8.06.2026. მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

8.06.2026. მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

მოციქულთა 70-თაგანთა კარპესი და ალფესისა (I); მოწამისა გიორგი ახლისა (1515); მოწამისა ამბერკისა და ელენესი (I); ღირსისა იოანე აღმსარებელისა, ფსიხაიტისა (IX).

პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი.

8.06.2026. ორშაბათი. ხსნილი თევზით

დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

რომ. 2: 28-3: 18 (დას. 83). მთ. 6: 31-34; 7: 9 -11 (დას. 19).

რომ. 2: 28-3: 18 

28. ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იუდეველი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი. 29. არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინადაცვეთაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ ღვთისაგან. 

18. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ. 19. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს. 20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. 21. ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული, 22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით – ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება, 23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. 24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,  25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით, 26. რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი. 27. მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. 28. რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად. 29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც. 30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი – რწმენით. 31. მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.

მთ. 6: 31-34; 7: 9 -11 

31. ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო? 32. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. 33. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. 34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი. 

9. თუ გეგულებათ თქვენს შორის კაცი, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას? 10. ან თევზი სთხოვოს და გველი მისცეს მას? 11. ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილი საბოძვარი მისცეთ თქვენს შვილებს, რაოდენ უფრო მეტ სიკეთეს მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ მთხოვნელთ? 

პეტრე-პავლობის მარხვა
სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია – პეტრეპავლობის მარხვა.
მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით – 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს, ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს (თადეოზს), სვიმონ მოშურნესა და მატათას.
აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, ძველი სტილით 30 ივნისს (ახ. სტ. – 13 ივლისს), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.
წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან (კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური), მათ შორის არის ერთგვარი სულიერი სიახლოვე, მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23).
პეტრეპავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.
პეტრეპავლობის მარხვის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ათანასე დიდთან, ამბროსი მედიოლანელთან (IV ს.) და ლეონ დიდთან (V ს.). წმინდა ათანასე დიდი იმპერატორ კონსტანტინესადმი მიძღვნილ სიტყვაში, რომელშიც არიანელებს ამხელს, წერს: „წმინდა ორმოცდამეათე დღის შემდგომ, მარხვაში, ერი სალოცავად გავიდა სასაფლაოზე“; წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში, ორმოცდღიან მარხვაში; ასევე ბედნიერგვყო თავისი აღდგომითა და სულთმოფენით… ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდეგ ჩვენ ისევ ვმარხულობთ“; ლეონ დიდი კი წერს: „საეკლესიო მარხვები წელიწადის დროთა შესაბამისად ისეა განაწილებული, რომ წელიწადის ყოველ დროს შესაბამისი თავშეკავებული მოღვაწეობაც ახლავს“.
პეტრეპავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – 7 დღე.
ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს.) მიუთითებს: „პეტრეპავლობის დღესასაწულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც, ვალდებულნი არიან, იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან“.
ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა – დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში. ამ მარხვას თავიანთ ეპისტოლეებში იხსენიებენ პატრიარქი ნიკიფორე და თეოდორე ბალსამონიც.
პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.
საქართველოს ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).
მორწმუნე, რომელსაც სურს, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო შეიმსუბუქოს მარხვა, კურთხევას იღებს მმართველი ეპისკოპოსისგან ან სულიერი მოძღვრისგან. ამით თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ გაუგებრობასა და გართულებებს, თვითნებურ მარხვას რომ მოსდევს ხოლმე თან.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთაგანნი (I)
წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთგანნი (I). წმიდა კარპეზი იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. წმიდა მოციქულთა თავი მის სახელს იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში: კარპეზის სახლში დაუტოვებია მას ფილონი და წიგნები (2 ტიმ. 4,13). წმიდა პავლემ კარპეზს ხელი დაასხა თრაკიის ბერიის ეპისკოპოსად. მოციქული კარპეზი სახარებას ქადაგებდა კუნძულ კრეტაზე. აქ ის ინახულა წმიდა დიონისე არეოპაგელმა (ხს. 3 ოქტომბერს). თავის მოგონებებში დიონისე გადმოგვცემს წმიდა კარპეზის ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ.
წმიდა მოციქული კარპეზი მშვიდობით აღესრულა ბერიაში (სხვა ცნობებით ის აწამეს იმპერატორ ნერონის დროს).
წმიდა ალფესი გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ის იყო მამა წმიდათა მოციქულთა იაკობ ალფესისა და მათესი.
წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე (I)
წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე გადმოცემით წმიდა ალფეს მოციქულის შვილები იყვნენ. ქრისტიანობის აღსარებისთვის ამბერკი სკებთან დააბეს, სადაც ფუტკრის ნაკბენებისაგან გარდაიცვალა. მისი და, წმიდა ელენე ქვებით ჩაქოლეს. 
ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი (IX)
ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი (IX) ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინეპოლის გარეუბანში). წმიდა ცხოვრებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის ღირსმა მამამ ბოროტ სულთა განსხმისა და კურნების ნიჭი მიიღო. იმ დროს ხატმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა. წმიდა ხატთა თაყვანისმცემლებს სასტიკად დევნიდნენ. ღირსი იოანე დაიბარეს დაკითხვაზე და წმიდა ხატთა უარყოფა მოსთხოვეს. ქრისტეს მხნე აღმსარებელმა ამხილა ხატმბრძოლები და იმპერატორ ლეონ ისავრიელსაც (714-741) ერეტიკოსი უწოდა. ამისთვის წმიდანი გადაასახლეს. ხატმებრძოლთაგან დევნილი და შევიწროებული გადასახლებაში აღესრულა.
წმიდა მოწამე ალექსანდრე დერვიში (+1794)
წმიდა მოწამე ალექსანდრე დერვიში (მუსულმანი უპოვარი ბერი) თესალონიკში ცხოვრობდა, მაგრამ, ღვთის ნებით, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა. ქრისტეს აღსარებისთვის 1794 წელს ქალაქ ზმირნაში თურქებმა მას თავი მოჰკვეთეს.
        დღეს, 7 ივნისს, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალენ ჩვენი შვილები ნათია, ალექსანდრე და მათი სამი მეგობარი. გთხოვთ, შესაბამის ლოცვებში მათი სულები მოიხსენიოთ.