8.05.2026. აღდგომიდან მე-4 შვიდეული. პარასკევი

8.05.2026. აღდგომიდან მე-4 შვიდეული. პარასკევი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.     

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-4 შვიდეული. პარასკევი
8.05.2026. ხსნილი

 

ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული.

წმიდისა ყოვლადქებულისა, მოციქულისა და მახარებელისა მარკოზისი (63).

დღის ლოცვები

დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა მარკოზის

ტროპარი: თხემისა მის მოციქულთასა პეტრეს მიერ სწავლული იქმენ შენ, და მიიღე მოციქულება ქრისტესი, და ვითარცა რა მზემან კიდენი სოფლისანი განანათლენ, და იქმენ ალექსანდრიელთა შვენიერებაი, ნეტარო, და შენ მიერ ეგვიპტე იხსნა საცთურისაგან, და სახარებათა შენთა მოძღვრებითა მსგავსად ნათლისა განბრწყინდა; ამისთვის შენისა ხსენებისა პატივის მცემელნი ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ დაძინებასა შენსა, მარკოზ ღმრთის მქადაგებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაი მოანიჭოს სულთა ჩუენთა.

კონდაკი: მაღლით მოიღე მადლი სულისა და რიტორთა წმასნა უკუნ არღვიე, დიდებულო, რამეთუ ყოველნივე წარმართნი მოინადირენ, მარკოზ ყოვლადქებულო, და მეუფესა შენსა მიუძღუანენ და საღმრთო უქადაგე სახარებაი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: საქმ. 10: 44-11: 10 (დას. 27). ინ. 8: 21-30 (დას. 30).
მოც.: 1 პეტ. 5: 6-14 (დას. 63). მკ. 6: 7-13 (დას. 23).

ლიტ.: საქმ. 10: 44-11: 10 

44. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სული წმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. 45. წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სული წმიდის ნიჭი. 46. რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს. 47. მაშინ პეტრემ თქვა: ვინ აუკრძალავს წყლით ნათლისღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს სული წმიდა? 48. და უბრძანა მათ, ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან. 

1. მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. 2. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს 3. და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო. 4. მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ: 5. ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტაზში ვიხილე ხილვა: ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, და ოთხივე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა. 6. ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები. 7. და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე! 8. მე კი ვთქვი: არა, უფალო, რადგანაც არასდროს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. 9. მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. 10. ასე განმეორდა სამჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად.

ლიტ.: ინ. 8: 21-30 

21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. 22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო? 23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე – იმქვეყნიური. 24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. 25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? 26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი. 27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას. 28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. 29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას. 30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.

მოც.: 1 პეტ. 5: 6-14 

6. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ. 7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე. 8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. 9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად. 10. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ. 11. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 12. სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია. 13. მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე. 14. სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ. ამინ.

მოც.: მკ. 6: 7-13 

7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა. 8. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით: 9. არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს. 10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან. 11. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. 12. და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად. 13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                      (1 ინ. 3: 14)

