8.03.2026. დიდი მარხვის მე-2 კვირიაკე. ხმა VI.

8.03.2026. დიდი მარხვის მე-2 კვირიაკე. ხმა VI.

           „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

          ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

          ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

 8.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული.

კვირა. მარხვა

 

გრიგოლ პალამასი, თესალონიკელ მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 1360); მღვდელმოწამისა პოლიკარპე სმირნელ ეპისკოპოსისა (167); ღირსთა: იოანესი, ანტიოქესი, ანტონინესი, მოსესი, ზევინისი, პოლიქრონისი, სხვა მოსესი და დამიანესი, სირიელ მეუდაბნოეთა (V); ღირსისა ალექსანდრე მონაზონისა, მღვიძარეთა სავანის იღუმენისა (430); მოწამისა დავითისა, დვინში წამებულისა.

დღის ლოცვები

 

მღვდელმოწამე პოლიკარპეს, სმირნელი ეპისკოპოსის
კონდაკი:
 ნაყოფნი სიტყვიერნი შესწირენ შენ უფლისა, ბრძენო პოლიკარპე, და მსხვერპლნი სათნოებათანი, და ღმრთისა მიერ ღირსად მღდელმთავრად იდიდე; ამისთვის დღეს განათლებულნი სიტყუათა შენთაგან უგალობთ შენსა ღირსსა სახსენებელსა და ვადიდებთ უფალსა.

წმიდა გრიგოლ პალამას ტროპარი:

მართლმადიდებლობისა სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოჲსა მადლისაო, ევედრე მარადის ცხოვრებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი: საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისამეტყუელსა, რომელმან გონიერებითა მოიპოვა სიბრძნე იგი უპირველესი და მდგომარე არს წინაშე მისა, და აწ ჩუენცა უღაღადოთ: წარგვიმართე, მამაო ყოვლადსაკვირველო, მქადაგებელო საღმრთოჲსა მადლისაო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: სახ. მე-6, ლკ. 24: 36-53 (დას. 114).
ლიტ.:
 ებრ 1: 10 – 2: 3 (დას. 304). მკ. 2: 1-12 (დას. 7).
მღ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2 (დას. 318). ინ. 10: 9-16 (დას. 36).

ცისკ.: ლკ. 24: 36-53 

36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. 37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. 38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? 39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. 40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ. 41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? 42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. 43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. 44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. 45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. 46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, 47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. 48. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი. 49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით. 50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი. 51. კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად. 52. ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს. 53. და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.

ლიტ.: ებრ 1: 10 – 2: 3 

10. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. 11. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი. 12. სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“. 13. რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“? 14. განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?

1. ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ გზას ავცდეთ. 2. ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს, 3. ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში,

ლიტ.: მკ. 2: 1-12 

1. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა ხმა: შინ არისო. 2. და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას. 3. მოვიდნენ და მოჰგვარეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. 4. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა. 5. მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. 6. იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა: 7. ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის – ღმერთისა? 8. ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში? 9. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი? 10. მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, – უთხრა დავრდომილს: 11. შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 12. ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო.

მღ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს. 

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

მღ.მთ.: ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                    (1 ინ. 3: 14)

 

მღდელმოწამე პოლიკარპე ზმირნელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 80 წელს და მცირე აზიის ქალაქ ზმირნაში ცხოვრობდა. ადრე დაობლებული წმიდანი, ანგელოზის მინიშნებით, კეთილმსახურმა ქვრივმა, კალისტამ აღზარდა. დედობილის სიკვდილის შემდეგ პოლიკარპემ მთელი ქონება მოწყალებად გასცა და დავრდომილთა და სნეულთა მსახურება იტვირთა. წმიდანი ძლიერ შეიყვარა და დაიახლოვა ზმირნის ეპისკოპოსმა ვუკოლმა (ხს. 6 თებერვალს). მან დიაკვნად აკურთხა პოლიკარპე და ტაძარში ღვთის სიტყვის ქადაგება დაავალა.
ამ დროს წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პოლიკარპე მეტად დაახლოებული იყო მასთან და თან ახლდა სამოციქულო მოგზაურობებში. მღვდელმთავარმა ვუკოლმა ხუცესად დაასხა ხელი წმიდანს, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე კი დაიბარა, ზმირნის კათედრა პოლიკარპესთვის ჩაებარებინათ. წმიდა პოლიკარპე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მას თბილად ეპყრობოდა და დიდ პატივს სცემდა წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.
როცა ტახტზე იმპერატორი მარკუს ავრელიუსი (161-180) ავიდა, დაიწყო ქრისტიანთა ერთ-ერთი უსაშინლესი დევნა. წარმართები ითხოვდნენ, რომ მსაჯულს მოეძებნა წმიდა პოლიკარპე – „ყველა ქრისტიანის მამა“ და „მთელი აზიის მაცდუნებელი“. ამ დროს, სამწყსოს დაჟინებული მოთხოვნით, წმიდანი პატარა სოფელში იმყოფებოდა, ზმირნის მახლობლად. როცა მხედრები მოვიდნენ მის წასაყვანად, მღვდელმთავარი გამოეგება მათ და ბრძანა, დაეპურებინათ მეომრები, თვითონ კი ილოცა მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის წინ. მისი წამება და სიკვდილი აღწერილია ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთ უძველეს ძეგლში „ზმირნის ეკლესიის ეპისტოლე სხვა ეკლესიათა მიმართ“. სამსჯავროზე წარდგენილმა წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც დაწვა მიუსაჯეს. ჯალათებს უნდოდათ, ძელზე მიელურსმნათ ქრისტეს მხნე აღმსარებელი, მაგრამ პოლიკარპემ დაამშვიდა ისინი, კოცონიდან არ ჩამოვალო. ცეცხლის ალი გარს შემოერტყა წმიდანს და მის თავს ზევით, ჰაერში შეერთდა. წარმართებმა და იუდეველებმა დაინახეს, რომ ღვთის რჩეულს ცეცხლი არ ვნებდა და მოითხოვეს, მახვილით მოეკლათ იგი. როცა პოლიკარპეს ლახვარი უგმირეს, ჭრილობიდან გადმოსულმა სისხლმა კოცონი ჩააქრო. მღვდელმოწამის ცხედარი დაწვეს. ზმირნელმა ქრისტიანებმა კრძალვით შეკრიბეს და დაიცვეს მისი წმიდა ნაწილები.
წმიდა პოლიკარპეს ეკუთვნის რამდენიმე ეპისტოლე სამწყსოსა თუ კერძო პირების მიმართ. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლემ ფილიპელთა მიმართ, რომელიც ნეტარი იერონიმეს ცნობით, ღვთისმსახურების დროს იკითხებოდა მცირე აზიის ეკლესიებში. 
 
წმიდა გორგონია, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის და, გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობით, სიბრძნით, შრომისმოყვარეობით. მისი სახლი მუდამ ღია იყო გლახაკთათვის. წმიდანი მშვიდობით მიიცვალა 372 წელს, 39 წლის ასაკში.
 
ღირსი იოანე, წმიდა ლიმნეის (ხს. 22 თებერვალს) მოწაფე, V საუკუნეში ცხოვრობდა, სირიაში. მან „მიუსაფარი ცხოვრების“ ღვაწლი იტვირთა. ღია ცის ქვეშ, მთის მწვერვალზე დაემკვიდრა და აქ 25 წელი დაჰყო. ღირსი მამა მხოლოდ პურითა და მარილით იკვებებოდა და სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდა. მასთან სტუმრად მოსულმა ერთმა მოსაგრემ მთაზე ნუშის ხე დარგო, რომ პაპანაქების დროს ჩრდილში თავის შეფარება შესძლებოდა, მაგრამ წმიდანმა ბრძანა, ხე მოეჭრათ – სხეულს ოდნავი განსვენების ნებაც არ მისცა.
ღირსი მოსე წმიდა იოანეს მიბაძვით მთის მწვერვალზე დაემკვიდრა, სოფელ რამის მახლობლად.
ამგვარივე ღვაწლი იტვირთეს ღირსმა ანტიოქემ და ანტონინემ, რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე ახოვნად მოსაგრეობდნენ და სულის სიმტკიცის მაგალითს იძლეოდნენ.
ღირსი ზევინიც იმავე მთაზე მოღვაწეობდა. მან ღრმა სიბერემდე იცხოვრა, ღირსი მამის სავანის ახლომახლო მკვიდრნი დიდ პატივს მიაგებდნენ წმიდანს და მისი ლოცვებით განსაცდელებში შეწევნას ღებულობდნენ.
წმიდა პოლიქრონი, ზევინის მოწაფე, ბაძავდა მოძღვარს – მანაც მარხვისა და ღამისთევის ღვაწლი იტვირთა. წმიდა პოლიქრონი ბორკილებს არ ატარებდა, მაგრამ ლოცვის დროს ბეჭებზე მუხის დიდ ფესვს იდებდა, რომელიც თვითონ ამოთხარა მიწიდან. ერთხელ, გვალვის დროს, წმიდა მამის ლოცვით წვიმა მოვიდა, ქვის ცარიელი ჭურჭელი კი, გლახაკთა შესაწევნად ზეთით აავსო. ღირს პოლიქრონთან ერთად ცხოვრობდა მისი მოწაფე – მოსე, რომელიც ცდილობდა, ყველაფერში მიებაძა მოძღვრისთვის და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა.
წმიდანის მეორე მოწაფე – ღირსი დამიანე იერად წოდებულ სავანეში დაემკვიდრა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. წმიდა მამას კელიაში მხოლოდ ერთი მომცრო ყუთი ჰქონდა ოსპით, რომელიც მის ერთადერთ საკვებს წარმოადგენდა.
ეს წმიდა მამები მშვიდობით მიიცვალნენ V საუკუნეში, სირიაში.
 
წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+დაახლ. 1360)
14 (27) ნოემბერი, დიდმარხვის მეორე კვირა

წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თავდაპირველად მისი მშობლები მცირე აზიაში ცხოვრობდნენ, მაგრამ თურქების შემოსევის დროს კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ და იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგის (1282-1328) კარზე ჰპოვეს თავშესაფარი. გრიგოლის მამა – კონსტანტინე სასახლის კარის მსხვილი მოხელე გახდა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ წმიდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა დედამ და განსვენებული კარისკაცის ხსოვნის ერთგულმა იმპერატორმა იტვირთეს. საოცარი გულისხმიერებისა და გულმოდგინების წყალობით გრიგოლმა ადვილად შეითვისა ყველა საგანი. იმპერატორს სურდა, ჭაბუკი სახელმწიფო სამსახურისთვის მოემზადებინა, მაგრამ ოცი წლის ასაკში გრიგოლმა 1316, სხვა ცნობით, 1318 წელს ორ უმცროს ძმასთან ერთად ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის მონასტერში მორჩილად შედგა. აქ ნეტარი მამა ღირსი ნიკოდიმოს ვათოპედელის (ხს. 11 ივლისს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მის მიერვე აღიკვეცა ბერად. ერთი წლის შემდეგ უფლის რჩეულს საღვთო ხილვაში წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ეჩვენა და შემწეობა აღუთქვა საღვთო მოღვაწეობაში. მალე გრიგოლის დედა და დებიც მონაზვნებად აღიკვეცნენ.

წმინდა ნიკოდიმოსის მიცვალების შემდეგ ღირსი მამა რვა წლის მანძილზე ბერი ნიკიფორეს წინამძღვრობით განაგრძობდა ლოცვით ღვაწლს, ამ უკანასკნელის მიცვალების შემდეგ კი ღირსი ათანასეს ლავრაში გადავიდა. აქ წმიდანი ჯერ მეტრაპეზედ მსახურობდა, ხოლო შემდეგ მგალობლად დაადგინეს. ასე განვლო სამმა წელიწადმა. 1321 წელს გრიგოლი, რომელიც სულიერი სრულყოფის უფრო მაღალ საფეხურებს ესწრაფოდა, გლოსიის მცირე სავანეში გადასახლდა. აქ იგი სრულიად განიმსჭვალა ისიხაზმის სულით და იგი ცხოვრების საფუძვლად გაიხადა (ჯერ კიდევ IV-VIII საუკუნეებში ეგვიპტელი და სინელი ასკეტების მიერ რელიგიური და ეთიკურ-ასკეტური სწავლების მთელი სისტემა იქნა შემუშავებული. იგი ითვალისწინებდა გარკვეული მეთოდებისა და ხერხების შეთვისებას, რაც ადამიანს ღმერთთან მიაახლებდა, ეს ძალზე თავისთავადი მისტიკური მედიტაცია მოითხოვდა დადგენილი დგომის წესის დაცვას ლოცვისას, იესოს ლოცვის მრავალჯერად განმეორებას, სუნთქვის მოწესრიგებულობას, დროულ გალობას და სხვა. ადამიანს მხოლოდ სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე შეეძლო ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან სულიერი შეერთება, რაც მას უდიდეს ნეტარებასა და სიხარულს განაცდევინებდა. რადგან ეს სიხარული ენით გამოუთქმელი იყო, ბერები დუმილს ამჯობინებდნენ. დუმილთან არის დაკავშირებული ლოცვის ამ წესის სახელწოდებაც – ისიხაზმი, რაც ბერძნული სიტყვაა და მდუმარებას, სიმშვიდეს, განმარტოებას ნიშნავს). 1326 წელს გრიგოლ პალამა განერიდა თურქების თავდასხმის საშიშროებას და საძმოსთან ერთად თესალონიკში გადავიდა, სადაც მას მღვდლად დაასხეს ხელი.

წმიდა გრიგოლი ერთმანეთს უთავსებდა ხუცესის მოვალეობის შესრულებას და განდეგილურ ღვაწლს: კვირაში ხუთ დღეს იგი მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, შაბათ-კვირას კი ხალხთან გამოდიოდა, ღვთისმსახურებას აღასრულებდა და მრევლს მოძღვრავდა. ნეტარი მამის ქადაგებები ღრმა ზეგავლენას ახდენდა ტაძარში მყოფ მორწმუნეებზე. წმიდა გრიგოლისთვის ცხოვრების წესის მიუხედავად უცხო იყო სრული განდგომა საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან. ზოგჯერ იგი ქალაქის განათლებული ახალგაზრდობის საღვთისმეტყველო დისპუტებს ესწრებოდა, რომელთაც მომავალი პატრიარქი ისიდორე უძღვებოდა. ერთხელ კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებულმა წმიდანმა თესალონიკის მახლობლად აღმოაჩინა ბერიად წოდებული ადგილი, რომელიც მეტად მოხერხებული იყო ბერმონაზვნური მოღვაწეობისათვის. მალე მან აქ შემოიკრიბა მცირე საძმო, რომელსაც ხუთი წელი წინამძღვრობდა. 1331 წელს გრიგოლმა ათონს მიაშურა და ათანასეს ლავრის მახლობლად მდებარე წმიდა საბას სკიტში განმარტოვდა. 1333 წელს იგი ესთიგმენის მონასტრის იღუმენად დაადგინეს, 1336 წელს კი კვლავ წმიდა საბას სკიტს დაუბრუნდა და დაიწყო საღვთისმეტყველო მოღვაწეობა, რომელიც სიკვდილის დღემდე არ შეუწყვეტია.

1328-30 წლებში კალაბრიიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა მეცნიერი ბერი ბარლაამი – ავტორი ტრაქტატებისა ლოგიკასა და ასტრონომიაში. მან დედაქალაქის უნივერსიტეტში კათედრა მიიღო და დაიწყო განმარტება დიონისე არეოპაგელის (ხს. 3 ოქტომბერს) თხზულებებისა, რომლის აპოფატიკური (ბერძ. უხილავობა, შეუცნობლობა, მიუწვდომლობა) ღვთისმეტყველებაც საყოველთაოდ იყო აღიარებული. მალე ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც გადავიდა, სადაც ისიხასტთა სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო და ღვთის არსების მიუწვდომლობის დოგმატის საფუძველზე მათი გონებისმიერი ქმედება მწვალებლურ ცთომად გამოაცხადა. ბარლაამი ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა, დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო; ამასთან იგი იმასაც კი არ ერიდებოდა, რომ სასაცილოდ აეგდო მონაზონთა მონათხრობები ლოცვის მეთოდებისა და სულიერ გაცისკროვნებათა შესახებ.

ათონელ ბერთა თხოვნით გრიგოლ პალამამ წერილობით გამოსცა თავისი საღვთისმეტყველო დასაბუთებანი. ასე შეიქმნა ცნობილი „ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად“ (1338). 1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობლივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ წოდებული „წმიდა მთის ტომოსი“.

კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს, წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლსა და ბარლაამს შორის გამართული სიტყვიერი პაექრობა ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს, როგორც მწვალებლობა, მაგრამ ცილობა კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ბარლაამის მოწაფემ, ბულგარელმა ბერმა აკვინდინემ დაწერა რამდენიმე ტრაქტატი, რომლებშიც წმიდა გრიგოლსა და ათონელ ბერებს საეკლესიო შფოთის წარმოქმნაში სდებდა ბრალს. გრიგოლ პალამამ მწვალებელს საკადრისი პასუხი გასცა და დამაჯერებლად უარყო მისი ბრალდება. მაგრამ პატრიარქმა იოანე XIV-მ ეკლესიიდან განკვეთა უფლის რჩეული (1344) და საპყრობილეში ჩააგდებინა, სადაც იგი სამი წლის განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული. 1347 წელს, როცა საპატრიარქო ტახტზე ავიდა ისიდორე (1347-1348), წმიდა გრიგოლ პალამა გაათავისუფლეს და თესალონიკის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. 1351 წელს ვლაქერნის საეკლესიო კრებამ საზეიმოდ დაადასტურა მისი მოძღვრების მართლმადიდებლური არსი, მაგრამ თესალონიკელებს მაშინვე არ მიუღიათ ახალი მღვდელმთავარი, პირველ ხანებში მას სხვადასხვა ადგილებში უხდებოდა ცხოვრება. ერთხელ ხომალდი, რომლითაც ნეტარი გრიგოლი კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა, თურქებს ჩაუვარდათ ხელში. ერთი წლის განმავლობაში წმიდა მღვდელმთავარს მონასავით ჰყიდდნენ სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ მაშინაც იგი დაუღალავად განაგრძობდა ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებას.

ნეტარი გრიგოლი გარდაცვალებამდე მხოლოდ სამი წლით ადრე დაბრუნდა თესალონიკში. მიცვალების წინ მან წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იხილა საღვთო ჩვენებით. გრიგოლ პალამამ 1359 წლის 14 ნოემბერს, სამოცდასამი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ნეტარი მღვდელმთავარი წმიდანად 1368 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის კრებაზე შერაცხეს. მისი ცხოვრება და მოსახსენებელი კანონი შეადგინა პატრიარქმა ფილოთეოზმა (1354-1355, 1362-1376).

წმიდა გრიგოლს ეკლესია დიდმარხვის მეორე კვირიაკესაც იხსენიებს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ. 

ღირსმოწამე დამიანე (+1568)

ღირსი დამიანე ათონზე, ესფიგმენის მონასტრის ერთ-ერთ სკიტში მოღვაწე მდუმარე ბერი იყო. ნეტარი მამა დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობდა წმიდა კოზმა ზოგრაფელთან (ხს. 22 სექტემბერს) და მეგობრობდა მასთან. მორჩილებით გამორჩეული მამა უფალმა ადიდა: მიცვალების შემდგომ 40 დღე მისი ცხედარი კეთილსურნელებას აფრქვევდა (+1568).