს მიაშურეს და აქ გაბრწყინდნენ ახოვანი მოსაგრეობით.აღმოყვანება ნაწილთა თეოდორე სტუდიელისა (+845) და ძმა მისი იოსებ თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+830)
ღირსი თეოდორე სტუდიელი (ხს. 11 ნოემბერს) სტუდიტის მონასტრის წინამძღვარი იყო VIII-IX საუკუნეებში. ხატმებრძოლთაგან დევნილი ხერსონესში გარდაიცვალა 826 წელს. 26 იანვარს იდღესასწაულება მისი უხრწნელი ნაწილების გადასვენება ხერსონესიდან კონსტანტინეპოლში.წმიდა იოსები, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი ღირსი თეოდორე სტუდიელის ძმა და ერთგული თანამოღვაწე იყო: მასთან ერთად მოღვაწეობდა საკუდიონის მონასტერში ღირსი პლატონის (ხს. 5 აპრილს) ხელმძღვანელობით, შემდგომში კი, უკვე მღვდელმთავრის ხარისხში, მან ამხილა იმპერატორი კონსტანტინე (780-797) უსჯულო ქორწინებაში, ილაშქრებდა ხატმებრძოლთა ერესის წინააღმდეგ. ამგვარი შეუპოვრობისათვის მან მრავალი დევნა, გადასახლება, ტანჯვა, შევიწროება დაითმინა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები წმიდა მამამ სტუდიტის მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 830 წელს.
წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული (+1125)
XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, ააოხრა სომხეთი, და მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. შეშინებულმა ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა.ერთ დროს ქრისტესმოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა. „ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქციეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა“. აღდგომის დღეს „მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ“. საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია.
ასეთი გაჭირვებისა და უბედურების ჟამს „იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელთა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით, ღმრთისა მამისაგან და თჳთ სამეოცდამეცხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“. საქართველოს იმედად და პატრონად მოევლინა განსწავლული, ბრძენადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელისამპყრობელი, ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, მახვილი მესიისა – წმიდა დავით აღმაშენებელი.
1089 წელს გიორგი II უარი თქვა მეფობის პატივისა და სიმძიმეზე და თავის 16 წლის „მარტოშობილ ძეს დაადგა გჳრგჳნი მეფობისა“. „თჳთ მამამან პოვა დავით, მონა თჳსი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას“. უფალმა წყალობითა და ჭეშმარიტებით შემოსა მოწყალე და გლახაკთა მფარველი მეფე, „უზესთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა“. წინ იყო ბრძოლის, შრომის, აღმშენებლობის, მოღვაწეობის 36 წლიანი გზა.
უპირველეს ყოვლისა, დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარზე, აზნაურებს მოუყარა თავი და მათთან ერთად შეუდგა ერის შეკრებას.
გავიდა ოთხი წელი. მოკვდა სულთანი მელიქ-შაჰი. ლიპარიტ ბაღვაშმა, რომელიც პირველ ხანებში ერთგულად ედგა მეფეს გვერდით, „იწყო მამურ-პაპურთა კუალად სვლა. დაღათუ ქრისტეანე იყო სახითა, გარნა ორგულება და სიძულვილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა. დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა“.
მეფემ მისი მობრუნება განიზრახა და რამდენიმე ხნით შეიპყრო. კლდეკარის ერისთავმა მტკიცე ფიცი და ერთგულების პირობა დადო. მეფემ შეუნდო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ „კუდი ძაღლისა არ განიმართლების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“, კვლავ შეიპყრო, ორი წელიწადი საპყრობილეში ამყოფა, შემდეგ კი პატივაყრილი საბერძნეთს გაგზავნა. ასევე წარმატებით დათრგუნა დავითმა სხვა ურჩი დიდებულებიც, რადგან იცოდა, რომ ძლიერი სახელმწიფოს აუცილებელი ქვაკუთხედი შინაგანი მშვიდობა და ერთობა იყო.
ამასობაში იერუსალიმი და ანტიოქია ჯვაროსნებმა აიღეს. ამით ისარგებლა დავით მეფემ და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.
ღვთივგანბრძობილმა მეფემ თავისი გონიერი მზერა ეკლესიას მიაპყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება „ღვთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა სანახებთა ქართლისათა, მახლობლად ორთა საეპისკოპოსოთა – რუისა და ურბნისისა“. კრებამ აღადგინა და გააძლიერა ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში. „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება“, – ვკითხულობთ ამ კრების ძეგლისწერაში.
დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს სრულ გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიჰმართა. თურქები და მოღალატე ფეოდალები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდნენ. ღვთის წყალობას მინდობილი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, მეომრებს ლომივით შეუძახებდა, გრიგალივით დაჰქროდა. სამი ცხენი მოუკლეს ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა საკვირველი გამარჯვებით.
რამოდენიმე წელი ქვეყნის შიდა პოლიტიკის რეფორმას და აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ გაწმენდას.
თურქთა სულთანმა მუჰამედმა 100 ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, თავად მეფე ათას ხუთასი კაცით თრიალეთისაკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო მხედრობა. „შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი თურქთა“. თავზარდაცემული მომხვდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განიდევნა.
სიმდიდრით და დიდებით აივსო სამეფო. იმავე წელს დავითმა თავისი ასული კატაჲ ბერძენთა იმპერატორს ალექსი კომნენს მისცა სძლად, მეორე ასული კი შირვანს გაგზავნა დედოფლად, „რათა ვითარცა ორნი მნათობნი ერთი აღმოსავლეთს, მეორე დასავლეთს – ცისკროვან ჰყოფდნენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი შარავანდედთანი“.
„ძლევანი საკვირველნი“ გრძელდებოდა, წმიდა მეფე ახალ-ახალი დიდებით იმოსებოდა. სწორუპოვარ მამას გვერდით ედგა ღირსეული შვილი, „სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნევითა უმჯობეს მამისა“ – დემეტრე (შემდგომ ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი (ხს. 23 მაისს). უფლისწულმა შირვანი დალაშქრა, ქალაძორი აიღო და დიდძალი ალაფითა და ტყვეებით დაბრუნდა მამასთან.
შემდგომ წელიწადს ლორე და აგარანი შემოიერთა საქართველომ.
მიუხედავად წარმატებისა, დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ ძლევამოსილ, მაგრამ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. ბრძენმა მეფემ განიზრახა ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. ის კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნების და მხნეობის ამბავი. მისი მეუღლე, გურანდუხტ დედოფალიც ხომ ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო. ათრაქამ სიხარულით მიიღო სახელოვანი სიძის წინადადება. ყივჩაღთა მშვიდობიანი გზის უზრუნველსაყოფად მეფე და მისი აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი ოსეთს წავიდნენ. ოსეთში გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, „აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა“. დამწუხრებულმა მეფემ 40 დღიანი გლოვა გამოაცხადა მთელ სამეფოში.
დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა 40000-იანი არმია. ამას 5000 ქართველიც მიემატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო 45000 კაცისაგან შემდგარი სპა.
დავითმა საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქების ნავარდობას ბოლო მოუღო. წმიდა მეფე დღითი-დღე ამტკიცებდა, ჰკრავდა და აძლიერებდა ქვეყანას. მტრები ვერ ბედავდნენ ღვთივკურთხეულ მეფესთან შებმას. „ესევითარცა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი“ სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში. გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ და ასე აუწყეს ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბები. სულთანმა არაბთა მეფე დურბეიზს უხმო, მისცა თავის ძე მალიქი, 600000-იანი არმია შეკრიბა და საქართველოსაკენ დაძრა.
1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. უშიშარმა მეფემ წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.
ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“ თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შეუტიოთ“.
უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა“.
პირველსავე ბრძოლაში მტერმა დიდი ზარალი ნახა. ბაღდადის მმართველი ილ-ღაზი მძიმედ დაიჭრა, სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი ჩამოგლიჯეს და შემდგომ დიდგორთან მოპოვებული გამარჯვების პატივსაცემად ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირეს.
დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.
მომდევნო 1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელმა და 400 წლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.
გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა. უფალი შეეწეოდა ღვთის მადიდებელ მეფეს. ჯერ კიდევ 1106 წელს დაიწყო დავით მეფემ თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გვირგვინის – გელათის მონასტრის მშენებლობა. „მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა ადგილსა ყოვლისა შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაჲ გარდაათხა ტაძარი ყოვლადწმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა“. ეს ტაძარი ყველა დანარჩენებზე მშვენიერი იყო. დავითმა მას დიდძალი განძი და ომებში მოპოვებული ნადავლი შესწირა, ამასთანავე „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქვეყანისა კიდეთათ, სადაცა ესმა ვიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერთა და ხორციელთა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძია, მოიყვანნა და დამკჳდრნა მას შინა“. ასე დაუდო საფუძველი უმაღლეს სასწავლებელს – გელათის აკადემიას. აქ მოღვაწეობდნენ: იოანე პეტრიწი, თეოფილე ხუცეს-მონაზონი, იოანე ტარიჭის ძე, არსენ იყალთოელი. მართლსარწმუნოებისა და სიბრძნის კერა იქცა „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინად“.
დავითის მზრუნველი ხელი დაეტყო საქართველოს საზღვრებს გარეთ წმიდა ადგილებში მრავლად არსებულ ქართულ სავანეებს.
კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ამხნევებდა მათ, მამასავით ეპყრობოდა. დავითს ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად. როცა დააცარიელებდა, სიხარულით აღივსებოდა, თუ დღის ბოლომდე ყველაფერს ვერ გასცემდა, მწუხარედ იტყოდა: „დღესა ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა“.
განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, ჯორებით და აქლემებით დაატარებდა ბიბლიოთეკას, როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა, დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: „წინადიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოს წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ; ოცდაოთხჯერ წარეკითხა“.
საოცარი მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო. მისი „გალობანი სინანულისანი“ თავისი ღრმა სულიერებით უტოლდებოდა ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს. ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ყველაზე ძლევამოსილმა და ყველაზე მართალმა შთამომავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით მოიხსენია ყველა ცოდვა, ნებით და უნებლიედ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოვლისმპყრობელ მსაჯულს: „ჟამი რაჲ წვლილთა და ხმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებანი უქმ იქმენნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“
1125 წელს, როცა „დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა“ წარმართვაზე ფიქრობად, ანდერძი დაწერა ღვთივგვირგვინოსანმა მეფემ, თავის ხელით დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, დაადგა გვირგვინი, მახვილი შემოარტყა წელზე და „დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძნობა დღეთა ბედნიერით“. თვითონ კი 53 წლის ასაკში აღესრულა „სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმულთა შორის; საყვარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის“ (არსენ ბერი).
წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მიერ აგებული და სამეფო საძვალედ დადგენილი გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე ესე მთნავ: აქა დავემკვიდრო მე“.