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული, მოციქული და მახარებელი მარკოზი (I)
წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი (+63) დაიბადა იერუსალიმში. ის იყო 70 მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას (ხს. 11 ივნისს) ძმისწული. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა. საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ (მკ. 14, 51-52). უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა (საქმე, 12, 12).
წმიდა მარკოზი იყო მოციქულთა: პეტრეს, პავლეს (ხს. 29 ივნისს) და ბარნაბას თანამოღვაწე. პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად წმიდა მარკოზი იყო სელევკიაში, იქიდან წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ქალაქ პაფოში იგი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი (საქმე 13, 6-12).
წმიდა პავლესთან თანამოსაგრეობის შემდეგ წმიდა მარკოზი დაბრუნდა იერუსალიმში, წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მოიარა რომი, იქიდან კი მოციქულის ბრძანებით წავიდა ეგვიპტეში, სადაც ეკლესია დააარსა.
წმიდა მარკოზი წმიდა პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს შეხვდა ანტიოქიაში, იქიდან წმიდა ბარნაბასთან ერთად გაემგზავრა კვიპროსზე, შემდეგ კი კვლავ ეგვიპტეში წავიდა და წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მრავალი ეკლესია დააარსა, წმიდა პეტრე სიყვარულით იხსენიებს წმიდა მარკოზს, როგორც თავის სულიერ შვილს (1 პეტ. 5,13).
როცა პავლე მოციქული რომაელებს ჰყავდათ შეპყრობილი, წმიდა მარკოზი ეფესოში იმყოფებოდა, წმიდა ტიმოთესთან, შემდეგ (ხს. 4 იანვარს) მასთან რომში ჩავიდა და აქ დაწერა სახარება (დაახლ. 62-63 წლებში).
რომიდან წმიდა მოციქული კვლავ ეგვიპტეში წავიდა და ალექსანდრიაში დაარსა ქრისტიანული სასწავლებელი, შეადგინა ლიტურღიის წესი ალექსანდრიელი ქრისტიანებისთვის.
შემდეგ ნეტარმა მახარებელმა სახარების ქადაგებით მოიარა აფრიკის შიდა მხარეები.
ამ მოგზაურობისას მოციქულს სულიწმიდისაგან ეუწყა წასულიყო ალექსანდრიაში წარმართთა შორის საქადაგებლად. აქ ის დაემკვიდრა მეწაღე ანანიას სახლში, რომელსაც ავადმყოფი ხელი განუკურნა. მეწაღემ სიხარულით მიიღო წმიდა მოციქული, ირწმუნა მისი მონათხრობი ქრისტეზე და ნათელ-იღო. ანანიას შემდეგ მოინათლა ქალაქის იმ ნაწილში მცხოვრები ბევრი ალექსანდრიელი. ამან წარმართთა გაბოროტება გამოიწვია და მათ გადაწყვიტეს, მოეკლათ წმიდა მოციქული. როცა ეს გაიგო, წმიდანმა ანანიას ხელი დაასხა ეპისკოპოსად, მალკი, საბინე და კედრინი კი ხუცესად აკურთხა.
წარმართები ღვთისმსახურების დროს დაესხნენ თავს მარკოზს, ცემეს, ქალაქში ათრიეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დღეს, სანამ სამსჯავრომდე მიიყვანდნენ, წმიდანი აღესრულა.
წარმართებს უნდოდათ, მარკოზის გვამი დაეწვათ, მაგრამ როცა კოცონი გააჩაღეს, მიწა იძრა. შეშინებული ღვთისმოძულენი გაიქცნენ, ქრისტიანებმა კი წმიდა მოციქულის ნეშტი აიღეს და ქვის სარკოფაგში დაკრძალეს. ეს მოხდა 63 წლის 4 აპრილს. წმიდანის ხსენებას ეკლესია ზეიმობს 25 აპრილს.
310 წელს წმიდა მარკოზის საფლავზე ტაძარი ააგეს. 820 წელს, როცა ეგვიპტეში არაბები გაბატონდნენ და ქრისტიანების დევნა დაიწყეს, მოციქულის წმიდა ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
ძველი იკონოგრაფიული ტრადიციით, წმიდა მახარებელი მარკოზი გამოიხატება ლომით, რომელიც მიანიშნებს ქრისტეს ძლიერებასა და სამეფო ღირსებაზე (გამოცხ. 5,5). წმიდა მარკოზი წარმართთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა სახარებას, ამიტომ ძირითადად აღწერს მაცხოვრის სიტყვებს და საქმეებს, სადაც ჩანს მისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობა. მისი მონათხრობის ბევრი თავისებურების ახსნა შეიძლება პეტრე მოციქულთან სიახლოვით. ყველა ძველი მწერალი ადასტურებს, რომ მარკოზის სახარება მოციქულთა თავის – პეტრეს ქადაგებებისა და მონათხრობების მოკლე ჩანაწერია.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი (+516) 496-511 წლებში მართავდა კონსტანტინეპოლის სამწყსოს. ევტიქის ერესის წინააღმდეგ გამოსვლისათვის იმპერატორმა ანასტასი I-მა (491-518) წმიდანი პაფლაგონიაში გადაასახლა, სადაც 516 წელს გარდაიცვალა. მისი ცხედარი დასაფლავებულია კონსტანტინეპოლში, წმიდა კალინიკეს ეკლესიაში. წესის აგებისას გარდაცვლილმა მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაისახა.